ვინ გააუქმა ინფრასტრუქტურული პროექტები ძვირადღირებული ჯიპების სანაცვლოდ?

gem2

თეთრი წყაროს მუნიციპალიტეტის გამგებელს, ბესიკ წიკლაურს, ადგილობრივი მოსახლეობა სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვნად შესრულებაში ადანაშაულებს. როგორც თეთრი წყაროელები „ქრონიკა+“-ს უყვებიან, გამგებელმა 2015 წლისთვის მუნიციპალიტეტში დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები საკუთარი ნებით გააუქმა, იმ თანხით კი ძვირადღირებული ჯიპები შეიძინა, ადგილობრივი კადრი სამსახურიდან დაითხოვა და ირგვლივ თავისი ნაცნობ-მეგობრები შემოიკრიბა. მათივე თქმით, წიკლაური ვიცე-პრემიერ კალაძის კაცია და პირველკაცობაც მისი წყალობით ერგო. თავისი საქციელის გამო თეთრი წყაროელებმა გამგებელს `უსტაბაში~ შეარქვეს და სწორედ ამ ზედმეტსახელით იხსენიებენ პირად საუბრებში.

ერთი სიტყვით, „უსტაბაშის“ მიერ ჩადენილ „საგმირო საქმეებზე“ ჩურჩულით საუბრობს ადგილობრივი მოსახლეობის დიდი ნაწილი. „ქრონიკა+“-თანაც ასე მოხდა და ერთი გამონაკლისის გარდა, ჩვენმა რესპონდენტებმა ღიად საუბარი არ ისურვეს…

თეთრი წყაროს მკვიდრი ქალბატონი:

_ ვინც არ იცის თეთრი წყაროს რაიონი, იმას შევახსენებ, რომ ეს ალგეთელი მგლის ლეკვების, მარაბდელების, დიდგორელების, ბირთვისელებისა და ბერი თევდორეს მხარეა. ეტყობა, იმდენი სისხლი გაიღო ამ მხარემ, რომ ბრძოლა ყელში ამოუვიდა და საბრძოლო ყიჟინის ნაცვლად, დიდი ხანია, ჩურჩულით კი არა, საერთოდ აღარ ლაპარაკობს. ამიტომ, კომუნისტებიდან მოყოლებული, რაიონის თავკაცად ვინც გაუხარდებათ, იმას ნიშნავენ, თითქოს ამ მხარეს ღირსეული არავინ გაუზრდია. აბა, უცხო კაცს რატომ უნდა შესტკიოდეს გული მისთვის უცხო მხარეზე? რა არის იქ მშობლიური? _ არც არაფერი! ხოდა, ამიტომაც, იმის ნაცვლად, რომ რაიონის მოსახლეობა დაასაქმოს, მომავლის იმედი არ მოუკლას და სოფლები დაცლისგან გადაარჩინოს, საკუთარი და მეგობრების ახლობლები შემოიკრიბა რაიონის პირველკაცმა. საინტერესოა, ვინ დაუმტკიცა თეთრი წყაროს ტახტი წიკლაურს, რომ ამდენის უფლებას აძლევს საკუთარ თავს?! ტახტს ვინ ჩივის, ამ უენო ხალხს იმდენად არაფრად მიიჩნევს, რომ მასთან მორიდებითა და მოწიწებით პრობლემებზე სასაუბროდ მისულ მოსახლეობას ჯიბიდან ამოღებული ფული სახეში შეაყარა, _ მე არავის ვღებულობ, ფული გინდათ? აჰაო! _ დააყოლა მრისხანედ და თან ფეხები უბაკუნა. ეს ჩვენი რაიონის თბილისს დაბადებული „უსტაბაში“ კალაძის ცოლისძმის ძმაკაცი ბრძანდება, ამბობენ, მან გაუჩალიჩა პირველკაცობაო. სკამს როდი დასჯერდა? „უსტაბაში“ რის „უსტაბაშია“, ამალის გარეშე დაბრძანებულიყო და შემოიკრიბა კიდეც თანაქალაქელები რაიონის სამწყემსარზე, დაახლოებით ორი ათეული თბილისელი, და ამით რაიონში, მინიმუმ, ამდენივე ოჯახს წაართვა საარსებო საშუალება. დიპლომატიც ბრძანდება ჩვენი „უსტაბაში“, ხელი ხელს ბანს პრინციპით, მჩევლად მხცოვანი კაცი დანიშნა, რომლის შვილი ეკონომიკის სამინისტროში მუშაობს. დიდთა წყალობას წვრილთა წყალობა მოჰყვა და ერთი ყმაწვილის განათლების ფეხზე დაკიდებასთან ერთად, ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილების უფროსობა ჩააბარა. წიკლაურს განათლება თვალში დიდად ვერ მოსდის, სხვებსაც არ დასწყვიტა გული, ცალკე დანიშნა საკრებულოს რიგგარეშე სხდომის მოწვევით, ხმა-კრინტი არ დაძრათ მის განათლებაზეო. რაიონის განათლების, სპორტისა და კულტურის განყოფილების წამყვან სპეციალისტად ხსენებული ქალბატონისთვის ხელის შემშლელი ზღუდეების დასანგრევად საკვალიფიკაციო მოთხოვნებში მის სასარგებლოდ ცვლილებები თვითონ შეიტანა. თუმცა გულმოწყალება მხოლოდ საშუალო განათლებაზე ხომ არ გაჩერდებოდა და ცხრაკლასგანათლებული კულტურის ცენტრის დირექტორად დააბრძანა. ცალკე წინწყაროს მცხოვრებლებისთვის პირად სარგებლობაში გადასაცემად დაპირებული სახნავ-სათესი მიწები გაიფორმა ეკონომიკის სამინისტრომ, ცალკე მისი სახელით სასაფლაოს შემოღობვას დაჰპირებია კოორდინატორი ხალხს. ახლა ემუდარება, სასაფლაო შემოუღობე, აკი დაჰპირდიო? „უსტაბაშმა“ მიუგო, _ მე არაფერს დავპირებივარ, შენ დაჰპირდი და შენვე აუსრულეო! „უსტაბაშმა“ ყველა სამსახურს სამჯერ ჩამოაჭრა ბიუჯეტი და 7 სხვადასხვა ფერის ჯიპი იყიდა, მათ შორის, ორი „ლექსუსის“, ასი ათას დოლარზე მეტიანი, თან ტრაბახობს, თურმე, _ იაფად ვიყიდე, რა მარიფათიანი ბიჭი ვარო. რა ჯანდაბად უნდა, ნეტავ, ხალხში ეგ არ დადის და კაბინეტიდან ტუალეტ-რესტორანში წასასვლელად სჭირდება?! ასეთია თეთრი წყაროს „უსტაბაშის“ „საქმენი საგმირონი“. ნათქვამია, კიდევაც დაიზრდებიანო _ ასეთი თავკაცების ხელში ვერა, ვერ დაიზრდებიან!

