აფხაზურ-ოსური ფორუმები და მუქარა საქართველოს: „უნდა ვესროლოთ, აბა, რა უნდა ვქნათ?“

nars

ბანერის ამოღებაზეც, მის შემდგომ განვითარებულ მოვლენებზეც, ხელისუფლების წარმომადგენელთა კომენტარებზე ბევრი ითქვა და დაიწერა, ამ წერილში კი, ძირითადად, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობის იმ ნაწილის დამოკიდებულებას მიმოვიხილავთ, რომლებსაც ჯერაც მიუწვდებათ ინტერნეტზე ხელი და რომლებიც ინციდენტს ფორუმებზე განიხილავდნენ.

პირველ რიგში, აფხაზურ და ოსურ ფორუმებზე, სადაც ურთიერთობა, ძირითადად, რუსულად მიმდინარეობს და ძნელი წასაკითხი არ არის, ვინ რა აზრისაა. ყველაზე მეტს იმაზე წუხდნენ, რომ საქართველო, რომელიც უარს ამბობს, საზღვრების დადგენის კომისია შექმნას და ხაზის გავლება ოსურ მხარესთან ერთად დაიწყოს, პროვოკაციებს აწყობს „სახელმწიფო საზღვართან“. ფორუმებზე ხაზგასმით ცხადდება, რომ ქართული მხარე ამ პირობაზე არ მიდის არც ამჟამინდელი ხელისუფლების პირობებში და უარს ამბობდა წინა ხელისუფლების დროსაც. ფორუმელების თქმით, ეს ხალხის რისხვის შიშითაა გამოწვეული:

„ერთი მხრივ, სახეზეა ფაქტი, რომ ამჟამინდელი ხელისუფლება საქართველოში ნამდვილად არაა ომის ხელისუფლება და ამჯობინებს, სიტუაცია არ დაძაბოს, მაგრამ, მეორე მხრივ, საზღვრების შესახებ მოლაპარაკებაზე ისიც არ მოდის. რატომ? იმიტომ, რომ ხალხის გამოსვლის ეშინია. თქვენ მიგაჩნიათ, რომ ხვალ თბილისი ჩვენთან ამ თემაზე მოლაპარაკებაზე რომ დაჯდეს, ხალხი ქუჩაში გამოვა? კი, გამოვა, მაგრამ ძალიან ცოტა _ მობეზრდათ ქართველებს ქუჩაში დგომა, ისინი ზარმაცი ხალხია, ფიქრობენ, რომ ოსეთი მაინც დაკარგული აქვთ და ჩვენ გამო ქვას არ შეუშვერენ თავს… ამიტომ, აჯობებს, საქართველოს ხელისუფლებაზე ჩვენებმაც და რუსებმაც ზეწოლა გააძლიერონ, დაარწმუნონ, რომ საზღვრების დადგენა დამოუკიდებლობის აღიარება არ არის და დასვან მაგიდასთან, წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ საზღვარზე მუდმივად გვექნება ბომბი _ ხან ჟურნალისტები მივლენ, ხან დიპლომატები, ხან სტუდენტები და ერთ დღესაც რომ შეგროვდნენ უიარაღოდ ათი ათასამდე, დაიძრან მავთულხლართებისკენ, გადათელონ და წამოვიდნენ, რას ვიზამთ, ვესვრით უიარაღო ხალხს? კი, ბატონო, ვთქვათ, ვესროლეთ, მერე? საერთაშორისო არენაზე სამუდამოდ მოგვეჭრება თავი…“, _ წერს ფორუმელი ნიკით „ალან“.

