შენობა, რომლის ფანჯრებიდან 140 ოჯახი განგაშის სიგნალს „S0S“-ს გაუშვებს!

65

არასამთავრობო ორგანიზაცია „აპრიორი“ დევნილთა, უსახლკაროთა და სოციალურად დაუცველთა პრობლემებზე მუშაობს. როგორც ორგანიზაციის წევრებმა გვითხრეს, თბილისში, ისნის რაიონში, ბაღდათის ქუჩაზე მდებარე ყოფილი ჰოსპიტლის შენობაში  უკანონოდ შეჭრილი ოჯახების დოკუმენტაციის კვლევის დროს, მათ მიერ აღმოჩენილი ფაქტებით, სამართალდამცველები აუცილებლად უნდა დაინტერესდნენ.

„ქრონიკა+“-ს ესაუბრება არასამთავრობო ორგანიზაცია „აპრიორის“ ხელმძღვანელი _ ბესო შენგელია:

_ ისანში, ძველი ჰოსპიტლის შენობაში, დაახლოებით, 140 ოჯახის ცხოვრობს. აქედან უმეტესობა უსახლკარო და დევნილია. მათი ყოფა გაუსაძლისია, რადგან შენობაში არ არის ელექტროენერგია, ღამით გარეგანათებას ელოდებიან, ოთახებში რამე რომ დაინახონ. სახელმწიფოს ამ შენობის გაყიდვა უნდოდა, გატანილიც ჰქონდა აუქციონზე, მაგრამ ვერ გაყიდა და დევნილთა სამინისტროს გადასცა, რათა დევნილებისთვის შესასახლებლად გაეკეთებინა. როგორც ვიცი, ამ ტერიტორიის მისაკუთრების ინტერესი ჰქონდა „კარფურს“, რომელსაც მის უკან აშენებენ. აქ მცხოვრებლები ამბობდნენ, „კარფურის“ წარმომადგენლები ჩამოდიან, ისე ლაპარაკობენ, რომ ავტოსადგომების გაკეთება უნდათო. ერთ-ერთ აქციაზე მოსულმა დევნილთა და განსახლების მინისტრის მოადგილე ქობალიამ ხალხს უთხრა კიდეც, _ შენობიდან ქირით გადაგიყვანთ და რაც აშენდება, იქ დაგასაქმებთო, მაგრამ მათ არსად წასასვლელი არ აქვთ, ყველა მთავრობამ კი იმდენჯერ მოატყუა, ნდობა დაკარგეს. თავის დროზე ზოგი მათგანი კანონმორჩილად დაეთანხმა ქირით გასვლაზე, მაგრამ მერე ქირა აღარ გადაუხადეს და უკან დაბრუნდნენ. ცხადია, ისინი აცნობიერებენ, რომ ამ შენობაში უკანონოდ არიან შეჭრილები, მაგრამ იმასაც მშვენივრად ხვდებიან, რომ ხელისუფლება თავის მოქალაქეებს უკანონოდ და უსულგულოდ ექცევა.

როცა მათ გაიგეს, რომ შენობა დევნილთა სამინისტროს გადაეცა, იქ მცხოვრები დევნილები ითხოვდნენ, ბინები დაგვიკანონეთო, მაგრამ უარი უთხრეს. ჰპირდებიან, ორი თვით გაგიყვანთ ქირით, მერე კი ორხევში ჩაგასახლებთ, სადაც სოციალურ საცხოვრებელს ვაშენებთო.

ორხევში ტექნიკური დეტალების საწყობს არემონტებენ. სულ 70 ოჯახის ადგილია და 2 თვეში ეს შენობა უნდა დასრულდეს. თითო ოჯახისთვის 18-დან 20 კვ.მ.-მდე ფართია გამოყოფილი და 6 ან 8-სულიანი ოჯახი ასეთ ბინაში ვერ იცხოვრებს. სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლები კი ყველა დევნილსა და უსახლკაროს ეუბნებიან, რომ ორხევში გადაიყვანენ საცხოვრებლად. ამდენ ხალხს იქ როგორ დაატევენ, ვერ გეტყვით, რადგან მარტო ისნის ჰოსპიტლის შენობაში 140  ოჯახი ცხოვრობს. აქედანაც ჩანს, რომ მათი დაპირება ბლეფია. თუმცა ახლა კიდევ უფრო საინტერესო ფაქტების შესახებ უნდა გესაუბროთ:

