გამგებლის ძმისცოლის ნათესავები დუშეთის მუნიციპალიტეტში

333

როგორ ტარდება ტენდერები? სად მიდის ბიუჯეტის ფული? რატომ არ აჯარიმებენ ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის გამო ტენდერში გამარჯვებულ კომპანიებს? ვინ მფარველობს შპს „სოტრის“?

„ქრონიკა+“ დუშეთის მუნიციპალიტეტის შიდა აუდიტის სამსახურის მიერ მომზადებულ დასკვნას აქვეყნებს. დოკუმენტი არასამთავრობო ორგანიზაცია „არაგველები 21-ე საუკუნის“ ხელმძღვანელმა, ვაჟა საღინაშვილმა მოგვაწოდა.

ვაჟა საღინაშვილი სოციალურ ქსელში დუშეთის მუნიციპალიტეტში ნეპოტიზმის ფაქტებს ახმიანებს. დუშეთის გამგებლის, ვაჟა (გიზო) ჩოხელის ძმის, მალხაზ ჩოხელის მეუღლე, ირმა ზაქრაძე, აიპი სასპორტო გაერთიანების ბუღალტერია; ირმა ზაქრაძის და, მარიამ ზაქრაძე, გამგეობის შესყიდვების სამსახურის უფროსია. მიუხედავად იმისა, რომ გამგეობაში გამოცხადებულ საჯარო მოხელეთა კონკურსში ჩაიჭრა, მარიამ ზაქრაძის შვილი, ანა ძავაშვილი, მუნიციპალიტეტის გამგეობის იურიდიული განყოფილების იურისტია. ვაჟა (გიზო) ჩოხელი ძმისცოლის ნათესავებთან ერთად შპს „სოტრისაც“ სწყალობს.

დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობამ 2013 წლის 22 ივლისიდან 2015 წლის 12 ივნისამდე შპს „სოტრისთან“ (ს.ნ.436032883) გააფორმა 29 ხელშეკრულება, მათ შორის, გამარტივებული შესყიდვით 23 ხელშეკრულება (აქედან 260 და 421 ხელშეკრულებები შეწყდა), ელექტრონული ტენდერით 3 ხელშეკრულება და გამარტივებული ელექტრონული ტენდერით 3 ხელშეკრულება. შპს „სოტრის“, დაარსებიდან, 2012 წლის 11 აპრილიდან 2013 წლის 22 ივლისამდე, არც ერთ ტენდერში მონაწილეობა არ მიუღია, პირველი ხელშეკრულება გამარტივებული შესყიდვით დუშეთის მუნიციპალიტეტთან გააფორმა 2013 წლის 22 ივლისს და პირველ ელექტრონულ ტენდერამდე 20 გამარტივებული შესყიდვის ხელშეკრულებით შეასრულა 783111 ლარის სამუშაოები. აქედან სოფლის მხარდაჭერის პროგრამით 15 ხელშეკრულება, თანხით 174037 ლარი, და 2013 წლის 18-19 ივლისისა და 20-21 აგვისტოს სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ 5 ხელშეკრულება, თანხით 609074 ლარი.

ხელშეკრულებით გათვალისწინებული გამარტივებული შესყიდვით შესრულებული სამუშაოების წარმოდგენის დროს შპს „სოტრი“ ვალდებული იყო, ეხელმძღვანელა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2012 წლის 12 ივლისის ბრძანება #1-1/1463-ით და შესრულებული სამუშაოების აქტი (ფორმა #2) წარმოედგინა ფაქტობრივი დანახარჯების მიხედვით, ხოლო შესრულებული სამუშაოების მიმღებ კომისიას მოეთხოვა ფაქტობრივი დანახარჯების დამადასტურებელი დოკუმენტები, რაც არც ერთ შესრულებულ სამუშაოზე არ მომხდარა.

