ღია წერილი ლექსო თამაზაშვილს: „აუცილებლად გიყიდით ბილობილს!“

qwer

რამდენი ხანია, თქვენთვის ორი სიტყვის თქმა მინდოდა და, თურმე, ეს იმდენი ხანი მდომებია, რომ ორი ასად ქცეულა.

სულ ის მადარდებს, რა გინდოდათ პარლამენტში? რას დაიდო ბიძინა ივანიშვილმა თქვენი ცოდვა? უნდა ყოფილიყავით სადმე კარგი სუფრის თამადა და რაც გამოგდით, ის უნდა გეკეთებინათ, მიგეღოთ უცხოელი სტუმრები და ქართული სუფრის ხელოვნებით გაგეკვირვებინათ. მთავარი ის არის, რისი ოსტატი ხარ…

მითხარი, ვინ არის შენი მეგობარი და გეტყვი, ვინ ხარ შენ! _ ალბათ, გახსოვთ ეს ბრძნული გამონათქვამი და მინდა, იმ მეგობრებზე გესაუბროთ, რომლებიც თქვენივე სახელით ხან პოლიციელს სცემენ, ხან _ ინკასატორს, ხან _ ქუჩაში გამვლელს, ხან _ ბარმენს და ხანაც კედელს ურტყამენ თავს… თუმცა დასჯილი არავინ მახსოვს…

სამაგიეროდ, მივხვდი, რომ მე უკეთესი მეხსიერება მაქვს, ვიდრე თქვენ, _ თქვენ აღარ გახსოვთ, ვინ იყვნენ თქვენი კლასელები, სამაგიეროდ, თქვენს თელაველ კლასელებს კარგად ახსოვთ, რა უნდა გთხოვონ და რისთვის უნდა შეგაწუხონ მანდ, მარანში!

რაც შეეხება თქვენი და თქვენი ოჯახის მიერ აგორებულ ჭორებს, ახლა მე იმდენ ჭორს მოგიყვებით, რომელსაც ხალხი სიმართლეს ეძახის და თქვენ კი ჭორად ნათლავთ!..

მას მერე, რაც პარლამენტის წევრი გახდით, მაგალითად, თქვენი თელაველი კლასელები _ ბექა ჟურული და თემურ მეტრეველი _ სახანძრო-სამაშველო სამსახურის უფროსებად დაანიშნინეთ, თუმცა თქვენს მსგავსად არც ერთს არ აქვს უმაღლესი განათლება და მათი ფილოსოფია ქუჩის „რაზბორკას“ ვერ სცილდება…

ამასობაში თქვენ დაგავიწყდათ, რომ თემურ მეტრეველი „ნაციონალების“ ცნობილი ზონდერი იყო და, „ნაციონალური მოძრაობის“ სახელით, თელავის საკრებულოს წევრი გახლდათ; ისიც დაგავიწყდათ, რომ მეტრეველი მკვლელობისთვის იხდიდა სასჯელს; არც ის გაგითვალისწინებიათ, რას იტყოდა ხალხი, თქვენ რომ მათ შუამდგომლობდით.

რაც შეეხება თქვენს მეორე მეგობარს, ბექა ჟურულს, გეტყვით, რომ მან ჩემი ძმა მოკლა და ამას მანამდე გავიმეორებ, სანამდე ცოცხალი ვარ! თუმცა თქვენმა მკვლელმა ძმაკაცებმა, შესაძლოა, ჩემი ამდენი სიმართლისთვის თქვენგანვე მიიღონ დავალება და იმქვეყნად გამამგზავრონ ჩემს ძმასთან. მაინც გეტყვით: იმ ქვეყნის საგზურების დარიგებასაც თქვენ „გაბრალებენ“ და, ალბათ, ეგეც „ჭორია“.

აი, მანამდე კი, სანამ თქვენმა ძმაკაცმა ჩემს ძმას სიცოცხლე მოუსპო, თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე არასრულწლოვანმა ბექა ჟურულმა ავარიის შედეგად ქალი გაიტანა და მიიმალა. მაშინაც მის მაგივრად მისი უფროსი ძმა გამოცხადდა პოლიციაში და საკუთარ თავზე აიღო დანაშაული; მერეც, როცა ჩემს ძმას გაუსწორდა, ისევ თავისმა ძმამ აიღო საკუთარ თავზე დანაშაული.

ალბათ, თქვენ არც ის იცით, რომ თქვენივე ძმაკაცები ნარკოტიკების მოხმარებისთვის მრავალჯერ არიან დაკავებულნი 2012 წლამდე და ზუსტად ჭორს გეუბნებით, ორჯერ ჯარიმაც გადაიხადეს.