ჰოსპიტლის შენობის დევნილთა სამინისტროსთვის გადაცემის შემდგომ მის გარემონტებაზე სამინისტრომ 3 მილიონ 700 ათას ლარიანი ტენდერი გამოაცხადა. მანამდე, შენობის ახლებურად დაპროექტებაზე, 35-ათასლარიანი ტენდერი გამოცხადდა. სამშენებლო სამუშაოების ტენდერში გაიმარჯვა სამშენებლო კომპანია „მშენებელი-2011“-მა, მაგრამ ამ კომპანიასთან უკვე სერიოზული კითხვები არსებობს.

_ რა კითხვები?

_ კომპანიის დირექტორი გახლავთ ალიოშა ოსეფაიშვილი, საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით კი მისი მესაკუთრე და 100%-იანი წილის მფლობელია საჯარო სამართლის იურიდიული პირი, სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი „დელტა“. ყველამ იცის, რომ `დელტა~ სამხედრო საქმიანობას ეწევა, მაგრამ ხდება ისე, რომ სამშენებლო ტენდერშიც იმარჯვებს და ამ ფორმით სახელმწიფოს ფული ისევ სახელმწიფოს უბრუნდება.

ტენდერში 7-მა კომპანიამ მიიღო მონაწილეობა, ყველა მათგანი სამშენებლო პროფილის იყო, მაგრამ იმ კომპანიამ გაიმარჯვა, რომლის მფლობელიც სიპ-ი არის. მოკლედ, კომპანიასთან უკვე გააფორმეს ხელშეკრულება და 3 ივლისს უნდა დაწყებულიყო მუშაობა, რომელიც 2016 წლის 28 მაისამდე დასრულდება. 23 დღეა გასული და არანაირი სამუშაო ამ ობიქეტზე არ დაწყებულა, რაც ტენდერის პირობების დარღვევაა. ამ კომპანიამ სატენდერო პირობები თუ არ შეასრულა, დიდი ჯარიმები ელის. აქედან გამომდინარე, იქ შესახლებული ოჯახების გამოსახლება გარდაუვალია. ამ ეტაპზე მათ მხოლოდ იმიტომ არ ასახლებენ, რომ თბილისის ოლიმპიადაზე ბევრი უცხოელია ჩამოსული და ხმაურს ერიდებიან.

დავით ნარმანიამ, ჯერ კიდევ, მაისში თქვა, ეს ხალხი ქირით უნდა გავიყვანოთო, მაგრამ აქაც ლაფსუსია. ისნის გამგეობას 140 ოჯახის სია აქვს, რომელთაც ბინები უნდა უქირაონ, მერიას კი 98 ოჯახის სია აქვს, ანუ გამგეობიდან მერიამდე 44 ოჯახი ჰაერში გაქრა. ზოგზე ამბობენ, არ ეკუთვნით ბინებიო, ზოგზე _ მონაცემები არ გვაქვსო. გამოსახლებას ექვემდებარება ნაძალადევის რაიონის ე. წ. ზღვის უბანში, ყოფილი სანატორიუმის შენობაში შესახლებული 109 ოჯახიც და მათაც ეუბნებიან, ჯერ ქირით გაგიყვანთ, მერე კი ორხევში შეგასახლებთო. 109+140 არის 250 ოჯახი და ორხევში მხოლოდ 70 ოთახს აკეთებენ.

