მაფია, რომელმაც 90-იანებში საქართველო დააბნელა, დღეს ტარიფს აძვირებს!

gem1

გადაწყვეტილია! დენი ძვირდება! _ ჯერ რეგიონებში, ბოლოს _ დედაქალაქში… რაც, დაპირებისამებრ, ჩვენს ჯიბეებს აუცილებლად დაეტყობა, ოღონდ კარგისკენ _ არა. ახლა რამდენიც არ უნდა იყვიროს ხელისუფლებამ, ელექტროენერგიის გაზრდილი ფასი სუბსიდირებული იქნებაო, ეს არაფერს ცვლის და, უბრალოდ, მოსახლეობის კიდევ ერთხელ მოტყუებაა.

ამის თაობაზე „ქრონიკა+“, ჯერ კიდევ, რამდენიმე თვის წინ წერდა, რის გამოც ხელისუფლების მეხოტბეების წყრომაც კი დავიმსახურეთ: ყველაფერს იგონებთ და დენის გაძვირებას არავინ აპირებსო.  არაფერსაც არ ვიგონებდით. ჯერ ერთი, სუბსიდირება არაფრის მომცემია, რადგან ქვეყანა ვერ შეძლებს, მუდმივად იხადოს მოსახლეობის სოციალური ხარჯები. მეორეც _ კიდეც რომ იხადოს, ეს ბიუჯეტიდან წავა და ბიუჯეტს ისევ ჩვენ არ ვავსებთ? ამიტომ ხელისუფლების მეხოტბეთა გასაგონად: სუბსიდირებაზე საუბარი არასერიოზულიც კია! თუმცა ეს არ არის მთავარი. უფრო მნიშვნელოვანია იმ მიზეზებში ჩაღრმავება, რამაც გაძვირება გამოიწვია. მთავარ მიზეზად სახელდება ლარის დევალვაცია. მოგეხსენებათ, ჩვენ, ძირითადად, იმპორტირებულ ელექტროენერგიას მოვიხმართ, რომელიც მომწოდებელს ჩვენამდე დოლარში ნაყიდი მოაქვს. დღეს დოლარის კურსი გაიზარდა და იმ ფასად ვეღარ ყიდულობს, რამდენადაც ადრე ყიდულობდა, ამიტომ ასეთი სიტუაციიდან ერთადერთი კლასიკური გამოსავალი ტარიფის გაზრდაა, რაც მოხდა კიდეც, თანაც მუქარით: თუკი ტარიფი არ გაიზრდება, შემოდგომიდან გრაფიკს უნდა ველოდოთო. გრაფიკი კი კარგად ახსოვთ თბილისელებს, რასაც ნიშნავს. ეს არის უშუქობა, დამწვარი საბურავები, გაყინული ქალაქი და კიდევ ათასი უბედურება. მეორენაირად რომ ვთქვა, 90-იან წლებში დაბრუნებაა. შანტაჟმა გაჭრა, სახელმწიფო ტარიფის გაზრდას დათანხმდა. თავიდან კი სემეკის სხდომაზე „ენერგო პრო ჯორჯიას“ გენერალური დირექტორის მოადგილემ, მიხეილ ბოცვაძემ თქვა, _ თუ ასე გაგრძელდა, უკვე ნოემბერ-დეკემბერში გვექნება გრაფიკიო. მან თავისი მოლოდინი შემდეგნაირად დაასაბუთა: „სემეკის მიერ წარმოდგენილი პროექტი ტარიფის ზრდასთან დაკავშირებით, რომელიც კომპანიის მიერ ბოლო ორი წლის განმავლობაში მიღებული ეკონომიის გაქვითვას ითვალისწინებს, მიუღებელია, რადგან ეს იქნება კიდევ ერთი წარმატებული ენერგოკომპანიის დანგრევა. უკვე იმ დონეზე ვართ კრიზისში, რომ გაჩერების პირას მივედით და ვცდილობთ, სასწრაფო წესით დავტოვოთ ქვეყანა. დღეს დადგა რეალობა, როცა ელექტრონერგიის გამომუშავების თვითღირებულება 10,5 თეთრია, ხოლო ბაზარს უნდა მივაწოდოდ 7,3 თეთრად. სახელმწიფომ მოგვაწოდოს მაშინ ზუსტად იგივე ფასში ელექტროენერგია, რაშიც ყიდულობს. ჩვენი ზარალი ათობით მილიონია და ამას ვერ გავუძლებთ. სისტემის სტაბილურობა უკვე დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას“, _ განაცხადა მაშინ ბოცვაძემ და სემეკს სასამართლოზე ჩამოუგდო სიტყვა.

