გაუჩინარებული როლანდ ბერიძე და სოჭში ჩაძირული თურქული გემი

44

2011 წლის 13 თებერვალს რუსეთის ქალაქ სოჭის პორტში, ძლიერი შტორმის შედეგად, ტანზანიის დროშით მცურავი თურქული გემი ჩაიძირა. შუაზე გადამტვრეული გემიდან ეკიპაჟის წევრები აბობოქრებულ ზღვაში გადახტნენ და რადგან გემი ნავმისადგომთან ახლოს იყო, სამშვიდობოს გასვლა მოახერხეს. მათ შორის ორი, _ საქართველოსა და ხორვატიის მოქალაქე _ დღემდე დაკარგულად მიიჩნევა.

უკვე მეოთხე წელია, მეუღლე და ორი შვილი ამაოდ ელის როლანდ ბერიძის გამოჩენას.

მედეა კვირიკაძე, როლანდ ბერიძის მეუღლე:

_ ჩემი მეუღლე სოჭში გემის კატასტროფის შედეგად დაიკარგა. როგორც გვითხრეს, გემი შუაზე გადატყდა, ყველა ზღვაში გადახტა, მაგრამ მათგან ჩემი მეუღლე და ერთი ხორვატი დაიკარგნენ. მოგვივიდა ინფორმაციები, რომ თითქოს ინახა, მაგრამ, საბოლოოდ, მაინც ყველაფერი გაურკვეველი დარჩა. რადგან სოჭში ვერავის დავუკავშირდით, ჩვენმა ახლობლებმა პეტერბურგიდან ანაპის საავადმყოფოში დარეკეს, სადაც უთხრეს, რომ ზღვიდან ორი კაცი გამოიყვანეს და საავადმყოფოში ელოდებიან, თუმცა სხვა არაფერი შეატყობინეს, _ სახელმწიფო საიდუმლოაო.

ჩემი ქმრის მამიდაშვილი ადგილზე ჩავიდა, თავისი თვალით ნახა, ტელევიზიით როგორ შეჰყავდათ პაციენტები, მაგრამ არ შეუშვეს და მოკითხვის საშუალება არ მისცეს. ჩემი ქმარი დაიკარგა, არ ვიცით, ცოცხალია თუ გარდაცვლილი და ეს გაცილებით უფრო დიდი ტკივილია, ვიდრე თუნდაც ყველაზე ცუდი ამბის გაგება.

_ ოფიციალურ სტრუქტურებს რატომ არ მიმართეთ?

_ თავიდან საგარეო საქმეთა სამინისტროს მივმართეთ, თუმცა როცა ამბავი მოვიდა, ცოცხალიაო, ჩვენი ოჯახის წევრებმა, როლანდის დებმა და მათმა მეუღლეებმა, გადაწყვიტეს, საკუთარი ძალებით ეძებნათ და უარი თქვეს დახმარებაზე.

_ მოტანილი ჭორების საფუძველზე სახელმწიფოს დახმარებაზე უარი როგორ თქვით?

_ ასე გამოვიდა… ამ ძებნაში გავიდა 6 თვე. 6 თვის შემდეგ კი დებმა სასამართლოში შეიტანეს განცხადება როლანდს გარდაცვალების აღიარების მოთხოვნით. მე, მეუღლემ, ამის შესახებ მოგვიანებით, შემთხვევით გავიგე იუსტიციის სახლში. როცა მოვიკითხე, სასამართლოში მითხრეს, რომ ისინი ვალდებულნი არ იყვნენ, გადაემოწმებინათ, როლანდ ბერიძეს ჰყავდა თუ არა ოჯახი.

ასე რომ, მომეჭრა ყველა სამართლებრივი გზა და მხოლოდ ღვთის ნებას ვარ მინდობილი. რახან ხორვატიას გარდაცვლილად არ უღიარებია თავისი მოქალაქე და დღემდე ეძებს, იქნებ, მასთან ერთად ჩემი მეუღლეც გამოჩნდეს?

_ გემის მფლობელთან ან საშუამავლო ფირმასთან არ გიცდიათ დაკავშირება?

_ როგორ არა. გემის მფლობელმა, ვინმე ომარმა, პირში მომახალა, _ შენი ქმარი გემის ქვეშაა და მიდი და ეძებეო! ხოლო საშუამავლო ფირმის წარმომადგენელმა, ნუგზარ ყულეჯიშვილმა, სადაზღვევო თანხა, 46 ათასი დოლარის ნაცვლად, 20 ათასი მომიტანა ხელზე და ხელწერილი ჩამომართვა, რომ დანარჩენს აღარ მოვითხოვდი. თურქეთის საკონსულოში მითხრეს, გამოვიკვლევთო, მაგრამ მას შემდეგ აღარ დამკავშირებიან. ისინი თავიანთი მოქალაქეების ინტერესებს იცავენ, მე კი ჩემივე ოჯახის წევრების წყალობით ბრძოლის ყველა სამართლებრივი გზა მომეჭრა.

_ თქვენი ვერსია და ვარაუდი?

_ ვფიქრობ, ჩემი მეუღლე ცოცხალია, მაგრამ გადამალული ჰყავს გემის მფლობელს, რადგან მრავალმილიონიანი  დაზღვევა მიიღოს. ჩემი მეუღლე კაპიტნის თანაშემწე იყო და, ალბათ, ეშინიათ, არ თქვას გემის დაღუპვის რეალური მიზეზები, რაც ხელს შეუშლის დაზღვევის მიღებას. ჩემმა ოჯახმა კი სამკვიდროს მიღების გამო ასეთ დღეში ჩამაგდო.

 

ნატო ქათამაძე