რომელ კითხვებზე მოუწევს პასუხის გაცემა არჩილ კბილაშვილს?

zara

„ქრონიკა+“ აგრძელებს ჟურნალისტურ გამოძიებას თბილისში, პეტრიაშვილის პირველში მდებარე ყოფილი ღვინის ქარხნის ტერიტორიის საკითხზე. მას შემდეგ, რაც მოვიპოვეთ და წინა ნომერში გამოვაქვეყნეთ ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება, თუ როგორ შეიძინა შპს „კატრიმ“ (ვლადიმერ კვარაცხელია) აღნიშნული ობიექტი, „ქრონიკა+“ ობიექტის ამჟამინდელი მფლობელის, შპს „ღვინის ქარხანა #1“-ის ადვოკატს, არჩილ თაბაგარს დაუკავშირდა.

ამჯერად, სწორედ ამ ინტერვიუს გთავაზობთ:

_ „ქრონიკა+“ ღვინის ქარხნის ტერიტორიასთან და მის საკუთრებასთან დაკავშირებით ჟურნალისტურ გამოძიებას ატარებს. ბოლო მასალა იმის შესახებ გამოქვეყნდა, თუ როგორ შეიძინა შპს „კატრიმ“ აღნიშნული ტერიტორია. ის ბრალდება, რომ ვლადიმერ კვარაცხელიამ ტერიტორია კაპიკებად ჩაიგდო ხელში, არ დასტურდება. ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულებაში მკაფიოდ წერია, რომ ერთადერთ მესაკუთრეს „კატრი“ წარმოადგენს, არანაირი სხვა პრეტენზიები, არც საჯარო რეესტრში, არც საგამოძიებო ორგანოებში, არ არსებობს. მან ამ ტერიტორიაში 19 მილიონი ლარი გადაიხადა. რაც იმ დროისთვის საკმაოდ სოლიდური თანხა, დაახლოებით, 12 მილიონი დოლარი იყო. როგორ განვითარდა მოვლენები შემდგომ? როგორ აღმოჩნდა თქვენი კომპანია ამ ქარხნის ტერიტორიაზე?

_ ინფორმაცია, რომელსაც მოგაწვდით, ეყრდნობა საჯარო რეესტრში დაცულ დოკუმენტებს და ყველა ის ფაქტი, რომლის შესახებაც ვისაუბრებ, შესაძლებელია ძალიან მარტივად გადამოწმდეს: 2013 წლის მარტში შპს „კატრი კაპიტალის“ 100%-იანი წილი შპს „არტ ღვინომ“ შეიძინა და 4 მილიონი აშშ დოლარი გადაიხადა. იმ პერიოდისთვის, ანუ 2013 წლის მარტისთვის, „კატრი კაპიტალის“ დამფუძნებელი გახლდათ ფიზიკური პირი ვლადიმერ კვარაცხელია. მას „თიბისი ბანკის“ წინაშე თავისი საკრედიტო ვალდებულებები ჰქონდა. უმეტესი თანხა მიმართულ იქნა სწორედ ამ ვალდებულებების გასასტუმრებლად.

ჩვენ შევამოწმეთ, თუ რის საფუძველზე გახდა „კატრი კაპიტალი“ ამ ქონების მესაკუთრე. „კატრი კაპიტალი“, თავის დროზე, შპს „კატრიმ“ დააფუძნა. შპს „კატრიმ“ კი, თავის მხრივ, ეს ქონება, როგორც თქვენ აღნიშნეთ, 19 მილიონ ლარად შეიძინა. მოვიძიეთ ბუღალტერიაში დაცული ინფორმაციაც: ყველა ტრანზაქცია, თავის დროზე, 2007 წლის ივლისში, ისევე როგორც, შემდეგ, 2013 წლის მარტში, მხოლოდ საბანკო ტრანზაქციების ფორმით განხორციელდა. არანაირი თანხის მოძრაობა ხელზე არ ყოფილა. ეს მონაცემები საქმეში დოკუმენტურად არსებობს და შეგვიძლია ყველა დაინტერესებულ პირს გადავცეთ, არაფერი აქ დასამალი არ გახლავთ.

მაგრამ არის ერთი მნიშვნელოვანი დეტალი: 2013 წლის მარტში, როდესაც „არტ ღვინომ“ შპს „კატრი კაპიტალის“ 100%-იანი წილი შეიძინა, კომპანია იმ პერიოდისთვის პეტრიაშვილის პირველში მდებარე უძრავი ქონების ნახევარს ფლობდა _ მიწის ნაკვეთსაც და შენობა-ნაგებობასაც; ხოლო მეორე ნახევარი, როგორც მიწის ნაკვეთის, ისე შენობა-ნაგებობის სახით, ნოემბერში გამოისყიდა.

_ ვინ იყო მეორე ნახევრის მფლობელი და რატომ იყო ეს ქონება გაყოფილი?

_ 2013 წლის ნოემბერში და მანამდეც, როცა ამ ობიექტზე შემოვედით, ქონების მესაკუთრე პირდაპირი ფორმით „საქართველოს ბანკი“ გახლდათ. შესაბამისად, როცა ხელშეკრულება გავაფორმეთ, ეს იყო უძრავი ქონების პირდაპირი ნასყიდობა, ანუ თუ პირველ შემთხვევაში წილი ვიყიდეთ და შემდეგ ამ წილს მოჰყვა საჯარო რეესტრში რეგისტრირებული აქტივი, მეორე შემთხვევაში – „საქართველოს ბანკისგან“ უშუალოდ ქონება შევიძინეთ.

