ოკუპაცია და 41 ქოცური „თურმე“

htlm

ოკუპანტები კიდევ აქეთ გადმოცოცდნენ, შიდა ქართლის გულში, გადმოსწიეს საოკუპაციო ხაზი და დაგვიდგეს ტრაფარეტები. და თუ ამ ფაქტს აპროტესტებ და ხელისუფლებისგან რამენაირ რეაგირებას ითხოვ, თურმე, ომი გინდა! აი, სწორედ ესაა #1 და უმთავრესი ქოცური „თურმე“.

 

თურმე, ომი გინდა, თუკი ჰექტრობით ქართული მიწის დაკარგვასა და ამ ხელისუფლების მავნებლურ (დიახ, მავნებლური და არა, რატომღაც, „ნაციონალებისგან“ მოკრძალებულად მონათლული უნიათო!) პოლიტიკას აპროტესტებ, რაც სხვა არაფერია, თუ არა კაპიტულაცია, დათვისთვის ბაბაიას ძახილი! დემაგოგობენ და ინდაურებივით იფხორებიან, რომ, თურმე, ომი გვდომებია! ჯერ ერთი, პუტინმა და იმის ჯილაგმა იომა მათი სარდლობით, ომისკენ არავინ არავის მოუწოდებს! ამ ხელისუფლებამ იმაზე უნდა აგოს პასუხი, რაც მოიტანა მათმა სამწლიანმა „სამშვიდობო“ ლაქუცმა! რა „დაალაგეს“? რა შეცვალეს ფექვეშ გაგებით?

ხელად გაამარტივეს საქმე, _ ან ომი, ან კაპიტულანტური სრული უმოქმედობა! როცა ძლიერი მოძალადე ვინმეს აუპატიურებს, მსხვერპლს ფიზიკური წინააღმდეგობისა და უსიტყვოდ, ხელ-ფეხგაუნძრევლად დანებების გარდა, კიდევ აქვს ერთი გზა! _ ყვირილი, დიახ, ყვირილი! ამ ხელისუფლების ოპონენტები ითხოვდნენ სწორედ ყვირილს და არა ომს! ყვირილს საერთაშორისო საზოგადოების ყურადღების მისაქცევად, დასარამზად!

თურმე #2 – თურმე, „ტრუბები“ ღრმადაა. თურმე #3 _ თურმე, სულ რაღაც, 1500 მეტრი ახალი მილები ყოფილა ჩასაყრელი… ბაქო-სუფსის მილსადენი ოკუპანტების კონტროლქვეშ მოექცა და ნაცვლად იმისა, რომ ეს ფაქტი ქვეყნის საკეთილდღეოდ გამოეყენებინათ, თუნდაც, ამ კუთხით საერთაშორისო ყურადღება მიექციათ, რა მოვისმინეთ?! _ შს მინისტრმა დაგვამშვიდა, „ტრუბები“ ღრმადაა და არა მგონია, დაზიანდეს, თუ რამეა, გადმოვწევთო. ენერგეტიკის მინისტრი დგას და გვამშვიდებს: „ნიჩევო“, „ნიჩევო“, თუ პრობლემები იქნება, ახალ მილებს ჩავყრით, ალტერნატიული პროექტი უკვე მზად გვაქვს, სულ რაღაც, 1500-1600 მეტრის ახალი მილების გაკეთებაზეა საქმეო. თქვენ რა გგონიათ, „ტრუბის“ ბედი გვაღელვებს ჩვენ, თუ ჰექტრობით ქართული მიწის დაკარგვის?! ისე აგერიათ რამსები, ვეღარ გაგირკვევიათ, საქართველოს ელაპარაკებით თუ „ბრიტიშ პეტროლიუმს“?

