„მეტალინვესტის“ ხმაურიანი საქმე – რა კავშირი აქვს დავასთან ირაკლი ეზუგბაიას ცოლს და ნიკა გილაურის ძმას?!

www2

იუსტიციის უზენაეს საბჭოში უკვე შევიდა დისციპლინური საჩივარი რამდენიმე მოსამართლეზე, რომელთაც წინასწარი განზრახვით უხეში ხასიათის გადაცდომა ჩაიდინეს. საჩივრის ავტორი შპს `მეტალინვესტი~ და მისი ერთადერთი დამფუძნებელ-პარტნიორი, 100%-იანი წილის მფლობელი, მურთაზ უგულავაა; საჩივრის ადრესატები კი არიან საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული პალატის თავმჯდომარე ლევან მურუსიძე და ამავე პალატის მოსამართლეები _ მაია ვაჩაძე და ნუგზარ სხირტლაძე.

როგორც უგულავა აცხადებს, მათ, 2015 წლის 7 ივლისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, არასწორად, დაუშვებლად მიიჩნიეს შპს „მეტალინვესტისა“ და მურთაზ უგულავას საკასაციო საჩივარი სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 11 თებერვლის გადაწყვეტილებაზე. ამ მოსამართლეებმა, როგორც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ფავორიტებმა, კანონსაწინააღმდეგოდ, სამოქალაქო, ადმინისტრაციული და პროცესუალური სამართლის შესაბამისი ნორმების არასწორი ინტერპრეტირებით დაიცვეს ამავე პარტიის ფავორიტის, სს „საქართველოს ბანკის“ არაჯანსაღი ქონებრივი ინტერესები.

მურთაზ უგულავა:

_ საკასაციო საჩივრის დაუშვებლად მიჩნევის შესახებ განჩინებაში მითითებულია, რომ თითქოს საქმე მნიშვნელოვანი არ არის სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი პრაქტიკის ჩამოყალიბებისთვის. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არც ვარაუდი არსებობს იმისა, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეზე უზენაესი სასამართლოში მანამდე არსებული პრაქტიკისგან. საქმე ის არის, რომ ამ მოსამართლეებს არავითარი დასაბუთებული არგუმენტაცია არ გააჩნიათ იმის დასადასტურებლად, რატომ არ პასუხობს ეს საქმე კოდექსის მითითებული ნორმების მოთხოვნებს? მოცემული საქმე აუცილებლად ექვემდებარებოდა განსახილველად დაშვებას.

_ იქნებ, დაგვიკონკრეტოთ, რას ეხებოდა ეს სამართლებრივი დავა და რატომ მიხვედით სასამართლოს კარამდე?