2007 წლის ივლისში, როდესაც, თავის დროზე, „კატრი კაპიტალის“ ყოფილმა დამფუძნებელმა ეს ქონება 19 მილიონ ლარად შეიძინა, თანხა კრედიტის ფორმით გაიცა. მოგეხსენებათ, როდესაც ბიზნესში ასეთი დიდი ოდენობის კრედიტი გაიცემა, ის უძრავი ქონებით არ არის გარანტირებული. უძრავი ქონება გახლავთ დამატებითი უზრუნველყოფის საშუალება, კრედიტის უზრუნველყოფას ახდენს შემოსავალი; ანუ ბანკს ინფორმაცია უნდა ჰქონდეს კრედიტის მიმღების შემოსავლების (გადახდისუნარიანობის) თაობაზე. იმ პერიოდისთვის, ჩემი ინფორმაციით, ვლადიმერ კვარაცხელიამ მის საკუთრებაში არსებული სხვადასხვა ბიზნესიდან ამ კრედიტის უზრუნველყოფის გარანტია მოახდინა, ხოლო შემდეგ ბიზნესში რაღაც პრობლემები შეექმნა. ზუსტად არ შემიძლია დეტალებზე საუბარი და ეს არც არის ჩემი კომპეტენცია. საკრედიტო ვალდებულებების ჩახურვის შემდეგ ტერიტორიის ნაწილი განთავისუფლდა, ხოლო მეორე ნაწილი „საქართველოს ბანკმა“ დაიტოვა კრედიტის დაბრუნების ანგარიშში. აი, ასე წარმოიშვა ბანკის საკუთრების უფლება ამ ქონებაზე. „საქართველოს ბანკის“ ყველა ხელშეკრულება (იპოთეკისა და ა. შ.) წარმოშობილია 2007 წლის ივლისის შემდგომ. „საქართველოს ბანკი“, როგორც ამ უძრავ ქონებასთან დაკავშირებული სუბიექტი, 2007 წლის ივლისის შემდეგ ჩნდება. მანამდე არც ერთ სხვა დოკუმენტაციაში „საქართველოს ბანკი“ ამ ობიექტთან მიმართებით არ ფიგურირებს.

_ „ქრონიკა+“-ის რედაქციაში ერთ-ერთმა აქციონერმა დარეკა, ყოველ შემთხვევაში, თავად ასე გაგვეცნო. მან გვითხრა, რომ 2013 წლის თებერვალში დღევანდელ მფლობელებს ამ ქონების საკუთრების მოპოვებაში პარლამენტარი გივი თარგამაძე დაეხმარა და წინა მეპატრონეს მისი მეშვეობით „აახიეს“ ეს წილი…

_ სრული აბსურდია, აბსოლუტური ტყუილი. ამ ობიექტთან ფიზიკური შემხებლობა მაქვს გარიგების გაფორმებიდან და თვითონ გარიგების პროცესშიც ვმონაწილეობდი, როდესაც იურიდიული დოკუმენტაცია მზადდებოდა. და საერთოდ, ვიცნობ კიდეც ამ პიროვნებებს. ეს არის როგორი დონის აბსურდი, იცით? სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ: გივი თარგამაძეს, არც მოლაპარაკების ეტაპზე და არც შემდგომ, კომპანიასთან შეხება არ ჰქონია.

_ 2013 წელს, როცა უკვე ხელისუფლება შეცვლილია, ალბათ, არც ჰქონდა მას ის გავლენა, რომ ვინმეს საკუთრების გადაფორმებაში დახმარებოდა…

_ ეს უკვე საზოგადოებამ შეაფასოს, რამდენად შეიძლებოდა 2013 წელს ასეთი ოპერაციის განხორციელება ისე, რომ წინა მესაკუთრეს ამის შესახებ არ განეცხადებინა, ან საზოგადოებას არ გაეგო. მეც ამ ქვეყანაში ვცხოვრობ, ასეთი ტიპის მოქმედებები ნამდვილად არ შემიმჩნევია და რომც შემემჩნია, დამერწმუნეთ, როგორც იურისტი, ამაში მონაწილეობას არ მივიღებდი. ასეთი რამ გამორიცხულია!!!

_ არჩილ, ჯამში, რა მოცულობის თანხა გადაიხადეთ, რომ თქვენს კომპანიას ტერიტორიის ორივე ნაწილი შეეძინა?

_ მოგახსენებთ ციფრებით: თავიდან როგორც გითხარით, 4 მილიონი აშშ დოლარი გადავიხადეთ, აქედან, უმეტესი წილი „კატრი კაპიტალის“ საბანკო ვალდებულებების დაფარვაში წავიდა. ეს თავად ხელშეკრულებაშიც წერია, არანაირი ცალკე გარიგების საგანი არ ყოფილა. ხომ შეიძლებოდა, ჩვენ გაგვეფორმებინა ხელშეკრულება და მერე ფინანსური მუხლები ცალკე მოგვეწესრიგებინა? ასე არ იყო, პირდაპირ, საჯარო რეესტრში დაცულია ინფორმაცია (შეიძლება, ნებისმიერმა ამობეჭდოს საიტიდან), მითითებულია, რომ ამ ნასყიდობის თანხიდან მნიშვნელოვანი ნაწილი, თუ არ მეშლება, ორ მესამედზე მეტი, მიმართულ იქნა საკრედიტო ვალდებულებების გასასტუმრებლად.

