ვინ აირჩევს ფედერაციის ახალ პრეზიდენტს _ მთავრობა თუ საფეხბურთო სამყარო?

555

წელს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნები უნდა გაიმართოს. სავარაუდოდ, ეს შემოდგომაზე მოხდება, ზუსტი თარიღი კი ამ დრომდე უცნობია. სამაგიეროდ ცნობილია, თუ ვის აქვს პრეზიდენტობის სურვილი და ისიც, ვინ რა გზით აპირებს პრეზიდენტობას?

ფეხბურთის ფედერაციის ახლანდელ ხელმძღვანელობას ოპონენტები უტევენ და ყველაზე უფრო აკრიტიკებენ იმის გამო, რომ საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ცუდი შედეგები აქვს; ზოგი კიდევ იმის გამო აკრიტიკებს ფედერაციას, რომ ქართულ კლუბებს ცუდი შედეგები აქვთ ევროტურნირებზე, თუმცა ეს აშკარად უმისამართო კრიტიკაა, ვინაიდან ფედერაცია არ არის საფეხბურთო კლუბების მფლობელი და არ ევალება ამ კლუბების დაფინანსება. მიუხედავად ამისა, 2014 წლის მეორე ნახევარში ფეხბურთის ფედერაციამ უეფასგან კრედიტი აიღო და უმაღლესი ლიგის თითოეულ კლუბს 200 000 ლარი აჩუქა, ხოლო პირველი ლიგის თითოეულ კლუბს _ 50 000 ლარი. გარდა ამისა, 2014 წლის პირველ ნახევარში ფედერაციამ უმაღლესი ლიგის თითოეულ კლუბს საპრიზო ფონდიდან 200 ათასი ლარი გადასცა ეროვნულ ჩემპიონატში მონაწილეობისთვის.

კიდევ რა პროექტებით მოიწონებს თავს ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობა, ამას, ალბათ, თვითონ გააჟღერებენ, როცა წინასაარჩევნო პერიპეტიები გახურდება. ფედერაციის ამ შემადგენლობიდან კი  პრეზიდენტობისთვის კენჭს იყრის ამ ორგანიზაციის გენერალური მდივანი _ რევაზ არველაძე. ეს ჯერ სურვილია და თუ რამ გაუთვალისწინებელი არ მოხდა, არველაძე ოფიციალურადაც წარადგენს საკუთარ კანდიდატურას.

და ვინ იქნება არველაძის მეტოქე? რა ხანია, ფედერაციას მწვავე ოპონირებას უწევს მიხეილ ყაველაშვილი, რომელსაც არაერთხელ უთქვამს, რომ ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნებში მონაწილეობას აპირებს, თუმცა ამ დროისთვის ყაველაშვილის შანსები ერთობ მოკრძალებულია, ანუ არ არსებობს ის მძლავრი პლაცდარმი, რაზედაც ფედერაციის პრეზიდენტობის ეს მსურველი უნდა იდგეს. ყაველაშვილი არ არის მდიდარი ადამიანი, რომ საკუთარი ფინანსური რესურსით მოხიბლოს ფეხბურთის ფედერაციის ის სუბიექტები, პრეზიდენტის არჩევნებში რომ მიიღებენ მონაწილეობას. ყაველაშვილს არ გააჩნია საფეხბურთო მენეჯერის ისეთი „სივი“, რამე მნიშვნელოვანს რომ ეუბნებოდეს ქართულ საფეხბურთო სამყაროს. ეს გახლავთ დღევანდელი მოცემულობა და არ არის გამორიცხული, რომ რაღაც შეიცვალოს.

ახლა ვნახოთ, რა უპირატესობები აქვს არველაძეს: ის ფეხბურთის ფედერაციაში, ჯერ კიდევ, იქიდან მუშაობს, როცა ამ ორგანიზაციას მერაბ ჟორდანია ხელმძღვანელობდა. 2005 წელს ჟორდანია დაიჭირეს და იძულებული გახადეს, უარი ეთქვა ფედერაციის პრეზიდენტობაზე. ჟორდანიამ საქართველო დატოვა და ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი „ნაცმოძრაობის“ ლიბერალური ფლანგის ფავორიტი, უმცროსი ნოდარ ახალკაცი გახდა. არველაძე ახალკაცთან მუშაობას აგრძელებდა, ფედერაციის გარშემო კი ვნებები არ ცხრებოდა, ხელისუფლების მეორე ფლანგმა პრეზიდენტობის კანდიდატად გიორგი ნემსაძე წამოსწია. მორიგი არჩევნები 2007 წლის 13 მაისს გაიმართა, გაიმარჯვა ნემსაძემ, თუმცა გამარჯვებიდან ერთი საათიც არ იქნებოდა გასული, ნემსაძე „რუსთავი 2“-ის ეთერში რომ გამოვიდა და უარი განაცხადა ფედერაციის პრეზიდენტობაზე. აქედან რამდენიმე დღეში ხელმეორედ გაიმართა არჩევნები და პრეზიდენტი ისევ უმცროსი ახალკაცი გახდა. ამ სასაცილო და სავალალო ფაქტმა უკვე ყველა დაარწმუნა, რომ ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნები მაშინ ხელისუფლების ნება-სურვილით იმართებოდა.