ქრონიკა+“-ესაუბრება არასამთავრობო ორგანიზაცია გარისისერთ-ერთი დამფუძნებელი _ ნელი მაზანაშვილი:

_ ეს კაცი (ბესიკ წიკლაური, _ ავტ.) არ არის ადგილობრივი, მაგისი მამა-პაპა სოფელ წვერიდან ყოფილა, თბილისშია დაბადებული და გაზრდილი. მგონი, ახლა გაიგო, რომ წვერიდან არის წარმოშობით. გაიგო თუ არა, ბიუჯეტის ფულით წვერში გზა გააკეთა, რაც კი ინფრასტრუქტურული პროექტები იყო სოფლებში, ყველაფერი თვითნებურად მოხსნა: ერთ სოფელში ჭაბურღილი იყო გასაკეთებელი, მეორეში _ საბავშვო ბაღი, გზები და ა. შ. ამის დამადასტურებელი ყველა დოკუმენტი მაქვს, ოფიციალურად გამოვითხოვე გამგეობიდან, მაინტერესებდა, რას ხმარდებოდა ჩვენი მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი. აღმოჩნდა, რომ ადგილობრივი ბიუჯეტის ხარჯზე, 2014 წლის ოქტომბერში, გამგებელს ჩამოუყალიბებია აიპი (არასამეწარმეო იურიდიული პირი, _ ავტ.) მუნიციპალიტეტის განვითარების ფონდი. 2014 წლის ოქტომბრიდან 2015 წლის იანვრამდე 27 400 ლარი გადაიხადა ოფისის ქირა, 5000 ლარამდე კომპიუტერები და ვითომ სხვა ტექნიკა იყიდა, თუმცა ამ ოფისსა და ტექნიკას ვერსად მივაგენი. არაფერს აკეთებენ, მარტო ფულს იღებენ! არც ვიცით, სად ხარჯავენ! ჩვენი მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი ისედაც მწირია, საერთოდ, თეთრი წყარო ძალიან ჩამორჩენილია იმ თავიდან ამ თავამდე, მარტო ამ ადამიანს კი ვერ დავაბრალებთ! ეს იმიტომ ხდება, რომ ადრე ჩვენს რაიონში კარიერები იყო; ტურიზმის თვალსაზრისით ძალიან მდიდარია, მარტო 475 კულტურული ძეგლი დგას; პირველად ოპერა თეთრი წყაროში დაარსდა, მაშინ ჩვენს რაიონს გარისი ერქვა, ასეთი კარგი რაიონი გვქონდა, მაგრამ თანდათან განადგურდა. შემოსავალი აღარ იყო, კარიერები გაუქმდა, ფერმები იყო, მესაქონლეობას მისდევდა ხალხი, მარტო ასურეთის საკრებულოში 17 საწარმო მუშაობდა _ სამკერვალო ფაბრიკა, ინკუბატორი, განვითარებული იყო მეფუტკრეობა, მეცხოველეობა, მეფრინველეობა… ახლაც არის სოფელ ასურეთში მეფრინველეობის ფაბრიკა, მაგრამ დაუარსებია ვიღაც სვანს, რეგისტრაციაში გაუტარებია სვანეთში და გადასახადს უხდის სვანეთს. ამ ფაბრიკიდან ბიუჯეტში შესული გადასახადით ჩვენი რაიონი ვერ სარგებლობს, არადა, მოსახლეობა სუნით ისეთი შეწუხებულია!.. როგორ?! სუნით ჩვენ შევწუხდეთ და ფული სხვამ აიღოს?! თეთრი წყარომ რომ ეს შემოსავლები მიიღოს, ფეხზე დავდგებით! ჩვენს მუნიციპალიტეტს შემოსავალი არსაიდან აქვს და ამიტომ რუკაზეც არ არის _ ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით! 3-4 წელია, ვიბრძვი იმისთვის, რომ წყალი და მიწა გვქონდეს. ახლახან ასურეთში თავყრილობა ჩატარდა, მთელი სოფელი გამოვიდა, თურმე ჩვენს მიწებს ჩუმად ყიდიან, ჩვენ კი არავინ არაფერს გვეკითხება. გავიგეთ ეს ამბავი და ამიტომ შევიკრიბეთ, შევაგროვეთ ხელმოწერები. მეზობელმა სოფლელებმა იყიდეს ჩვენი სოფლის მიწები. 