სემეკის თავმჯდომარე ირინა მილორავამ კი საპასუხოდ აღნიშნა, რომ რამდენიმე წლის წინათ კომპანია თვითღირებულებაზე ბევრად ძვირად ყიდდა ელექტროენერგიას და 2011-2013 წლებში კურსთაშორისმა სხვაობამ კომპანიებს დამატებითი შემოსავალი მისცა. სემეკის მეთოდოლოგია ითვალისწინებს, ეს თანხა დაბრუნდეს იგივე წესით, რა წესითაც ზარალი ანაზღაურდება.

ფაქტობრივად, „ენერგო პრო ჯორჯიას“ უთხრეს, რაც ადრე მოიგეთ, შეირგეთ კიდეცო. მაგრამ არ იყო ეს წინადადება სერიოზული და არც დენის იმპორტიორები არიან ის ჩიტები, ამ შეთავაზებას დაყაბულდნენ. ამიტომ ქვეყნის დატოვებაზე დაიწყეს საუბარი და რამდენიმე დღეში `სემეკმაც~ უკან დაიხია _ თბოელექტროსადგურებისთვის გაძვირებული ტარიფი დაადგინა. მანამდე კი ხელისუფლებამ ისევ სუბსიდიებზე ჩამოაგდო სიტყვა. ეს ისე, მოსახლეობის დასამშვიდებლად. მეხამრიდის როლი ენერგეტიკის მინისტრმა იკისრა: თუ სამომხმარებლო ტარიფის კორექტირება გარდაუვალი იქნება, მთავრობა სუბსიდირებაზე იმსჯელებსო, _ უკვე მერამდენედ განაცხადა კახი კალაძემ.

„მე არაერთხელ გამიკეთებია განცხადება, რომ არსებული სიტუაცია, დოლარის _ გამყარება მთელ მსოფლიოში _ საქართველოშიც აისახა ენერგოკომპანიებზე და მათ დიდი დარტყმა მიაყენა. რაც შეეხება სამომხმარებლო ტარიფს, ამაზე გადაწყვეტილება ჯერ არ არის მიღებული, თუმცა ვიცით, რომ განაცხადი ამ მიმართულებითაც გააკეთა „ენერგო პრო ჯორჯიამ“, „თელასმა“ და „კახეთის სადისტრიბუციო კომპანიამ“. დაველოდოთ მარეგულირებელი კომისიის გადაწყვეტილებას და ამის შემდეგ უფრო სწორი იქნება დასკვნების გამოტანა. თუ გარდაუვალია სამომხმარებლო ტარიფის კორექტირება, რა თქმა უნდა, მთავრობა იმსჯელებს სუბსიდირებაზე. ეს მიღებული პროცესია ნებისმიერ ქვეყანაში. მთლიანად სამომხმარებლო ტარიფის სუბსიდირება ძალიან მძიმე იქნება ბიუჯეტისთვის, განსაკუთრებით გრძელვადიან პერსპექტივაში, ამიტომ მაქსიმალურად მივიღებთ ისეთ გადაწყვეტილებას, რომ არც ბიუჯეტი დავაზიანოთ“, _ ეს კალაძის სიტყვებია. მოკლედ, მისასალმებელია, როცა ხელისუფლებაში მოსახლეობაზეც ზრუნავენ და ბიუჯეტზეც, მაგრამ კონკრეტულ შემთხვევაში არ გამოვა ასე _ ან ბიუჯეტმა უნდა იზარალოს, ან _ მოსახლეობამ. ყველაზე ცუდი კი ის არის, რომ მსგავსი მიდგომით ორივე ზარალობს, _ ბიუჯეტიც და მოსახლეობაც.

ერთი სიტყვით, დენის  იმპორტიორებისა და სემეკის ხანმოკლე დისკუსიები ამ უკანასკნელის უკან დახევით დამთავრდა. ყველაფერი კი, როგორც მოგახსენეთ, ლარის დევალვაციას დაბრალდა… მაგრამ მარტო გასაცოდავებულ ლარს რომ გადავაბრალოთ გაძვირებული დენი, შეიძლება გულუბრყვილობაშიც კი დაგვადანაშაულონ.

