ლაგოდეხში საქმდება ის, ვინც გამგებლის პიარზე მუშაობს!

tem

ვინ არღვევს შშმ პირთა უფლებებს პრემიერის მშობლიურ მხარეში?

 

საქართველოს მთავრობამ შეიმუშავა და დაამტკიცა ,,შშმ პირთა თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფის 2014-2016 წლების სამოქმედო გეგმა“, რომელიც სრულად იზიარებს გაეროს 2006 წლის შშმ პირთა უფლებების კონვენციის პრინციპებსა და სახავს კონკრეტულ ღონისძიებებს, რომელიც სხვადასხვა უწყებამ უნდა განახორციელოს უახლოეს წლებში. კონვენციისა და სამოქმედო გეგმის განხორციელებას მონიტორინგს უწევს შშმ პირთა საკითხების სახელმწიფო საკოორდინაციო საბჭო. შესაბამის უწყებებს ვალდებულება აქვთ, გეგმის მიმდინარეობის შესახებ ანგარიში წარადგინონ აღნიშნული საბჭოს წინაშე. გეგმის პირველი წლის ანგარიშის განხილვა შესაძლებელი იქნება წლის ბოლოს, უწყებების მიერ წარმოდგენილი ანგარიშების საფუძველზე.

2014 წლის 18 ივლისს საქართველოს პარლამენტის მიერ რატიფიცირებულ იქნა ,,ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმება“.

ასოცირების შესახებ შეთანხმების მე-14 თავის „დასაქმება, სოციალური პოლიტიკა და თანაბარი შესაძლებლობები“ 349-ე მუხლი ითვალისწინებს ინკლუზიური შრომის ბაზრებისა და სოციალური უსაფრთხოების სისტემების გაუმჯობესებას, რაც აერთიანებს სოციალურად დაუცველ ადამიანებს, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე და უმცირესობათა ჯგუფებს მიკუთვნებულ ადამიანებს.

2014 წლის 7 მაისს მიღებულია კანონი „საქართველოს კანონი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“, რომლის მიზანია დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრა და ნებისმიერი ფიზიკური და იურიდიული პირის თანასწორად სარგებლობის უზრუნველყოფა.

პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტთან შექმნილია საკონსულტაციო საბჭო, რომელიც მუშაობს კონკრეტულად შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხებზე.

თუმცა ეს ზოგადი ინფორმაცია ლაგოდეხამდე ჩავიდა თუ არა, საკითხავია…

 

***

ნინო დალაქიშვილს სამი მცირეწლოვანი შვილი ჰყავს. მიუხედავად იმისა, რომ დედა დაბადებიდან პირველი ჯგუფის ინვალიდია, ცხოვრებას არ შეუშინდა, ოჯახი შექმნა და ბევრი შვილის ოცნებაც აისრულა.

პროფესიით ექიმსა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალს ათი თვის წინათ დაბადებიდან დანიშნული კუთვნილი პენსია შეუჩერეს! უსამსახუროდ და შემოსავალის გარეშე დარჩენილმა დედამ გადაწყვიტა, სიმართლე ეპოვა, პენსია აღედგინა, თუმცა პენსიის აღდგენამდე საკუთარი რაიონის გამგებელს მიაკითხა და სამსახური სთხოვა.

გამგებელმა გაუხსენა, რომ იგი არჩევნების დროს ცესკოში მუშაობდა და გამგებელ ჯამბურიას პიარზეც არასდროს უზრუნია. თუმცა ფაქტი, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე დედა სამსახურს გთხოვს, გამგებლისთვის დიდად დამაინტერესებელი არ აღმოჩნდა.

 

ნინო დალაქიშვილი:

_ ვარ პირველი ჯგუფის მქონე შშმ პირი, ვიღებდი პენსიას, რომელიც ერთი წლის წინათ, 19 აპრილს, შემიწყვიტეს.

მყავს მეუღლე, რომელიც წლევანდელი წლის მარტამდე უმუშევარი იყო და მეზობელმა დაასაქმა სამადლოდ კერძო კომპანიის მანქანაზე მძღოლად. მყავს 3 მცირეწლოვანი შვილი. ძალიან დიდი წვალების შემდეგ წინა თვეში აღვიდგინე პენსია, ხოლო 10 თვის გაცდენილი ვეღარ დავიბრუნე. არც სოციალურად დაუცველის სტატუსი აღარ გამაჩნია.

