„48 000 ლარიდან 21 000 დახარჯულია ყავაზე, წყალზე, კოკა-კოლაზე.“

222

მონიტორინგის ცენტრი `მედიატორი~ დედაქალაქის მერიაში არსებულ გაურკვეველ სამივლინებო თუ წარმომადგენლობით ხარჯებზე საუბრობს, რომელიც საკმაოდ სოლიდურ თანხებს შეადგენს და ასეულ ათასებს სცდება. როგორც მონიტორინგის ცენტრში აცხადებენ, ხშირად, ამ ხარჯებზე ინფორმაცია არ მოიპოვება, ამ ყველაფერს კი ის ადამიანები სჩადიან, რომლებც, თავის დროზე წინამორბედებს ანალოგიური ქმედებისთვის აკრიტიკებდნენ.

„ქრონიკა+“-ს „მედიატორის“ ხელმძღვანელი ლევან ხაბეიშვილი ესაუბრება და იმ კვლევის შედეგებს წარმოგვიდგენს, რომელიც მისმა ორგანიზაციამ სულ ახლახან დაასრულა.

_ კვლევა მოიცავს 2015 წლის იანვრიდან ივნისის ჩათვლით პერიოდს. დავიწყოთ მერიის სამივლინებო ხარჯებიდან: დედაქალაქის მერიის წარმომადგენლები მივლინებებში რომ უნდა დადიოდნენ, აქ არანორმალური არაფერია, მაგრამ კვლევის დროს ეს საინტერესო ხდება მაშინ, როდესაც დედაქალაქს მივლინებულის ნამუშევარი არ ეტყობა. სამწუხაროდ, ამ ერთი წლის განმავლობაში დედაქალაქის მცხოვრებლებს მხოლოდ რამდენიმე ვიზიტზე ჰქონდათ ინფორმაცია. მაგალითად: დედაქალაქის მერი შეხვდა ვიღაცას, გასაგებია და აბსოლუტურად ნორმალურია, მაგრამ სხვა უამრავ შემთხვევაში ასეულობით ათასი ლარი იხარჯება ამ ადამიანების სხვადასხვა ევროპულ თუ არაევროპულ ქვეყანაში მოგზაურობაზე. ფაქტობრივად, შეუძლებელია მოიპოვო დოკუმენტაცია, მივლინების შემდეგ რა შედეგები დადგა, რა მივიღეთ, რა გააკეთეს ამ ადამიანებმა იქ ვიზიტებით. როგორც ზემოთ მოგახსენეთ, კვლევა მოიცავს იანვრიდან ივლისის ჩათვლით პერიოდს, დაახლოებით 6 თვეს, ამის მერე რასაც გამოვითხოვთ, დიდი ალბათობით, ხარჯები გაიზრდება, რადგან ზაფხულის პერიოდი ემთხვევა. დარწმუნებული ვარ, შემდგომ პერიოდში მეტი მივლინება ექნებათ გამოწერილი. საინტერესოა რამდენიმე ფაქტი: დავით ნარმანია გასაგებია, მერია და კონკტერული სამუშაო ვიზიტებიც ჰქონდა, მაგრამ საერთოდ ვერ გავიგე, ვინ არის ანა არდელინი და დავით მექვაბიშვილი, რომლებიც ნიუ-იორკში იყვნენ და მარტო ამ ორი ადამიანის ვოიაჟი 15 000 ლარი დაგვიჯდა? ნიუ-იორკში მივლინება, ვფიქრობ, არ არის ისეთი უმნიშვნელო, რომ დედაქალაქის მცხოვრებლებს არ ჰქონოდათ ინფორმაცია, კონკრეტულ საქმეზე რომ ყოფილიყო ეს ორიენტირებული. მიუხედავად იმისა, რომ ჟურნალისტი ბრძანდებით და დაინტერესებული ხართ ამით, დარწმუნებული ვარ, არც ანა არდელინი გაგიგიათ, არც დავით მექვაბიშვილი და არ მათ მიერ კონკრეტულ „მოლაპარაკებებზე“ კონკრეტული შედეგი. საინტერესოა, ასევე, რომ პაატა ჯაჭვლიანმა და ლიანა დავითიძემ იტალია დაათვალიერეს. პირდაპირ ვამბობ, _ და-ათ-ვა-ლი-ე-რეს! რადგან, როდესაც ვცდილობდით, ინფორმაცია მოგვეპოვებინა _ შედგა თუ არა კონკრეტული მოლაპარაკებები, ვერ მივიღეთ. მივლინება გულისხმობს საქმიან შეხვედრებს, საჯარო მოხელეებს ფულს დასვენებისთვის არ ვუხდით, მათ ანაზღაურება აქვთ და შვებულების პერიოდში შეუძლიათ თავად გადაწყვიტონ, სად წავიდნენ და სად დაისვენონ. საინტერესო ისიც არის, რომ ფაქტობრივად, დედაქალაქის მერია 13 ივნისის ტრაგედიასთან დაკავშირებით ფორს-მაჟორში მუშაობდა და ჩემი აზრით, მორალურადაც გაუმართლებელია ამ პერიოდში რომელიმე მაღალი თანამდებობის პირის ქვეყნიდან მივლინებით გასვლა, თუ ეს გადაუდებელ აუცილებლობას არ წარმოადგენს და თუ თბილისელებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი არ არის. ამ ვოიაჟისთვისაც აღნიშნულ ორ ადამიანს თბილისის ბიუჯეტიდან 7000 ლარი მოვახმარეთ და მინდა, გაიგოს დედაქალაქის მოსახლეობამ, რომ ის თანხები, რაზედაც ახლა ვსაუბრობ, თბილისელების ჯიბიდან მოდის.

