მამუკა ნოზაძე: „მოსამართლეთა გამოცდებჩაბარებული ადამიანი ქსეროქსზე მუშაობს, უვიცები კი მოსამართლეებად!”

555

ვის და როგორ ირჩევენ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მოსამართლეებად და ვის და რატომ ეუბნებიან უარს, თემიდას ემსახუროს? ადვოკატი მამუკა ნოზაძე აცხადებს, რომ ვისაც მფარველი არ ჰყავს, ის მოსამართლის მანტიას ვერასდროს მოირგებს.

მამუკა ნოზაძე: 

_ 29 ივლისს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ჩაატარა მოსამართლეთა კანდიდატების შესარჩევი კონკურსი. 10 ახალი მოსამართლე აირჩიეს, 32 კანდიდატს კი უარი უთხრეს. არჩეულებს სასწრაფო წესით დაადებინეს  მოსამართლეთა ფიცი, რადგან სასამართლოში, მოსამართლეთა სიმცირის გამო, კრიზისია შექმნილი და პროცესები კიდევ უფრო ჭიანურდება. ამიტომაც გახდა საჭირო სასწრაფო წესით ფიცის დადება. 10 არჩეული მოსამართლიდან ერთ-ერთი არის ეკა კულულაშვილი, რომელიც უკვე გამწესდა თბილისის საქალაქო სასამართლოში სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლედ. ვერ გეტყვით, რისთვის არიან იუსტიციის საბჭოში პარლამენტის მიერ არჩეული წევრები და რატომ არ სწავლობენ კანდიდატთა ბიოგრაფიებს სათანადოდ, არ იკვლევენ იმ კავშირებს, რომელიც ამ ადამიანებს აქვთ, ან ჰქონდათ ამა თუ იმ პარტიასა თუ კლანთან? რატომ აძლევენ ხმას ისე, როგორც ეს მისცეს ეკა კულულაშვილს?

_ ნუთუ ასეთი მნიშვნელოვანია ეკა კულულაშვილის წარსული და მისი კავშირები?

_ რით მოხიბლა იუსტიციის უმაღლესი საბჭო ეკა კულულაშვილმა, გაუგებარია? ის არის იმ ცნობილი ზაზა მეიშვილის ახლობელი, რომელიც სააკაშვილის ხელისუფლების მეხოტბე და გუნდრუკის მკმეველი იყო. „ნაცმოძრაობის“ დროს ის „აპრავებდა“ რეჟიმის ჩადენილ უსამართლობებს. მეიშვილი სისხლის სამართლის პალატას ხელმძღვანელობდა უზენაეს სასამართლოში და მის მიერ საკასაციო საჩივრების 99 პროცენტი დასაშვებად არ იყო ცნობილი მხოლოდ იმის გამო, რომ ის საქმეებს ხელისუფლების მითითების გარეშე არ იხილავდა. მეიშვილის დეიდა გახლავთ ლიანა ორკოდაშვილი, რომელიც ასევე თბილისის სასამართლოს მოსამართლეა, კულულაშვილი კი ორკოდაშვილის მულის შვილია. ჯერ კიდევ სტუდენტი იყო ეკა კულულაშვილი, როცა სააპელაციო სასამართლოში მიიყვანეს. მაშინ მას საოლქო სასამართლო ერქვა და მეიშვილიც და ორკოდაშვლიც იქ მუშაობდნენ. თავიდან კულულაშვილს არაოფიციალურად ამუშავებდნენ, თუმცა გავლენიანი ახლობლების დახმარებით შემდგომ დაწინაურდა და სხდომის მდივანი გახდა ეს არაფრით გამორჩეული ადამიანი. როცა ხელისუფლებაში „ნაცმოძრაობა“ მოვიდა, მეიშვილმა კარიერული აღმასვლა დაიწყო. ის უზენაეს სასამართლოში გადაიყვანეს და ცხადია, ეკა კულულაშვილის კარიერული წინსვლაც გაგრძელდა. ეს ადამიანი თანაშემწეობის დროს ისევე უკანონობებით აწარმოებდა საქმეებს, როგორც ამას მოსამართლეები აკეთებდნენ _ ვადების დაცვით არ აბარებდა განაჩენებს. ცხადია, მხარეებისთვის გადაწყვეტილებების ოქმის ჩაუბარებლობა უკანონოა. მიუხედავად ამისა, ხელისუფლებიდან „ნაციონალების“ წასვლის შემდგომ კულულაშვილს მფარველი ახალ მთავრობაშიც გამოუჩნდა. ორკოდაშვილი, კულულაშვილი და მეიშვილი კახეთიდან, კერძოდ თელავის რაიონიდან არიან და, შესაბამისად, მათი მფარველები ვინც იქნებოდნენ, ალბათ, თქვენც მიხვდებით.