_ პირველი ნაწილი _ 4 მილიონი დოლარი; მეორე ნაწილის შესაძენად რამდენი გადაიხადეთ?

_ „საქართველოს ბანკთან“ 5 მილიონ 550 000 ლარი, რომელიც მიმართული იყო, როგორც უშუალოდ გამყიდველის, „საქართველოს ბანკის“ ანგარიშზე. როცა ეს ხელშეკრულება გაფორმდა, თანხა რამდენიმე ტრანშად წავიდა. სამი ტრანში იყო გადასახდელი, უშუალოდ პარტნიორებმა 3 მილიონ ლარამდე ინვესტიცია განახორციელეს. დარჩენილი თანხა „საქართველოს ბანკმა“ თავის პარტნიორს გრძელვადიანი კრედიტით დააფარინა, ანუ, ამ შემთხვევაში, მყიდველს კრედიტი გამოუყო.

_ ამ გარიგებიდან ბიუჯეტში თუ გადაიხადეს თანხა?

_ რა თქმა უნდა! მე ახლა ზუსტ საბიუჯეტო ციფრებს ვერ გეტყვით, მაგრამ, რამდენადაც მახსოვს, წილის ნასყიდობის შემთხვევაში, წილი არ იბეგრება, მაგრამ მეორე შემთხვევაში, 5 მილიონ 550 000 ლარის 18%, დღგ-ს ჩათვლით, მაშინავე იქნა გადახდილი. საუბარია, დაახლოებით, 999 000 ლარზე.

_ ყოფილი ღვინის ქარხნის ტერიტორია კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი იყო, კომერციული საქმიანობისთვის არცთუ ისე მომხიბვლელი, მაგალითად, მშენებლობებისთვის. რას გეგმავდით?

_ როდესაც 2013 წლის მარტში ამ ობიექტის შეძენის საკითხი დაისვა, არც ერთ პარტნიორს აქ რაიმე მშენებლობის, ან საცხოვრებელი ფართების შექმნის იდეა არ ჰქონია. ეს პროექტი, რა თქმა უნდა, განკუთვნილი იყო ქალაქის ცენტრში, კულტურული და ისტორიული ღირებულებების მქონე ობიექტისთვის სიცოცხლის მისანიჭებლად.

_ არჩილ, შეძენის მომენტისთვის გადაამოწმეთ თუ არა, რომ სამართლებრივი პრეტენზიები არსებობდა: სარჩელი, საგამოძიებო მოქმედებები და ა. შ.? ანუ ფლობდით თუ არა ინფორმაციას, რომ შესაძლოა, ეს ობიექტი სადავო გამხდარიყო?

_ საერთოდ, უძრავი ქონების შესაძენად აუცილებელია გაირკვეს, ხომ არ არსებობს უფლებრივი შეზღუდვები უძრავ ქონებასთან დაკავშირებით? მოქმედი კანონმდებლობით, უძრავი ქონების ყველა უფლება საჯარო რეესტრში უნდა დარეგისტრირდეს. ეს არ არის მოძრავი ნივთი, რომ რისკი ჩვენ გვქონოდა.

უძრავ ნივთებთან დაკავშირებით კანონი მოწესრიგებულია და მკაცრად დაცულია შემძენის ინტერესები _ საგადასახადო თუ სასამართლო პრეტენზიები, მესამე პირების პრეტენზიები, შეზღუდვები, სარგებლობის უფლებები, ან სხვა რამ სავალდებულოა დარეგისტრირდეს საჯარო რეესტრში. წინააღმდეგ შემთხვევაში, მას მესამე პირისთვის ძალა არ გააჩნია. მაგალითად, თქვენ თუ გაქვთ სახლში ყადაღის გადაწყვეტილება და მას საჯარო რეესტრში არ არეგისტრირებთ, საუბარი იმაზე, რომ ობიექტი დაყადაღებულია, იურიდიული ნონსენსია.

რა თქმა უნდა, შევისწავლეთ საჯარო რეესტრში დაცული ინფორმაცია არა მარტო 2013 წელს, არამედ წინა ტრანზაქციებთან დაკავშირებითაც. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ასეთი  მოქმედებები არ ფიქსირდება. ახლა სარჩელით კი ვგებულობთ, რომ ეს ობიექტი 2004-06 წლებში სადავო იყო, მაგრამ არა 2007 წლის მერე.

ჩვენი შეძენისას, ისევე როგორც არც უახლოესი რამდენიმე წლის წინათ, ასეთი პრეტენზიები, რომელიც რაღაც ფორმით შეზღუდავდა ამ ობიექტზე გარიგებებს, არ არსებობდა. ოფიციალური უწყებები ამას დოკუმენტურად დაასაბუთებენ. ჩვენი პრეტენზიაც სარჩელზე ის გახლავთ, რომ თვითონ მოსარჩელე ამგვარ შეზღუდვებს 2007 წლის შემდეგ არ ადასტურებს. ამასთან, არსებობს ხანდაზმულობის ვადები, შეიძლება რაღაც ობიექტი 10-11 წლის წინათ იყო დავის საგანი, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ობიექტი აღარ არის ბრუნვაუნარიანი და ამის გამო მისი გაყიდვა აღარ შეიძლება. საქართველოში უამრავი ბინა, კომერციული ფართი, ოდესღაც, 10-15 წლის წინათ, შეიძლება იყო რაღაც უთანხმოების, ან დავის საგანი, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ 10-15 წლის შემდეგ მის მოქმედ მესაკუთრეს არ შეუძლია ამ ობიექტის გასხვისება.