_ სამართლებრივი დავა თბილისის საქალაქო სასამართლოში დაიწყო მოსარჩელე-კასატორ შპს „მეტალინვესტსა“ და მოპასუხე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისისა და ქუთაისის სამსახურებს შორის. დავის საგანს წარმოადგენდა იმ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, რომლებითაც მოპასუხემ, 2012 წლის 29 ივნისს,   სს „საქართველოს ბანკს“ უკანონოდ დაურეგისტრირა საკუთრებად შპს „მეტალინვესტის“ მრავალათეულ მილიონ ამერიკულ დოლარად ღირებული უძრავი ქონებები. ამ ქონებების ჩამოთვლით ახლა არ შეგაწყენთ თავს და პირდაპირ ვიტყვით, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს ადმინისტრაციულმა კოლეგიამ კანონშესაბამისად მიიჩნია შემდეგი სადავო გარემოებები: 2010 წლის 7 აპრილს შპს „მეტალინვესტსა“ და „საქართველოს ბანკს“ შორის ქონებათა ნასყიდობის შესახებ გარიგება მეწარმე სუბიექტისგან ფარულად მოხდა და „მეტალინვესტიდან“ ამ გარიგების დამდები და მასზე ხელისმომწერი იყო არაუფლებამოსილი პირი, მიხეილ უგულავა. მას ამ საზოგადოების ქონების გასხვისებაზე შეზღუდული უფლებამოსილება ჰქონდა საჯარო რეესტრში, 2006 წელს რეგისტრირებული წესდებების თანახმად. ამის შესახებ ცნობილი იყო საჯარო რეესტრისთვისაც და „საქართველოს ბანკისთვისაც“, რასაც ადასტურებს საქმეში არსებული დოკუმენტები. მაგალითად, როცა 2010 წლის 7 აპრილის ნასყიდობის გარიგება, ორი წლისა და 2 თვის შემდეგ, „საქართველოს ბანკმა“ საჯარო რეესტრში რეგისტრაციისთვის წარადგინა ერთ ქონებაზე რეგისტრაციისთვის (საცდელად) ნასყიდობის ხელშეკრულება, მაგრამ თბილისის სარეგისტრაციო სამსახურმა შეაჩერა სარეგისტრაციო წარმოება და დაადგინა ხარვეზი. მან ბანკს მოსთხოვა „მეტალინვესტის“  პარტნიორთა კრების თანხმობის შესახებ დოკუმენტის წარდგენა, მაგრამ დადგენილი ხარვეზი არ აღმოიფხვრა. თუმცა „საქართველის ბანკმა“ რეესტრს წარუდგინა 2008 წლით დათარიღებული, არაიურიდიული ძალის მქონე „მეტალინვესტის“ თითქოსდა სხვა რედაქცია, სადაც საზოგადოების ქონების გასხვისების წარმომადგენელს არ გააჩნდა შეზღუდული წარმომადგენლობა. ბანკის თანამშრომლები შპს „მეტალინვესტის“ უძრავი ქონების ბანკის საკუთრებად რეგისტრაციას ცდილობდნენ მოტყუებით ხელმოწერილი და ყალბი სანოტარო აქტებით დამოწმებული ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე.

_ გინდათ მითხრათ, რომ `საქართველოს ბანკმა~ რეესტრს გაყალბებული დოკუმენტი წარუდგინა?

_ 2008 წლის 22 დეკემბრით დათარიღებული წარდგენილი ე. წ. წესდება არ იყო იურიდიული ძალის მქონე _ ის არ გახლდათ დამოწმებული ნოტარიუსის, ანდაც მარეგისტრირებელი ორგანოს თანამდებობის პირის მიერ, როგორც ამას კანონი მოითხოვს. წესდებას დართული ჰქონდა სანოტარო აქტი, რომელიც მხოლოდ იმას ადასტურებდა, რომ ტექსტი ქართულიდან რუსულად სწორად იყო ნათარგმნი, თუმცა ამ ე. წ. წესდების ერთ-ერთ მუხლშიც ეწერა, რომ საზოგადოების მთლიანად, ან ნაწილობრივ გასხვისება განეკუთვნება არა დირექტორის, არამედ საზოგადოების პარტნიორთა კომპეტენციას, რაც სააპელაციო სასამართლოში უგულებელყო მოსამართლე ძიმისტარაშვილმა და უზენაეს სასამართლოში ზემოთ აღნიშნულმა მოსამართლეებმა. ყველაზე მნიშვნელოვანი კი ის არის, წარდგენილი წესდება ნამდვილიც რომ ყოფილიყო, წამეწარმეო რეესტრში არსებული შეზღუდვა უნდა ყოფილიყო რეგისტრირებული, მაგრამ როცა მიხვდნენ, რომ 2010 წლის ხელშეკრულებაზე ხელმოწერა ჰქონდა არაუფლებამოსილ პირს, 15 აპრილიდან დაიწყეს მისი „გაპრავება“. სწორედ ამ ე. წ. წესდების წარდგენის შემდეგ, საჯარო რეესტრის თბილისისა და ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურებმა, 2012 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილებებით, „საქართველოს ბანკის“ სახელზე დაარეგისტრირეს შპს „მეტალინვესტის“ საკუთრების უძრავი ქონებები, რითაც მას დიდძალი ქონებრივი ზიანი მიაყენეს. დოკუმენტის გაყალბების გამო მასზე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული და მიმდინარეობს გამოძიება. მნიშვნელოვანია ის გარემოებაც, რომ ნასყიდობის, ან ქონებათა ნამდვილი ღირებულების განსხვავებით დაფიქსირებული ძალზე მცირე თანხებიც კი არ ჩარიცხულა „მეტალინვესტის“ ანგარიშზე და ყველაფრის დასაკუთრება, ფაქტობრივად, უსასყიდლოდ მოხდა. აქედან გამომდინარე, პირველი ინსტანციის სასამართლომ სრულიად კანონშესაბამისად მიიჩნია, რომ საჯარო რეესტრის სამსახურებს უძრავი ქონებით საკუთრების უფლების რეგისტრაციაზე „საქართველოს ბანკის“ მოთხოვნა არ უნდა დაეკმაყოფილებინათ, რადგან ქონება არაკანონიერად დარეგისტრირდა.