_ ამ 6 თვის განმავლობაში მივლინებებისთვის გამოწერილი თანხა რამდენს შეადგენს?

_ 6 თვის განმავლობაში ეს თანხა გახლავთ 84 619 ლარი, რომელიც ამ ადამიანების სამივლინებოდ დაიხარჯა. ეჭვი მაქვს, რომ მივლინებების 90% აბსოლუტურად უშედეგო იყო და მხოლოდ ქვეყნის დათვალიერებას ემსახურებოდა. ეს 84 000 ლარი თბილისელებს მოაკლდა და პრობლემაც ის არის, რომ დღეს მოსახლეობას ეუბნებიან, ბიუჯეტის სიმცირის გამო 20-ლარიან ვაუჩერს ვერ მოგცემთო, მაშინ, როდესაც სუბსიდირებაა საჭირო…

ერთ საინტერესო ფაქტს გეტყვით: ირაკლი ჭინჭარაული კორეაში გახლდათ და აბსოლუტურად უცნობია, რა მოლაპარაკება გამართა სეულში? წარმოუდგენელია, კორეაში რამე გაეკეთებინა მოქალაქე ირაკლი ჭინჭარაულს, თან არცთუ ისე ცოტა ხნის განმავლობაში, ერთი კვირა დაჰყო. ასევეა რამდენიმე მივლინება დავით ტალიაშვილის სახელზე, რომელიც ჩეხეთში ბრძანდებოდა. ირაკლი ბერიკაშვილი ირანში გახლდათ დავით ნარმანიასთან ერთად და მისი წასვლა 3000 ლარი დაგვიჯდა. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, არ გვაძლევენ დოკუმენტაციას, რას ემსახურებოდა მისი ვიზიტი _ რისთვის წავიდა, კონკრეტული ხელშეკრულებები, მემორანდუმები, რა მოხდა იქ? ამასთან დაკავშირებით აბსოლუტურად არ არსებობს დოკუმენტაცია. რა უნდათ ირანში, კორეაში, პრაღაში, ჩინეთში ან იტალიაში, როცა დედაქალაქში ვერ დაულაგებიათ საქმე?! ზემოთ მკითხეთ, სამივლინებო ხარჯების რაოდენობა და გითხარით, რომ ოფიციალური მონაცემებით, ეს თანხა შეადგენს 84 619 ლარს, მაგრამ აქვე მინდა დავამატო, მთლად სანდოს ვერ დავარქმევ ამ დოკუმენტს, თუნდაც იმ მიზეზით, რომ ზუსტად ვიცით, 14 ივნისს, ტრაგედიის მეორე დილას, გამთენიისას, სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსი, გელა ჩივიაშვილი, მივლინებით წავიდა უცხოეთში. ამასთან დაკავშირებით ჩვენ მაშინ დოკუმენტი, რა თქმა უნდა, ხელში არ გვეჭირა, მაგრამ მისივე თანამშრომლების მიერ მოწოდებული ინფორმაცია იყო, რომ ეს ადამიანი მივლინებაში წავიდა და 6 დღე სამსახურში არ ყოფილა. კიდევ ერთხელ ვიმეორებ: სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსი ყველაზე მნიშვნელოვანი ფიგურაა გახლდათ ტრაგედიის დღეებში, მის სამსახურს ყველაზე მეტი საქმე ჰქონდა, უამრავი ადამიანი დაზარალდა, მათ დაბინავებას ორგანიზება სჭირდებოდა. ამაზე მაშინ მერიას პასუხი მოვთხოვეთ, თუ რატომ წავიდა ეს ადამიანი მივლინებაში. არავინ შეგვეხმიანა. როდესაც ეს ინფორმაცია გამოვითხოვეთ, სამივლინებო ხარჯებში გელა ჩივიაშვილის ვიზიტი გატარებული არ არის, კონკრეტული საჯარო ინფორმაცია დამალეს, ან ბატონმა ჩივიაშვილმა იმიტომ, რომ ეს ძალიან იყვირებდა და სერიოზული ფაქტი იქნებოდა მის წინააღმდეგ, მივლინება შეცვალა მის პირად ვოიაჟად, რასაც ერთადერთი ვინც დაადასტურებს, ეს არის საზღვრის გადაკვეთა. ამ ინფორმაციას ჩვენ ვერ მოვიპოვებთ, შესაბამისად, ეს არის ვარაუდი. მერია გარკვეულ განცხადებებზე ყოველთვის გვპასუხობს. თუ რამე სახის „უზუსტობას“ ნახავს, ამბობენ, მსგავსი რამ არ ყოფილაო. მაშინ ეს განცხადება არ გაუპროტესტებიათ, რაც უფრო ამყარებს ეჭვს. ერთი რამე აუცილებლად უნდა აღვნიშნო: მაშინ, როდესაც ეს ადამიანები ოპოზიციაში იყვნენ, დედაქალაქის წინა ხელისუფლებას მსგავსი საქციელისთვის აკრიტიკებდნენ. მაგრამ როცა ახლა იგივეს უფრო მძიმე ფორმებში თვითონ იმეორებ, ეს არანორმალურია. კიდევ ერთხელ ვიმეორებ: ვეჭვობ, წლის ბოლომდე სამივლინებო ხარჯები 300 000 ლარს გადააჭარბებს!