_ გეგმებზე ვსაუბრობდით, ანუ სამშენებლო გეგმები აქ არ იყო…

_ ორი პროექტი გახლდათ, არქიტექტურულ პროექტს რაც შეეხება, ესეც საჯაროა და სარჩელზეა დართული. სასამართლოს მავნებლური დამოკიდებულება ჰქონდა, როდესაც არქიტექტურული პროექტები შეაჩერა. ერთი იყო სახურავის რეკონსტრუქციის პროექტი, იმიტომ რომ შენობას აღარ ჰქონდა სახურავი, წყალი ჩადიოდა და სერიოზულად ზიანდებოდა. თბილისის მერია მხარში გვედგა, მათ იაფი კრედიტის ფარგლებში სახურავის შესაკეთებლად და ეზოში არსებული კომუნიკაციის მოსაწესრიგებლად მიზნობრივი თანხა გამოყვეს.

მთელი პასუხისმგებლობით კიდევ ერთხელ ვამბობ: არც ერთი ნებართვა, რომელიც აქ ინვესტორებს რაიმე მშენებლობების დაწყების უფლებას მისცემდა, არც იდეის დონეზე ყოფილა განხილული და არც იურიდიულად განხორციელებული. 2015 წლის იანვარს სასამართლომ ეს რეკონსტრუქციის პროექტები მავნებლურად შეაჩერა. სააპელაციო სასამართლო მიხვდა, რომ ძალიან დიდი უსამართლობა და უკანონობა მოხდა და ამ ნაწილში პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება გააუქმა.

_ დავაკონკრეტებ: სარჩელს წინ უძღოდა მოლაპარაკებები ინვესტორთან, რომელიც ამ ტერიტორიაზე სოლიდური ინვესტიციით უნდა შემოსულიყო, თუ არ მეშლება, 12-წლიანი იჯარით…

_ ამ ობიექტზე ყველა ტრანზაქცია საჯარო რეესტრის მონაწილეობით გავაკეთეთ; ყველა დოკუმენტი ფინანსური მუხლებით რეგისტრირებულია საჯარო რეესტრში, ჩვენ ვმოქმედებდით სრულიად გამჭვირვალედ და იდეაშიც არასდროს მოგვსვლია ისეთი გარიგება, ან ტრანზაქცია, რომელიც დაურეგისტრირებელი იქნებოდა, რადგან ობიექტი საკმაოდ მასშტაბურია.

2013 წლის განმავლობაში ობიექტი გამოვისყიდეთ. ინფრასტრუქტურული სამუშაოების განხორციელების შემდეგ დღის წესრიგში დადგა ობიექტის ამუშავების საკითხი. ამხელა ობიექტის იმ დონეზე მართვის გამოცდილება არ გვქონდა, რომ ის რენტაბელური ყოფილიყო, მოეტანა როგორც სარგებელი, ისე მიმდინარე ხარჯები დაეფარა. რაღაც ეტაპზე, პარტნიორებმა მიიჩნიეს, რომ საჭირო იყო ამ სფეროში უფრო გამოცდილი ბიზნეს-ოპერატორის მოძებნა. ასეთად შეირჩა „M გრუპი“, რომელიც წლების განმავლობაში ქართულ ბაზარზე მუშაობს. ჩვენ 2014 წლის მეორე ნახევრიდან ვიწყებთ ურთიერთობას  „M გრუპი“,. ხანგრძლივი მუშაობის შედეგად, დაახლოებით, 5-6 თვის მანძილზე, 2014 წლის ბოლოს, ობიექტის სარგებლობაში გადაცემის თაობაზე 12-წლიანი ხელშეკრულება გავაფორმეთ. მაგრამ ეს მოტივირებული იყო იმით, რომ ობიექტის სარგებლობაში მიმღები გრძელვადიან ინვესტიციას ახორციელებდა. მას მყარი გარანტიები უნდა ჰქონოდა, რომ აქ ხანგრძლივი პერიოდი იმუშავებდა და არა მარტო ჩადებულ ინვესტიციას დაიბრუნებდა, არამედ მესაკუთრეებსაც  გარკვეულ შემოსავალს მისცემდა.

აქედან გამომდინარე, სკრუპულოზურად მივუდექით ამ საკითხს: ხელშეკრულებაში ჩვენი ურთიერთობის ყველა დეტალი გაიწერა. არ გვინდოდა, შენობა ჩვეულებრივი კვების ობიექტი გამხდარიყო. ასევე გაიწერა მთელი პროგრამა, მათ შორის, თავად რესტორნის დიზაინი, მისი ფუნქციონირებისა და ღონისძიებების ტიპებიც უნდა შეთანხმებულიყო და ამ გარემოს მისადაგებოდა. ეს არ იყო ჩვეულებრივი ქართული რესტორანი. პრინციპში, არც ქართული იგეგმებოდა, სხვადასხვა ტიპის მაღალი კლასის რესტორნები უნდა გახსნილიყო. ხაზს ვუსვამ: ყველა ობიექტი, მით უმეტეს ამ მასშტაბის, ვერ იქნება მუდმივი დოტაციის ხარჯზე; ობიექტს უნდა ჰქონდეს გარკვეული შემოსავალი, თან ისე, რომ არ დაკარგოს თავისი ღირებულება. სწორედ ამ მიზნის მისაღწევად გაიწია ამხელა შრომა.