აღნიშნული გამარტივებული შესყიდვებით შპს `სოტრიმ~ შეიქმნა საფუძველი, რათა შემდგომში მონაწილეობა მიეღო ელექტრონულ და გამარტივებულ ელექტრონულ ტენდერებში. (დანართი #1)

 

ტენდერებში მონაწილეობა

 

შპს „სოტრიმ“ დუშეთის მუნიციპალიტეტში მონაწილეობა მიიღო 11 ტენდერში, აქედან გაიმარჯვა 6-ში. აღსანიშნავია, რომ გამარჯვებული 6 ტენდერიდან 5-ში „სოტრი“ მარტო მონაწილეობდა, მხოლოდ 1-ში ჰყავდა ერთი კონკურენტი. შპს „სოტრის“ მონაწილეობით ჩატარებული ტენდერები მოცემულია ცხრილში.

ere

კონკურენტულ ტენდერებში (სადაც რამდენიმე პრეტენდენტი მონაწილეობდა) შესყიდვის სავარაუდო ღირებულება ხელშეკრულების ღირებულებასთან მიმართებით მცირდება, მაქსიმუმ, 58 და, მინიმუმ, 18%-ით, ხოლო იმ ტენდერებში, სადაც მხოლოდ ერთი პრეტენდენტია, ფასი მცირდება, მაქსიმუმ, 10 და, მინიმუმ, 0 %-ით. ტენდერების სისტემის უპირველესი მიზანია კონკურენტული გარემოს განვითარება, რაც უზრუნველყოფს ფასების შემცირებას. ტენდერები, სადაც მხოლოდ ერთი პრეტენდენტია, ფასების შემცირების საშუალებას არ იძლევა. ის ფაქტი, რომ შპს „სოტრი“ გამარჯვებული 6 ტენდერიდან 5-ში მარტო მონაწილეობდა, გახდა მიზეზი ამ ტენდერების საფუძვლიანი შესწავლისა. სავარაუდოა, რომ სატენდერო დოკუმენტაცია მორგებული იყო კონკრეტული ორგანიზაციის მოთხოვნებთან და შესაძლებლობებთან. სატენდერო დოკუმენტაციების შესწავლით გამოვლინდა შემდეგი გარემოებები:

 

ხელშეკრულება #628 (SPA140019952)

ტენდერის მიმდინარეობის ქრონოლოგია.

22.08.2014 16:37 ტენდერი გამოცხადებულია

10.09.2014 00:05 წინადადებების მიღება დაწყებულია;

15.09.2014 13:15 დამატებითი რაუნდები დასრულებულია;

16.09.2014 20:26 შერჩევა/შეფასება;

16.09.2014 20:27 გამარჯვებული გამოვლენილია;

24.09.2014 09:45 მიმდინარეობს ხელშეკრულების მომზადება;

04.10.2014 14:06 ხელშეკრულება დადებულია.

ტენდერში მონაწილეობდა მხოლოდ ერთი პრეტენდენტი, სავარაუდო ღირებულება არ შემცირებულა, ხელშეკრულება გაფორმდა 125853 ლარზე.

სატენდერო დოკუმენტაციაში ჩადებულია შემდეგი მოთხოვნები: სამუშაოები უნდა დასრულდეს ხელშეკრულების გაფორმებიდან 25 დღეში; სამუშაოები უნდა ჩატარდეს იმის გარანტიით, რომ შესყიდვის ობიექტი ექსპლუატაციის პერიოდში არ გამოავლენს დეფექტებს მიღებიდან, მინიმუმ, 2 წლის განმავლობაში; პრეტენდენტს უნდა ჰქონდეს, მინიმუმ, 2-წლიანი სამუშაო გამოცდილება მსგავს სამუშაოებზე უკანასკნელი 2 წლის განმავლობაში არანაკლებ 200000 ლარის ბრუნვით; ინფორმაცია პრეტენდენტის საკუთრებაში არსებული, ან იჯარით აღებული მანქანა-მექანიზმების შესახებ; მიმწოდებელმა ხელშეკრულების გაფორმებიდან 5 დღეში უნდა წარმოადგინოს სამუშაოების შესრულების გეგმა-გრაფიკი; ხარისხის დაცვის მიზნით ყოველი ფორმა 2-ის წარმოდგენისას დაუკავდება შესრულებული სამუშაოების ღირებულების 10%, რომელიც აუნაზღაურდება სამუშაოების სრულად დასრულებისა და მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ; სამუშაოების დასრულების შემდეგ მიმწოდებელმა უნდა წარმოადგინოს ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს დასკვნა, მხოლოდ ამის შემდეგ ჩაითვლება სამუშაოები დასრულებულად და გაფორმდება შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტი.