500 ოჯახი ვართ ასურეთში, ჩვენც გვინდა, რომ იჯარით გვქონდეს, განა ვერ დავამუშავებთ?! მიწა არ უნდა გაიყიდოს, იჯარით უნდა გაიცეს, შევა ეს თანხა ბიუჯეტში და მერე საბავშვო ბაღიც აშენდება, სალონიც და ყველაფერი!.. ამას წინათ შემოვიარე და ერთ მეწაღეს ვერ მივაგენი, სოფელია, ყოველთვის ახალ ფეხსაცმელს ვერ იყიდი… ინიციატივით გამოვედი, გაგვეშვა ვინმე კურსებზე, შეესწავლა ეს საქმე და სოფელში ემუშავა. ადრე ყველაფერი გვქონდა, ახლა მოსპეს და გაანადგურეს! იმით ვართ დაინტერესებულნი, რომ სოფელი არ დაიცალოს! სოფლის მოსახლეობას დიდი პრეტენზიები აქვს ეკონომიკის სამინისტროსთან, ვფიქრობთ, აქციაც მოვაწყოთ და, საერთოდ, მისი გაუქმება მოვითხოვოთ! ამ სამინისტრომ რეგიონები გააცამტვერა! ვის აქვს ნაყიდი მიწები და ვის _ არა, ვერ გაიგებ! სოფელში ვცხოვრობთ და რატომ უნდა ვიყიდოთ მწვანილი?! გადამხმარია ყველაფერი, საშინელი მდგომარეობაა სოფელში, მშიერია ხალხი, საჭმელს ნისიად ჭამენ. ამ ნისიად ნაყიდს რომ გამოიტანენ მაღაზიიდან, გამოირთვება შუქი და ვართ ერთ უბედურებაში, ფუჭდება საჭმელი… ამას წინათ სოფელ შავსაყდარში ვიყავი და წყლით იყო ხალხი მოწამლული, _ ექიმთან რომ წავიდეთ და დავადასტუროთ, ნამდვილად წყლით ვართ მოწამლულები, ფული არ გვაქვსო! _ წარმოგიდგენიათ?! შეხედეთ სურათებს, რა მდგომარეობაშია წყლის სათავე! სამ სოფელს ეკუთვნის: ასურეთს, შავსაყდარს და ენაგეთს. ახლა სტიქია რომ მოხდა, ხიდი დაინგრა, ჰაერში მილი გაღუნულია, აცივდება თუ არა, ის მილი გაიყინება და დასალევი წყალიც აღარ გვექნება. კაციშვილი პატრონი არ არის! ასეთი პრობლემების გამო გამოვიდა მთელი საქართველო გარეთ, ეგონათ, რადგან ბიძინა მდიდარი იყო, უშველიდა. მეც დიდი იმედი მქონდა, ხომ არ გგონიათ, მეხალისება წინ და უკან სიარული?! ამ ხნის ქალი იმიტომ გამოვედი გარეთ, რომ ეს პრობლემები მოგვარებულიყო! დაცლილია სოფელი! 500 ოჯახიდან სკოლაში, პირველ კლასში, 6 ბავშვი დადის, მეორე კლასში _ 8 ბავშვი და ა. შ. 12 კლასამდე სანამ მივლენ, ალბათ, არც ერთი ბავშვი აღარ დარჩება! გვინდა, რომ ხალხი სოფელში დაბრუნდეს და ჯანმრთელი ბავშვები გაიზარდონ!

