ზურაბ სეფიაშვილი: „გურჯაანის საკრებულოს თავმჯდომარე გზებს ვერ აგებს, მაგრამ საკუთარ ეზოში მარმარილო არ ენანება!“

je

გურჯაანის საკრებულოს ლეიბორისტი წევრი, ზურაბ სეფიაშვილი, გურჯაანის მუნიციპალიტეტის ტენდერებზე ალაპარაკდა. მისი თქმით, ტენდერებისთვის გამოყოფილი თანხები დანიშნულებისამებრ არ იხარჯება და მას მუნიციპალიტეტის მაღალჩინოსნები საკუთარი სახლებისა და ეზოების მარმარილოთი მოსაპირკეთებლად იყენებენ.

ზურაბ სეფიაშვილი:

_ გურჯაანის მუნიციპალიტეტი საკმაოდ ბევრ პროექტზე მუშაობს და, ერთი შეხედვით, იქ საქმე კეთდება. ვსაუბრობ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, რომელიც ყველას შეუძლია შეამჩნიოს და დაინახოს. 2015 წლის დასაწყისში ჩვენს საკრებულოში დასამტკიცებლად შემოიტანეს 17 ასეთი პროექტი. უმეტესობა სოფლებში სასმელი წყლებისა და გზების მშენებლობას, აღდგენით სამუშაოებსა და მის მოწესრიგებას ეხებოდა. მისი დამტკიცების შემთხვევაში 3 მილიონზე მეტი თანხა იქნებოდა საჭირო. პროექტებს საკრებულოს სხდომაზე მეც გავეცანი და განვაცხადე, _ იმ შეთხვევაში ავუწევ ამ პროექტების დამტკიცებას ხელს, თუ მისი დასრულების შემდგომ დაწვრილებით ანგარიშს ჩაგვაბარებენ, რა და როგორ გააკეთეს-მეთქი. დამპირდნენ, როცა მოითხოვთ, აუცილებლად ჩაგბარდებათ შესრულების დეტალური ანგარიშიო. ამის შემდეგ ყველა პროექტს დავუჭირე მხარი, რადგან მიმაჩნია, რომ რაც მეტი კეთილი საქმე გაკეთდება ქვეყანაში, ხალხისთვის მით უკეთესი იქნება.

22 ივლისს შევიტანე განცხადება და მოვითხოვე ჩვენ მიერ ნებადართული პროექტების შესრულების შესახებ ინფორმაციის გადმოცემა, რადგან მაინტერესებდა, რომელი პროექტი რა პროცესში იყო. გურჯაანის მუნიციპალიტეტისგან მივიღე სია, ამ ეტაპისთვის რომელი პროექტი რა პროცესში იყო. დასრულებული მხოლოდ ერთი პროექტი აღმოჩნდა: გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაკურციხეში შიდა საუბნო გზაზე ასფალტ-ბეტონის საფარის დაგება და სანიაღვრე გზების მოწყობა. დანარჩენიდან ზოგს ეწერა: `გაგზავნილია სამინისტროში~, `ხელშეკრულება დადებულია~. ახლა სწორედ ამ ე. წ. დასრულებულ პროექტზე უნდა გელაპარაკოთ.

_ გისმენთ, რა ხდება ამ პროექტთან დაკავშირებით?

_ მე მოგიტანეთ ფოტოები, პროექტის დასრულების შემდგომ როგორ გამოიყურება „გაკეთებული“ გზის საფარი. შიდასაუბნო გზა, სადაც ეს სამუშაოები უნდა ჩატარებულიყო, უერთდება ცენტრალურ გზას და სასაფლაოსთან მიდის. პროექტის მიხედვით, ასფალტი სასაფლაომდე უნდა დაგებულიყო. სპეციალურად ჩავედი ადგილზე და დაგებული ასფალტის მანძილი გავზომე. აღმოჩნდა, რომ ასფალტი მხოლოდ 350 მეტრზე დააგეს და დანარჩენი გზა ისევ ისე არის დატოვებული. 350-მეტრიანი ასფალტდაგებული გზის ზევით, საფლავამდე, 800 მეტრი გზა კიდევ არის დატოვებული და მისთვის ხელი არავის უხლია. გზის ამ მცირე მონაკვეთის გასაკეთებლად დახარჯულია 87 ათასი ლარი.

ამას წინათ ლეიბორისტული პარტიის კოორდინატორები ვიმყოფებოდით ტრენინგზე, სადაც აგვიხსნეს, რომ სამ ეტაპისთვის ასფალტის დაგების ყველა პროცესს 1 კვ.მ-ზე სჭირდება 15 ლარი. 350 მეტრი სიგრძისა და 4 მეტრი სიგანის გზა 1400 კვადრატული მეტრი გამოდის, რაც არის 21 ათასი ლარის. ახლა ვკითხულობ, სად დაიხარჯა დანარჩენი ფული?

_ მერე ეს არ იკითხეთ მუნიციპალიტეტში?