ხელშეკრულების პროექტში ჩადებულია შემდეგი პირობები: საგარანტიო პერიოდი შეადგენს 2 წელს, ფორმა #2-ის წარმოდგენისას დაუკავდება შესრულებული სამუშაოს ღირებულების 5%, საიდანაც 2.5% აუნაზღაურდება სამუშაოების სრულად დასრულებისას და 2.5% აუნაზღაურდება საგარანტიო პერიოდის (2 წელი) გასვლის შემდეგ. სამუშაოების სრულად დასრულებისას მიმწოდებელმა უნდა წარმოადგინოს სამხარაულის დასკვნა.

ხელშეკრულება: გაფორმდა 30.09.2014-ში, სამუშაოების დასრულების ვადად განისაზღვრა 27.10.2014, ხოლო ხელშეკრულების მოქმედების ვადად _ 31.12.2014; საგარანტიო ვადად განისაზღვრა 2 წლის ნაცვლად 1 წელი, სამხარაულის დასკვნის წარმოდგენისა და 5%-ის დაკავების მოთხოვნებს ხელშეკრულება არ შეიცავს. ხელშეკრულებამ განიცადა 4 ცვლილება. სხვადასხვა მიზეზთა გამო სამუშაოების დასრულების ვადად განისაზღვრა 31.03.2015, ხოლო ხელშეკრულების მოქმედების ვადად განისაზღვრა 31.12.2015.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, პრეტენდენტს ელექტრონულ სისტემაში უნდა აეტვირთა შემდეგი დოკუმენტები:

●             შესასრულებელი სამუშაოების განფასებული ხარჯთაღრიცხვა;

●             რეკვიზიტები და სატენდერო წინადადების ფასი;

●             მინიმუმ 2 წლის განმავლობაში შესრულებული სამუშაოების ჩამონათვალი.

შპს „სოტრიმ“ წინადადების მიღების პერიოდში სისტემაში ატვირთა მხოლოდ რეკვიზიტები და წინადადების ფასი, ე. ი. მოთხოვნილი სამი დოკუმენტიდან მხოლოდ ერთი. სატენდერო კომისიის სხდომაზე განიხილეს „სოტრის“ წინადადება და აცნობეს, რომ მას უნდა დაეზუსტებინა ტექნიკური დოკუმენტაცია, კერძოდ 18.09.2014 18:00 საათამდე სისტემაში უნდა აეტვირთა, მინიმუმ, 2 წლის განმავლობაში შესრულებული სამუშაოების ჩამონათვალი, მაგრამ არ უცნობებიათ, რომ ასევე უნდა წარმოედგინა განფასებული ხარჯთაღრიცხვა. შპს „სოტრიმ“ 2 წლის განმავლობაში შესრულებული სამუშაოების ჩამონათვალი ელექტრონული სისტემის საშუალებით წარმოადგინა 17.09.2014-ში (ვადების დაცვით), ხოლო განფასებული ხარჯთაღრიცხვა წარმოადგინა 23.09.2014-ში (ვადების დარღვევით). ტექნიკური დოკუმენტაციის დაზუსტების ვადების დარღვევის გამო შპს „სოტრის“ ეკუთვნოდა დისკვალიფიკაცია. მიუხედავად ამისა, დისკვალიფიკაცია არ მისცეს და გააფორმეს ხელშეკრულება. აღნიშნული ფაქტი წარმოადგენს კანონდარღვევას და მეტყველებს შპს „სოტრის“ პრივილეგიებზე სახელმწიფო შესყიდვებისას.

სამუშაოები არ არის დასრულებული. 12 ივნისის მდგომარეობით ვადაგადაცილებულ დღეთა რაოდენობაა _ 228.

ხელშეკრულება #629 (შPA140019923)

ტენდერის მიმდინარეობის ქრონოლოგია:

22.08.2014 14:01 ტენდერი გამოცხადებულია;

07.09.2014 00:01 წინადადებების მიღება დაწყებულია;

12.09.2014 12:45 დამატებითი რაუნდები დასრულებულია;

23.09.2014 18:22 შერჩევა/შეფასება;

23.09.2014 18:39 გამარჯვებული გამოვლენილია;

23.09.2014 18:42 მიმდინარეობს ხელშეკრულების მომზადება;

04.10.2014 14:25 ხელშეკრულება დადებულია.

 

ტენდერში მონაწილეობდა მხოლოდ ერთი პრეტენდენტი, სავარაუდო ღირებულება შეადგენდა 66422 ლარს, ხელშეკრულება გაფორმდა 62698 ლარზე.