განკარგულების მიხედვით, მერია ქირებზე ყოველთვიურ ვალდებულებას იღებს და ჰპირდება, რომ არაუმეტეს 500 ლარის ფარგლებში, მიმდინარე საბიუჯეტო წლის ბოლომდე გადაუხდის. ე. ი. დაპირება მხოლოდ რამდენიმე თვე გასტანს და მერე ამ ხალხს რა ელის, ამაზე პასუხისმგებლობას არავინ იღებს. ბინები გაძვირდა და 500 ლარად ჭირს ქირით ბინის შოვნა. მერიის მიერ ქირის გადახდა იმდენად დიდ რისკებს შეიცავს, რომ ამ ადამიანებზე ბინებს ზოგი არც აქირავებს. აქედან გამომდინარე, დიდი ალბათობაა, რომ ეს ადამიანები ხვალ-ზეგ ქუჩაში აღმოჩნდნენ. მერიას ქირის პასუხისმგებლობიდან გაქცევა რომ უნდა, ეს იქიდანაც ჩანს, რომ დევნილთა ბინების ქირავნობის დროს დოკუმენტები საერთოდ არ ფიგურირებს და  ხელშეკრულება იდება მხოლოდ დამქირავებელსა და გამქირავებელს შორის. ამ ფურცლებზე სახელმწიფო უწყება საერთოდ არ ჩანს. მერიას როცა მოუნდება, მაშინ არ გადაიხდის ქირას და ამ ხალხს ღია ცის ქვეშ დატოვებს, თუმცა მას ვერავინ მოედავება.

კომპანია „მშენებელი-2011“ ზუგდიდის რაიონში 7-მილიონიან ტენდერშიც მონაწილეობს. აუცილებლად მივმართავთ პროკურატურას, რომ დენილთა სამინისტროს მიერ გამოცხადებულ ტენდერებს ყურადღება მიაქციონ. როგორ ხდება, რომ ტენდერებში ვერ იმარჯვებენ ისეთი კომპანიები, რომელთაც მეტი გამოცდილება აქვთ და სამშენებლო საქმეებში სრულიად გამოუცდელებს აბარებენ ამხელა თანხებს?

_ დევნილთა სამინისტროს ტენდერებიდან კიდევ რომელი აჩენს კითხვის ნიშნებს და რატომ?

_ დევნილთა სამინისტრომ 2014 წელს გამოაცხადა ტენდერი, თავის ობიექტებზე არაშეიარაღებული დაცვა რომ ჰყოლოდა. ამ ტენდერში გაიმარჯვა შპს „გრიფინი+“-მა, რომელსაც ამ ტენდერამდე დაცვის არანაირი გამოცდილება არ ჰქონია. მას დასახელებაშიც არ უწერია დაცვის მიმართულება და გამორიცხული არ არის, წინათ სხვა საქმიანობით ყოფილიყო დაკავებული. 2014 წელს აცხადებს დევნილთა სამინისტრო ამ საქმიანობაზე ტენდერს და `გრიფინი+~-იც ასეთ საქმეში მაშინ ჩნდება. ის 2015 წელსაც იმარჯვებს დევნილთა სამინისტროს ობიექტების დაცვის ტენდერში. ისნის ჰოსპიტლის სატენდერო დოკუმენტაციაში წერია, როგორი სახით უნდა იყოს წარმოდგენილი ამ ობიექტებზე დაცვა. ობიექტს დაცვის 18 თანამშრომელი უნდა იცავდეს 24-საათიან რეჟიმში, 6 ცვლაში. დაცვის უფროსი უნდა იყოს ერთი. 2 წელია, აღნიშნულ მისამართზე `გრიფინი+~ შევიდა და იქ მხოლოდ 4 ადამიანი ახორციელებს დაცვას 2 ცვლაში, დანარჩენი დაცვის 14 თანამშრომლის ხელფასი ვის ჯიბეში მიდის, ესეც უნდა გაირკვეს. 15 ობიექტზე აქვს ასეთი ტენდერი მოგებული „გრიფინი+“-ს და თუ ყველგან ანალოგიური მდგომარეობაა, ე. ი. დიდ თანხებს ითვისებენ. ეს კომპანია დაცვას რეგიონებშიც ახორციელებს. იბადება კითხვა, _ რატომ ვერ გაიმარჯვეს ადგილობრივმა კომპანიებმა და როგორ მოხდა, რომ ყველგან, დევნილთა სამინისტროს ბალანსზე არსებულ ობიექტებში, დაცვის ტენდერი ამ საქმეში გამოუცდელმა კომპანიამ მოიგო? საუბარია დიდთანხიან ტენდერებზე. მით უფრო, რომ სატენდერო ტექნიკურ დავალებაში წერია, დაცვის მომსახურების სფეროში კომპანიას 5 წელზე ნაკლები გამოცდილება არ უნდა ჰქონდესო, მათ შორის, 3-წლიანი გამოცდილება მას სახელმწიფო ობიექტების დაცვის კუთხით უნდა ჰქონოდა. პროკურატურისგან აუცილებლად მოვითხოვ, მოიძიონ დოკუმენტი, 3 წლის წინათ ეს კომპანია რომელ სახელმწიფო ობიექტს იცავდა? ვეძებეთ და ასეთი დოკუმენტი ვერ ვნახეთ. ასევე ცსკ-ს სიაში ვერ ვნახეთ და ინფორმაცია ვერ მოვიძიეთ ამ კომპანიის მფლობელებზე, ნინო თეთრაძესა და თამარ კვანტალიანზეც. კომპანიას ვერ დააფუძნებს ადამიანი, რომელიც არასრულწლოვანია. ყველა სრულწლოვანი ადამიანი კი აუცილებლად უნდა იყოს ცსკ-ს ბაზაში, მით უფრო, რომ ხელისუფლება გვიმტკიცებს, ცსკ-ს ბაზა სრულყოფილიაო. ამ ბაზაში ასევე არ იძებნება „მშენებელი _ 2011“-ის დირექტორი, ალიოშა ოსეფაიშვილიც, თუმცა ამ შემთხვევაში შეძლება გრიფით საიდუმლოსთან გვქონდეს საქმე, რადგან ეს არის „დელტა“ _ სამხედრო-ტექნიკური ცენტრი. ე. ი. ცსკ-ს ბაზაში ჩვენი მონაცემები ხელმისაწვდომია და ის ადამიანები, რომლებიც მნიშვნელოვან ტენდერებში მონაწილეობენ, სახელმწიფო ფული აქვთ მიბარებული, არსად ჩანან.