თქვენ, ალბათ, ისიც დაგავიწყდათ, როგორ ჩააბარეთ, ჯერ კიდევ, კახეთის პოლიციის სამმართველოს უფროს ჭიკაძეს თქვენი საძმო და როგორ სთხოვეთ მისი პატრონობა, მათ კი ჭიკაძისა და თამაზაშვილის სახელით ნახევარი თელავი გალახეს, მეორე ნახევარს თავზე დაატუალეტეს, გამგებლად ჭიკაძეს საკუთარი ბიძა დაასმევინეს, მერე კი გამგებლობა გუბერნატორის მოადგილედ შეაცვლევინეს, ამასობაში ჭიკაძე მთავრობიდან ივანიშვილმა მოგაშორებინათ, სახანძრო-სამაშველო სამსახურის უფროსი და მოადგილე მეტრეველი და ჟურული ახალმა ხელმძღვანელობამ დაბლოკა და პირველი იანვრიდან სამსახურში მოღვაწეობა აღარ გაუგრძელა. უკვე მეშვიდე თვეა, ასე უმუშევრად მყოფი თქვენი მეგობრები ჯერ თელავის მერს ეწვივნენ და თქვენი სახელით სამსახური სთხოვეს, მან უარი რომ უთხრა, ჯერ დედა აგინეს, მერე დასარტყმელად გაიწივნენ, რომ არა ვიცე-მერი, ალბათ, მერს ორი-სამი დღე თვალი ჩალურჯებულიც ექნებოდა, მერე თქვენივე ძმაკაცები ჰოლში გამოვიდნენ და მერიის მისაღებში მოქალაქეების თანდასწრებით თელავის მიერ არჩეულ მერს კარგებს და კეთილებს უტრიალებდნენ ჰაერში, მერი კი კაბინეტის უკანა ოთახში დამალული იჯდა და გასუსული ხმას არ იღებდა, მაგრამ პლატონ კალმახელიძემ საკუთარი გინებისა და გაწევ-გამოწევის ფასად მაინც აიცდინა და თქვენი მეგობრები კეთილმოწყობის სამსახურის უფროსად და მოადგილედ არ დანიშნა…

შარშან ივნისში კი ჯერ კიდევ მოქმედმა სახანძრო-სამაშველო სამსახურის უფროსის მოადგილემ „სტარიჩოკას“ დაკრძალვაზე პოლიციელ იორამაშვილს ჯერ დედა აგინა, მერე კი მხოლოდ იმიტომ სცემა, რომ იგი შეეპასუხა. ამისათვის იორამაშვილმა სახანძროს უფროსის მოადგილე „კაპეზეში“ განათავსა პოლიციელზე შეურაცხყოფის მიყენებისთვის, თუმცა, სულ რაღაც, 2 დღის თავზე თქვენ ჩაერიეთ საქმეში, დაურეკეთ ჭიკაძეს და ჟურული დროებითი მოთავსების იზოლატორიდან გამოიყვანეთ, საიდანაც მან სახანძროს შენობაში გადაინაცვლა… იორამაშვილს კი სამსახურიდან წასვლის განცხადების დაწერა მოსთხოვეს…

და, სულ რაღაც, თვენახევარის წინათ თქვენს მეგობარ მეტრეველსა და ჟურულს სუფრაზე კახეთის გუბერნატორთან მწვავე შელაპარაკება მოუვიდათ, შელაპარაკება კი იმით დასრულდა, რომ გუბერნატორი მიიტყიპა, გაბრაზებული შიოლაშვილი თქვენთან მარანში გამოიქცა. ჩხუბის მიზეზი არ ვიცი, მაგრამ მაგასაც გავიგებ, თუ ძალიან მომინდა, კი იცით ეგ თქვენ!

დაბოლოს, გუბერნატორისა და ამ ხულიგანი ბიჭების შერიგების თქვენეული მეთოდი გაქვთ, ეტყობა, მარანში და გუბერნიის თვითმმართველობასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსად დანიშნეთ. ნაცემი, ნაგინები და შეურაცხყოფილი მერისა და გუბერნატორის ისტორიებს თქვენ ჭორებს ეძახით, ჩვენ კი _ სიმართლეს! თქვენ თვალებში ნაცარს გვაყრით, ჩვენ კი ამდენ სიმახინჯეს ნაცრიანი თვალებითაც ვხედავთ! თქვენ ბევრი რამ გავიწყდებათ, თელავში კი, სადაც წლებია, ცხოვრობდით, არაფერი ავიწყდებათ.

ბილობილი, ბატონო ლექსო, ბილობილი!

მაკა მოსიაშვილი