სატენდერო დოკუმენტაციაში ჩადებულია შემდეგი მოთხოვნები: სამუშაოები უნდა დასრულდეს ხელშეკრულების გაფორმებიდან 25 დღეში; სამუშაოები უნდა ჩატარდეს იმის გარანტიით, რომ შესყიდვის ობიექტი ექსპლუატაციის პერიოდში არ გამოავლენს დეფექტებს მიღებიდან, მინიმუმ, 2 წლის განმავლობაში; ინფორმაცია პრეტენდენტის საკუთრებაში არსებული, ან იჯარით აღებული მანქანა-მექანიზმების შესახებ; მიმწოდებელმა ხელშეკრულების გაფორმებიდან 5 დღეში უნდა წარმოადგინოს სამუშაოების შესრულების გეგმა-გრაფიკი; ხარისხის დაცვის მიზნით ყოველი ფორმა #2-ის წარმოდგენისას დაუკავდება შესრულებული სამუშაოების ღირებულების 10%, რომელიც აუნაზღაურდება სამუშაოების სრულად დასრულებისა და მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ; სამუშაოების დასრულების შემდეგ მიმწოდებელმა უნდა წარმოადგინოს ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს დასკვნა, მხოლოდ ამის შემდეგ ჩაითვლება სამუშაოები დასრულებულად და გაფორმდება შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტი.

ხელშეკრულების პროექტში ჩადებულია შემდეგი პირობები: საგარანტიო პერიოდი შეადგენს 2 წელს, ფორმა 2-ის წარმოდგენისას დაუკავდება შესრულებული სამუშაოს ღირებულების 10%, რომელიც აუნაზღაურდება სამუშაოების სრულად დასრულებისას. სამუშაოების სრულად დასრულებისას მიმწოდებელმა უნდა წარმოადგინოს ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს დასკვნა.

ხელშეკრულება: გაფორმდა 30.09.2014-ში, სამუშაოების დასრულების ვადად განისაზღვრა 27.10.2014, ხოლო ხელშეკრულების მოქმედების ვადად _ 31.12.2014; საგარანტიო ვადად განისაზღვრა 2 წლის ნაცვლად 1 წელი, სამხარაულის დასკვნის წარმოდგენისა და 10%-ის დაკავების მოთხოვნას ხელშეკრულება არ შეიცავს. ხელშეკრულებამ განიცადა 2 ცვლილება, სხვადასხვა მიზეზთა გამო სამუშაოების დასრულების ვადად განისაზღვრა 15.11.2014, ხოლო ხელშეკრულების მოქმედების ვადა დარჩა უცვლელი 31.12.2014.

სამუშაოები დასრულდა 08.12.2014-ში, აუნაზღაურდა 59768 ლარი. ხელშეკრულებაში აღარ მეორდება სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნები.

სამუშაოები დასრულდა 42 დღის დაგვიანებით.

 

ხელშეკრულება #630 (SPA140020036)

ტენდერის მიმდინარეობის ქრონოლოგია:

25.08.2014 13:45 ტენდერი გამოცხადებულია;

11.09.2014 00:06 წინადადებების მიღება დაწყებულია;

16.09.2014 12:15 დამატებითი რაუნდები დასრულებულია;

16.09.2014 21:08 შერჩევა/შეფასება;

16.09.2014 21:10 გამარჯვებული გამოვლენილია;

24.09.2014 10:03 მიმდინარეობს ხელშეკრულების მომზადება;

04.10.2014 13:39 ხელშეკრულება დადებულია.

 

ტენდერში მონაწილეობდა მხოლოდ ერთი პრეტენდენტი, სავარაუდო ღირებულება შეადგენდა 210218 ლარს, ხელშეკრულება გაფორმდა 199698 ლარზე.