თურმე #4 _ თურმე, განსაკუთრებული არაფერი მომხდარა _ ასე გვიბრძანა თავდაცვის მინისტრმა! ეს მცოცავი ანექსია 2008 წლიდან ხდება, 2 კილომეტრს გადმოსწევენ საზღვარს, თუ 20 მეტრით გადმოიწევიან, ეს ძალიან ცუდია, მაგრამ იმავე ხაზის გაგრძელებააო. და რატომ გრძელდება ეგ ხაზი, მერე? აკი, დაალაგეთ რუსეთთან საქმე? თქვენ ვინმე გთხოვთ პასუხს, რაც სხვის დროს დაიკარგა? თქვენ იმაზე გთხოვენ პასუხს, რომ თქვენ ხელში თითქმის იგივე დაიკარგა მშვიდობაში _ მაგ ცოცვა-ცოცვით, რაც ომის დროს 2008-ში!

თურმე #5 _ თურმე, ბესელია რუსეთიდან პოზიტიურ სიგნალებს ხედავს… დიახ, ასე თქვა, კი არ ესმის სიგნალები, ხედავს… არ ვიცი, ვინ უპიპინებს, მაგრამ სწორედ მაშინ, როცა ქვეყანა, ლამის, შუაზე გაწყვიტეს (შეგახსენებთ, ცენტრალურ მაგისტრალთან ოკუპანტები ნახევარ კილომეტრში დგანან…), ბესელიამ გვიბრძანა, _ დიახ, მთავრობის პოლიტიკა სწორია, რუსეთთან ურთიერთობაში დავინახეთ პოზიტიური სიგნალები _ სამოქალაქო, სავაჭრო და სხვა მიმართულებითო. ეს პროვოკაციები, კიდევ, შენ ხარ ჩემი ბიძინა, თურმე, შიგადაშიგ ყოფილა. აბა, ეს შიგადაშიგ პროვოკაციები რა სუფრასთან მოსატანია, როცა აგერ რუსულ ბაზარზე ნიახური გაგვაქვს, ქინძი და, შენ წარმოიდგინე, კამაც!

თურმე #6 _ თურმე, ამ მიწებს ისედაც ვერ ვაკონტროლებდით და რუსებს ახლა „პროსტა“ ბანერები დაუდგამთ _ დიახ, ზუსტად ასე ბრძანა პრემიერმა ღარიბაშვილმა. „ის ფაქტი, რომ ეს ტერიტორია მოქცეული იყო, ასე ვთქვათ, ოკუპანტების გავლენის ქვეშ და ეს ტერიტორია არ იყო ჩვენი კონტროლის ქვეშ, მე მგონი, ყველასთვის ცნობილია. ბანერების დადგმა შეიძლება შეფასდეს, როგორც პროვოკაცია…“

თურმე #7 _ თურმე, ნუ იტყვით და, თუ პრემიერს ვერწმუნებით, არც აჟიოტაჟია საჭირო, არც _ პანიკა. თურმე, იციან, რასაც აკეთებენ! გესმით?! ნაცვლად იმისა, რომ თვითონ ტეხდნენ აჟიოტაჟს, მსოფლიო არხებზე საინფორმაციო გამოშვებებში მოხვედრისკენ ილტვოდნენ, საერთაშორისო ტრიბუნებისკენ იწევდნენ, აქეთ ჩვენ მოგვიწოდებენ, _ ხმა, კრინტი, გაისუსეთო! აგერ, აბაშიძე კარასინს შეხვდება და იქ ილაპარაკებენო.

თურმე #8 _ ზაქარეიშვილს რომ ჰკითხო, თურმე, ეს გადმოწევა კანონის ფარგლებში ჯდება. კიო, აშკარად გადმოწევას აქვს ადგილიო, ბანერი ერთ ადგილას იყო და ახლა წინაა გადმოწეულიო, მაგრამ ეს მაინც იმ კანონის ფარგლებში ჯდება, რომელიც წინა ხელისუფლებამ მიიღოო…

თურმე #9 _ თურმე, ზაქარეიშვილს მინიმუმამდე დაუყვანია ზარალი. ჩვენ, კიდევ, ბანერებზე ვწუწუნებდით. რომ გვმოძღვრავს კიდეც: გაიხედეთ, უკრაინაში რა ხდება, ხალხი იხოცება, ჩვენთან არც სამშვიდობო ძალები დგას, არც ხალხი იხოცება, მარტო ეს მავთულხლართები და ბანერებიაო…