მომდევნო არჩევნები 2009 წელს ჩატარდა. არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე ახალკაცი პოსტიდან გადადგა. კანდიდატი ერთი იყო: ზვიად სიჭინავა და ცხადია, მან გაიმარჯვა კიდეც. არველაძე გენერალური მდივნის თანამდებობაზე დარჩა და მის ოპონენტებს სწორედ ის აღიზიანებთ, რომ ძმათაგან უფროს არველაძეს ჯერ ძვრა ვერავინ უყო.

ერთი სიტყვით, არველაძეს ზურგს უმაგრებს დიდი გამოცდილება, კარგი და ახლო კონტაქტები ფიფა-უეფაში. მენეჯერ არველაძის „სივის“ თუ გადავხედავთ, ის ცოტა ხნით იყო თბილისის `დინამოს~ პრეზიდენტი, ხოლო როცა ეს კლუბი შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაიბრუნა და მერე ბადრი პატარკაციშვილს გადასცა, არველაძე განზე დატოვეს, არადა, როცა კლუბს უჭირდა, არველაძე და მისი მეგობრები საკუთარ ფულს ხარჯავდნენ.

რევაზ არველაძისა და მისი ძმების დაფუძნებულია „ფონდი არველაძე“. ეს საქველმოქმედო ორგანიზაცია ათი წლის წინათ შეიქმნა და მისი ძირითადი მიმართულება მოზარდი და ახალგაზრდა ფეხბურთელების ხელშეწყობაა.

ამ ყველაფრიდან გამომდინარე, არველაძის, როგორც ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატის, პოზიციები სუსტი არ უნდა იყოს, თუმცა ჯერ კიდევ შარშან გამოუჩნდა ისეთი მეტოქე, რომ არ არის იოლი ვარაუდების კეთება.

ახლახან საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, `თბილისი 2015~-ის ოლიმპიური სოფელი გახსნა, ამ საერთაშორისო ივენთის მნიშვნელობაზე ისაუბრა და ოლიმპიური სოფლის მერად ლევან კობიაშვილი წარადგინა. ოლიმპიური სოფლის მერობა სიმბოლური თანამდებობაა, მაგრამ რატომ, მაინცდამაინც, კობიაშვილი?

კობიაშვილი ვიცე-პრემიერის, კახა კალაძის მეგობარია. კობიაშვილი მონაწილეობის მიღებას აპირებს ფეხბურთის ფედერაციის წლევანდელ არჩევნებში.

კობიაშვილს ეროვნულ ნაკრებში 100 მატჩი აქვს ჩატარებული და ის უდავოდ პატივსაცემი ფიგურაა ქართულ ფეხბურთში, მაგრამ როგორია მისი, როგორც საფეხბურთო მენეჯერის ბიოგრაფია? კობიაშვილი ბოლო ერთი წელი ბერლინის „ჰერტაში“ მუშაობდა, საქართველოში კი კობიაშვილს, როგორც საფეხბურთო მოხელეს, ჯერ არ უმუშავია.

არველაძე, ყაველაშვილი და კობიაშვილი _ სამივე კარგი ფეხბურთელი იყო, მენეჯერული გამოცდილებით კი უპირატესობა ვის მხარეზეა, ნათლად ჩანს. თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ფეხბურთის ფედერაციის  არჩევნები საქართველოში უნდა გაიმართოს, შორეულ ევროპაში და არა კარგად დალაგებულ-დავარცხნილ ქვეყანაში.

ამ დროისთვის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნებში ხმის უფლება ფედერაციის 34 სუბიექტს აქვს. ფედერაციის წევრობა რამდენიმე თვის წინ შეუჩერდა საფეხბურთო კლუბ „ზესტაფონს“, თუმცა არ არის გამორიცხული, რომ ფედერაციის მომდევნო ყრილობაზე „ზესტაფონს“ წევრობა აღუდგინონ.

ამ 34 თუ 35 წევრს შეადგენენ რეგიონული ფედერაციები, კერძო და მუნიციპალური კლუბები, სხვადასხვა საფეხბურთო ასოციაცია. როგორ ფიქრობთ, რომელიმე მუნიციპალიტეტში არაფორმალურად რომ დარეკონ ქვეყნის მთავრობიდან, თხოვნა-მითითებაზე უარის მთქმელი გამოჩნდება?

მოკლედ, საკითხი ასე დგას: სამართლიანობის აღდგენის დაპირებით მოსული ხელისუფლება ჩაერევა ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის  არჩევნებში?

ეს ამ ხელისუფლების მორიგი გამოწვევაა _ თუ არ ჩაერევა არჩევნებში, საზოგადოების გარკვეულ ნდობას შეიმატებს, ხოლო თუ ჩაერევა, საქართველოში არაფერი არ იმალება და…

 

                                                                                                            ზურაბ წიქარიშვილი