რატომ აფინანსებს ცესკო „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაახლოებულ ორგანიზაციებს?!

w1

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გაცემული გრანტების შესახებ მასალებს საქართველოს მთავარი პროკურატურა შეისწავლის. საქმე ეხება საარჩევნო გარემოს გასაუმჯობესებლად დაფინანსებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებმაც ამ მიზნით თანხები სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიიღეს.

სახელმწიფო გრანტით დაფინანსებული არასამთავრობოების ჩამონათვალში ერთი და იგივე, „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაახლოებული ორგანიზაციები ფიგურირებენ, რომლებიც თანხებს არამიზნობრივად ხარჯავენ. გრანტის მიმღებთა შორის ცესკოს თანამშრომლებიც არიან, რომელთაც პარალელურ რეჟიმში დააარსეს არასამთავრობო ორგანიზაციები და თანხებს შერჩევითი პრინციპით გასცემენ.

სანამ მთავარ პროკურატურაში ცესკოს მიერ გაცემული გრანტების შესახებ განცხადება შევიდოდა, რამდენიმე თვის წინათ არასამთავრობობო ორგანიზაცია `პოზიციამ~ სამოქალაქო მონიტორინგის შედეგები გამოაქვეყნა და ცესკოს მიერ 2012 წლიდან 2014 წლამდე გაცემულ გრანტებზე ისაუბრა. მათი ინფორმაციით, გრანტები საკმაოდ საეჭვო ვითარებაში გაიცა. კვლევის შედეგების მიხედვით, ცესკოს მიერ გაცემული გრანტების 80% „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ შექმნილი არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის არის მიკუთვნებული. ცესკომ გრანტები მისცა თეა თუთბერიძეს, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს, რომელმაც დააარსა ორგანიზაცია „ელფი“. მას 2013 წელს გრანტის სახით 24 000 ლარი გადაეცა. ზურაბ ხარატიშვილი სწორედ თეა თუთბერიძის ამ ორგანიზაციიდან წარადგინეს ცესკოს თავმჯდომარედ; ცესკომ ასევე გრანტი გამოუყო „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ გიგა ნასარიძეს. მან დააარსა ორგანიზაცია „ახალი ხედვა საქართველო“, რომელმაც სამი პროექტის ფარგლებში გრანტის სახით 124 000 ლარი მიიღო; შემდეგი გახლავთ „ნაციონალური მოძრაობისა“ და ყოფილი „კმარას“ წევრი, შმაგი ჩოხელი, დააარსა „სამოქალაქო განვითარების საერთაშორისო ქსელი“, რომელმაც 2012-2013 წელს გრანტის სახით მიიღო 29 000 ლარი; შემდეგი გახლავთ გიორგი მესხელი, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ვანო მერაბიშვილის მოადგილის, ამირან მესხელის ძმა, რომელიც საგარეო საქმეთა სამინისტროში მუშაობს. მან დააარსა „დემოკრატ მესხთა კავშირი“, რომელმაც 2014 წელს, გრანტის სახით, 50 000 ლარი მიიღო; შემდეგი გახლავთ თამარ კინწურაშვილი, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი დირექტორი, პრეზიდენტის ყოფილი მრჩეველი, პარალელურად იყო უშიშროების საბჭოს მდივნის, გიგა ბოკერიას მოადგილე. ამჟამად მან დააარსა ორგანიზაცია „მედიის განვითარების ფონდი“, რომელმაც ორი პროექტის ფარგლებში 2014 წელს გრანტის სახით 101 000 ლარი მიიღო; შემდეგი ადამიანი, რომელმაც ცესკოს გრანტი აიღო, არის ანა თარხნიშვილი, დეპუტატ ლევან თარხნიშვილის მეუღლე. თარხნიშვილს ცესკოში დიდი გავლენა აქვს და სწორედ ამის გამო მიიღო მისი მეუღლის ორგანიზაციამ 2013 წელს გრანტის სახით 59 000 ლარი; შემდეგი ადამიანი გახლავთ ბესიკ დონაძე, „ნაციონალური მოძრაობის“ დროს ისნის გამგებლის მოადგილე. მან დააარსა „დემოკრატიისა და სამართლებრივი განვითარების საზოგადოება“ და გრანტის სახით ცესკოდან 70 000 ლარი მიიღო; ასევე ნანა ბღარაშვილი, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ცესკოს წევრობის თანამდებობაზე მიხეილ სააკაშვილის კანდიდატი. ეს ადამიანი დღემდე საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსად მუშაობს, მან დააარსა ორგანიზაცია „სამოქალაქო ინიციატივა სამართლებრივი არჩევნებისთვის“ და ორი პროექტის ფარგლებში 69 000 ლარი მიიღო; შემდეგია ლევან გაბრიჩიძე, „ნაციონალური მოძრაობის“ და ასევე პაატა დავითაიას პარტიის წევრი, მან დააარსა ორი არასამთავრობო ორგანიზაცია და 4 პროექტის ფარგლებში გრანტის სახით 95 000 ლარი მიიღო.