_ რაც შეეხება წარმომადგენლობით ხარჯებს? ეს ხარჯებიც მნიშვნელოვანია იმ ფონზე, როდესაც ამბობენ, რომ დედაქალაქის მთავრობას ქამრების შემოჭერის პოლიტიკა აქვს…

_ დედაქალაქის მერიას ბიუჯეტში გარკვეული პრობლემები აქვს, ამას ვერ დამალავენ და ვერც უარყოფენ. ამბობენ, სოციალურად ორიენტირებული ბიუჯეტი გვაქვსო, მაგრამ პრობლემებს ადასტურებს ვაუჩერების საკითხიც. სუბსიდირებასთან დაკავშირებული მათი ქმედებები თვალთმაქცობაა! თითქოს 70 000 ქულის ქვემოთ ექნებათ გარკვეული შეღავათიო. ამ დროს, შეღავათი არ ექნებათ, უბრალოდ, ძველი ტარიფი დარჩებათ და არაფერი შეიცვლება. ამ ძველ ტარიფზე კიდევ ზემოდან ვაუჩერი ჰქონდათ და ის აღარ ექნებათ. მარტო 70 000 ქულის ქვემოთ მქონეებს დაეხმარებიან, თუმცა არიან ადამიანები, რომლებსაც 70 000 ქულაზე მეტი აქვთ, სოციალურად დაუცველის საბუთი არ გააჩნიათ, მაგრამ ძალიან უჭირთ. წარმომადგენლობითი ხარჯებიც მათი ოპოზიციაში ყოფნის დროს განსჯის საგანი გახლდათ, იქნებოდა ეს დედაქალაქის მთავრობა, მერი თუ ა. შ. მერის რესტორანში ყოფნას აჟიოტაჟი აუცილებლად მოჰყვებოდა ხოლმე. დავით ნარმანიამ ამ პერიოდში წარმომადგენლობითი ხარჯი გაწია 50 000 ლარი და იმასაც გეტყვით, რომ მხოლოდ წყალსა და ყავაზეა დახარჯული 21 000 ლარი. ამ ხნის განმავლობაში დედაქალაქის მთავრობაში და საქალაქო სამსახურებში ყავასაც კი ბიუჯეტიდან სვამენ, ანუ თქვენ თუ მიხვალთ დედაქალაქის მერიაში და გეტყვიან, კონკრეტული ადამიანი შესვენებაზეა გასულიო, იცოდეთ, თქვენ მიერ გადახდილი ფულით სვამს ყავას, თქვენი დაპატიჟებულია და მადლობაც მოსთხოვეთ. 48 000 ლარიდან 21 000 დახარჯულია ყავაზე, წყალზე, კოკა-კოლაზე. კონკრეტული ხელშეკრულებებია გაფორმებული, მაგალითად, 3000 ლარის ყავის მარცვალი რომ იყიდეს და ა. შ.