ახლა გეტყვით, ვინ არიან დევნილთა სამინისტროს იმ სატენდერო კომისიებში, სადაც ასეთი ფირმები იმარჯვებენ და საქმეც არ კეთდება. ისნის ჰოსპიტლის სატენდერო კომისიის წევრები იყვნენ: დევნილთა და განსახლების მინისტრის მიადგილეები გრიგოლ გიორგაძე და შოთა რეხვიაშვილი, ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსი ირაკლი დიხამინჯია, იურიდიული დეპარტამენტის უფროსი და სხვადასხვა სამსახურისა თუ აპარატის უფროსები: ყოჩიშვილი, მენთეშაშვილი, მიქაია. სხვათა შორის, მაიკო მიქაია აბსოლუტურად ყველა ტენდერში მონაწილეობს.

_ ჰოსპიტლის შენობაში ახლა რა მდგომარეობაა? 

_ იქ მცხოვრებლებთან ბოლოს მივიდნენ გამგებელი, მინისტრის მოადგილე და მერის მოადგილე ხატისკაცი. ხალხს უთხრეს, ქირით უნდა გაგიყვანოთო, მაგრამ მათგან კვლავ წინააღმდეგობა რომ დაინახეს, უკან გაბრუნდნენ და სოცაგენტები გამოუშვეს, რომლებმაც აქ მყოფთა სოციალური დახმარებების გადამოწმება დაიწყეს. უმეტესობას ამჟამად სოციალური დახმარება შეუჩერდა, რაც გახლავთ ზეწოლისა და შევიწროების ფორმა. ერთ-ერთი ბრძანებით, რადგან ისინი შენობაში არიან შეჭრილები, მათთან სოცაგენტი აღარ მივა, ანუ აგენტი მხოლოდ ქირით გადასვლის შემდეგ შეაფასებს მათ სოციალურ მდგომარეობას.