გულუბრყვილოთა ხვედრი კი მუდამ მოტყუებული ყოფნაა. მოკლედ, მარტო ლარს ვერ დავაბრალებთ დენის ტარიფის გაძვირებას. აქ სხვა ფაქტორებიც მუშაობს.

„ქრონიკა+“ სხვადასხვა ექსპერტის გამოკითხვის შედეგად გთავაზობთ რამდენიმე ასეთ ფაქტორს…

 

ირაკლი ცქიტიშვილი _ ექსპერტთა კლუბი“:

_ ვინც არ არის ჩახედული ენერგოტარიფების ფორმირების პოლიტიკაში, შეუძლია მხოლოდ იმ ფაქტორებით შეაფასოს მდგომარეობა, რაც საზოგადოებისთვის ცნობილია. მეც მათ შორის ვარ. ყველას კარგად გვახსოვს, რომ ახალი ხელისუფლება მოსვლისთანავე ცდილობდა ტარიფის დაწევას და მაქსიმუმ რაც შეძლო, ეს არის რამდენიმე თეთრით შემცირება. თანაც ეს მოხდა კომპანიების საინვესტიციო ვალდებულებების ხარჯზე, ანუ ფასი შემცირდა, ქსელების განვითარება და მათში ინვესტიცია კი შეწყდა. ეს სიტუაცია დიდ ხანს ვერ გაგრძელდებოდა. განსაკუთრებით, ლარის სერიოზული დევალვაციის ფონზე, ამიტომ ფასის ზრდა სრულიად ობიექტურ გარემოებად გამოიყურება.

_ პრობლემა მაშინ დაიწყო, როცა ვითომდა ტარიფი შეამცირეს?

_ ასე ჩანს. ეტყობა, პრობლემა არა გამანაწილებლები, არამედ ელექტროენერგიის გამომუშავებაა. სწორედ მისი ფასის ზრდა განაპირობებს გამანაწილებლებისთვის დამატებით ხარჯებს ელენერგიის შესყიდვასთან დაკავშირებით. შესაბამისად, საინტერესოა სწორედ ჰიდროელექტრო და სხვა სადგურების მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის ფასწარმოქმნაში ჩახედვა. სამწუხაროდ, ამაზე არანაირი ინფორმაცია ღია წყაროებში არ არის. სიტუაცია შემდეგია: გამანაწილებელს გაუძვირდა შესასყიდი ელექტროენერგია და ის ვალდებულია, ასწიოს სამომხმარებლო ტარიფი, რომ დაფაროს ხარჯები. წინააღმდეგ შემთხვევაში, მას მოუწევს ეკონომიის გაწევა ხარჯვით ნაწილში, რაც პირდაპირ აისახება როგორც მოწოდებული ენერგიის ხარისხზე, ასევე გრაფიკზე.

_ სახელმწიფოსგანაც ვერ იყო გამართლებული მიდგომის ფორმები.

_ ჩვენს ბაზარზე გამანაწილებლებს შორის კონკურენცია რომ არსებობდეს, ეს, გარკვეულწილად, დააბალანსებდა ფასწარმოქმნას, მაგრამ მონოპოლიურ სისტემაში მთავარი პასუხისმგებლობა ეკისრება ხელისუფლების მხრიდან რეგულირებას. შეუძლებელია, დააბრალო გამანაწილებელ კერძო კომპანიას, რომ მას რაც შეიძლება მეტი მოგების ნახვა უნდა. ის ამისთვისაა შექმნილი, რომ მეტი მოგება ნახოს, მაგრამ კონკურენცია კერძო კომპანიების ფინანსურ მადას აოკებს. ამიტომ მონოპოლიური სისტემის შემთხვევაში მთელი პასუხისმგებლობა ეკისრება სახელმწიფოს, რომელმაც უნდა არეგულიროს ფასწარმოქმნა და არ მისცეს საშუალება კერძო კომპანიას, თავისი მონოპოლური მდგომარეობა საზოგადოებისა და ხალხის დასათრგუნად გამოიყენოს. სწორედ ამიტომაც არის შექმნილი მარეგულირებელი კომისია. დამოკიდებულება ენერგოტარიფების ზრდასთან დაკავშირებით საზოგადოებაში განისაზღვრება მათი ხელისუფლებისადმი ნდობა-უნდობლობის საკითხით და არა კონკრეტული გათვლებით ფასწარმოქმნაში, რაც, სამწუხაროდ, საზოგადოებისთვის უცნობია და ეჭვებისა და ვარაუდებისთვის ძალიან დიდ სივრცეს ტოვებს…