ამის შემდეგ კულულაშვილი გადაიყვანეს სახალხო დამცველის, უჩა ნანუაშვილის აპარატში საკმაოდ სოლიდურ და მაღალანაზღაურებად თანამდებობაზე.

_ ე. წ. კახური კლანის წევრებად სახელდებიან ღარიბაშვილი, თამაზაშვილი და მისი საახლობლო. კულულაშვილს აქედან რომელი მფარველობს?

_ კონკრეტულად ვერ გეტყვით, თუმცა ფაქტია, რომ სახალხო დამცველის აპარატში ისე არ ხდება მაღალ თანამდებობებზე დანიშვნა. ის უჩა ნანუაშვილის ნათესავი და ახლობელიც არ ყოფილა. დამეთანხმებით, საქართველოში არიან ადამიანები, რომელთაც უფლებადაცვითი კუთხით დიდი შრომა გაწიეს, მაგრამ სასამართლოს თანაშემწეს რომ წაიყვან სახალხო დამცველის აპარატში, რომელიც არაფრით გამორჩეულია, მასთან დაკავშირებით ბევრი კითხვის ნიშანი გაგიჩნდება. მას ამ სკამის მოპოვებაში ვიღაც დაეხმარა და ეს არის ფაქტი. ჩემი აზრით და გარკვეული ინფორმაციით, მას მფარველობა და დახმარება სწორედ  ხელისუფლების კახურმა შტომ გაუწია. იგი კარგა ხანს მუშაობდა სახალხო დამცველის აპარატში, ამის შემდეგ იუსტიციის უმაღლეს სკოლაში კონკურსის შედეგად კანდიდატებს არჩევენ. ამ კონკურსში, რა თქმა უნდა, კულულაშვილმა უმტკივნეულოდ გადალახა დაბრკოლებები. მაშინ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, ჯერ კიდევ, კუბლაშვილი იყო და იქაც შერჩევითობის პრინციპით ხვდებოდნენ, ანუ ვინ ვისი ნათესავი და ახლობელი იყო, ან ვინ მფარველობდა. ისე, რომ იცოდეთ, ახლობლები და ნაცნობები ჯერ იუსტიციის უმაღლეს სკოლაში რიცხავენ სასურველ ადამიანებს, რომელიც რამდენიმეთვიანია, ამის შემდეგ კი იუსტიციის საბჭოს მიერ გამოცხადებულ კონკურსზე გაჰყავთ. კულულაშვილმა აპრილში მიიღო მონაწილეობა მოსამართლეთა შესარჩევ კონკურსში, მაგრამ მაშინ მისი კანდიდატურა ჩავარდა რამდენიმე ხმის დაკლების გამო. ამჟამინდელ კონკურსში კი ეკა კულულაშვილის კანდიდატურას მისაღები ხმები მისცეს და ის სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიაში გაამწესეს.

ფაქტობრივად, სასამართლო საბავშვო ბაღად აქციეს. ადამიანები, რომლებსაც არაფერი გაუკეთებიათ, არ აქვთ არანაირი პრაქტიკა იმის გარდა, რომ მოსამართლეთა მითითებებს ასრულებდნენ, ისიც ყველამ ვიცით, 9 წლის განმავლობაში განაჩენები „კოპი ფეისტით“ გადაჰქონ-გადმოჰქონდათ და მხოლოდ სახელსა და გვარს ცვლიდნენ, ახლა თანამდებობებზე მოჰყავთ. დიახ, ასეთ საქმეებს აკეთებდნენ კულულაშვილიც და სხვა თანაშემწეებიც, მაგრამ მათ ხელს არაფერი უშლით, მოსამართლეებად რომ მოგვევლინონ. თუ სამართლიან სასამართლოს ვაშენებთ, სხვა რომ არაფერი, რატომ უნდა დაინიშნოს მოსამართლედ ადამიანი, რომელსაც საკმარისი გამოცდილება არ გააჩნია და ნებსით თუ უნებლიეთ ემსახურებოდა რეჟიმს? მხოლოდ იმიტომ უნდა დაინიშნოს, რომ იუსტიციის კურსები გაიარა?