სატენდერო დოკუმენტაციაში ჩადებულია შემდეგი მოთხოვნები: სამუშაოები უნდა დასრულდეს ხელშეკრულების გაფორმებიდან 40 დღეში; სამუშაოები უნდა ჩატარდეს იმის გარანტიით, რომ შესყიდვის ობიექტი ექსპლუატაციის პერიოდში არ გამოავლენს დეფექტებს მიღებიდან მინიმუმ 2 წლის განმავლობაში; პრეტენდენტს უნდა ჰქონდეს, მინიმუმ, 2-წლიანი სამუშაო გამოცდილება მსგავს სამუშაოებზე უკანასკნელი 2 წლის განმავლობაში არანაკლებ 500000 ლარის ბრუნვით; ინფორმაცია პრეტენდენტის საკუთრებაში არსებული, ან იჯარით აღებული მანქანა-მექანიზმების შესახებ; მიმწოდებელმა ხელშეკრულების გაფორმებიდან 5 დღეში უნდა წარმოადგინოს სამუშაოების შესრულების გეგმა-გრაფიკი; ხარისხის დაცვის მიზნით ყოველი ფორმა #2-ის წარმოდგენისას დაუკავდება შესრულებული სამუშაოების ღირებულების 10%, რომელიც აუნაზღაურდება სამუშაოების სრულად დასრულებისა და მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ; ხელშეკრულების გაფორმებამდე გამარჯვებულმა პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ხელშეკრულების უზრუნველყოფის საბანკო, ან სადაზღვეო გარანტია სახელშეკრულებო თანხის 5%-ის ოდენობით; სამუშაოების დასრულების შემდეგ მიმწოდებელმა უნდა წარმოადგინოს ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს დასკვნა, მხოლოდ ამის შემდეგ ჩაითვლება სამუშაოები დასრულებულად და გაფორმდება შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტი.

ხელშეკრულების პროექტში ჩადებულია შემდეგი პირობები: საგარანტიო პერიოდი შეადგენს 2 წელს, ფორმა 2-ის წარმოდგენისას დაუკავდება შესრულებული სამუშაოს ღირებულების 10%, რომელიც აუნაზღაურდება სამუშაოების სრულად დასრულებისას, სამუშაოების სრულად დასრულებისას მიმწოდებელმა უნდა წარმოადგინოს ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს დასკვნა.

ხელშეკრულება: გაფორმდა 30.09.2014-ში, სამუშაოების დასრულების ვადად განისაზღვრა 10.11.2014, ხოლო ხელშეკრულების მოქმედების ვადად _ 31.12.2014; საგარანტიო ვადად განისაზღვრა 2 წლის ნაცვლად 1 წელი, სამხარაულის დასკვნის წარმოდგენისა და 10%-ის დაკავების მოთხოვნას ხელშეკრულება არ შეიცავს.

ხელშეკრულებამ განიცადა 6 ცვლილება, სხვადასხვა მიზეზით მიწოდების ვადა გადაუვადდა 30.03.2015 წლამდე, ხოლო ხელშეკრულების მოქმედების ვადად განისაზღვრა 31.12.2015. ფაქტობრივად, სამუშაოები უნდა დასრულებულიყო 40 დღეში, გადაუვადდა 30.03.2015-მდე, სამუშაოები დასრულდა 11.05.2015-ში, აუნაზღაურდა 198721.18 ლარი.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით პრეტენდენტს ელექტრონულ სისტემაში უნდა აეტვირთა შემდეგი დოკუმენტები:

●             შესასრულებელი სამუშაოების განფასებული ხარჯთაღრიცხვა;

●             რეკვიზიტები და სატენდერო წინადადების ფასი;

●             მინიმუმ 2 წლის განმავლობაში შესრულებული სამუშაოების ჩამონათვალი.

შპს „სოტრიმ“ წინადადების მიღების პერიოდში სისტემაში ატვირთა მხოლოდ რეკვიზიტები და წინადადების ფასი, ე. ი. მოთხოვნილი სამი დოკუმენტიდან მხოლოდ ერთი. სატენდერო კომისიის სხდომაზე განიხილეს „სოტრის“ წინადადება და აცნობეს, რომ მას უნდა დაეზუსტებინა ტექნიკური დოკუმენტაცია, კერძოდ 19.09.2014 18:00 საათამდე სისტემაში უნდა აეტვირთა, მინიმუმ, 2 წლის განმავლობაში შესრულებული სამუშაოების ჩამონათვალი ბრუნვით არანაკლებ 500000 ლარისა, მაგრამ არ უცნობებიათ, რომ ასევე უნდა წარმოედგინა განფასებული ხარჯთაღრიცხვა. შპს „სოტრიმ“ 2 წლის განმავლობაში შესრულებული სამუშაოების ჩამონათვალი სისტემის საშუალებით წარმოადგინა 17.09.2014-ში (ვადების დაცვით), ხოლო განფასებული ხარჯთაღრიცხვა წარმოადგინა 29.09.2014-ში (ვადების დარღვევით). ტექნიკური დოკუმენტაციის დაზუსტების ვადების დარღვევის გამო შპს „სოტრის“ ეკუთვნოდა დისკვალიფიკაცია. მიუხედავად ამისა, დისკვალიფიკაცია არ მისცეს და გააფორმეს ხელშეკრულება. აღნიშნული ფაქტი წარმოადგენს კანონდარღვევას და მეტყველებს შპს „სოტრის“ პრივილეგიებზე სახელმწიფო შესყიდვებისას.