თურმე #10 _ აბაშიძე-კარასინის ფორმატი ამართლებს… ამ ფონზე რომ ამას გეტყვიან, გინდა, ცერცვი შეაყარე ამ მთავრობას და გინდა, სტაფილო ესროლე! დიახ, ზუსტად ასე მოგვახსენა ბატონმა აბაშინმა, _ რა გინდათ, ვერ გავიგე, რომელ ნაწილში არ გაამართლა ფორმატმა, სატრანსპორტო კომუნიკაციები არ აღდგა, თუ ბაზარზე ექსპორტიო? ისევ პიტნა-ბოლოკ-ტარხუნა! მიწებს ვკარგავთ და რა მეპრას-მეპიტნა-ტარხუნება?

ხელისუფლება კი მოუწოდებდა მოსახლეობას, გაიტრუნეთ, მოდუნდით და გვეამებაო, მაგრამ ჟურნალისტები არ მოდუნდნენ, წავიდნენ, მოთხარეს მტრის დარჭობილი ტრაფარეტი და სანაგვეზე გაჰქნიეს და რა მოჰყვა ამ ყველაფერს?

თურმე #11 _ ჟურნალისტები რუსეთის პროვოკაციაზე წამოეგენ და რუსეთის წისქვილზე დაასხეს წყალი… დიახ, ასე ბრძანა თვით პაატა ზაქარეიშვილმა! მოდი და ნუ ახარხარდები გაგიჟებული ფატიმასავით (კინოფილმი „ფატიმა“ გაიხსენეთ), ზაქარეიშვილი რომ ვინმეს რუსეთის წისქვილზე წყლის დასხმაში „ამხელს“…

თურმე #12 _ თურმე, ჟურნალისტებმა ზღვარი დაკარგეს და, თურმე, ჟურნალისტებს სამოქალაქო აქტივობის უფლება არ აქვთ! თურმე, ამ პროფესიაში რომ მოდიხარ, უნდა დაიკიდო პატრიოტული გრძნობები და, თურმე, სტერილურად აშუქო მოვლენები! თუ მაინცდამაინც ხვანცალი და პროტესტი გინდა, აპროტესტო შენი შრომითი უფლებები, თეფშები და „პოდნოსები“, და შენს სამშობლოს რომ შუაზე გლეჯენ, მტრის დარჭობილ ტრაფერტს კი არამც და არამც არ უნდა გაეკარო!

თურმე #13 _ თურმე, რაც ჟურნალისტებმა ქნეს, პროვოკაცია ყოფილა _ აი, ეს ბრძანა კარასინმა, ღარიბაშვილი რომ გვეუბნებოდა, აბაშინი კარასინს შეხვდება და გაირკვევა ყველაფერიო. აი, ეს გაარკვიეს.

თურმე #14 _ თურმე, `პროვოკატორები~ დასასჯელებიც კი ყოფილან. აბა, ჰე, მიდექ-მოდექით, „ქოცებო“, დაიჭირეთ ნანუკა ჟორჟოლიანი, გოჩა მირცხულავა, რუსუდან ნიკურაძე, ლაშა ბერულავა და ყველა ჟურნალისტი, ვინც ტრაფარეტი მოთხარა, დაიჭირეთ, თორემ, კარასინს ეწყინება და  ჩაგვილპა „პეტრუშკა“… აგერ, ოსებმა საქმე აღძრეს და გადაეცით ჟურნალისტები! ან მიწა რა ოხრად გვინდა, ან მედია, თუ ნიახური ოხრად დაგვრჩა?

თურმე #15 _ კარასინმა დაგვიბარა, თურმე, არ უნდა მივმართოთ საჯარო დემონსტრაციებსო! ზუსტად ისე, როგორც მოძალადე პანორამის ქვეშ გაგდებულ მსხვერპლს აჩუმებს, ჩუმადო, ისე გვაჩუმებს აბაშინის „ნაპარნიკი“…

თურმე #16 _ ან რა გვაყვირებს, რა გვედემონსტრაციება, აგერ, პაატა გვეუბნება, ზაქარეიშვილი, _ თურმე, რუსეთი შავ დღეში გვყავს, რუსეთს ბანერებისა და მავთულხლართების აქეთ-იქით ტარების გარდა, არაფერი დარჩენიაო. გაგვიმარჯვია და ვერ გაგვიგია!