„ალანს“ ეპასუხება „ჰუსარი“ და სიფრთხილეს უწუნებს: „უნდა ვესროლოთ, აბა, რა უნდა ვქნათ? ამერიკელები არ ესვრიან სირიელ დევნილებს, ვთქვათ, მათი საზღვრები რომ გადალახონ ქალებმა და ბავშვებმა? არ უსვრიათ თუ რა? ჩვენ რატომ არ უნდა ვესროლოთ? ჯერ ერთი, ვინაა მაგდენი ხალხის მომგროვებელი თბილისში? ვის წამოიყვანს საზღვარზე, ისინი მხოლოდ ორი საათით არიან ყოჩაღები, პატრიოტიზმი შემოუტევთ და გამორბიან, მერე ისევ უკან გარბიან, სად გინახავს პერმანენტული აქციები მანდ? ეგენი მოაგროვებენ ახლა 10.000 კაცს თუნდაც? შანსი არაა… თანაც, ხომ ხედავ, არც პოლიცია აძლევს ნებას _ ერთმანეთს დაერივნენ, ხელისუფლებაც გაიძახის, პროვოკატორები არიან, ჩვენ ვალაგებთ და ესენი ურევენო…“, _ წერს ის.

რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, აფხაზური ფორუმები ამ თემებზე არათუ ოსურ ფორუმებზე ნაკლებად, მეტადაც კი აქტიურობენ. ზუსტად ასე იყო 2008 წლის აგვისტომდე _ აფხაზური და ოსური ფორუმები დიდი აქტივობით გამოირჩეოდნენ, ფორუმებზე სცენარიც კი დაიდო და როგორც მოვლენების შემდგომმა განვითარებამ აჩვენა, რუსეთ-საქართველოს ომი სწორედ იმ სცენარის მიხედვით წარიმართა, თუმცა ომის შემდეგ შეუძლებელი გახდა იმ გეგმის მოძებნა, რომელიც მაშინ ერთ-ერთმა იუზერმა გამოაქვეყნა _ მან ყველა გვერდი წაშალა, სადაც გეგმა გამოაქვეყნა.

აღსანიშნავია, რომ საკმაოზე მეტად აქტიურობენ ქალი-იუზერები ან, უბრალოდ, ქალებად რეგისტრირებული ინტერნეტმომხმარებლები. საინტერესოა ისიც, რომ ხურვალეთი-ორჭოსანის ინციდენტებისთანავე, საღამოს, დაანონსდა მეორე დღეს რუსი სამხედროების, ამჯერად არტილერისტების ფართომასშტაბიანი სწავლება და ეს ჯერ კიდევ მაშინ, როცა პრესაში არანაირი ინფორმაცია არ არსებობდა. ეს ფაქტი კიდევ ერთხელ მიანიშნებს იმაზე, რომ ფორუმები რუსული პროპაგანდის მთავარი იარაღია და ზოგჯერ იქ პირდაპირ ფსბ-შნიკები პოსტავენ, რომლებიც, სავარაუდოდ, ფორუმის მკითხველ შესაძლო ქართველებში პანიკის დათესას ესწრაფიან _ პანიკა ხომ მთავარი იარაღია მტრის ხელში.

ისიც უნდა ითქვას, რომ ჟურნალისტების აქციის შესახებ ოსურ ფორუმებზე, ჯერ კიდევ, 13 ივლისს საღამოს (აქცია 14 ივლისს გაიმართა) იცოდნენ: იცოდნენ კონკრეტული დრო, საათი და ადგილი, და ეს მაშინ, როცა აქცია ჟურნალისტთა დახურულ ჯგუფში, „ფეისბუქზე“ დაიგეგმა და გარეთ მხოლოდ რამდენიმე ადამიანმა გაიზიარა. ვერ დავიჟინებ, რომ ოსურ ფორუმებზე ინფორმაცია აქციის შესახებ „ფეისბუქზე“ საჯაროდ გაზიარებიდან არ მოხვედრილა, მაგრამ თუ ასე იყო და ამბავმა დახურული ჯგუფიდან გაჟონა, ეს მხოლოდ იმაზე მეტყველებს, რომ მედიაში უამრავია ადამიანი, რომელიც წმინდანად გვაჩვენებს თავს და სინამდვილეში კი პრორუსულად განწყობილი, საქართველოზე, რატომღაც, დაბოღმილი ჩვეულებრივი მეხუთეკოლონელია…

დოროთე გითოლენდია