ვისაც მფარველი ჰყავს, იუსტიციის სკოლაშიც ადვილად აბარებს გამოცდებს. თუ ჩვენ გვინდა ნატოს სტანდარტებთან მიახლოება და ევროკავშირში გაწევრიანება, ანდაც ამ მოსამართლეებით გვინდა სამართლიანი სასამართლოს დამკვიდრება, ვფიქრობ, რომ ეს არ გამოგვივა. ასეთი მოსამართლეებით ქვეყანა უკან დაიწევს.

_ ბატონო მამუკა, ამბობთ, გამოცდილი კადრებიდან უნდა შეირჩეს მოსამართლეებიო და საინტერესოა, გამოცდილ კადრებში ვის გულისხმობთ?

_ ვგულისხმობ იურისტების გამოცდილ კადრებს. სამოსამართლეო კონკურსში ბევრი კარგი კანდიდატი მონაწილეობდა, ბევრ მათგანთან შეიძლება, შემხებლობა არ მქონია, მაგრამ მათი სამართლიანობის შესახებ ყველასთვის ცნობილია, თუმცა მათი მოსამართლეებად გამწესება არ მომხდარა. არიან ისეთი ადამიანებიც, რომლებმაც 5-6 წლის განმავლობაში იმუშავეს მოსამართლეებად, მაგრამ სასამართლო სისტემა იმის გამო დატოვეს, რომ წინააღმდეგობა ჰქონდათ ყოფილ ხელისუფლებასთან და ზეწოლებს, არაადამიანურ მიდგომებს სასამართლოებში ვეღარ გაუძლეს. ამის გამო წავიდნენ სასამართლოდან. ეს ადამიანები ახლა მოსამართლეთა კონკურსში მონაწილეობენ, მაგრამ მათ მოსამართლეებად არ ნიშნავენ. სამაგიეროდ ნიშნავენ ეკა კულულაშვილს და მისნაირებს იმიტომ, რომ ამით თავად ინარჩუნებენ გავლენას სასამართლო ხელისუფლებაში. ნათესავებით, ძმაკაცებით, ყოფილი შეყვარებულებით აკომპლექტებენ სასამართლო სისტემას.

თბილისის სააპელაციო სასამართლოში წლების განმავლობაში ქსეროქსზე მუშაობს მოსამართლეთა გამოცდებჩაბარებული თამუნა ცუცქირიძე. ის კარგი ადამიანია, თუმცა პატრონი არ ჰყავს და მდივნად, ან მოსამართლის თანაშემწედაც არ ნიშნავენ სასამართლოში. მინდა, ნინო გვენეტაძემ ამ ფაქტს ყურადღება მიაქციოს. როგორ შეიძლება, მოსამართლეთა გამოცდაჩაბარებული ადამიანი დატოვო უყურადღებოდ?!! არადა, ნინო გვენეტაძემ უზენაეს სასამართლოში ისეთ კადრები მიიყვანა, რომელთაც გამოცდაც კი არ ჩაუბარებიათ. მე დავასახელე პიროვნება, რომელსაც აქვს საკმარისი ცოდნა, გამოცდილება, თუმცა წლების განმავლობაში „ნაცმოძრაობა“ ქსეროქსზე ამუშავებდა და „ოცნებამაც“ მასთან მიმართებით იგივე გააგრძელა. არ შეიძლება, ასეთი ინტელექტის ადამიანისთვის არ გამოინახოს სამსახური, თუნდაც აპარატში, კანცელარიის თანამშრომლად, რადგან ამჟამად სასამართლოს კანცელარიაში მუშაობენ ადამიანები, რომელთაც არანაირი გამოცდა არ ჩაუბარებიათ. ზოგი მათგანი მინისტრის ახლობელია, ზოგიც _ სხვა თანამდებობის პირის ნათესავი და ამ ნიშნით მიიღეს სამსახური. ასევე, სააპელაციო სასამართლოს აპარატის ხელმძღვანელად მუშაობს ისეთი ადამიანი, რომელსაც არანაირი გამოცდა არ ჩაუბარებია. ის უფროსობს იმ ადამიანებს, რომლებიც გაცილებით ინტელექტუალურები არიან და ყველანაირი გამოცდა ჩააბარეს. ახლა თქვენ მითხართ, ეს სამართლიანია? ნინო გვენეტაძე რატომ არ უნდა დაინტერესდეს თუნდაც თამუნა ცუცქირიძის ბედით? მერე რა, რომ ის გაჭირვებული ოჯახიდან არის და მფარველიც არ ჰყავს? ამიტომ უნდა დაიჩაგროს? აი, ეს არის მთავარი პრობლემა, რომლის გამოსწორებაც არ ხდება და რაც გვღუპავს. თამარ გუკასიანი 10 წელზე მეტია, თბილისის სააპელაციო სასამართლოში მოსამართლის თანაშემწედ მუშაობს, მაგრამ ამ ვადაში მისთვის მოსამართლის ადგილი არ აღმოჩნდა. გამოცდა ჩაბარებული ჰქონდა, მაგრამ არც მაშინ და არც ახლა არ დანიშნეს მოსამართლედ. ცხადია, პატრონი მასაც არ ჰყავდა. სათანადო კადრები უამრავია, მაგრამ მათ ბლოკავენ და მხოლოდ თავისი სანათესავო მიჰყავთ სამსახურში.