თურმე #17 _ თურმე, სისწრაფეში ხარისხი არ ყოფილა! ასე ბრძანა მანანიე კობახიძემ და ბიურომ „ნაციონალების“ მიერ წარდგენილი რეზოლუციის პროექტი არ მიიღო. რეზოლუციის მიღებაც ომია? თუ კარასინმა ეგეც აგიკრძალათ?

თურმე #18 _ არაფერი რეზოლუცია მისაღები არაა, რადგან: თურმე, საზღვრის გადმოწევა არ მომხდარა, თურმე, კანონში გვწერებია, რომ ე. წ. სამხრეთ ოსეთის ოლქი ოკუპირებულია და იქ ხდება ეს. ზაქარეიშვილის დემაგოგიას გაშმაგებით იმეორებს დავით ბერძენიშვილიც. ხურვალეთი არასოდეს შედიოდა ე. წ სამხრეთ ოსეთში! არც წითელუბანი! არავის უთქვამს, რომ ორჭოსანში დადგეს ბანერი! ლაპარაკი იყო ორჭოსანის მიმდებარე ტერიტორიაზე! ანუ გამოსცდნენ ორჭოსანს, რომელიც ახალგორის რაიონი იყო!

თურმე #19 _ თურმე, ნუ იტყვით და აბაშინ-კარასინი ჩვენზე ზრუნავენ და რუსეთი საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის შემსუბუქებას განიხილავს! თურმე, უნდა შევხტეთ და შევკუნტრუშდეთ სიხარულისგან! თქვე კაი ხალხო, ეგენი ისეთი სისწრაფით იწევენ წინ, სადაცაა, მთელი საქართველო რუსეთის კლანჭებში აღმოჩნდება და, საერთოდ, რომელ სავიზო რეჟიმზე და იმის შემსუბუქებაზე გველაპარაკებით?

თურმე #20 _ თურმე, აბაშინ-კარასინს ზოგიერთი ახალი სახეობის ქართული პროდუქციის რუსულ ბაზარზე დაშვების საკითხიც განუხილავთ. ალბათ, ღოღნოშოს გავიტანთ…

თურმე #21 _ თურმე, ხელისუფლების სიფრთხილე ოპოზიციამ სისუსტედ არ უნდა შეაფასოს! დიახ, ასე ბრძანა შუაშისტების ქალღმერთმა! კლასიკურმა „ქოცმა“ კი არა, შუაშისტებისგან ქებულმა თამარ კორძაიამ. თურმე, გმირობად უნდა ჩავუთვალოთ, რომ ომი არ ატეხეს! ომს ვინ ჩივის, არავის რომ არ გააგებინეს, რომ არ გააბაზრეს! აშშ-ს ელჩმაც კი მედიიდან გაიგო ეს ამბავი!

თურმე #22 _ თურმე, ბატონ ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა, რომ სწორი, კონსტრუქციული პოლიტიკის წარმოება დაგვიწყია _ ასე გვიბრძანა პრემიერმა ღარიბაშვილმა და კიდევ ერთხელ გაგვიმეორა, რომ ყველაფერი „ნაცების“ და სააკაშვილის ბრალია, რომ, თურმე, (თურმე #23) მათ მიუღწევიათ დეესკალაციისთვის, რომ თურმე (თურმე #24) პრობლემებს ჭკვიანური პოლიტიკით უნდა გავუმკლავდეთ და არა უპასუხისმგებლო, ემოციური, გაუაზრებელი ყვირილითა და ხმაურით…. მოკლედ, რაც კარასინმა დაგვიბარა, ეს გვიმეორებს, გვაზუთხინებს…