ამის შემდეგ პირველი ინსტანციის სასამართლოს 2014 წლის 11 ივლისის გადაწყვეტილება გაასაჩივრა საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ და ამავე სააგენტოს ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურმა. სააპელაციო საჩივარი, მხოლოდ და მხოლოდ, ეფუძნებოდა იმ გარემოებას, რომ 2010 წლის 7 აპრილის დოკუმენტი-გარიგება ქონებათა ნასყიდობის შესახებ, რომლის საფუძველზეც გამოიცა სადავო და უკვე ბათილად ცნობილი ადმინისტრაციული აქტები, შედგენილი იყო და მას ხელს აწერდა უფლებამოსილი პირი, თითქოს ამ პიროვნებას არ გააჩნდა საზოგადოების ქონების გასხვისებაზე შეზღუდული უფლება. სხვა გარემოებაზე მსჯელობა იქ არ ყოფილა, ამიტომ გამაოგნებელი გახლდათ სააპელაციო სასამართლოს დასკვნა, რომ სახეზე იყო გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივი საფუძვლები.

_ ასეთი დასკვნა საიდან გააკეთა სააპელაციო სასამართლომ?

_ ის არგუმენტი, რის გამოც სააპელაციომ გააუქმა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, სასამართლო პროცესზე საერთოდ არ განხილულა და მერე გავიგეთ. ეს არგუმენტი მის გადაწყვეტილებაში გამოჩნდა და შედეგი გახლავთ, რომ გარიგებაზე ხელმოწერის ფაქტს უფლებამოსილი პირი ადასტურებს სამსახურებრივი შტამპით, რაც არარასწორია, რადგან მეწარმეთა კანონის მიხედვით, სამსახურებრივი ბეჭდისა და შტამპის არსებობა სავალდებულო არ არის. სააპელაციო ასევე მიუთითებს, მინისტრის ბრძანებით დამტკიცებულ „სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის გარკვეულ პუნქტებზე და განმარტავს, რომ როდესაც საკუთრების უფლების დასარეგისტრირებლად საჯარო რეესტრს წარედგინება უძრავი ქონების შეძენის შესახებ სანოტარო წესით დამოწმებული გარიგება, ამ ვითარებაში, მარეგისტრირებელ ორგანოს არ ევალება გარიგებაზე ხელმომწერი პირის უფლებამოსილების შემოწმება და მისი იდენტიფიკაცია, რაც არის აბსურდი. ასეთ შემთხვევაში აზრი ეკარგება საზოგადოების უძრავი ქონების გასხვისებაზე მისი წარმომადგენლის უფლებამოსილების შეზღუდვაზე სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციას.

_ სააპელაციო სასამართლოში „მეტალინვესტისა“ და „საქართველოს ბანკის“ დავას რომელი მოსამართლეები იხილავდნენ?

_ სააპელაციოში იხილავდა მოსამართლე თეა ძიმისტარაშვილი, რომელსაც სპეციალურად გადასცეს ეს საქმე გასაფუჭებლად. მოკლედ რომ გითხრათ, სამეწარმეო რეესტრში უფლებამოსილების შეზღუდვის რეგისტრაციის მიზანი ის არის, რომ მეწარმე სუბიექტს მიეცეს დამატებითი გარანტია, მისი ნების საწინააღმდეგოდ არ გასხვისდეს საზოგადოების ქონება, ან გამოვლინდეს მსგავსი ფაქტი სარეგისტრაციო-ადმინისტრაციული წარმოების დროს. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში არსებული ამ და სხვა დარღვევების გამო ეს გადაწყვეტილება გავასაჩივრეთ უზენაეს სასამართლოში. იქ რა პასუხიც გაგვცეს, ამის შესახებ უკვე გითხარით.