2014 წლის დეკემბერში ურთიერთობა დავასრულეთ, ხელშეკრულება საჯარო რეესტრში დავარეგისტრირეთ და ვალდებულება ავიღეთ, რომ ობიექტს ორი თვის ინტერვალში, მიღება-ჩაბარების აქტით, „M გრუპი“,  გადავცემდით. კომპანიის დირექტორმა, რომელიც ეზოს ინფრასტრუქტურის მოწესრიგების სამუშაოებს ახორციელებდა, 2015 წლის 16 იანვარს (ზუსტად მახსოვს ეს ავბედითი დღე) მიიღო აღმასრულებლის მოთხოვნა. აღმასრულებლები ობიექტზე უშუალოდ მოვიდნენ, მეც დამირეკეს, მივედი, სრული გაურკვევლობა იყო, _ ვერ გაეგოთ, ვინ დაობდა და რატომ. აღმასრულებლის მოთხოვნა იყო, დაუყოვნებლივ შეჩერებულიყო ყველა ტიპის სამუშაო. ჩვენი კომპანია, რა თქმა უნდა, კანონმორჩილი გახლავთ, მოთხოვნა შევასრულეთ და ყველა სამუშაო შევაჩერეთ. ამის შემდეგ სასამართლოს დავუკავშირდი, რომ გამეგო, რა იდგა ამ ყველაფრის უკან…

_ და აღმოაჩინეთ, რომ შეტანილია სარჩელი, რომლის წარმომადგენელიც გახლავთ ყოფილი მთავარი პროკურორი, არჩილ კბილაშვილი…

_ ამის შემდეგ სასამართლოში იწყება მთელი ეს აბსოლუტური ბაკქანალია! როგორც იურისტი, ძალიან ვწუხვარ, რომ ამ პროცესებში სასამართლოა ჩარეული. ყველაფერი, რაც ამჟამად ამ ობიექტთან დაკავშირებით ხდება, დაუსაბუთებელი და უკანონო გადაწყვეტილებების ბრალია.

_ ამ საქმის მოსამართლე არცთუ კარგი რეპუტაციით სარგებლობს, _ რუსთავის მეტალურგიულ ქარხანასთან დაკავშირებითაც, დაახლოებით, 4000-ლარიანი საბიუჯეტო დავალიანების გამო, ყადაღის ფორმა გამოიყენა. პრემიერის კრიტიკის ობიექტიც კი გახდა მოსამართლე ლაშა ქოჩიაშვილი.

_ უკანასკნელ სასამართლო პროცესზე უკვე დავაყენეთ ბატონი ლაშა ქოჩიაშვილის აცილების საკითხი. ვფიქრობ, ჩვენს საქმეზე ყველანაირი ნდობის რესურსი ამოწურა, ამიტომაც ეს საკითხი დაისვა აქციონერებთან შეთანხმებით. მათთვის აბსოლუტურად გაუგებარი და აუხსნელი იყო ის ქმედებები, რომელიც სასამართლო პროცესებზე განვითარდა.

არ შეგაწყენთ თავს კანონების ციტირებით, მაგრამ საქართველოს უზენაეს სასამართლოს უზრუნველყოფის თემაზე მყარად ჩამოყალიბებული პოზიცია აქვს, რომ უძრავი ქონება, თუკი იგი შეიძინა კეთილსინდისიერმა შემძენმა და მასთან მიმართებით არ არსებობს სხვა მყარი და ხელშესახები არგუმენტაცია, უძრავი ქონების დაყადაღება, თუკი იგი გახლავთ სამეწარმეო საქმიანობის საგანი _ დაუშვებელია.

სამოქალაქო დავები გრძელდება 2-3 წელი. თუკი სამეწარმეო საქმიანობას 2-3 წლის განმავლობაში შეაჩერებთ, მაშინ, საერთოდ, რა აზრი აქვს ბიზნესს? ზოგადად, ობიექტზე ინვესტიციას იმის გამო ახორციელებთ, რომ მისი ფუნქციონირება გსურთ, შემდეგ რაღაც გაურკვეველ სარჩელს იღებთ და 2-3 წელი, ასევე გაურკვეველი ვადის ინტერვალში, ობიექტს აჩერებთ.

_ არის ალბათობა, რომ ეს გადაწყვეტილება, საბოლოო ჯამში, მოსარჩელე მხარის სასარგებლოდ სულაც არ დასრულდება. ვინ იმსჯელებს ამ დროს იმ ზიანზე, რომელიც კომპანიამ მიიღო?

_ აი, სწორედ ეს არის მთავარი: თუკი ამას წარმოვიდგენთ, როგორც დასაშვებ პრეცედენტს, ამ ლოგიკით ზღვარი არ არსებობს, დავა დასრულდება, კიდევ რაღაც გაურკვეველ სარჩელს შემოიტანს ვინმე და მუდმივი დავის რეჟიმში შეგიძლია ობიექტის სრული პარალიზება. ეს არ არის მართლმსაჯულების მიზანი, _ სასამართლო ამაში არ მონაწილეობს. რა თქმა უნდა, არავის არ ერთმევა სარჩელის შეტანის უფლება, მაგრამ თუკი სარჩელი აპრიორი განწირულია უარისთვის, უზრუნველყოფის საკითხი არ განიხილება.

