პუტინმა,მერკელმა,ოლანდმა და პოროშენკომ ტელეფონით ორი საათი ისაუბრეს

ქქ3

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, სატელეფონო კონფერენციის მსვლელობის დროს, რომელიც ორ საათზე მეტ ხანს გაგრძელდა, ფრანსუა ოლანდთან, ანგელა მერკელთან და უკრაინის ახლად არჩეულ პრეზიდენტთან პერტო პოროშენკოსთან ერთად უკრაინაში მიმდინარე მოვლენები განიხილა. ელისეის სასახლის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ოთხი ქვეყნის ლიდერმა უკრაინაში სიტუაციის დარეგულირების მიზნით კონსულტაციების გაგრძელებას ერთხმად დაუჭირა მხარი. კერძოდ, საუბარი ცეცხლის შეწყვეტას, სასაზღვრო ზოლის უსაფრთხო კონტროლს და უკრაინის ხელისუფლების მიერ წარმოდგენილი სამშვიდობო გეგმის განხორციელებას შეეხო. საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა და გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა, ვლადიმერ პუტინს და პეტრო პოროშენკოს ცეცხლის შეწყვეტის მექანიზმის შემუშავებისაკენ მოუწოდა. პარალელურად მხარეებს ეუთოს დამკვირვებლებთან ერთად, სამშვიდობო პროცესის წარმართვა და ტყვედ ჩავარდნილი პირების დაუყოვნებლივ გათავისუფლება დაევალათ. მხარეები პეტრო პოროშენკოს სამშვიდობო გეგმას ერთხმად უჭერენ მხარს. ელისეის სასახლის მიერ გავრცელებული ინფორმაციის ციტირებას სააგენტო РИА Новости აკეთებს. უკრაინული მხარის განცხადებით ქვეყნის პრეზიდენტმა, სახელმწიფო საზღვრის სამსახურის ხელმძღვანელს ნიკოლაი ლიტვინს დავალება გადასცა, რომლის მიხედვითაც უკრაინის საზღვრის დაცვის სპეციალური სამსახური ვალდებულია, რუსეთის ფედერაციის უშიშროების სამსახურთან ერთად ორგანიზება გაუწიოს ორი ქვეყნის დამაკავშირებელ სასაზღვრო მონაკვეთს და მოსახლეობის მშვიდობიანი გადაადგილებისათვის ახალი მექანიზმები შექმნას.