200000 ლარამდე ღირებულების სამუშაოებზე საგარანტიოს მოთხოვნა სავალდებულო არ არის¹.

სამუშაოები დასრულდა 182 დღის დაგვიანებით.

 

ხელშეკრულება #803 (SPA140026506)

ტენდერის მიმდინარეობის ქრონოლოგია:

15.11.2014 11:32 ტენდერი გამოცხადებულია;

18.11.2014 00:04 წინადადებების მიღება დაწყებულია;

20.11.2014 17:15 დამატებითი რაუნდები დასრულებულია;

24.11.2014 20:17 შერჩევა/შეფასება;

24.11.2014 20:18 გამარჯვებული გამოვლენილია;

01.12.2014 19:57 მიმდინარეობს ხელშეკრულების მომზადება;

09.12.2014 10:30 ხელშეკრულება დადებულია.

 

ტენდერში მონაწილეობდა მხოლოდ ერთი პრეტენდენტი, სავარაუდო ღირებულება შეადგენდა 123785 ლარს, ხელშეკრულება გაფორმდა 122585 ლარზე.

სატენდერო დოკუმენტაციაში ჩადებულია შემდეგი მოთხოვნები: სამუშაოები უნდა დასრულდეს ხელშეკრულების გაფორმებიდან 60 დღეში; სამუშაოების საგარანტიო პერიოდი შეადგენს 2 წელს; პრეტენდენტს უნდა ჰქონდეს 2013-2014 წლებში მსგავს სამუშაოებზე გამოცდილება არანაკლებ 500000 ლარის ბრუნვით; ინფორმაცია პრეტენდენტის საკუთრებაში არსებული, ან იჯარით აღებული მანქანა-მექანიზმების შესახებ; მიმწოდებელმა ხელშეკრულების გაფორმებამდე უნდა წარმოადგინოს სამუშაოების შესრულების გეგმა-გრაფიკი; გამარჯვებულმა პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ხელშეკრულების უზრუნველყოფის საბანკო, ან სადაზღვეო გარანტია სახელშეკრულებო თანხის 5%-ის ოდენობით; სამუშაოების დასრულების შემდეგ მიმწოდებელმა უნდა წარმოადგინოს ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს დასკვნა, მხოლოდ ამის შემდეგ ჩაითვლება სამუშაოები დასრულებულად და გაფორმდება შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტი.

ხელშეკრულების პროექტში ჩადებულია შემდეგი პირობები: საგარანტიო პერიოდი შეადგენს 2 წელს, სამუშაოების სრულად დასრულების შემდეგ მიმწოდებელმა უნდა წარმოადგინოს ლევან  სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს დასკვნა. მიმწოდებელმა უნდა წარმოადგინოს 5% საბანკო გარანტია. სამუშაოების ხარისხის დაცვის მიზნით მიმწოდებელთან ანგარიშსწორება განხორციელდება ეტაპობრივად წარმოდგენილი ფორმა #2-ის, ფორმა #3-ის შესაბამისად, ხოლო საბოლოო ანგარიშსწორება განხორციელდება სახელშეკრულებო ღირებულების 90%-ის მიღება-ჩაბარების აქტის წარმოდგენის შემდეგ.