აი, ასე სიღატაკეში ვცხოვრობთ ოჯახი.

_ რა განათლება გაქვთ?

_ სამედიცინო ინსტიტუტი წითელ დიპლომზე დავამთავრე, მეორადი პროფილი მაქვს მდივან-რეფერენტი.

_ ბავშვებს თქვენ უვლით?

_ სახლში მე ვუვლი, თუმცა ბაღში დადიან, თუ იმ ბაღს ბაღი ჰქვია! _ შენობა ამორტიზებულია, საწოლებიდან _ ფარდამდე ყველაფერი სახლიდან მივიტანე, მაგრამ მეტი გზა არ მაქვს, წესიერ გარემოში ხომ უნდა იზრდებოდნენ?

_ სახელმწიფოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროგრამა სწორედ სკოლამდელი აღზრდის გაუმჯობესებაა, სწავლითაც და ინფრასტრუქტურული მხარეებითაც.

_ ეგ პროგრამა ჩვენს რაიონში თუ მოქმედებს, არ მგონია.

_ თქვენი ოჯახის შემოსავალი, მეუღლის ხელფასი და თქვენი პენისია რამდენია?

_ ახლა მეუღლის მთელი ხელფასი ბანკს მიაქვს…

უფროსი გოგონა 8 წლისაა, ძალიან ნიჭიერი და ბეჯითია. ხშირად სასკოლო ნივთების შეძენასაც ვერ ვახერხებ. რამე განსაკუთრებულს ხომ არ ვითხოვ? სამსახური მინდა, მინიმალური ხელფასიც კი ჩემთვის მისაღები იქნებოდა. ბაღზე რომ მკითხეთ, ბაღში ბავშვების ექთნად 50 წლის არასამედიცინო განათლების მქონე პირს ამუშავებენ და მუნიციპალიტეტში კი ფირმა „ბეკოს“ ყოფილ დამლაგებელს.

მე თვითგადარჩენის ინსტინქტის იმედადღა დავრჩი. ვმუშაობდი კერძო ქირურგიაში და დეკრეტის შემდეგ აღარ დავბრუნებულვარ. გავიგე, რომ ბაგა-ბაღებში ექთნის შტატებზე იყო 2 ვაკანსია. ვთხოვე, ვაკანსიებია და დამასაქმეთ, რომ თავი ვირჩინო, დღეს ნიშნობის ბეჭედი დავალომბარდე, რომ ბავშვები შიმშილისგან და ზამთრის სიცივისგან ვიხსნა-მეთქი. გამგებელი კი პასუხს მიბრუნებს: ვასაქმებ მათ, ვინც ჩემს პიარზე იმუშავაო.

მერე ირონიით მკითხა: ქალბატონო ნინო, შარშან რით თბებოდიო? ამას რომ გეტყვის გამგებელი, რა უნდა უპასუხო?!

_ თქვენ ლაგოდეხში ინვალიდთა საზოგადოება გქონდათ, რომელსაც გასულ წლებში ბიუჯეტი აფინანსებდა.

_ სწორედ ეგ ვუთხარი: მაშინ, ჩემი კადრი დააბრუნე მუნიციპალიტეტში და ისევ შშმ პირებს ვუხელმძღვანელებ-მეთქი. ყურიც არ მათხოვა. კაბინეტთან მისული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები არც კი შეუშვა ოთახში. უარესი, 18-მა ბენეფიციარმა, სხვადასხვა კატეგორიის შშმ პირმა, მუნიციპალიტეტს სთხოვა, ბოდბეში ნინოს წყალზე გვინდა წასვლა, მარტო სამარშრუტო ტაქსი გამოგვიყავი და საწვავის ფულს ჩვენ მოვაგროვებთო. უარი თქვა! ის ადამიანები იმედით ცოცხლობენ და ღმერთის სასწაულების სწამთ, ამას კი არაფრის არც სწამს და არც სჯერა.

დამემუქრა კიდეც, _ ფეისბუქიდან კომენტარები წაშალე, თორემ ჩემს საქციელზე პასუხს არ ვაგებო! _ რას მიზამ, მომკლავ-მეთქი? გაჩუმდა. ვუთხარი, _ ბავშვებს არაფერს დაუშავებ, იმედი მაქვს, მთლად სადისტი არ ხარ-მეთქი.

აი, ასეა ჩვენთან დემოკრატია ზენიტში და აი, ასე გვაფასებენ შშმ პირებს ლაგოდეხში!

მაკა მოსიაშვილი