კიდევ ერთ დეტალზე გავამახვილებ თქვენს ყურადღებას: ასევე მიკერძოებულად განიხილა აღნიშნული დავა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე ეკატერინე ბიწაძემ. მან მხოლოდ ხანდაზმულობის მოტივით გვითხრა უარი არაუფლებამოსილი პირის მიერ საზოგადოების უძრავი ქონების გასხვისების გარიგების ბათილად ცნობაზე. სასამართლომ 18-თვიანი ხანდაზმულობის ვადის დაწყების ათვლის თარიღად სადავო გარიგების საჯარო რეესტრში რეგისტრაცია კი არ მიიჩნია, რითაც მეწარმე სუბიექტისთვის ცნობილი გახდა ასეთი გარიგების არსებობის შესახებ, არამედ ათვლის თარიღად მიიღო გარიგებაზე ხელმოწერის დღე. სააპელაციო საჩივრის პარალელურად ჩვენ მივმართეთ საკონსტიტუციო სასამართლოს, რომელმაც სადავო ნორმა _ 18-თვიანი ხანდაზმულობის ვადა, როგორც არაკონსტიტუციური, გააუქმა. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ სადავო გარიგებაზე ჩვენი მოთხოვნა დააკმაყოფილა, თუმცა მოწინააღმდეგე მხარეს ეს გადაწყვეტილება გასაჩივრებული აქვს უზენაეს სასამართლოში და მისი განხილვა აწერია მოსამართლე პაატა ქათამაძეს.

ნიშანდობლივია ისიც, რომ ეკატერინე ბიწაძემ მხოლოდ 18-თვიანი ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო გვითხრა უარი. ის გარემოება, რომ საზოგადოების უძრავი ქონების გამსხვისებელი წარმოადგენდა არაუფლებამოსილ პირს, მიიჩნიეს დადგენილად და იგი არ გასაჩივრებულა. აშკარაა, ამ საქმეზე საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა ყოფილიყო ცნობილი, მაგრამ მოხდა პირიქით. თუმცა მოცემულ საქმეზე ჩვენი საკასაციო საჩივარი, რომელიც ექვემდებარებოდა განსახილველად დაშვებას, დაუშვებლად მიიჩნიეს. ალბათ, გაინტერესებთ, რა ხდება და რა ძალები მოქმედებენ?

 

_ რა ძალები მოქმედებენ?

_ ცხადია, დაგვაინტერესა, თუ რატომ იქცეოდა პირველი ინსტანციის სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე ეკატერინე ბიწაძე ჩვენ მიმართ არაკორექტულად და აგრესიულად. მისი მხრიდან ასევე შეიმჩნეოდა აშკარა მიკერძოება და არღვევდა მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპსაც. აღმოჩნდა, რომ ეკატერინე ბიწაძე არის შპს „საქართველოს რკინიგზის“ იმდროინდელი გენერალური დირექტორის, ეზუგბაიას ცოლი.

შპს „საქართველოს რკინიგზა“ შედის „საპარტნიორო ფონდში“, რომლის თავმჯდომარეც ასევე იმ დროისთვის გახლდათ ნიკა გილაური. ნიკა გილაური არის ჩვენი მოპასუხე, სს „საქართველოს ბანკის“ თავმჯდომარე ირაკლი გილაურის ძმა! მოსამართლის დაინტერესების მიზეზი საქმის შედეგზე აისახა.

მსგავი შემთხვევა მოხდა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა მხრიდანაც, ამიტომ გადავწყვიტეთ, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ამ კანონდამრღვევ მოსამართლეებზე საჩივარი შეგვეტანა. მოვითხოვთ, მათ მიმართ დაიწყოს დისციპლინური დევნის პროცესი. სანამ იუსტიციის საბჭო ობიექტურად იტყვის სათქმელს, მინდა მივმართო იმ მოსამართლეებს, რომლებიც გაყალბებულ და კანონიერ დოკუმენტებს შორის სხვაობას ვერ ხედავენ, _ ღმერთის მაინც არ გეშინიათ?!

 

                                                                                                         ნელი ვარდიაშვილი