სარჩელის კონსტრუქცია იმდენად აბსურდული და აცდენილია იურიდიულ რეალობას, რომ განწირულია, არ დაკმაყოფილდეს, რაც ძალიან კარგად იცის ბატონმა არჩილ კბილაშვილმა, პრობლემაც ეს გახლავთ: როდესაც სასამართლო აცნობიერებს, რომ სარჩელი გათვლილია მხოლოდ ამ ეფექტზე და მაინც მონაწილეობს პროვოკაციაში, სერიოზულ კითხვებს აჩენს საქმესთან მიმართებით. ზუსტად მაგას ვთხოვდით ზემდგომ ინსტანციას, რომ მოსარჩელე კომპანია, პრაქტიკულად, ქაღალდზეა. ჩვენ რომ ამ პერიოდის განმავლობაში მოცემულ ობიექტზე კომერციული საქმიანობა გვეზღუდება, ვინ აანაზღაურებს ამ ზიანს?

ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ სასამართლო სისტემა ამ პრეცედენტს ვერ დაუშვებს, გამორიცხულია, ეს არის ქაოსი ზოგადად სამოქალაქო ურთიერთობებში! რა მოხდება 2-3 წლის შემდეგ? ჩვენ უნდა ვუჩივლოთ ქაღალდზე არსებულ კომპანიას, რომ დაგვაკარგინა ამ ობიექტის საქმიანობის შედეგად მისაღები შემოსავალი. სასამართლოს საჯარო რეესტრში რეგისტრირებული დოკუმენტები მივუტანეთ და ვუთხარით, რომ 12 წლის განმავლობაში ობიექტმა შემოსავალი უნდა მოიტანოს, რომელიც უნდა მოხმარდეს ნაწილი კრედიტის გასტუმრებას, ნაწილი _ ინფრასტრუქტურის პროექტების განხორციელებას, რომ ობიექტი გაჯანსაღდეს. ეს ყველაფერი იკარგება, რადგან გარეშე, მესამე პირს არ აქვს იმის ვალდებულება, რომ აქ მოვიდეს და სადავო ობიექტზე თანხა ჩადოს, მერე კი იმის მოლოდინში იყოს, რომ ბატონი კბილაშვილი კიდევ ახალ სარჩელს შეიტანს.

ასეც მოხდა, 2015 წლის აპრილში „M გრუპი“ ოფიციალურად შეწყვიტა ჩვენთან ურთიერთობა, რამაც მთელი დარტყმის ქვეშ დააყენა ამ საკუთრების განვითარებასთან დაკავშირებული გეგმები.

_ სარჩელის დეტალებს რომ დავუბრუნდეთ, წავიკითხე ის სარჩელი, რომელიც ბატონმა კბილაშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოში შეიტანა. იქ დავა მიდის 2004-06 წლებზე, დასახელებულია კონკრეტული პირები, რომლებიც აიძულეს, რომ ქონება გადაეფორმებინათ სხვა პირებზე, უარი ეთქვათ საკუთრების უფლებაზე და ა. შ. დასახელებულია ადვოკატი გიორგი ყავლაშვილი. როგორც კბილაშვილი აცხადებს, პროკურატურის ზეწოლით მოხდა აღნიშნული ქმედებები. ლოგიკურია და ჩვენ დავსვით ეს შეკითხვები, _ რაკი ბატონი კბილაშვილი ასე კარგად იცნობს ამ საქმის დეტალებს, იმიტომ რომ ის ერთ-ერთი აქციონერის, მგალობლიშვილის ადვოკატი გახლდათ, მთავარი პროკურორობის დროს რატომ არ გამოიყენა კანონით მინიჭებული უფლება და რატომ არ დაიწყო სისხლის სამართლებრივი დევნა იმ პროკურორების, ადვოკატებისა და ყველა იმ პირის მისამართით, რომლებიც, მისივე განცხადებით, ამ უკანონო ქმედებაში იყვნენ ჩართულნი?

_ მივყვეთ მოვლენებს. ფაქტები, დროსთან მიმართებით, გადამწყვეტ მნიშვნელობას იძენს, იმიტომ რომ არ შეიძლება ფაქტების სასურველ დროზე მიბმა.

დავიწყოთ 2004-06 წლების მოვლენებით: სრული პასუხისმგებლობით შემიძლია განვაცხადო, რომ 2004-06 წლებში განვითარებულ მოვლენებთან ჩვენი კომპანია დაკავშირებული არ არის. ამაზე არავინ დაობს. თავად მოსარჩელეც აღნიშნავს, რომ ამ პროცესებში მონაწილეობდნენ აბსოლუტურად სხვა ადამიანები.

პროცესები განვითარდა ძალიან საინტერესოდ. მეც მაქვს ამ საკითხებთან დაკავშირებით კითხვა და აუცილებლად დავუსვამ მას ბატონ კბილაშვილს სასამართლო პროცესზე. 2006 წელს, როდესაც გამოძიება დამთავრდა სისხლის სამართლის საქმეზე, ოთხმა პიროვნებამ, ფაქტობრივად, აღიარა, რომ არ იყო ქონების რეალური შემძენი, ეს ქონება გადაუფორმეს, ანუ მიჰყიდეს ვლადიმერ ცომაიას. ამის შემდეგ ცომაია იმავე წლის დეკემბერში ქონებას ასხვისებს კომპანია „ტრასეკა გრუპ ჰოლდინგზე“. 2006 წლის დეკემბრიდან, გარკვეული პერიოდის შემდეგ, დაახლოებით 7 თვეში, „ტრასეკა გრუპ ჰოლდინგსა“ და შპს „კატრის“ შორის ხელშეკრულება ფორმდება.