ამ პრობლემების შესახებ უამრავჯერ მივმართეთ რაიონის გამგებელს. პასუხი _ არაფერი! გამგებელი წიკლაური პირველად გია ვოლსკიმ წარმოგვიდგინა, გვითხრა, _ კალაძის კაციაო, ჭორი კი არ არის, რომ ამბობს ხალხი, კალაძის ცოლისძმის ძმაკაცია და ამიტომ დანიშნეს ამ თანამდებობაზეო. ამ გამგებელმა მოიყვანა კულტურის ცენტრის დირექტორი, ხალხი ამბობს, მეცხრეკლასელიაო. მე მისი ატესტატი და დიპლომი არ მინახავს, მაგრამ განათლება და კულტურა რომ არ აქვს, ეს კი ვიცი! ამ თანამდებობაზე რომ მუშაობ, შენც უნდა გქონდეს შემოქმედებითი ნიჭი, ელემენტარულად, ერთი ნოტი ხომ მაინც უნდა იცოდე?! 20-მდე ადამიანი მუშაობს გამგეობაში, გამგებელმა მოიყვანა თავისი ხალხი, სოფლის არაფერი გაეგებათ! სამსახურში მხოლოდ ხელფასების დროს მიდიან, როცა მიხვალ, ვერავის ნახავ! ჩემს მეტი ხმას არავინ იღებს! ჩურჩულებს ყველა… გასულ კვირას მეორედ ჩაიმტვრა ხიდი, თეთრი წყაროში მანქანებს არ უშვებენ. წვალებით ჩამოვედი თბილისში! გამგებელმა ბიუჯეტის თანხები თავის საკეთილდღეოდ გადაისროლა, ჩამოირიგეს ხელფასებად 1000 ლარები, საბავშვო ბაღი უნდა აშენებულიყო და არ ააშენა, მარტო ჩვენს სოფელში 500 ოჯახია, ერთ საკრებულოში სამი სოფელი შედის, ცხრაას კომლამდეა სამი სოფლის მოსახლეობა, საბავშვო ბაღი არ უნდა გვქონდეს? კომუნისტების დროს აშენებული შენობები მიტოვებულია, არც არემონტებენ, გააუქმეს და ახლა დადიან ქირა-ქირა, ოთახ-ოთახ. იყიდეს მეორე საბავშვო ბაღი, თურმე, დანგრეული ყოფილა, კიდევ კარგი, ბავშვები არ მოყვნენ. მივედი გამგებელთან და ამ ყველაფერზე ვესაუბრე, მითხრა, _ ქალბატონო, ტურიზმის ფაკულტეტი მაქვს დამთავრებულიო. ვუთხარი, _ თუ ტურიზმი გაქვს დამთავრებული, ისეთი კარგი რამეა აღმოჩენილი, მთელი გეოლოგიის ცენტრი ფეხზე დგას და შენც იაქტიურე-მეთქი. სოფელ ტბისში თამარ მეფის ბეჭედი იპოვეს, რომელიც საქართველოში არსად არის. სავარაუდოდ, გათხრები შემოდგომიდან დაიწყება. ამ ერთმა თბილისმა რამდენი უნდა დაიტიოს? საზღვარგარეთაც აირია სიტუაცია, ის ხალხი რომ დაბრუნდეს, რა ეშველებათ? გამოვლენ და ეს გავაკეთეთ, ის გავაკეთეთო! კულტურის ცენტრი გახსნეს და ფულებს იღებენ, კონცეტრებს ატარებენ თუ რა? მაღაზიებში სულ ჩხუბია, იმათაც ამოუვიდათ ყელში, ზოგს 600-700 ლარი აქვს მაღაზიის ვალი, რა ქნან, მშივრები ხომ არ დაიხოცებიან?! ერთი ძროხა გვყავს ოჯახში და გამოვაცალეთ გვერდები. რძე და მაწონი აქვს, მეტი ხომ არაფერი, შაქარი, მაკარონი და კარტოფილი ხომ არ შეუძლია, რომ მოიწველოს?! წყალი არ არის, რომ ბოსტნეული მოიყვანო, გლეხი უნდა წავიდეს და ყველაფერი იყიდოს, გამყიდველმა რაღა ქნას, საიდან მოიტანოს ამდენი ნისია?.. ძალიან მინდა, ჩვენი პრობლემები გაზეთში გააშუქოთ და გარეთ გაიტანოთ!

 

                                                                                               თამარ ბატიაშვილი