_ ახლად დანიშნული მოსამართლეებიდან მხოლოდ კულულაშვილზე გაქვთ პრეტენზია?

_ მალხაზ ენუქიძე დაინიშნა ახალქალაქის სასამართლოს მოსამართლედ. ეს ადამიანი შევარდნაძის დროინდელი მოსამართლეა. სამხარეო სასამართლოს მოსამართლეც იყო, მაგრამ მერე ადვოკატურაში მოღვაწეობდა და შემდგომ კვლავ მოსამართლედ დაინიშნა. ის მუშაობდა კასპშიც, გორშიც და თითქმის ყველგან. ის გახლავთ პიროვნება, რომლისთვისაც მთავარია, მოსამართლე იყოს და ყველგან წავა, იმიტომ, რომ მოსამართლეობა კომფორტულ სიტუაციებს უქმნის. დღემდე არავის უნახავს მისი გამოტანილი სამართლიანი გადაწყვეტილება, მაგრამ კვლავ აირჩიეს მოსამართლედ. ისევ ის მოსამართლეები მოგვყავს, ვინც რეჟიმს ემსახურებოდა? ცხადია, ენუქიძესაც მფარველი ჰყავს, თუმცა უკვე თავადაც მფარველობს სხვებს. მისი შვილი თბილისის საქალაქო სასამართლოშია ერთ-ერთი მოსამართლის თანაშემწე და მომავალში, ალბათ, ისიც მოსამართლედ იქცევა. მალხაზ ენუქიძეს მფარველი რომ არ ჰყავდეს, რომელსაც არც ერთი გამამართლებელი განაჩენი არ გამოუტანია და ჩვეულებრივ იყო რეჟიმის მსახური, რა თვისებებით განამწესებდნენ მოსამართლედ? კიდევ ერთხელ ვუსვამ ხაზს: ამ კონკურსში მონაწილეობდა 7-8 ადამიანი, რომელთაც გამოცდილება და კვალიფიკაცია არ აკლდათ და ისინი აუცილებლად უნდა დანიშნულიყვნენ მოსამართლეებად. ეს, პირველ რიგში, ქვეყნის ინტერესებისთვის იყო მნიშვნელოვანი, მაგრამ ისინი მოსამართლეებად არ განამწესეს. სამწუხაროდ, საქართველოს პარლამენტის მიერ არჩეული იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები არიან უმცირესობაში და გადაწყვეტილებებს კვლავ იღებენ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები, ანუ ის ხალხი, რომელიც კარგად დამკვიდრდა, კანონმდებლობა საკუთარ თავზე მოირგო, მათ ერთგულებაზე დაფუძნებული სასამართლო სისტემა შექმნა და იქ შეიყვანა სიკვდილამდე მათი ერთგული ხალხი. კუბლაშვილი დამშვიდებულია, რადგან მისი ხალხი კვლავ იქ არის, მათი საშუალებით კი კვლავ თავად წყვეტს, ვინ უნდა აირჩიონ მოსამართლედ და ვინ _ არა. შემთხვევით შეიძლება მოხდეს და „ნაცების“ არამეხოტბე რამდენიმე კანდიდატი გაძვრეს მოსამართლედ, სხვა დანარჩენი კვლავ მათგან დავალებული და მათი ერთგული ადამიანები ხდებიან მოსამართლეები. ერთი ხმაც რომ დააკლდეს კანდიდატს, ის მოსამართლე ვერ გახდება, ამიტომ გარკვეულ კანდიდატებზე რიგდებიან და ვისზედაც მიაღწევენ კონსენსუსს, ის გაჰყავთ.