არასამთავრობო ორგანიზაცია „პოზიციამ“ სამართალდამცველ უწყებებს აღნიშნული ფაქტებისა და ცესკოს საქმიანობის შესწავლა სთხოვა, თუმცა არანაირი რეაგირება არ მოჰყოლია. მთავარ პროკურატურაში განცახდების შეტანის ინიციატორი ადვოკატი მაგდა კოტრიკაძე გახლდათ. იგი ამ საკითხით მაშინ დაინტერესდა, როდესაც ცესკოს ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნებული ერთი და იგივე არასამთავრობო ორგანიზაციების ჩამონათვალი იხილა, რომელებიც სახელმწიფო ბიუჯეტიდან თითქოს საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებისთვის ფინანსდებიან.

„ქრონიკა+“-ს ადვოკატი მაგდა კოტრიკაძე ესაუბრება:

_ ცესკოდან საგრანტო დაფინანსებას მუდმივად იღებენ ერთი და იგივე ორგანიზაციები. ეს გახლავთ საკმაოდ დიდი თანხები: 30 000, 50 000, 100 000-ლარიანი გრანტებიც ყოფილა. რამდენიმე თვეში ერთხელ საგრანტო კონკურსი ცხადდებოდა. დაფინანსებას იღებდა მუდმივად ერთი და იგივე ორგანიზაცია, ამიტომ ეჭვი შეგვეპარა. 80-90-მდე განაცხადის შემთხვევაში როგორ შეიძლებოდა, ყოველთვის ერთი და იგივე ორგანიზაცია დაფინანსებულიყო?! როდესაც საჯარო რეესტრის საიტზე შევედი და მონაცემები ვნახე, აღმოჩნდა, რომ ცესკოს სერტიფიცირებისა და პროექტების მართვის განყოფილების ხელმძღვანელის, ზურაბ ლუაშვილის სახელზე რეგისტრირებულია 3 არასამთავრობო ორგანიზაცია და სამივედან იღებდა დაფინანსებას. გამგეობიდან გასული იყო, მაგრამ, ყოველ შემთხვევაში, დამფუძნებლებში რჩებოდა. ასევე აღმოჩნდა დოკუმენტები მისი ცოლის სახელზე. დაფინანსებას იღებს თამარ კინწურაშვილის ორგანიზაცია; ასევე ჯაბა ებანოიძის მოადგილე ქალბატონი აღსრულების ბოუროდან. ყველაზე გასაკვირია: ადამიანები, რომლებიც თანამდებობებს იკავებენ საჯარო სამსახურებში (ისნის გამგებლის მოადგილე, ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმომადგენელი, სხვადასხვა სამინისტროს წარმომადგენლები), პარალელურ რეჟიმში არიან არასამთავრობო ორგანიზაციაში და ფინანსდებიან ცესკოდან. ეს არის სახელმწიფო ბიუჯეტის ფული. სიპი შეიქმნა საარჩევნო გარემოს განვითარების მიზნით, საქართველოში მოქალაქეთა ცნობიერების ასამაღლებლად. რეალურად კი გარკვეულ ადამიანებს სხვა მიზანი ჰქონდათ, რადგან ეს არის ლეგალური ფრთა სახელმწიფო ბიუჯეტიდან დიდი ოდენობის ფულის მიღებისა. ამ ყველაფერმა, როგორც გითხარით, ბუნებრივია, დაგვაეჭვა. მოვიკვლიეთ და აღმოჩნდა, რომ მუდმივად ერთი და იგივე ორგანიზაციები ფინანსდებოდა. ასევე ერთი და იგივე პროექტები იყო წარდგენილი სხვადასხვა ორგანიზაციის მხრიდან. წარმოგიდგენიათ, გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში მე და თქვენ ერთი და იგივე პროექტი რომ შევიტანოთ ერთი და იგივე სახელწოდებით?! უამრავი დარღვევაა. ბოშებთან დაკავშირებით იყო პროექტი, რომელიც საარჩევნო საკითხებზე მათი ცნობიერების ამაღლებას ითვალისწინებდა, აქაც მრავალი დარღვევა აღმოჩნდა. პირდაპირ იკვეთება დანაშაულის ნიშნები. სწორედ ამასთან დაკავშირებით მივმართე მთავარ პროკურატურას. შესაბამისი უწყებები საქმის კურსში არიან. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები. დღეს არ არსებობს უწყება, რომელიც გამოიკვლევს, რამდენად მიზნობრივად დაიხარჯა სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული ფინანსები. ეს ადამიანები პირადი შეხედულებისამებრ იყენებენ ჩვენი ჯიბიდან გადახდილ თანხებს. როგორც ჩემთვის გახდა ცნობილი, ასეთი სისტემაც მოქმედებს: გარკვეული ადამიანები უკვე დაფინანსებულ ორგანიზაციებს თხოულობენ და ცესკოდან გრანტების მისაღებად იყენებენ. ასეთი რამდენიმე ადამიანიც ვიცი. რეალურად არაფერს აკეთებენ და კაციშვილი არ არის შემმოწმებელი, რამდენად მიზნობრივად დაიხარჯა თანხა. საკმაოდ შემოსავლიან ბიზნესად აქციეს გრანტები და ცესკო.