_ ანუ აქ მნიშვნელოვანია დრო. თქვენ ბრძანეთ, რომ თუ პირველ შემთხვევაში ქონება გადაფორმდა ერთ დღეში, მომენტალურად და გარკვეული პირების ჩარევით, მეორედ იყო, დაახლოებით, 7-თვიანი შუალედი. ზუსტად ამ შუალედში, თუნდაც, იმ პირებს ჰქონდათ სამართლებრივი უფლება, თავიანთი პრეტენზიები დაეფიქსირებინათ…

_ არა მარტო ამ პერიოდში! როდესაც 2006 წელს გამამტყუნებელი განაჩენი დადგა და კონკრეტული პირები მიეცნენ პასუხისგებაში, როდესაც ამ პიროვნებებმა არ დაუბრუნეს ეს ქონება ს/ს „სავანეს“, მაინტერესებს და ვეკითხები როგორც სააქციო საზოგადოების ამჟამინდელ წარმომადგენელს, ისე მათ ხელმძღვანელობას, _ რატომ არ გამოიყენეს არანაირი პროცესუალური და სამართლებრივი მექანიზმები ამ ქონების მიმართ? ეს შეიძლება მომხდარიყო არა მარტო სისხლის სამართლებრივი გზებით, არამედ სამოქალაქო სამართლებრივი გზებითაც. ყველა დაინტერესებულ პირს, ვინც ამ ობიექტზე აქციონერი იყო, შეეძლო სარჩელი შეეტანა და ქონება დაეყადაღებინა, ან სასამართლო დავა მაინც წამოეწყო, რომ ჩვენ გამოძიების დასრულების მიუხედავად ქონება არ დაგვიბრუნდა და ნაცვლად იმისა, რომ ამ ოთხ პიროვნებას დაებრუნებინა ჩვენთვის, გაყიდა ვინმე ვლადიმერ ცომაიაზე.

2006 წლის დეკემბრიდან 2007 წლის ივლისამდე არანაირი შეზღუდვები არ მოქმედებდა. თუ მოქმედებდა და ობიექტი მაინც გასხვისდა, მაშინ რატომ არ დააყენეს კონკრეტული თანამდებობის პირების პასუხისმგებლობის საკითხი?! ყველაზე მიუღებელი ზუსტად სარჩელის ეს ნაწილია, როდესაც დღევანდელი მოსარჩელე ჩვენ გვთხოვს, რომ პასუხი ვაგოთ გარკვეული პირების მიერ ჩადენილ დანაშაულზე. ესეც კიდევ საკითხავია, დანაშაული იყო თუ არა! არანაირი სხვა სისხლის სამართლებრივი დოკუმენტი, დამადასტურებელი, რომ 2006 წლის შემდეგ პიროვნებები მოქმედებდნენ უკანონოდ, საქმეში არ დევს.

_ არჩილ, როგორც ვიცი, „სავანის“ დღევანდელი წარმომადგენელი პროკურატურას არ მიმართავს იმ პირების დასჯის მოთხოვნით, რომლებიც უკანონო გარიგებებში მონაწილეობდნენ.

_ ძალიან საინტერესო კონსტრუქციაა, გეთანხმებით. ამას სარჩელის იურიდული მხარე ჰქვია. ერთია, როცა ახდენ ფაქტების კონსტატაციას, მეორეა, როდესაც აფასებ. აი, ეს შეფასებითი ნაწილი, იურიდიული თვალსაზრისით, ძალიან საინტერესოდ გამოიყურება. სარჩელის მთელი იურიდიული ფაბულა აგებულია ევროპის ადამიანის უფლებათა დეკლარაციაზე. მოსარჩელეს მოჰყავს ევროპული კონვენციის მუხლები, რომ სახელმწიფოში საკუთრება დაცულია. ამ მუხლებზე არავინ დაობს, მაგრამ ვერ გავერკვიეთ, ჩვენ რა შუაში ვართ?! არავის საკუთრების ხელყოფა არ მოგვიხდენია, შევიძინეთ კანონიერი გზით და ვართ კეთილსინდისიერი მყიდველები.

რა თქმა უნდა, შუამდგომლობა დავაყენეთ, დაიკითხოს „კატრი კაპიტალისა“ და „კატრის“ დირექტორი. იგი იმ პერიპეტიებს განმარტავს, რომელიც ამ უძრავი ქონების შეძენასთან დაკავშირებით არსებობდა.

_ მრჩება შთაბეჭდილება და ღმერთმა ქნას, ვცდებოდე, ეს ყველაფერი გაკეთებულია იმიტომ, რომ დღევანდელი მფლობელები რაღაც გარიგებაში შევიდნენ იმ პირებთან, რომლებიც სარჩელის ავტორები არიან, რომ სასამართლოს გვერდის ავლით მოხდეს რაღაც გარიგება. ელოდებით თუ არა ამ მიმართულებით მოვლენების განვითარებას? 