ორი კვირის წინ სამშენებლო კომპანია „მშენებელი-2011“-მა ამ შენობაში ორი მუშა შეიყვანა. მათ საყრდენი კედლის ნგრევა დაიწყეს. ეს არის ადამიანის უფლებებისა და მათი უსაფრთხოების წესების დარღვევა. შეიძლება, ამით კომპანიას უნდა დააფიქსიროს, რომ ნაკისრი ვალდებულების შესრულების საშუალებას იქ მცხოვრებლები არ აძლევენ. უნდა, რომ ჯარიმები არ დაეკისროს, რაც ერთ-ერთი სამართლებრივი ბლეფია. თუ კომპანია სატენდერო ვალდებულებას თავის დროზე არ დაასრულებს, ეს იქნება სახელმწიფოს ბრალი, რადგან ის წესიერად ვერ მოელაპარაკა მცხოვრებლებს და მათთვის მისაღები შეთავაზებები არ წარუდგინა. მოკლედ, არ იციან, საქმე როგორ უნდა აკეთონ.

_ მაინც, როგორ უნდა აკეთონ საქმე?  

_ თავს ვერ დავდებ, რომ ვინც ამჟამად იქ ცხოვრობს, ყველას ეკუთვნის ბინა, მაგრამ სწორედ ამიტომ ყველა მათგანზე უნდა დაიდოს დასკვნა, თუ ვის ეკუთვნის. როცა ასეთ დოკუმენტს ვერ ქმნი, მერე ჩნდება კითხვის ნიშნებიც.

ამ შენობაში კანალიზაციის მილი გასკდა, ისნის გამგებელმა კი პირდაპირ თქვა, _ რა ვქნა, დევნილთა სამინისტრო, კონკრეტულად მინისტრის მოადგილე არ მაძლევს უფლებას, ტრაქტორი შემოვუშვა და გავაკეთო, რადგან ეს მათი შენობააო.

აქედან გამომდინარე, ეს ხალხი ფართომასშტაბიანი აქციებისთვის ემზადება ამ კვირაშივე. სანამ ოლიმპიადა დასრულდება, ისინი დაწერენ „S0S“-ს და ჰოსპიტლის ყველა ფანჯრიდან გადმოჰკიდებენ. როგორც დაზიანებული თვითმფრინავი, ან გემი უშვებს განგაშის სიგნალებს, ეს ხალხიც ასე გაუშვებს განგაშის სიგნალს საელჩოებისთვის, საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის.

 

ამ ინტერვიუს შემდგომ „ქრონიკა+“-მა გადაწყვიტა, თავადაც მოენახულებინა ისანში, ჰოსპიტლის ეზოში მცხოვრები ადამიანები და გასცნობოდა მათ მდგომარეობას. ნანახმა მოლოდინს გადააჭარბა. მართალია, იქ მცხოვრებლები საკუთარ გაჭირვებაზე ბევრს მესაუბრნენ, მაგრამ მათ გულის ტკივილს ამჯერად მოკლედ ვიტყვი:

არ აქვთ წყალი, რადგან წყლის მილი გადაუჭრეს; ზედა სართულებზე სასმელ-დასაბან და ჭურჭლის გასარეცხ წყალს ხელით ეზიდებიან; არ აქვთ ელექტროენერგია და ღამეებს ლამპისა და სანთლის შუქზე ატარებენ; ბევრ მათგანს შეუწყდა სოციალური დახმარება და ბავშვები ულუკმაპუროდ, კეთილი ადამიანების იმედად ჰყავთ; ირგვლივ ისეთი ანტისანიტარიაა, სიტყებით გადმოცემა და აღწერა შეუძლებელია: საშინელი სუნი, ჭუჭყი, გაჭირვება და უიმედობა სუფევს შენობაში, რომლის შორიახლოსაც ისნის რაიონის გამგეობაა განთავსებული, ძლიერნი ამა ქვეყნისანი კი იქვე მდებარე გზაზე მიდი-მოდიან.

„ქრონიკა+“ დევნილთა სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსს, კახაბერ პეტრიაშვილს ესაუბრა:

_ სამინისტრომ 2015 წლის 8 აპრილს გამოაცხადა ტენდერი თბილისში, ბაღდათის ქუჩაზე მდებარე ყოფილი სამხედრო ჰოსპიტლის შენობის სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებით. წინადადებების მიღების ვადა დამთავრდა 30 აპრილს. ტენდერში მონაწილეობა მიიღო 5-მა კომპანიამ და ყველაზე  დაბალი ფასი დააფიქსირა  სამშენებლო კომპანია „მშენებელი-2011“-მა. ეს არის 100%-იანი სახელმწიფო მონაწილეობით დაფუძნებული საწარმო, თუმცა კანონმდებლობა აძლევს უფლებას, სრულად მიიღოს მონაწილეობა ტენდერებში. სატენდერო კომისიამ როცა დაიწყო სატენდერო დოკუმენტაციის განხილვა, აღმოჩნდა, რომ ამ კომპანიას გარკვეული დოკუმენტების დაზუსტება სჭირდებოდა, ამიტომ სამინისტრომ, კანონმდებლობის შესაბამისად, 3-დღიანი ვადა მისცა მის დასაზუსტებლად. მას უნდა წარმოედგინა საქართველოში აკრედიტებული, ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებიდან გაცემული საკრედიტო ხაზის 1 მილიონ ლარზე  ხელმისაწვდომობის ცნობა. მისი წარმოდგენილი ცნობა იყო ხარვეზიანი, შესაბამისად, კომისიამ გადაწყვიტა და ამ ორგანიზაციას მიეცა დისკვალიფიკაცია. ამის შემდეგ იმ კომპანიის დოკუმენტაციის განხილვა დაიწყო, რომელსაც ასევე დაბალი თანხები ჰქონდა წარმოდგენილი. ამ პერიოდში `მშენებელი-2011~-მა ეს დისკვალიფიკაცია გაასაჩივრა სახელმწიფო შესყიდვებთან არსებული დავების განმხილველ საბჭოში. ამ განხილვის დროს მან ბანკიდან წარმოადგინა დამატებითი ცნობა, სადაც ხარვეზი გამოსწორებული ჰქონდა და ბანკი ამბობდა, _ საკრედიტო ხაზის არსებობა გულისხმობდა იმას, რომ მას ხელმისაწვდომობა მილიონ ლარზე ჰქონდაო. ამის შედეგად შესყიდვების სააგენტომ დისკვალიფიკაცია გააუქმა. ამ კომპანიას, რადგან უკვე ყველა დოკუმენტაცია ჰქონდა წესრიგში, სამინისტროს სხვა გზა არ გააჩნდა და ორგანიზაციის ტენდერში გამარჯვების თაობაზე გადაწყვეტილება მიიღო. ხელშეკრულება კანონმდებლობის სრული დაცვით გაფორმდა. 5 ორგანიზაცია მონაწილეობდა ტენდერში, უყურებდნენ პროცესს და ჰქონდათ უფლება, გაესაჩივრებინათ გადაწყვეტილება, თუ ეს უკანონო იყო, მაგრამ ასე არ მომხდარა. საკონკურსო პირობების თანახმად, სამინისტრო ავანსს არ გასცემს და ანაზღაურებაც განხორციელდება კომპანიის მიერ ჩატარებული სამუშაოების მიღება-ჩაბარების აქტების საფუძველზე.

_ შენობაში შეჭრილი ადამიანები აცხადებენ, რომ სხვა თავშესაფარი არ გააჩნიათ. მიუხედავად იმისა, რომ იქ ისინი საშინელ პირობებში არიან, ამბობენ, იქაურობას არ დავტოვებთო. ასეთ შემთხვევაში როგორ აპირებს კომპანია საქმიანობის დაწყებას?

_ ამ შენობაში იყვნენ არა მხოლოდ სოციალურად დაუცველები, არამედ დევნილებიც, მაგრამ დევნილთა ოჯახები სამინისტრომ გაიყვანა და, შესაბამისად, დროებითი თავშესაფრებით უზრუნველყო. იქ დარჩენილია 70-მდე სოციალურად დაუცველი ოჯახი. მერია მუშაობს ამ ადამიანებთან და უახლოეს პერიოდში განხორციელდება მათი დროებითი უზრუნველყოფა, რათა კომპანიას სამშენებლო სამუშაოების დაწყების საშუალება მიეცეს.

რაც შეეხება „გრიფინი+“-ის გამარჯვებას ტენდერში, აქ მხოლოდ ეს ერთი კომპანია მონაწილეობდა და ტყუილია, რომ მათ გამოცდილება არ აქვთ…

 

 

                                                                                                             ნელი ვარდიაშვილი