ამ კონკურსის დროს თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის მოსამართლედ ასევე დაინიშნა სპარტაკ პავლიაშვილი, რომელიც წინათაც იყო მოსამართლე. ის კახეთში მოღვაწეობდა. ეს ის სპარტაკია, რომელიც გიგი უგულავას აღკვეთის ღონისძიების გახმაურებულ საქმეში მონაწილეობდა. მას მოსამართლეების 10-წლიანი ვადა გაუვიდა. ამ დროის მანძილზე პირნათლად ემსახურა „ნაციონალურ მოძრაობას“, მერე კი ახალი ხელისუფლების დავალებებს ასრულებდა. ყველამ კარგად იცის, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მეხოტბე და მომხრე არ ვარ, თუმცა სიმართლეა, რომ გიგი უგულავას აღკვეთის ღონისძიება ნონსენსია, რადგან ადამიანს არ ჰქონდა აკრძალული დაეტოვებინა ქვეყნის ტერიტორია და სასამართლომ მიზანმიმართულად გამოიყენა აღკვეთის ღონისძიება, პატიმრობა. ამაზე არაერთი არასამთავრობო ორგანიზაცია შეშფოთდა კიდევაც. ეს იყო ამ ადამიანის რევერანსი ამჯერად ახალი ხელისუფლების მიმართ, რითაც მან საჩუქარი მიიღო, _ მოსამართლეობის ახალი ვადით არჩევა. როგორც ვიცი, მასაც ამჯერად კახური კლანის წევრები მფარველობდნენ. უბრალოდ, სირცხვილია, რომ XXI საუკუნეში მნიშვნელოვან თანამდებობებზე გამწესება და გადაწყვეტილებების მიღება ხდება რომელიმე პოლიტიკური მხარის პრინციპებით. საშინელებაა ამგვარი ნეპოტიზმი, რადგან ამ ფორმით ჩვენ შორს ვერ წავალთ, მით უფრო, სასამართლო სისტემაში, სადაც ჯერ თითქმის არაფერი შეცვლილა.

_ ზოგი ადვოკატი ამტკიცებს, რომ ახალი ხელისუფლების პირობებში სასამართლო უფრო სამართლიანი გახდა და ეს სიმართლე არ არის?

_ „ნაციონალების“ დროს განაჩენს მაინც აბარებდნენ დროულად პატრონს, ახლა ესეც არ ხდება. სასამართლოებს ეკისრებათ სხდომების ჩაწერის ვალდებულება, რაც არ სრულდება. მხოლოდ სხდომის ბოლოს აღმოჩნდება ხოლმე, რომ არ ჩაუწერიათ. ამის მიზეზი კი ის არის, რომ ჩაწერის შემთხვევაში მოსამართლე ვეღარ უარყოფს იმ ფაქტს, რასაც პროცესზე მოწმე განაცხადებს. სასამართლო სხდომის წარმოების დროს კი მოსამართლეს და მის მდივანს საშუალება აქვთ, მოწმის ჩვენება როგორი კუთხითაც უნდათ, იმ კუთხით დააფიქსირონ. ამიტომაც იყო, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ აკრძალა აუდიო და ვიდეოჩაწერა. მერე ეს კანონი შეიცვალა, თუმცა ამჯერად თავად მოსამართლეები არ ასრულებენ ნორმებს. ბნელეთისკენ ვბრუნდებით, ტყუილად კი არ ვამბობ.

მოსამართლეებზე პროკურორები უშუალო ზეწოლას არ ახორციელებენ, მაგრამ მოსამართლეებს მონამორჩილება ისე აქვთ სისხლში და ხორცში გამჯდარი, რომ პროკურორს რა და როგორ ესიამოვნება, უთქმელადაც იციან. თუმცა არიან ისეთი მოსამართლეებიც, რომლებსაც შეუძლიათ დამოუკიდებლად მიიღონ გადაწყვეტილება, პატიმრობა არ შეუფარდონ ადამიანს და გამოიყენონ სხვა ღონისძიება. ამ კუთხით ოდნავ შეცვლილი მდგომარეობა მართლაც არის. ზოგი მოსამართლე ცდილობს, ადამიანური სახე შეინარჩუნოს, რამაც ადვოკატებში რწმენა გააჩინა, რომ თუ მხარე სათანადოდ იქნება მომზადებული, პირველ ინსტანციაში პროცესი თუ ვერ მოიგო, მეორეში მაინც მოიგებს, მაგრამ რამდენიმე მერცხალი გაზაფხულს ნამდვილად ვერ მოიყვანს.

 

                                                                                                                ნელი ვარდიაშვილი