_ ჩემს პრაქტიკაში ძალიან ბევრი აბსურდული სარჩელი მინახავს. იმ მეთოლოგიას, რაზეც თქვენ ბრძანეთ, ჰქვია იურიდიული მანიპულაციების გამოყენება სასურველი შედეგის მისაღწევად. სამწუხაროდ, ასეთი მიდგომა ზოგიერთ საქმეში შეინიშნება. თავიდან არ მინდოდა ამ პოზიციის დაჯერება, მიმაჩნდა, რომ ბატონი კბილაშვილი მაინც სხვა ამოცანებს ემსახურებოდა. სამწუხაროდ, მოვლენები ისე განვითარდა, რომ სხვა ფიქრის საშუალება აღარ მრჩება. ერთმნიშვნელოვნად შემიძლია განვაცხადო, რომ აქ იურიდიული მანიპულაციების გამოყენებით არახელსაყრელი გარემო შეიქმნა ბიზნესისთვის, რომელიც პატრნიორებს აიძულებს, გარკვეულ დათმობებზე წავიდნენ. ჯერჯერობით, რაიმე შემოთავაზება არ არსებობს. თუმცა, თავის მხრივ, ეს მანიპულაციებიც მხოლოდ იმ შედეგს ისახავს მიზნად, რომ ობიექტის ფუნქციონირება შეფერხდეს _ ამ მიზანს მათ მიაღწიეს, თავად ბატონი არჩილი საკმაოდ კვალიფიციური ადვოკატი გახლავთ. არა მგონია, ის შინაგანად დარწმუნებული იყოს ამ საქმის პერსპექტივაში. ეს საქმე განწირულია, მათი სარჩელის დაკმაყოფილება ნიშნავს საერთოდ ქართული სამართლებრივი სივრცის არევას. ახლა რომ აცხადებენ, წინა ხელისუფლების დროს ქვეყანა ინგრეოდაო, მაშინაც კი ვერ მოხდა მსგავსი პრეცედენტები.

შეიძლება, სადღაც, თაროს ბნელ კუთხეში არსებობს სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც ასე უხეშად დაარღვია სამართლებრივი წესრიგი, არ ვიცი!!! საქმეს და ჩვენს შესაგებელს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებები დავურთე, რომელიც ასეთი ტიპის სარჩელებს კონკრეტულად პასუხობს და კეთილსინდისიერ შემძენს იცავს. ეს მარტო საქართველოს მიდგომა არ არის, მთელ მსოფლიოშია. ვწუხვარ, თუ 2004-2006 წლებში საკუთრება ხელყვეს, ნამდვილად არ არის მისასალმებელი, მაგრამ ყველა ხელმყოფს თავისი ადრესატი ჰყავს. თუ ვიღაცამ რაღაც გარკვეული უფლება დაარღვია, თუ ვიღაცამ ვიღაცას ზიანი მიაყენა, ზიანის პასუხისმგებელი ადრესატი უნდა იყოს ამის ხელმყოფი და არა კეთილსინდისიერი პიროვნება, რომელმაც არც იცოდა, არც შემხებლობა ჰქონდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა ამ ფაქტებზე.

ვეკითხები ბატონ კბილაშვილს, _ ხომ გახლდათ ის საქართველოს მთავარი პროკურორი 2012 წლიდან? ის იყო ამ საქმის ადვოკატი 2010 წლიდან, რატომ არ მისცა პასუხისგებაში ის პროკურორები, რომლებსაც ასახელებს? რატომ არ დააყადაღა ობიექტი? რატომ არ გამოიყენა სამართლებრივი საშუალებები, რომელიც ჩვენს უფლებებსაც დაიცავდა? მას, როგორც მთავარ პროკურორს, ხომ უნდა ეზრუნა სხვა პიროვნებებზეც, ჩვენ ვიქნებოდით თუ სხვა იქნებოდა? რატომ არ გაკეთდა ეს ყველაფერი 2012 წელს?

_ არჩილ, ბოლო შეკითხვა: აპირებთ თუ არა მოსამართლის წინააღმდეგ საჩივრით მიმართოდ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს?

_ ჩვენ ვართ კანონმორჩილი ადამიანები. კარგად მესმის, რომ იდეალურ საზოგადოებებშიც შეიძლება კანონს გადაუხვიონ და არც მოსამართლეა დაზღვეული არაფრისგან, რადგან ისიც ჩვეულებრივი ადამიანია, მაგრამ მიგვაჩნია, რომ ყველა ამ დამრღვევს უნდა მოეთხოვოს მისი წილი პასუხისმგებლობა. ჩვენი აზრით, ამ საქმეში მონაწილე მოსამართლეებმა არა მარტო უკანონო გადაწყვეტილება მიიღეს, არამედ აბსურდის თეატრის თანამონაწილეები გახდნენ. რამდენიმე თვის განმავლობაში, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, ვეხვეწებოდით სააპელაციო სასამართლოს, რომ ობიექტის გადაცემას ვერ ვახერხებთ, საფრთხის ქვეშ დგას `ემ გრუპთან~ აღებული ვალდებულება, რომელიც შეიძლება ძალიან ცუდად შემობრუნებოდა კომპანიას. პასუხის ღირსადაც არ გაგვხადეს. აქედან გამომდინარე, ამ პიროვნებებმა კანონით უნდა აგონ პასუხი. შევიტანეთ კიდეც საჩივარი იუსტიციის საბჭოში. მისი განხილვის პროცედურა კონფიდენციალურია და არ გვაქვს შესაძლებლობა, განხილვის დეტალები ვიცოდეთ, მაგრამ ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ თუკი უზენაესი სასამართლოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ელემენტარულად მაინც შერჩენია კანონის სწორად განმარტების შესაძლებლობა, აუცილებლად მიიღებს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომებს ამ მოსამართლეების წინააღმდეგ!!!

 

                                                                                                                 ელისო კილაძე

12

m1

 

m2

m3

 

sol1

sol2

sol3

sol4

sol5