თურმე #25 _ თურმე, საქართველოს დროშა დაუკეცავთ. ასე დაგვამშვიდა შს მინისტრმა, როცა ოკუპანტებმა მოთხრილი ბანერის ადგილას ჟურნალისტების მიერ აღმართული  საქართველოს დროშა ჩამოგლიჯეს. დაკეცეს დროშა და წაიღესო. არ ვიცი, რატომ წაიღეს? სად წაიღეს? ახლა იქ არავინ არ არისო, სულ ყველა გავიდაო. რუსი სამხედროები იყვნენ, სავარაუდოდო… უი, არადა, მე ბრიტანელი სამხედროები მეგონენ. აი, თურმე, რატომ უნდა უსმინო გომელაურს, უზუსტეს ცნობებს მოგაწვდის…

მაგრამ გომელაური მონაგონია თავის მოადგილე თალაკვაძესთან, გამოვიდა და დაფქვა ყველაფერი, თურმე (თურმე #26), საქართველოს არ შესწევს ძალა, რომ დაუპირისპირდეს და ძალით აღკვეთოს სუვერენიტეტის ხელყოფაო… აი, რა უნდა თქვა? იმ მოღალატემ მეტი კი არაფერი აცნობა მტერს _ მეფე ერეკლეს მეზარბაზნეები არ ჰყავსო…

კარასინმა კი ბრძანა, დემონსტრაციები არ გინდათო, ღარიბაშვილმაც გაიმეორა არაერთგზის, _ ყვირილი არ გინდათო, მაგრამ კანცელარიასთან მაინც გაიმართა STOP RUSSIA! გაიმართა აქცია და… „ტუფლებიდან“ ისკუპა ღარიბაშვილმა.

თურმე #27 _ თურმე კანცელარიასთან, სულ რაღაც, 500 კაცი მოგროვილა! ვერ ისწავლეს თვლა და მე კიდე ჭკუა, რომ ეს არ მოვთხოვო _ 6 ცალი ვეფხვი ვერ დაითვალეს და ესენი ათასებს დაითვლიან?

თურმე #28 _ თურმე, კანცელარიასთან უსაქმურები შეკრებილან! ვერაფერს იტყვი, პრემიერ-ლოღიკაა: „უკუეთუ არა ემსახურო ბატონბიძინას, უსაქმურ ხარ“…

თურმე #29 _ თურმე, ჩვენ ვყოფილვართ სახელმწიფო, რომელიც „ნაციონალებსაც“ კი ვაძლევთ აქციის ჩატარების უფლებას და ვიცავთ მათ… თურმე, დაცვაა, სცენას რომ არ ადგმევინებ, მერე პროდიუსერს რომ დაუჭერ, მერე                „ვაბშემც“ სცენას რომ გაიტაცებ…

თურმე #30 _ თურმე, ნუ იტყვით და, ასეთი აქცია ღარიბაშვილისთვის ჩვეულებრივი მოვლენა ყოფილა „500 კაცი იქნება თუ 50 კაცი, შეუძლიათ, შეიკრიბონ და რაც უნდათ, ის აპროტესტონ“. დიახ, პრემიერო, აქცია ჩვეულებრივი მოვლენაა, მაგრამ თქვენი რეაქცია და მტრის გამოქომაგება ასე ისტერიულად ნამდვილად არ არის ჩვეულებრივი მოვლენა ნორმალურ სახელმწიფოში…

თურმე #31 _ თურმე, ჩერგოლეიშვილი ცნობილი სახე არ ყოფილა! კი, ზუსტად ასე ბრძანა, უფრო სწორად, შეიცხადა: „ვინ ცნობილი სახეები იყვნენ? არ ვიცი, შეიძლება, თქვენ დაუძახოთ ჩერგოლეიშვილს და სხვებს ცნობილი სახეები“. რა ქნას ახლა? მისთვის ცნობილი სახე მხოლოდ გივი ბერიკაშვილია, ის ჰყავს ნანახი ბატონ ბიძინასთან სუფრაზე და ჩერგო თავისი „სპიჩით“ გივისთან და გივის სადღეგრძელოებთან, აბა, რას მოვა? ბატონო პრემიერო, სხვა თუ არავინ გეცნოთ, აქციაზე თქვენს „ნათლიას“, ირინა სარიშვილს მაინც ვერ მოჰკარით თვალი, გაგახსენოთ, რა დაგარქვათ? ან ირინა რას მოვა გივისთან? გივიმ, კიდე, თურმე (თურმე #32), რუსეთთან კი არ უნდა ვიჭიდაოთ, ბაბაია უნდა დავუძახოთო. ჰოდა, კიდევ, თურმე (თურმე #33), „ნაცარქექია“ უნდა ვიკითხოთ დილა-საღამოს…

