მედრესეს ცნობილ საქმეზე ხმაურიანი სასამართლო პროცესი იწყება!

wref

4 აგვისტოს ბათუმის საქალაქო სასამართლოში ქ. ქობულეთში, ლერმონტოვის #13-ში მდებარე მედრესეს საქმე განიხილება. მანამდე კი მოსამართლე ხათუნა ბოლქვაძემ სადავო ადგილი დაათვალიერა და მხარეებს მორიგებისთვის დრო მისცა.

 

ჩვენი ქვეყნისთანა შემწყნარებელი და გამტანი ქვეყანა იშვიათად რომ იყოს. მხოლოდ ქართველს შეეძლო ეთქვა, ვინც რომ მიყვარს, ის ხომ მიყვარს, ისიც მიყვარს, ვინაც რომ მძულსო.

ყოველგვარი პათეტიკისა და გულისამაჩუყებელი სენტენციების გარეშე, ეს მართლაც ასეა.

მაგრამ, როგორც ჩანს, თანამედროვე პოლიტიკური კონიუნქტურა და ჩვენი ქვეყნისადმი სხვადასხვა სახელმწიფოთა დაინტერესება კვლავაც იმდენად მნიშვნელოვანია, რომ მავანი ხელოვნური პრობლემების შექმნას ცდილობს.

მსგავსი სიტუაციაა ამ ისტორიის გარშემოც.

უფლებადამცველ მერაბ ბლადაძეს მიაჩნია, რომ მხარეები თითქმის მორიგდნენ, როცა არასამთავრობოს მოულოდნელმა ჩარევამ და სასამართლოსთვის მიმართვამ ვითარება კიდევ უფრო დაძაბაო.

 

„ქრონიკა+“-ს ესაუბრება უფლებადამცველი მერაბ ბლადაძე:

_ რელიგიური ვითომდა დაპირისპირება გარე ძალების მიერ შემოგდებული თემაა, რომელსაც, სამწუხაროდ, იოლად წამოვეგებით ხოლმე, რაც ქვეყანას იმ რაკურსით წარმოადგენს, რაც ზოგიერთ არასამთავრობო ორგანიზაციას აწყობს.

მიმაჩნია, რომ მსგავსი ორგანიზაციები ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებენ და მტრის წისქვილზე ასხამენ წყალს.

2014 წლის სექტემბრის დასაწყისში, ქობულეთში, ლერმონტოვის 13-ში, მუსლიმანთა მედრესის გახსნას აპირებდნენ, რასაც წინ აღუდგნენ ამავე ქუჩაზე მცხოვრებნი. მათი თქმით, ეს უბანი ყოველთვის ქრისტიანული იყო და თანაც მჭიდროდ დასახლებული, ამიტომ არ სურდათ, მოზარდები სხვა აღმსარებლობის ადამიანთა გავლენის ქვეშ მოქცეულიყვნენ, _ 10 წელია, რუსთაველის 33-ში ერთი მედრესე ფუნქციონირებს, სრულიად საკმარისია და იქ გააგრძელეთ ლოცვაო.

სამართლებრივად ეს მიდგომა რამდენად სწორია, სხვა საკითხია, მაგრამ მათი თვალსაზრისიც არაა უარგუმენტო. 11 სექტემბერს დაძაბულობამ პიკს მიაღწია, როცა დილით მისულ მოპიკეტეებს მედრესის კარზე ღორის თავი დახვდათ მიჭედებული.

მაშინ ყველამ დაგმო ეს პროვოკაცია, რამდენიმე ადამიანი დააკავეს კიდეც, საბედნიეროდ, მათ არ დაუმტკიცდათ ბრალი და გამოუშვეს.

წამქეზებლები ამჯერად უფრო დიდ ავანტიურაზე წავიდნენ და მედრესეს ცეცხლი გაუხსნეს.

_ საქმე სასამართლომდე როგორ მივიდა? თითქოს შეთანხმებას ხომ მიაღწიეს?