ხელშეკრულება: გაფორმდა 05.12.2014-ში, სამუშაოების დასრულების ვადად განისაზღვრა ხელშეკრულების გაფორმებიდან 60 დღე, ხოლო ხელშეკრულების მოქმედების ვადად _ 09.03.2015. საგარანტიო ვადად განისაზღვრა 2 წელი, სამუშაოების ხარისხის დაცვის მიზნით მიმწოდებელთან ანგარიშსწორება განხორციელდება ეტაპობრივად წარმოდგენილი ფორმა #2-ის, ფორმა #3-ის შესაბამისად, ხოლო საბოლოო ანგარიშსწორება განხორციელდება სახელშეკრულებო ღირებულების 90%-ის მიღება-ჩაბარების აქტის წარმოდგენის შემდეგ. სამუშაოების სრულად დასრულებისას მიმწოდებელმა უნდა წარმოადგინოს ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს დასკვნა.

ხელშეკრულებამ განიცადა 3 ცვლილება, სხვადასხვა მიზეზით მიწოდების ვადა გადაუვადდა 31.03.2015-მდე ხოლო ხელშეკრულების მოქმედების ვადად განისაზღვრა 31.12.2015. ფაქტობრივად, სამუშაოები უნდა დასრულებულიყო 60 დღეში, გადაუვადდა 31.03.2015-მდე და დღესაც არ დასრულებულა.

 

სატენდერო დოკუმენტაციაში მოთხოვნილია ინფორმაცია მანქანა-მექანიზმების შესახებ, რომელიც უნდა წარდგენილიყო დანართი #6-ის მიხედვით, დანართში მოთხოვნილია მანქანა-მექანიზმების კონკრეტული რაოდენობა და ტექნიკური მახასიათებლები, რომლებიც შეესაბამება „სოტრის“ საკუთრებაში არსებული მანქანა-მექანიზმების რაოდენობასა და ტექნიკურ მახასიათებლებს. ფაქტობრივად, სატენდერო დოკუმენტაცია მორგებულია შპს „სოტრის“ შესაძლებლობებს (დანართი #2).

200000 ლარამდე ღირებულების სამუშაოებზე საგარანტიოს მოთხოვნა სავალდებულო არ არის ¹

სამუშაოები არ დასრულებულა, 12 ივნისის მდგომარეობით ვადაგადაცილებულ დღეთა რაოდენობაა _ 129.

 

 

¹ საქართველოს კანონი სახელმწიფო შესყიდვების შესახებ, 21-ე მუხლი, პუნქტი 3¹

● საქართველოს მთავრობის 2014 წლის 30 დეკემბრის #2551-ე განკარგულების მიხედვით 2014 წელს მომხდარი სტიქიების სალიკვიდაციო ღონისძიებების ჩასატარებლად დუშეთის მუნიციპალიტეტს გამოეყო 491000 ლარი და მიეცა უფლება, სამშენებლო სამუშაოები შეესყიდა გამარტივებული შესყიდვის გზით. მიუხედავად იმისა, რომ შპს „სოტრი“ ხელშეკრულებებს ასრულებდა ვადების დარღვევით, მას 2015 წლის 19 მარტს გამარტივებული შესყიდვის გზით გაუფორმდა კიდევ 3 ხელშეკრულება #56 ღირებულებით 77147 ლარი, #57 ღირებულებით 88265 ლარი, #58 ღირებულებით 162517 ლარი. შესასრულებელი სამუშაოების მიწოდების ვადად განისაზღვრა:

ხელშეკრულება #56 _ 18.05.2015

ხელშეკრულება #57 _ 22.06.2015

ხელშეკრულება #58 _ 21.07.2015

ამათგან #56 ხელშეკრულება 2015 წლის 12 ივნისის მდგომარეობით უკვე ვადაგადაცილებულია 25 დღით და შესრულებულია მხოლოდ 11002 ლარის სამუშაოები.

 

● საქართველოს მთავრობის 2014 წლის 22 მაისის #908-ე განკარგულებით, სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ დუშეთის მუნიციპალიტეტს გამოეყო 660120 ლარი, აღნიშნული თანხით განსახორციელებელი სამუშაოების შესასყიდად გამოცხადდა ტენდერები, მათ შორის, ტენდერები SPA140019952 (ხელშ. 628), SPA140019923 (ხელშ. 629), SPA140020036 (ხელშ. 630). ტენდერების გამოცხადების თარიღები შემდეგია:

SPA140019952 (ხელშ. 628) _ 22.08.2014

SPA140019923 (ხელშ. 629) _ 22.08.2014

SPA140020036 (ხელშ. 630) _ 25.08.2014

ტენდერები გამოცხადდა განკარგულების გამოცემიდან 92 დღის შემდეგ, რაც ხელს უშლის სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოების მოკლე დროში ჩატარებას.

