„ბატონო პრემიერო! სახლში დაბრუნება მინდა…“

be

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, ამას წინათ განაცხადა, რომ ვერ წარმოუდგენია ემიგრანტი, რომელიც 2-3 წელი არ ჩამოდის სამშობლოში.

ყველას ღარიბაანთ ბიჭის იღბალი როდი აქვს, ერთი ვერტმფრენის სარფიანად შეძენის გამო, როგორც ვასიკო ოდიშვილი ამბობს, პრემიეროვიჩი გახდეს.

 

დღეს „ქრონიკა+“ ერთ ძალიან ნიჭიერ ქართველ ახალგაზრდაზე მოგითხრობთ, რომელიც უმაღლეს მუსიკალურ განათლებას უცხოეთში იღებს და სამშობლოში დაბრუნება ძალიან უნდა, მაგრამ ამის იმედი არ აქვს.

ილია ინაიშვილი უკრაინის პეტრე ჩაიკოვსკის სახელობის ეროვნული მუსიკალური აკადემიის საოპერო-სიმფონიური დირიჟორების ფაკულტეტის ასისტენტ-სტაჟიორია. წელს ნოემბერში ამთავრებს. სწავლის პერიოდი მუშაობის სამი წლის სტაჟად ეთვლება. სწავლას ნოემბერში ამთავრებს, თუმცა 10 სექტემბრამდე 7500 დოლარი აქვს გადასახდელი, წინააღმდეგ შემთხვევაში, სტაჟიც ეკარგება, ის წლებიც და თანხაც, რაც აქამდე გადაიხადა.

 

_ მიმართეთ ვინმეს დახმარებისთვის?

_ ვისაც გინდათ. შეხვედრას როგორ მოვახერხებდი, მაგრამ სოციალური ქსელით მივმართე ირაკლი ღარიბაშვილს, კახი კალაძეს, ბერა ივანიშვილს, მაგრამ არავინ გამომხმაურებია.

მივმართე საქართველის კულტურის სამინისტროს, აჭარის ა/რ კულტურის სამინისტროს. იქიდანაც ვერაფერს დამპირდნენ. განმიმარტეს, რომ პოსტსაბჭოთა სივრცეში სწავლების დაფინანსება სამინისტროსთვის პრიორიტეტული არ არის.

გასულ წელს მსგავსი პრობლემა რომ მქონდა, ჩემმა მეგობრებმა და ლექტორებმა შემიკრიბეს თანხა და კონსერვატორიიდან გარიცხვას გადამარჩინეს,

წელს კი რა იქნება, არ ვიცი. ალბათ, ისევ მეგობრები დამეხმარებიან.

_ რას აპირებთ დამთავრების შემდეგ?

_ დამთავრებისაც მეშინია, რადგან ძალიან მინდა სამშობლოში დაბრუნება, მაგრამ, როგორც ვხედავ, აქ ჩემი ადგილი არ არის. ბათუმის კულტურის ცენტრთან მქონდა 6-თვიანი ხელშეკრულება გაფორმებული და ისიც გამიუქმეს.

ჩემი საკონცერტო და საოპერო ჩანაწერები გავაგზავნე თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში. ბათუმის მუსიკალურ ცენტრში ისედაც იციან ჩემი შესაძლებლობები, მაგრამ არსაიდან დაინტერესებაც კი არ დამინახავს.

_ მიხეილ სააკაშვილისთვის ხომ არ მიგიმართავთ? ის უკრაინაშია და თან ოდესას საოპერო თეატრი აქვს.

_ არა, რადგან მინდა, სამშობლოში დავბრუნდე და ის, რაც ვისწავლე და შევიძინე, ჩემი ქვეყნის კულტურის განვითარებას მოვახმარო.

სხვათა შორის, მიუხედავად იმისა, რომ ჩემი ოჯახის წევრები `ნაციონალების~ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ პოლიტიკური ნიშნით სამსახურებიდან დაითხოვეს და სახლში დასვეს, სწავლების ერთი სემესტრი აჭარის მაშინდელმა მთავრობის თავმჯდომარემ დამიფინანსა.

ამ ხელისუფლებას, როგორც ჩანს, სხვა პრიორიტეტები აქვს.