_ იცით, აჭარაში ერთი ძმა მუსლიმანია, ერთი _ ქრისტიანი. მათ შორის შუღლი წარმოუდგენელია და შევიწროებაზეც საუბარი ზედმეტია. ამიტომ ვინ შეიძლება ისაუბროს ამაზე, თუ არა პროვოკატორმა და წამქეზებელმა?

_ რას გულისხმობთ?

_ არის ასეთი არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი“, რომელიც 2012 წლის 28 ნოემბერს დაარსდა. წესდების მიხედვით მისი მთავარი მისია სხვადასხვა სოციალური, მაგრამ დღეს გრანტის მისაღებად ყველაზე ხელსაყრელი ჯგუფების დაცვა ყოფილა.

ესენი არიან: 1. სოციალურად დაუცველი მოქალაქეები, 2. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები; 3. ლგბტ პირები და 4. რელიგიური უმცირესობები.

ძალიან კარგია, მოსაწონია, თუმცა საინტერესოა, რა სახის დახმარებები გაუწია ოთხივე ჯგუფს ამ ორგანიზაციამ?! მე ვერ წარმომედგინა, რომ მისი მისია სიცრუე და ქვეყნისთვის სახელის გატეხა იქნებოდა. ე. ი ტყუილს ლამაზად შეფუთავენ და სიმართლედ მოგაჩვენებენ, გრანტს გააჩნია!

სწორედ მისი წაქეზებით გახდა ეს საქმე სასამართლო დავის საგანი. მოსარჩელედ გამოდიან: 1. ქართველ მუსლიმთა ერთობა _ თავმჯდომარე რამაზ კაკალაძე; ფიზიკური პირი კახა კახაძე _ მცხოვრები ოზურგეთის რაიონის სოფელ ნარუჯაში; ფიზიკური ფირი ბადრი ირემაძე _ მცხოვრები ქ. ბათუმში; 4. ფიზიკური პირი თემურ ხალვაში _ მცხოვრები ქობულეთის რაიონის სოფელ ცეცხლაურში.

სწორედ მათ წარმოადგენს „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი“ და მისი წევრები: ლელა გვიშიანი და თამთა მიქელაძე.

მოპასუხეები კი არიან საქართველოს შსს და ლერმონტოვის ქუჩის ოთხი მცხოვრები.

_ რატომ არის ცუდი, რომ ისინი მუსლიმანთა უფლებებს იცავენ?

_ ეს უფლებების დაცვა კი არა, წაქეზებაა და სახელმწიფოს ახალ თავსატეხს უქმნიან. მათ კარგად იციან, რომ სასამართლო გადაწყვეტილება, როგორიც არ უნდა იყოს იგი, ვერ უზრუნველყოფს ამ პრობლემის მოგვარებას, მდგომარეობა ამით არ განიმუხტება და პასუხისმგებლობას მერე სხვას გადაულოცავენ.

საგულისხმოა, რომ სარჩელში გარკვევით წერია ფრაზა: „აჭარელ მუსლიმანებს ებრძვიან“.

არ არსებობს აჭარელი მუსლიმანი, არსებობს ქართველი მუსლიმანი. ამასთან, მოსარჩელე შსს-ს ავალდებულებს, მედრესე გახსენი, თორემ ისლამოფობიას დაგწამებთო. აქ უფრო ინტრიგის ნიშნები იკვეთება, ვიდრე სამართლიანობის აღდგენის სურვილი.

მათი მთავარი მიზანია, ამ ხმაურიანი საქმეებით უფრო მეტი გრანტის მოპოვება, რათა კვლავ გააგრძელონ ანტისახელმწიფოებრივი საქმიანობა.

_ თქვენ ფიქრობთ, რომ ამ საქმის უკან დაინტერესებული მხარე დგას?

_ რა თქმა უნდა! მათი მთავარი მიზანია, სარწმუნოებით განსხვავებული ძმების ერთმანეთზე წაკიდება.

აბა, რით უნდა აიხსნას, რომ მედრესის თითქმის ყველა შენობა შეძენილია თურქეთის მოქალაქის მიერ და ვითომ ქირითაა გადაცემული მედრესეებზე, ან საქველმოქმედო ორგანიზაციებზე?