რაც შეეხება თქვენს კითხვას, _ რატომ ხდება ასე? იმიტომ, რომ გადაწყვეტილებებს ისევ ის ადამიანები იღებენ. წინა ხელისუფლების დროს იყო ბორდი, ვითომ სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციიდან იყვნენ წარმოდგენილნი ქართველები, გადაწყვეტილებებს ისინი იღბდნენ, დღესაც იგივე ხალხია წარმოჩენილი. რეალურად, პოლიტიკური ნიშნით მიიღება გადაწყვეტილება და არა იმის მიხედვით, რამდენად კარგ და საჭირო პროექტს შეიტან. ცესკოს საიტზე რომ შეხვიდეთ და ნახოთ დაფინანსებული პროქტები, ვინ არიან მათი წარმდგენი ორგანიზაციები, ნათელი გახდება ყველაფერი. ეს ადამიანები ძალიან სერიოზულად იყენებენ სახელმწიფო ბიუჯეტის თანხებს და თავიანთი შეხედულებისამებრ განკარაგვენ. მაშინ, როდესაც 80-მდე ორგანიზაციამ განაცხადი შეიტანა, მუდმივად კინწურაშვილისა და თარხნიშვილის ორგანიზაცია ფინანსდებოდეს, ეს ხომ ალოგიკურია?!

„ქრონიკა+“ კომენტარისთვის ცესკოს პრესსპიკერს, ანა მიქელაძეს დაუკავშირდა:

„ზოგადად, ცენტრალური საარჩევნო კომისია გრანტებს არ გასცემს, გრანტს გასცემს საჯარო სამართლის იურიდიული პირი „საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი“ შესაბამისი კომისიის საშუალებით. შექმნილია კომისია, რომელიც გამოავლენს საგრანტო კონკურსის გამარჯვებულს, რის შედეგადაც გაიცემა შესაბამისი გრანტი. კომისია დაკომპლექტებულია ძალიან ცნობილი, პრესტიჟული და კომპეტენტური საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებით. შემიძლია დეტალურად მოგაწოდოთ ინფორმაცია ამ ორგანიზაციების შესახებ. ეს გახლავთ 9 საერთაშორისო ორგანიზაცია, მათ შორისაა: საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდი; ფონდი _ ღია საზოგადოება-საქართველო; გაეროს ქალთა ასოციაცია; ნიდერლანდების მრავალპარტიული ინსტიტუტი; ადენაუერის ფონდი; მედიამენეჯმენტის კავკასიური სკოლა; საერთაშორისო ურთიერთობების ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი; რესპუბლიკური ინსტიტუტი და ეროვნული უმცირესობების საკითხებზე ეუთოს უმაღლესი კომისარის წარმომადგენლობა. ამ ადამიანების წარმომადგენლობით არის დაკომპლექტებული საგრანტო კომისია, კონკრეტული გვარები და სახელებია გაწერილი და ეს ინფორმაცია ოფიციალურად დევს ვებგვერდზე. შესაბამისად, ვერც საარჩევნო განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი, ვერც ცენტრალური საარჩევნო კომისია ვერ მოახდენს გავლენას რაიმე გადაწყვეტილებებზე მიღებისას იქიდან გამომდინარე, რომ ამ 9 ორგანიზაციიდან დაკომპლექტებული კომისია არის აბსოლუტურად დამოუკიდებელი, ხოლო პროცესი გამჭვირვალეა. მათ მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე, ისევე როგორც განხილვის პროცესში ვერ ჩაერთვებიან ვერც ცესკოს წარმომადგენლები და ვერც საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის თანამშრომლები. თქვენს კითხვაზე კონტროლის მექანიზმის შესახებ და ხარჯვით ნაწილზე გიპასუხებთ, რომ დეტალურად მოწმდება სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს მიერ, ასევე აუდიტის სამსახური ამოწმებს ამ ინფორმაციას, რამდენად მიზნობრივად არის დახარჯული ეს თანხები. რაც შეეხება ცესკოს თანამშრომლების მიერ დაფუძნებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს, შემიძლია გითხრათ, რომ ცესკოს არც ერთი წევრი არ არის ამჟამად და არც მანამდე ყოფილა რომელიმე არასამთავრობო ორგანიზაციის დამფუძნებელი. თქვენ კონკრეტული გვარი დამისახელეთ, ზურაბ ლუაშვილი, ის გახლავთ სიპის თანამშრომელი და ფიზიკურად ვერ იქნება არასამთავრობო ორგანიზაციის დამფუძნებელი. რაც შეეხება იმას, რომ მას ოდესღაც, 5-10 წლის წინათ, აქვს თუ არა დაფუძნებული არასამთავრობო ორგანიზაცია, ამასთან დაკავშირებით ცესკოს სპიკერს დეტალური ინფორმაცია ვერ ექნება. ეს არის საჯარო ინფორმაცია და დარწმუნებული ვარ, თავად მოგაწვდით“.

 

 

                                                                                                    თამარ ბატიაშვილი