● სატენდერო დოკუმენტაციაში ჩადებულია შესრულების მოკლე ვადები და გამოცდილების მოთხოვნა, რის გამოც სხვა პრეტენდენტები ვერ, ან არ მონაწილეობენ. მას შემდეგ, რაც შპს „სოტრი“ გაიმარჯვებს, ხდება სატენდერო მოთხოვნების „შერბილება“ და ვადების გაზრდა.

● სატენდერო დოკუმენტაციაში მოცემული მკაცრი პირობები იცვლება და მიმწოდებლის სურვილებს ერგება;

● ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადების გადავადებით იზრდება რისკი იმისა, რომ ნახევრად შესრულებული სამუშაოები სტიქიის შედეგად დაზიანდეს და ხელახლა გახდეს გასაკეთებელი;

● კონკურენციის უგულებელყოფა იწვევს როგორც ფასების ზრდას, ასევე აფერხებს მცირე და მზარდი საწარმოების განვითარებას, რითაც მცირდება დასაქმებულთა რიცხოვნობა;

● ხელშეკრულებაში ჩადებულია სამუშაოს მიწოდებისა და ხელშეკრულების მოქმედების ვადები, აქედან მიწოდების ვადების დარღვევა იწვევს საურავების დარიცხვას, ხოლო ხელშეკრულების მოქმედების ვადების დარღვევა მის ავტომატურად შეწყვეტას. აღნიშნული ფაქტი რომ არ გავრცელდეს მომწოდებელზე და არ შეუწყდეს ხელშეკრულება, ამისათვის სხვადასხვა მიზეზის საფუძველზე შემსყიდველი უგრძელებს როგორც სამუშაოს მიწოდების ვადას, ისე ხელშეკრულების მოქმედების ვადას, რაც იწვევს საზოგადოებრივი მნიშვნელობის პროექტების დასრულების დაგვიანებას, რის გამოც ადგილობრივი მოსახლეობა ზარალდება;

● „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 10′ მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ პუნქტის თანახმად, გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში, სახელმწიფო შესყიდვა შესაძლოა განხორციელდეს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, ასეთ დროს შესასყიდი საქონლის რაოდენობა, სამუშაოს ან მომსახურების მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს გადაუდებელი აუცილებლობით გამოწვეული პრობლემების მოსაგვარებლად საჭირო შესაბამის ვადებს, ასევე სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელების თაობაზე საქართველოს მთავრობის 2013 წლის 2 აგვისტოს #1016-ე და 2013 წლის 6 სექტემბრის #1234-ე განკარგულებები ადგილობრივ თვითმმართველ ერთეულებს აძლევს მითითებას, სახელმწიფო შესყიდვები განახორციელონ გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, რაც უნდა იყოს საფუძველი სამუშაოების დროულად დაიწყებისა და დასრულებისა. აღნიშნულის გათვალისწინებით, მიზანშეწონილია, გამარტივებული შესყიდვის საშუალებით შესასრულებელი სამუშაოები გადაუნაწილდეს რამდენიმე შემსრულებელს და არ მიეცეს მხოლოდ ერთს, რათა გადაუდებელი აუცილებლობით გამოწვეული პრობლემები მოგვარდეს უმოკლეს ვადებში.

● 803 ხელშეკრულების სატენდერო დოკუმენტაციაში მოთხოვნილია ინფორმაცია პრეტენდენტის საკუთრებაში არსებული, ან იჯარით აღებული სამშენებლო მანქანა-მექანიზმების შესახებ, რომელიც უნდა წარდგენილიყო დანართი 6-ის მიხედვით, დანართში მოთხოვნილია მანქანა-მექანიზმების კონკრეტული რაოდენობა და ტექნიკური მახასიათებლები, რომლებიც შეესაბამება „სოტრის“ საკუთრებაში არსებული მანქანა-მექანიზმების რაოდენობასა და ტექნიკურ მახასიათებლებს. ფაქტობრივად, 803 ხელშეკრულების სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნები მორგებულია შპს `სოტრის შესაძლებლობებს.

 

შიდა აუდიტის სამსახურის უფროსი                                                              პ. მიღდისელი

 

გაგრძელება იქნება

მარიამ ბალანჩივაძე

20

21