ასეა ამ შემთხვევაშიც. ეს შენობა იყიდა თურქეთის მოქალაქე მუსტაფა ბუიუქმა, გააფორმა შპს ბ&მ-ზე და მიაქირავა რამაზ კაკალაძეს თვეში 1000 ლარად, თუმცა მფლობელს არავითარი სამეწარმეო საქმიანობა არ განუხორციელებია. სუბიექტი არ არის დარეგისტრირებული, როგორც კომუნალური მომსახურების მომხმარებელი. ამასთან, საკითხავია, იხდის კი კაკალაძე ქირას ყოველთვიურად?!

ქართველ მუსლიმანებს რა სჭირდებათ, ქართველ მუსლიმანთა მუფთიმ უნდა გადაწყვიტოს და დაფინანსდეს ქართული ფულით და არა უცხო ქვეყნის მოქალაქეთა შემოწირულობებით, რომელიც სულაც არაა უანგარო.

 

მერაბ ბლადაძის გამოთქმულ შეფასებებზე კომენტარი ვთხოვეთ EMC-ს წარმომადგენელს, თამთა მიქელაძეს:

 

_ მერაბ ბლადაძის მიერ მიცემული საჯარო ინტერვიუები აჩვენებს, რომ მას მკვეთრად ანტიმუსლიმური პოზიციები აქვს. ის არ იზიარებს თანასწორობისა და თავისუფლებების იდეებს და შოვინისტურ და ქსენოფობიურ იდეებს აკულტივირებს. ამ პირობებში გაუგებარია, საკუთარ თავს უფლებადამცველად რატომ მოიხსენიებს, ან მედია რატომ იყენებს ამ განსაზღვრებას მის მიმართ? მისი შეფასებები ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის, EMC-ის საქმიანობასთან დაკავშირებით არასერიოზულია, დაუსაბუთებელი და არ ვფიქრობ, რომ აღნიშნულ განხილვაში ღრმად უნდა შევიდე. EMC სხვა საკითხებთან ერთად, რელიგიის თავისუფლებისა და სეკულარიზმის საკითხებზეც მუშაობს. ის ცდილობს დაიცვას დისკრიმინირებული და მარგინალიზებული ჯგუფების უფლებები. სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში ქართველი მუსლიმების უფლებების დარღვევის არაერთი მძიმე შემთხვევა გამოვლინდა, რომელსაც სახელმწიფომ არაეფექტურად უპასუხა, ან მეტიც, უშუალოდ გამოიყენა რეპრესიული მექანიზმები მუსლიმების მიმართ (ჭელასა და მოხის ინცინდენტი). ქობულეთის პანსიონატის საქმეში მუსლიმი თემის უფლებების დარღვევას განგრძობადი ხასიათი აქვს. 10 თვეზე მეტი დრო გავიდა და სახელმწიფომ ვერ უზრუნველყო მუსლიმი თემის უსაფრთხოება და პანსიონატის გახსნა. ის ღია ლოიალობას იჩენს დომინანტი რელიგიური ჯგუფის მიმართ და უსუსურია, დაიცვას რელიგიური უმცირესობების უფლებები. იმ პირობებში, როდესაც პანსიონატის გახსნასთან დაკავშირებით მიმდინარე პოლიტიკური მოლაპარაკებები არაეფექტური აღმოჩნდა და, ფაქტობრივად, ჩავარდა, ჩვენ ადგილობრივი მუსლიმების სახელით დავა სასამართლოში გადავიტანეთ. იმედი გვაქვს, რომ სასამართლო განხილვის შემდეგ მოპასუხე კერძო პირები მოახდენენ საკუთარ პოზიციებსა და ემოციებზე რეფლექსიას და საკუთარი ქცევის რაციონალიზებას. სასამართლო განხილვას მსგავსი სოციალური მნიშვნელობაც აქვს, მით უფრო, როცა საქმე ეხება სოციალური კონფლიქტებისა და გაუცხოების პრობლემას. პროცესის ფარგლებში ჩვემთვის განსაკუთრებით პრობლემურია შსს-ს პოზიცია, რომელიც უთითებს, რომ პანსიონატის ფუნქციონირებისთვის ხელშეშლა არ ხდება. სასამართლოში სასამართლოს ასეთი პოზიციონირება რეალობის გაყალბების მცდელობა და აბსოლუტური უპასუხისმგებლობაა სამინისტროს მხრიდან. ვიმედოვნებ, რომ აღნიშნული საქმის გარშემო საჯარო განხილვები სწორი მიმართულებით წარიმართება და მოხდება თანასწორობისა და საჯარო სივრცის სეკულარული ბუნების გააზრება. მედიის როლი ამ კუთხით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. მ. ბლადაძის მსგავსი განცხადებების გავრცელებასა და მის მიერ შემოტანილი დისკურსის განვითარება, მასზე რეაგირება კი მხოლოდ დააზიანებს ამ პროცესს