ჩვენი არასამთავრობო ორგანიზაცია წინააღმდეგი არ არის, რომ სტუმარს გაუმასპინძლდე, მაგრამ ყველაფერს აქვს საზღვარი. 130 ადამიანისთვის ფუნიკულიორზე 11 415 ლარი დახარჯეს, ერთი ადამიანის კვება 112 ლარი დაუჯდათ. ამის გარდა, კიდევ ხელშეკრულებებია გაფორმებული ჯაზბენდებთან და მათთვის 3125 ლარი გადაიხადეს. ასევეა დადებული ხელშეკრულება ქორეოგრაფიულ ანსამბლ `როკვასთან~. ქეიფის გასაფორმებლად და საცეკვაოდ 1875 ლარი კიდევ დამატებით გადაიხადეს. და ეს მაშინ, როცა დედაქალაქის მცხოვრებლებს უარს ეუბნები მინიმალურ ვაუჩერზეც.

მოკლედ რომ შევაფასოთ, დედაქალაქის მერია არც ერთ შემთხვევაში არ ამბობს უარს ფუფუნებაზე: რესტორანზე, გართობაზე, სიმღერაზე, ცეკვაზე, ყავაზე, კოკა-კოლაზე, ქვეყნების დათვალიერებაზე თუ სხვ. მათ აბსოლუტურად არ აქვთ იმის აღქმა, რომ ქვეყანაში პრობლემაა და ნაკლები დახარჯონ. ცუდი მენეჯერები არიან და ამ ყველაფერს საშინელ ორგანიზებას უკეთებენ.

ფულის გაფლანგვასთან დაკავშირებით კიდევ ერთ მაგალითს მოვიყვან: მერიის სპორტის, კულტურისა და სოციალური მომსახურების სამსახური სამ ნაწილად გაყვეს, რადგან მუშაობა უფრო ეფექტური ყოფილიყო. ამ შემთხვევაში მივიღეთ საკმაოდ დიდბიუჯეტიანი სპორტის საქალაქო სამსახური, _ დაახლოებით 40 მილიონ ლარამდე წლიდან წლამდე. ამ სპორტის სამსახურში, იმის გარდა, რომ გარკვეული სპორტული და ახალგაზრდული აიპები იყო, მათი რაოდენობა გაიზარდა, რომელთა დაფინანსება თავიდან ბოლომდე თბილისელების ხარჯზეა. მაგალითად, მერის მოადგილე ალუდა გოგლიჩიძე თბილისის ახალგაზრდულ საინფორმაციო ცენტრში გადაიყვანეს დირექტორად. მილიონ ლარამდე ბიუჯეტი აქვთ წლიდან წლამდე. ამის გარდა, გიორგი არეშიძემ ახალი აიპი გააკეთა, რომლის საქმიანობის შესახებ ინფორმაციის მოძიება, ფაქტობრივად, შეუძლებელია, მაგრამ მოვიძიეთ ფინანსური მხარე, სადაც 200 000 ლარამდე გვიჯდება ბიუჯეტიდან ამ აიპის შენახვა და აქედან 80% არის სარგო, დანამატი და პრემია. პირდაპირ ვამბობ: ეს მორგებულია იმაზე, რომ კონკრეტული ადამიანები დაასაქმონ. აიპში დასაქმება ადვილია, არ უნდა გამოცდა და თავად წყვეტენ, თავიანთი პირადი ურთიერთობებიდან გამომდინარე, ვინ აიყვანონ სამსახურში. უამრავი პრობლემა შეექმნათ გამოცდებზე, უამრავი ადამიანი ჩაიჭრა, უმრავლესობას დიპლომი არ აქვს, ბოლოს ისე გაუჭირდათ, არეშიძის სამსახურმა გამოაცხადა მიღება, სადაც უმაღლესი განათლების დიპლომი საჯარო სამსახურში უკვე საჭირო არ იყო. აქედან გამომდინარე, წარმომიდგენია, აიპში რა ადამიანები ჰყავს დასაქმებული. ამ ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ისნის გამგეობამ კიდევ დამატებით 11 000 ლარი გამოყო სპორტულ ღონისძიებაზე. ეს კონკრეტულ მაგალითად მომყავს, თორემ რამდენიმე გამგეობა ანალოგიურად მოიქცა. მაშინ, როდესაც მერიის ამდენი სამსახურია, ამდენი აიპია, ამდენ ხელფასს ვიხდით, უკაცრავად და ერთი ორგანიზატორი არ გამოჩნდა, რომელიც ისანში სპორტულ ღონისძიებას ჩაატარებდა? სპორტის საქალაქო სამსახურმა აიპებში დასაქმებული ადამიანები მიაბა რაიონებს და თუ ისნის რაიონში მიხვალთ, აუცილებლად მოიძიებთ ახალგაზრდული განყოფილების უფროსს. ასე არქმევენ, ანუ ახალგაზრდული და სპორტული მიმართულებით რომ მუშაობს და რომელსაც კონკრეტულ ხელფასს აძლევენ. ამ ყველაფრის მიუხედავად, 11 000 ლარი გამოყვეს და აგერ, მიაბეს კიდეც ინფორმაცია, სადაც მითითებულია, რომ ორგანიზატორს აძლევენ 1000 ლარს, ფოტოგრაფს 375 ლარს და ა. შ. მფლანგველები!

