ვის ეკუთვნის მწვანე ტბაში ჩაყრილი საბრძოლო იარაღი?!

55

 

მასმედიით გავრცელდა ინფორმაცია, რომ ხულოს რაიონში, მწვანე ტბაში, შემთხვევით აღმოჩნდა იარაღის გარკვეული რაოდენობა.

საზოგადოებაში მაშინვე დაისვა კითხვები, ვინ ჩაყარა იარაღი?

უფლებადამცველ თამაზ ბაკურიძეს მომხდარზე თავისი ვერსიები აქვს, რომელიც ძიებისთვისაც საინტერესო უნდა იყოს.

თამაზ ბაკურიძე:

_ მსგავსი კადრები ერთხელ უკვე ვნახეთ რამდენიმე წლის წინათ და მაშინ გარკვევით ითქვა, რომ ეს იარაღი ასლან აბაშიძის დროინდელია.

შეიძლება მაშინ იყო კიდეც, თუმცა ესეც საეჭვოა, მაგრამ ახლა საიდანღა მოხვდა იარაღი ტბაში? მაქვს რამდენიმე ვერსია, რომელთაც არსებობის უფლება აქვს: აჭარის მოვლენების დროს სააკაშვილს მაღალ მთებში, მტირალაზე, ხინოში, ხულოში ჰყავდა განლაგებული სპეცრაზმელები და მოქალაქეთა შეიარაღებული რაზმები. მაშინ ბათუმის დაბომბვაც ჰქონდათ გადაწყვეტილი, მაგრამ ბოლოს გადაიფიქრეს.

_ მაგრამ აჭარაში ხელისუფლებაში მაშინ „ნაცები“ მოვიდნენ, რატომ  უნდა ჩაეყარათ მათ იარაღი წყალში? ვერ ჩააბარებდნენ?

_ ალბათ რაღაც გაუთვალისწინებელი მოხდა და თავიდან მოიშორეს. ამ პერიოდის იარაღის არსებობის შესახებ აჭარის „კუდის“ იმ თანამშრომლებმა იცოდნენ, რომლებიც „ნაცებმა“ დაიჭირეს. სწორედ მათგან გავიგე მაღალმთიანეთში შეიარაღებული ხალხის არსებობა.

_ თუ ამ ფაქტზე ცნობილი იყო, რატომ არ ამოიღეს იარაღი თავად „ნაცებმა“ და რატომ გაახსენდათ ახლა?

_ არ ვიცი. თუ გავითვალისწინებთ, რომ 30 აგვისტოს იმ ადგილებში ტურისტები, ფაქტობრივად, არ არიან და მით უმეტეს, მწვანე ტბაში ვერც იბანავებდნენ, მის ფსკერზე იარაღი ვის უნდა დაენახა? ეს გვაფიქრებინებს, რომ იარაღი შემთხვევით არ აღმოუჩენიათ. გამორიცხულია ვერსია, რომ აბაშიძის მიერ შეიარაღებული მოსახლეობის ჩაყრილი იყოს იარაღი, რადგან „ნაციონალებმა“ ყველა მათგანის ვინაობა იცოდნენ, თანაც ამნისტია გამოაცხადა და რატომ უნდა მისულიყო ადამიანი მიუდგომელ და შესამჩნევ ადგილას იარაღის გადასაგდებად?

და კიდევ ერთი საყურადღებო ვერსია: ჩემი ვარაუდით, ეს იარაღი დიდი ხნის ჩაყრილი არ უნდა იყოს მწვანე ტბაში.

გახსოვთ, „ნაციონალებს“ იარაღის როგორი სამალავები ჰქონდა საქართველოს ყველა კუთხეში და, ბუნებრივია, აჭარაშიც ექნებოდათ. გამორიცხული არ არის, როცა ხელისუფლება შეიცვალა, მაშინ ჩაყარეს და მოიცილეს. ამ საქმეში უშიშროების ის თანამშრომლები არიან გარეულები, რომლებიც მას კურირებდნენ. დარწმუნებული ვარ, ეს აჭარის `კუდის~ ყოფილი ხელმძღვანელის, თემურ პატარიძის დავალებით მოხდა.

საეჭვოა ახლა ამის განცხადება. ეს მთლად უმიზნოდ არ უნდა მომხდარიყო.

აღნიშულ ფაქტზე „ქრონიკა+“-მა შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურს მიმართა:

„ხულოს რაიონში მდებარე მწვანე ტბაში საბრძოლო იარაღის არსებობასთან დაკავშირებით შეტყობინება ხულოს რაიონულ პოლიციაში 2015 წლის 30 აგვისტოს შევიდა. მოქალაქეებმა განაცხადეს, რომ ტბაში საბრძოლო მასალა აღმოაჩინეს, თუმცა პოლიციისთვის იგი არ წარმოუდგენიათ. ინფორმაციის მიღებისთანავე შსს-ს თანამშრომლებმა, ტურისტებისა და ადგილობრივი მცხოვრებლების უსაფრთხოების დაცვის მიზნით, საბრძოლო მასალების აღმოჩენისა და შემდგომი განადგურების ღონისძიება დაგეგმეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილებით, თავდაცვის სამინისტროსთან და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან თანამშრომლობით, ხულოს რაიონში მდებარე მწვანე ტბის ფსკერზე არსებული საბრძოლო მასალა ნაპირზე ამოიტანეს და ახლომდებარე ტერიტორიაზე გააუვნებელყვეს.

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს თავდაცვის სამინისტროს სპეციალური ოპერაციების ძალების საზღვაო სპეცდანიშნულების რაზმის მყვინთავებმა და საქართველოს უსაფრთხოების სამსახურის სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის განაღმვის სამმართველოს თანამშრომლებმა.

ტბიდან ამოიღეს სხვადასხვა სახის კოროზირებული საბრძოლო მასალა. გამოძიებას აწარმოებს აჭარის მთავარი სამმართველოს ხულოს რაიონული სამმართველო საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების, ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, ტარება, დამზადება, გადაზიდვა, გადაგზავნა, ან გასაღება)“.

 

                                                                                                                  ნატო ქათამაძე