გასული წლის ოქტომბერში უკრაინის მხარდასაჭერად თბილისში, ქარვასლაში უკრაინის დღეები გაიმართა. ამ დღეების პროგრამაში ჩართული იყო სიმფონიური მუსიკის კონცერტიც, რომელსაც მე ვდირიჟორობდი.

საერთოდ, როგორც ჩანს, ახალ კადრებს ყველგან უფრთხიან, თუმცა ახალი სისხლი, ახალი ხედვებია საჭირო და აუცილებელიც კი.

მე არ ვაპირებ ჩემს კოლეგებთან დაპირისპირებას, მაგრამ ამ სფეროში ყველაფერი რიგზე ნამდვილად არ არის, ბათუმის მუსიკალურ ცენტრს ვგულისხმობ.

ამ ცენტრის შენობის უკან მატარებლის ლიანდაგი გადის. უნდა ნახოთ, კედლები როგორ ზანზარებს, როცა მატარებელი გაივლის და თან იქვე ახლა რკინიგზის სადგური გაიხსნა. წარმომიდგენია ჩემი კოლეგების მდგომარეობა.

უკეთესი ორგანიზებულობისა და მართვის პირობებში, შესაძლებელია, ბათუმის სიმფონიური ორკესტრი ერთ-ერთი საუკეთესო იყოს ქვეყანაში.

_ ხშირად დირიჟორობთ კიევში?

_ ორწელიწადნახევარში 47 სპექტაკლს ვუდირიჟორე, მათ შორის, ჩაიკოვსკის „იოლანტას“, „ევგენი ონეგინს“, ვერდის „ტრავიატას“, ლისენკოს „ნატალკა-პოლტავკას“ და სხვებს.

_ რისი თქმა გსურთ თანამემამულეებისთვის?

_ ბატონო პრემიერო! სახლში დაბრუნება მინდა, სამშობლოსთვის სამსახური მინდა, მომეცით ამის საშუალება…

 

„ქრონიკა+“ დაუკავშირდა აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრს, გიორგი თავამაიშვილს და აჭარის მუსიკალური ცენტრის დირექტორის მოადგილეს, ქეთევან მანელიშვილს:

_ ბატონო გიორგი, განათლების სამინისტროს მიერ უცხოეთში დაფინანსებულ პროგრამებში რატომ ვერ მოხვდა ილია ინაიშვილი?

_ ჩვენ უფრო სამაგისტრო პროგრამებს ვაფინანსებთ და სხვა პრიორიტეტულ დარგებს. თუმცა ილია ინაიშვილს მთავრობა მაინც დაეხმარა და ორი წლის წინათ ერთი სემესტრი დაუფინანსა.

სამწუხაროდ, სახელმწიფოს არ აქვს იმის შესაძლებლობა, რომ მთლიანი სწავლების ფული გადაიხადოს.

_ თქვენი მინისტრობისას დაეხმარეთ?

_ არა, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს? ხომ დავეხმარეთ!

_ შესაძლებელია ამ ახალგაზრდის დასაქმება სამშობლოში დაბრუნების შემდეგ?

_ არ ვიცი, უნდა ვნახოთ, მოვილაპარაკოთ, რისი შესაძლებლობა არსებობს.

 

ქეთევან მანელიშვილი:

_ ვიცნობ ილიას. ძალიან ნიჭიერი და პერსპექტიული ახალგაზრდაა. ჩვენ გვქონდა მასთან კონტრაქტი, მაგრამ 6 თვის შემდეგ, ობიექტური მიზეზების გამო, გავაუქმეთ.

_ მისთვის თქვენთან დასაქმების რა პერსპექტივა არსებობს?

_ ამჯერად, არაფერი, მაგრამ, ვფიქრობ, შეუძლებელი არაფერია.

 

„ქრონიკა+“-ის ინფორმაციით, აჭარის ფინანსთა სამინისტრო კულტურის სამინისტროს ხელოვნების ცენტრში შტატების გაუქმებას სთხოვს, _ გაბერილია და სახელმწიფოს ძვირი უჯდებაო(?!)

ნატო ქათამაძე