გარკვეული ეჭვებიც არსებობს და სახელმწიფოს მხრიდან სწორი მოქმედების, ანუ კონკურენტუნარიანი გარემოს შექმნის შემთხვევაში ასეთ დღეში არ აღმოვჩნდებოდით. მით უმეტეს, აქ მარტო დენის გაძვირებაზე არ არის საუბარი. ყველამ კარგად  იცის, რომ დენის გაძვირებას ყველაფრის გაძვირება მოჰყვება.

 

არადა, კიდევ ერთი სპეციალისტი _ დემურ გიორხელიძე, მიიჩნევს, რომ ელექტროენერგიის გაძვირება არანაირ აუცილებლობას არ წარმოადგენდა. ლარის დევალვაციის მიუხედავადაც კი.

 

დემურ გიორხელიძე:

_ რაც პროგნოზირებადი იყო და საკმაოდ იოლად გასათვლელიც, იმიტომ რომ დიდ ინტერესებს უკავშირდებოდა და ამ ინტერესებს ხელისუფლებაში სერიოზული ლობი ჰყავს. ბოლოს და ბოლოს, ამის გამო შედეგს მიაღწიეს და ენერგოკომპანიებს გაეზარდათ ტარიფები, რისთვისაც არანაირი საფუძველი არ არსებობდა. ამიტომ ეს მოჩვენებითობა და ე. წ. მობილიზება მომსახურე ჯგუფებისა და თითქოსდა ენერგეტიკოსებისა, რომლებიც ტარიფის გაზრდის აუცილებლობაზე გვიჩიჩინებენ, იმისთვის არის, რომ გაამართლონ გაუმართლებელი გადაწყვეტილება, რომელიც კიდევ უფრო შეზღუდავს საქართველოს ეკონომიკას. ასევე ხელს შეუშლის საშუალო და მცირე ბიზნესის წარმოებას.

_ ბატონო დემურ, ვის ინტერესებში შედის გაძვირება?

_ შევარდნაძის დროიდან მოყოლებული ენერგეტიკა ყველაზე ბნელი სფეროა და ის ხალხი, ვინც მაშინ დააბნელა ქვეყანა, დღესაც სერიოზულ პოზიციებზე არის. მათ ძლიერი მფარველები და მხარდამჭერები ჰყავთ ხელისუფლებაში. სწორედ მათი ინტერესების გამოც მოხდა ამ ტარიფის ზრდა. ვიმეორებ: პროფესიული თვალსაზრისით ამის არანაირი საჭიროება არ იყო. ვერავინ ვერ დაასაბუთებს ამის აუცილებლობას.

თუ ლარის დევალვაცია რამეზე გავლენას ახდენს, მაშინ რატომ იყო საუბარი, ჯერ კიდევ, 2013 დასაწყისში, რომ არჩევნების წინ დათვლა შეგვეშალა და ახლა ტარიფები უნდა გავზარდოთო? ამის მერე მთელი ორი წლის მანძილზე რატომ საუბრობდნენ ტარიფის გაზრდაზე, მაშინ ხომ არ იყო ლარი დევალვირებული? დღეს კი გაჩნდა საბაბი გაუფასურებული ლარის სახით და იმ წუთშივე განახორციელეს ტარიფის გაზრდა. ეს კი ძალიან საზიანო გადაწყვეტილებაა!

_ შეგიძლიათ დაასახელოთ ის ადამიანები, რომლებიც ამ ყველაფრის უკან დგანან?

_ მე ჩემი ანალიტიკა და პოლიტიკური პასუხისმგებლობა მაძლევს საფუძველს, ინტეგრალური შეფასებები გავაკეთო და არ ვიყო გამომძიებელი კონკრეტული პირების მიმართ. ჩემი შეფასებები არ უკავშირდება კონკრეტულ პირს ხელისუფლებაში, თუ ელექტროსექტორში. მთავარია შედეგები, რომელზეც დიდი ხანია, ვსაუბრობთ და რომელიც ძალიან ცუდია.

_ რას გამოიწვევს გაძვირება?