მარტო გივი კი არა, აგერ გოგია თოფაძეც გვმოძღვრავს, რომ, თურმე (თურმე #34): „ჩვენი წინაპრები რუსებს კი არ ეომებოდნენ, ეფერებოდნენ და ამიტომ გადავრჩით“… აქამდე ეს კაცი გვიმტკიცებდა, მრეწველობა გადაარჩენს საქართველოსო. თურმე (თურმე #35), ამის მრეწველობა რუსეთთან ფერება ყოფილა… მისმა „თანამრეწველმა“ რეწვა გააძლიერა და, თურმე (თურმე #36), ნუ იტყვით და, რეფერენდუმი უნდა გავმართოთ, _ ნატო გვინდა თუ რუსეთი? საქართველომ დამოუკიდებლობა რეფერენდუმის შედეგებზე დაყრდნობით გამოაცხადა! ნატოში შესვლაზე გაიმართა პლებისციტი და 77%-მა მხარი დაუჭირა ნატოში გაწევრიანებას. ახლა რა გინდათ, მანამდე უნდა იფანდუროთ და ირეფერენდუმოთ, სანამ თავს რუსეთში არ გაგვაყოფინებთ?

რეფერენდუმი არა, მაგრამ ფანდური არ გინდათ? თუ მაინცდამაინც ბალალაიკაზე გიყვართ ჩამოკვრა?

თურმე #37 _ თურმე, ნუ იტყვით და, საოკუპაციო საზღვრის გადმოწევა კოსმოსიდან წამოსული ნეგატიური ენერგიის ბრალი ყოფილა! ცაგარელმა თქვა, წყალი არ გაუვა! აბაა!.. არც ჩვენი ხელისუფლების უნიათობის ბრალი ყოფილა, არც პუტინის…

მაგრამ ასტროლოგი ცაგარელი რას მოვა ასტრალში გაჭრილ „ქოცებთან“, რომელთა მტკიცებით, თურმე (თურმე #38), ყველაფერი ანდრო ბარნოვის ბრალი ყოფილა, პოლიციელებს რომ ეჩხუბა. აი, ასთე! მნიშვნელობა არა აქვს, როდის იჩხუბებ, ბანერის დადგმაც უკანა რიცხვით შენი ბრალი იქნება და ოდესამდე „ტუნელის“ გათხრაც…

და მაინც, ვერავინ მოვა ზაქარეიშვილთან… თურმე (თურმე #39), უფალი უნდა ვადიდოთ, რომ დღეს ხელისუფლებაში `ნაციონალები~ არ არიან, რომ, თურმე (თურმე #40), „დღეს არ ვიცი, თბილისში რა შეიძლებოდა მომხდარიყო _ ის, რაც ხედებოდა 2008 წლის აგვისტოში“… გაიგეთ, მთავარი თბილისია, მთავარია, აქ არ დადგან ბანერები… ხელისუფლება ზაქარეიშვილის სამეტყველო აპარატით გვამადლის, რომ ომი არ ატეხა, რომ  ბანერ-მავთულხლართებზე ჩაციკლა რუსეთი და აიცილა ის, რაც ვერ აიცილა ვერც გამსახურდიამ, ვერც შევარდნაძემ და ვერც სააკაშვილმა. თურმე (თურმე #41…), სამი წელია, კბილებით აჩერებენ და არ უშვებენ ომს… ომი არავის უნდა! განგაშს და საერთაშორისო საზოგადოების დარაზმვას ვითხოვთ და თუ ამის თავიც არ გაქვთ, ეგ ძლევამოსილი, ომისშემჩერებელი კბილები ხომ გაქვთ? ჰოდა, დააჭირეთ მაინც ენას და ამდენ სისულელეს ნუღა იბჟუტურებთ…