_ როგორ არ ვიკითხე! ამის შემდეგ გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებელს, გივი გერგიძეს მივწერე:

`მოგახსენებთ, რომ 2015 წელს ჩვენმა საკრებულომ მოიწონა და დააფინანსა 17 ინფრასტრუქტურული პროექტი. თავის დროზე, ამ პროექტების განხილვისას, მთელმა საკრებულომ და, მათ შორის, მეც, ერთხმად დავუჭირეთ მხარი. როგორც საკრებულოს წევრი არა მარტო უფლებამოსილი, არამედ ვალდებულიც ვარ, თვალი ვადევნო აღნიშნული პროექტების შესრულებას, ამიტომ უმორჩილესად გთხოვთ, დაავალოთ შესაბამის ორგანოებს, გადმომცენ ყველა ამ პროექტის სატენდერო დოკუმენტაცია და ხელშეკრულების ასლები~.

_ არ მოგცეს ეს ინფორმაცია?

_ რაც მომცეს, ეს არის დეპუტატის მასხრად აგდება და არაფრად ჩაგდება, ასევე კანონდარღვევა და თანამდებობრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენება. მათ გამომიგზავნეს 17-ვე ტენდერის დოკუმენტაცია, სადაც მხოლოდ გამარჯვებული კომპანიის სახელები წერია (ზოგან ესეც არ წერია) და ის, რაც მე მოვითხოვე, არ არის. ფაქტობრივად, ინფორმაციას მიმალავენ და თავს არიდებენ მის გადმოცემას სრულფასოვანი სახით. მე მაინტერესებდა ხელშეკრულებები ტენდერში გამარჯვებულ კომპანიებთან, საიდანაც ნათელი გახდება, რა ვალდებულებები იკისრეს მათ და მერე ის შეასრულეს, თუ არ შეასრულეს, რა დაეხარჯათ ამაში და ა.შ. რატომ მიიჩნევა ეს კონკრეტული პროექტი დასრულებულად, როცა გზა ბოლომდე დაგებული არ არის? ის, რაც მათ გამომიგზავნეს, არც ერთ კითხვას არ პახუხობს. 223 არაფრისმთქმელი გვერდი მივიღე პასუხად, რაც არის ცინიზმი და სხვა არაფერი.

_ თქვენი აზრით, რატომ მალავენ ამ ინფორმაციებს?

_ იმიტომ, რომ გურჯაანის მუნიციპალიტეტის მუშაობაში არის ღრმა კორუფცია და ცხადია, ამ დოკუმენტებით მას ნათელი მოეფინება. 3 მილიონ 800 ათასი ლარიდან, დარწმუნებული ვარ, პროექტებზე რეალურად მილიონიც არ დაიხარჯება, რადგან, ჩემი აზრით, დანარჩენი ფული უკვე განაწილებული აქვთ. კარგად იციან, რომ მე ის კი არ მაინტერესებს, რა ზოგად პირობებს უნდა აკმაყოფილებდეს ტენდერში გამარჯვებული კომპანია, მაინტერესებს, რა გააკეთეს, როგორ გააკეთეს, რა უნდა დახარჯულიყო და რა დახარჯეს? ამაზე პასუხი არ მაქვს.

გურჯაანის საკრებულოს კეთილი ბოლო არ აქვს და არც ასეთ შემადგენლობას ექნება დიდი დრო. ყოველთვის ვამბობდი, რომ ბიუროს ეს შემადგენლობა ბოლომდე ვერ მიიტანდა თავს და ასეც იქნება. მხოლოდ `ნაკურთხი პრემიებით~ და საქმის არგაკეთებით დიდხანს ვერ იარსებებენ. ალბათ, იცით, რომ საკრებულოს თავმჯდომარე ვანო ბერიძიშვილი არის ბიძინა ივანიშვილის ნათესავი, რომელმაც, რაც ამ თანამდებობაზეა, საკუთარ ეზოშიც კი დააგო მარმარილო. აი, სად მიდის ბიუჯეტის ფული და რატომ არ კეთდება ბოლომდე საქმე. ჯერჯერობით ერთი ტენდერის შედეგების შესახებ მოგახსენეთ, რადგან, როგორც თავად ამბობენ, ის დასრულებულია, ალბათ სხვებსაც გამოაცხადებენ, ადრე თუ გვიან, დასრულებულად და როცა ასეთ მასალებს შევაგროვებ, ყველაფერს შევკრავ და პროკურატურას მივართმევ. არ ვიცი, ისინი რამდენად დაიწყებენ მის მოკვლევას, მაგრამ მე ჩემს საქმეს გავაკეთებ და ხალხსაც ეცოდინება, რომ როგორც საკრებულოს წევრი, მათ მიმართ პირნათელი ვარ.

„ქრონიკა+“ კომენტარისთვის გურჯაანის მუნიციპალიტეტის პრესსამსახურს დაუკავშირდა:

„მიმდინარე წლის 14 აგვისტოს ზურა სეფიაშვილმა შემოგზავნა წერილი საკრებულოს მიერ მოწონებული ინფრასტრუქტურული პროექტების დოკუმენტაციის მოთხოვნით. 19 აგვისტოს მას ეს დოკუმენტაცია მიეწოდა სრულად. მთლიანობაში დოკუმენტაცია 226 გვერდი გამოვიდა. ეს მიწოდებული დოკუმენტაცია შეიცავს ინფორმაციას ბაკურციხის გზაზეც. მუნიციპალიტეტმა ყველა წესისა და კანონის დაცვით გასცა ინფორმაცია“.

 

                                                                                                    ნელი ვარდიაშვილი