_ ბიუჯეტის თანხების არამიზნობრივად ხარჯვასთან დაკავშირებით რა მდგომარეობაა დედაქალაქის საკრებულოში? მით უმეტეს, აზიური ოთახებისა და სხვა მსგავსი ფაქტების მაგალითები გვაქვს…

_ მერიაში რომ არანორმალური მდგომარეობაა, ყველამ ვიცით, მაგრამ არც საკრებულო ჩამორჩება. ამ ბოლო დროს არასამთავრობო ორგანიზაციებმა აღმოაჩინეს, რომ ახალი მაცივრები შეიძინეს სხვადასხვა დეპუტატებისთვის. კარგი, ამას კიდევ გავიგებთ, მაგრამ ინტერნეტში რომ შეხვიდეთ და თბილისის საკრებულოს აპარატი ჩაწეროთ, პირველი, რასაც ამოგიგდებთ, ეს იქნება ავეჯი, კომპიუტერული ტექნიკა, აქსესუარები, საყოფაცხოვრებო ტექნიკა, ფოტოაპარატები! 9 ცალი ფოტოაპარატი, რომლის ჯამური ღირებულება შეადგენს 8040 ლარს და კონკრეტული დანიშნულება, _ რატომ შეიძინა, ვის საკუთრებაში დარჩება, სად წავა, რისთვის გამოიყენებენ, _ არაფერი ვიცით. მაშინ, როდესაც მერიის ზემოხსენებულ ღონისძიებებში ფოტოგრაფის მომსახურება ჩადებულია, ეს კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ აპარატები არ არის თბილისელების საკეთილდღეოდ განკუთვნილი. დიდი ალბათობით, ეს არის კონკრეტული მაღალი თანამდებობის პირების, დეპუტატების კაპრიზების დასაკმაყოფილებლად და პირადი მოხმარებისთვის შეძენილი. თუ ასე არ არის, საინტერესო იქნება მათი განმარტება, _ რად უნდოდათ, მაინცდამაინც, 9 აპარატი?!

დედაქალაქის მერია და საკრებულო, სამწუხაროდ, ბიუჯეტს უყურებენ, როგორც საკუთარი ჯიბის ფულს და არ ფიქრობენ იმაზე, რომ თანხები გადანაწილდეს იმ ადამიანების კეთილდღეობაზე, რომლებმაც ისინი მოიყვანა ხელისუფლებაში!

„ქრონიკა+“ ინფორმაციის გადამოწმებას შეეცადა როგორც თბილისის მერიის, ისე საკრებულოს პრესსამსახურის წარმომადგენლებთან, რომლებმაც განგვიმარტეს, რომ „ოფიციალური პასუხისთვის წერილობით, ოფიციალურად მიგვემართა…“

 

                                                                                             თამარ ბატიაშვილი

21

22

23