_ ნახტომისებური ცვლილება ფასებისა არ იქნება, მაგრამ ნელ-ნელა რაღაცებზე მაინც მოიმატებს. თუ გავითვალისწინებთ, რომ ლარი არამყარია და შემოდგომაზე მაღალი ამპლიტუდით კიდევ დაიწყებს რყევას, მაშინ უნდა ვივარაუდოთ, რომ პროდუქციის თვითღირებულების გაზრდა რაღაც ფორმით ფასებზეც აისახება. ყველაზე მძიმედ კი ეს მაინც მცირე და საშუალო ბიზნესზე იმოქმედებს და ისედაც მწირ ეკონომიკას განვითარების საშუალებას არ მისცემს.

 

ემზარ ჯგერენაია _ ექსპერტი:

_ ეს გაძვირება გარდაუვალი იყო, რაც ჩაიდო ჯერ კიდევ მაშინ, როცა 2007 წელს რეფორმა დავიწყეთ და ბოლომდე არ მივიყვანეთ. ამის შედეგია ის, რომ დღეს საბაზრო მექანიზმები ნაკლებად მუშაობს და სოციალური ტარიფები შენარჩუნებული გვაქვს. მეორე კი გახლავთ ის, რომ ლარის გაუფასურებამ კიდევ უფრო გაამწვავა სიტუაცია და ასე მივიღეთ დღეს არსებული შედეგიც. დასკვნა: ის რაც მოხდა, გარდაუვალი იყო.

_ მაგრამ არსებობს მოსაზრება, რომ აქ იმ მაფიის ხელი ურევია, რომელმაც 90-იანებში დააბნელა საქართველო.

_ იცით, რა ხდება? რეალურად, ორი ნაწილია ამ ტარიფთან დაკავშირებით: ერთ ნაწილში გაზი ფიგურირებს და იმპორტირებული საწვავი, ხოლო მეორეა ფიქსირებული ნაწილი და ეს გახლავთ ლარის კურსთან დაკავშირებით, რომელიც ავტომატურად შეიცვალა. ამას არავითარი მეცნიერება არ სჭირდება. ჩვენი ყველაზე დიდი პრობლემა ის არის, რომ, საერთო ჯამში, 40% მოხმარებული ელექტროენერგიისა იმპორტირებულია რუსეთიდან!

_ იმპორტზე რომ ვართ დამოკიდებული, ხუდონჰესის აშენებაზე ახალი საუბრის დაწყებას ხომ არ ითვალისწინებს?

_ ეს საუბარი კი არა, რეალობაა. თუ გრაფიკს დააკვირდებით, ზამთრობით 70 პროცენტამდეც კი ადის იმპორტირებული დენის მოხმარება. ეს რეალობაა და თუ გვინდა არსებული სიტუაციიდან გამოსვლა, მაშინ თბოსადგურებზე არ უნდა გადავიტანოთ ყურადღება და ჰიდროელექტროსადგურები ვაწარმოოთ, რომელიც ბევრად იაფია. აქედან გამომდინარე, ხუდონჰესიც უნდა ავაშენოთ და კიდევ ბევრი სხვა ჰიდროელექტროსადგურიც…

 

აზრთა სხვადასხვაობის მიუხედავად, ყველა თანხმდება, რომ მარტო ლარის დადანაშაულება არაკეთილსინდისიერი საქმეა და ხელისუფლებისგანაც მინიმუმ უყურადღებობამ მაინც ითამაშა გადამწყვეტი როლი ტარიფის გაძვირებაში. ამას კი მარტო წინა ხელისუფლებას ვერ დავაბრალებთ. დღევანდელსაც სამი წელი ჰქონდა დარგში არსებული ხარვეზების გამოსასწორებლად. მიზეზი ისევ ფულის შოვნის სურვილში უნდა ვეძიოთ. ხუდონჰესის აშენებას მნიშვნელობა როგორ არ აქვს, მაგრამ სხვა პატარ-პატარა ჰესების აშენებაც შეიძლებოდა, რაც იმპორტზე ჩვენს დამოკიდებულებას შეამცირებდა. არც ეს პატარა ჰესები აშენებულა სამი ხელისუფლების ხელში. რატომ? იმიტომ, რომ იმპორტირებისას გაცილებით მეტი მოგება რჩებათ იმპორტიორებს, რომლებიც ხელისუფლების მფარველობაში იმყოფებიან და ჰესების აშენება მათ გეგმაში არ შედის(!!!).

 

                                                                                                       დავით დევიძე