 

 

„ქრონიკა+“ ესტუმრა ქ. ქობულეთში, რუსთაველის 33-ში არსებულ მოქმედ მედრესეს.

საზაფხულო არდადეგებისა და ბაირამის გამო აქ მხოლოდ ამ სასწავლებლის ხოჯა, ერთ-ერთი მოსარჩელე, ბადრი ირემაძე და ამავე პანსიონში მომუშავე დავით ცეცხლაძე დაგვხვდნენ:

_ ბატონო ბადრი, სასამართლომ, მორიგდითო, გირჩიათ?

_ არ ვართ მორიგების წინააღმდეგი, თუმცა რა იგულისხმება მორიგებაში, ძნელი სათქმელია.

_ როგორ ფიქრობთ, ასე ნაძალადევად შესვლით შეძლებთ იქ ნორმალურ ფუნქციონირებას?

_ ვნახოთ, რას გადაწყვეტს სასამართლო.

_ ხომ ხართ აქ, რად გინდათ იქ გადასვლა?

_ აქ 14 ბავშვი გვყავს, იქ კი 40-მდე ბავშვის მიღების საშუალება გვექნება.

_ აქ იხდიდით ქირას? სწავლება ხომ უფასოა, ვინ ფარავს ხარჯებს?

_ საქველმოქმედო ორგანიზაციები.

_ თურქეთიდან?

_ არა, ჩვენი.

 

საუბარში ჩაგვერთო დავით ცეცხლაძე, რომელიც ენერგიულად გვარწმუნებდა, რომ არავითარი თურქული ფული არ ტრიალებს რელიგიაში. თურქებით აივსო საქართველო, ყველგან თურქული ფულია, გარდა მათი საქმისა.

 

რაც შეეხება რამაზ კაკალაძეს, მას ელექტრონულ ფოსტაზე გავუგზავნეთ კითხვები. კერძოდ, რამდენი ხანია, რაც ნაქირავებია ლერმონტოვის 13-ში მდებარე შენობა, ქირის გადახდის ქვითრები თუ აქვთ და ყველა ის დეტალი, რაც მნიშვნელოვანს ხდის ამ საქმეს. ბატონმა რამაზმა გრძელი სიტყვა მოკლედ ითქმისო და ასე გვიპასუხა: „ერთი წელია, რაც ნაქირავები გვაქვს. ჩემი აზრით, თუკი სასამართლო დაავალებს შსს-ს, უზრუნველყოს უსაფრთხოება, არავითარი კონფლიქტი არ იქნება, რადგან ყველას აქვს რწმენის თავისუფლება. ჩვენ მზად ვართ მოლაპარაკებისთვის, მაგრამ ისინი დაჟინებით მოითხოვენ ქობულეთში პანსიონის არგახსნას, ეს კი მიუღებელია. ამ კონფლიქტს არავითარი კავშირი არ აქვს უცხო ქვეყანასთან“.

 

მნიშვნელოვანი ფაქტი: საქართველოში სულ ფუნქციონირებს 36 მედრესე, მათ შორის, 24 აჭარაში და არც ერთ მათგანს განათლების სამინისტროს ლიცენზია არ გააჩნია.

ნატო ქათამაძე