„დეპუტატმა იარაღი ამოიღო და საკრებულოს თავმჯდომარეს შუბლზე დაადო“

2s

რა კრიმინალურ-ჩინოვნიკური გარჩევები ხდება ნინოწმინდაში?

 

 

„ქრონიკა+“ აგრძელებს ნინოწმინდის რაიონში არსებულ პრობლემებზე საუბარს. სამწუხაროა, მაგრამ, როგორც ჩანს, ამ თემაზე საუბარი კიდევ დიდხანს მოგვიწევს, რადგან იმდენი საჭირბოროტო საკითხი და პრობლემა არსებობს, რომ ერთ და ორ მასალაში ამ ყველაფრის ჩატევა, პრაქტიკულად, შეუძლებელია. მეორე მხრივ, კაცმა რომ თქვას, ნინოწმინდაში ისეთი არაფერიც არ ხდება, საქართველოს სხვა რაიონებშიც რომ არ ხდებოდეს: უმუშევრობაზე, სოციალურ გაჭირვებაზე და ადგილობრივი ჩინოვნიკების გულგრილობაზეა საუბარი. ეს კი ქართველებისთვის ნაცნობი ხილია.

 

თუმცა ნინოწმინდის რაიონის შემთხვევაში ცოტა განსხვავებულადაა საქმე. ჯერ ერთი, როგორც სამცხე-ჯავახეთის დიდი ნაწილი, ეს რაიონიც ეროვნული უმცირესობით _ ჩვენი სომეხი მეგობრებითა და მოქალაქეებით არის დასახლებული. ამიტომ ცენტრალურმა ხელისუფლებამ კეთილი უნდა ინებოს და ცოტა მეტი ყურადღება დაუთმოს. მკითხველი მიხვდება, რასაც ვგულისხმობ. მეორეც _ ჩინოვნიკების გულგრილობა ვახსენეთ და ჩემს რესპონდენტს თუ დავუჯერებთ, ის, რაც ნინოწმინდის რაიონში ხდება, ამას გულგრილობასაც ვეღარ დავარქმევთ. ცოტა უფრო რთულად არის საქმე და არ აწყენდა ცენტრალურ ხელისუფლებას ყველაფერში გარკვევა და სიტუაციის დალაგება.

სიმართლე რომ გითხრათ, იმის ილუზია არ მაქვს, რომ ამ წერილების წაკითხვის შემდეგ ხელისუფლება რეგიონებში სიტუაციის დალაგებას დაიწყებს. არ არის ეს ხელისუფლება ამის გამკეთებელი, თორემ გამკეთებელი რომ ყოფილიყო, არც აქამდე მიიყვანდა საქმეს. უბრალოდ, ხელისუფლება მარტო თავისი ჩინოვნიკების დავარცხნილ-დალაგებული მონაყოლის ამარა რომ არ იყოს, რომლის მიხედვითაც ქვეყანაში აყვავებულია ყველაფერი, რიგითი მცხოვრებლების საუბარიც მოისმინოს.

 

აი, რას უყვება „ქრონიკა+“-ს ნინოწმინდაში მცხოვრები ჩვენი რესპონდენტი:

_ 2013 წლის აპრილის შუა რიცხვებში ნინოწმინდის მაჟორიტარი დეპუტატი, ენზელ მკოიანი ნინოწმინდაში იყო და სასწრაფოდ მოიწვია საკრებულოს საგანგებო სხდომა, რომლის თაობაზეც არ გახლდათ ინფორმირებული საკრებულოს იმდროინდელი თავმჯდომარე, ვლადიმერ სტამბოლციანი. არ იფიქროთ, რომ საკრებულო მკოიანმა რაიონისთვის საჭირო საქმის გამო შეყარა. ამ სხდომას წინ უძღოდა კრიმინალურ-განგსტერული ისტორია. რამდენიმე დღით ადრე დეპუტატმა ეს კაცი _ საკრებულოს მაშინდელი თავმჯდომარე, სტამბოლციანი, თავის კაბინეტში დაიბარა, ამოიღო იარაღი, შუბლზე დაადო და დაემუქრა, _ თუ განცხადებას არ დაწერ სამსახურიდან წასვლის თაობაზე, შუბლს გაგიხვრეტო! შემდეგ სცემა და განცხადება დააწერინა. აი, ამის მერე მოიწვია ხსენებული სხდომა და დეპუტატებს კენჭი აყრევინა, თუ ვინ იყო თანახმა, რომ სტამბოლციანი გადამდგარიყო და დაეტოვებინა თავმჯდომარის პოსტი? მკოიანს წინააღმდეგობას ვინ გაუწევდა?! _ ცხადია, ყველა თანახმა იყო.

_ დაპირისპირების მიზეზი?

_ საკრებულოს თავმჯდომარე არ ემორჩილებოდა დეპუტატს. მკოიანს უყვარს, შაჰ-აბასივით რომ ხვდებიან ყველგან. ერთთავად მლიქვნელების გარემოცვაშია და საკრებულოს თავმჯდომარემ ეს რომ არ გააკეთა, მოიცილა თავიდან. სხვათა შორის, ნორმალური კაცი იყო. არც დანებდა უსამართლო დეპუტატს და ამ ცემის დღეს ჩავიდა ახალციხეში, სადაც ჩაიტარა სამედიცინო ექსპერტიზა. დაადგინეს, რომ მართლაც ნაცემი იყო და მიყენებული ჰქონდა სხეულის სხვადასხვა ხარისხის დაზიანება! მაგრამ იმდენად დიდია რეგიონში ნინოწმინდის დეპუტატის გავლენა, რომ პასუხს ვინ მოსთხოვდა?! ეს საქმე დღემდე დაბლოკილია და სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურაში რომელიღაც თაროზე მტვერი ადევს.

ერთი სიტყვით, დღეს ასეთი კაცია რაიონის ბატონ-პატრონი, დეპუტატის ხელშია ყველაფერი. ცემის ფაქტს რომ თავი გავანებოთ, ვლადიმერ სტამბოლციანმა სასამართლოს მიმართა, რომ იგი უკანონოდ გაათავისუფლეს. საქმე ის არის, რომ თავმჯდომარეობიდან როცა გაუშვეს, ექვსი თვეც არ იყო გასული, რაც განცხადება კიდევ დააწერინეს და საკრებულოს დეპუტატობიდანაც მოხსნეს. კი მოიგო სასამართლო პროცესები, მაგრამ იმდენად გააჭიანურეს დრო, რომ ამასობაში ახალი ადგილობრივი არჩევნები დაინიშნა და თანამდებობაზე აღდგენისთვის ბრძოლამ ავტომატურად დაკარგა აზრი. ასე შერჩა რაიონის დეპუტატს საკრებულოს დეპუტატის მიმართ ჩადენილი არაკაცობა.

_ გამგებელს რა პოზიცია უკავია?

_ ნინოწმინდის გამგებელი, გაგიკ კარსლიანი, ის კაცია, ვისაც არანაირი პოზიცია არ გააჩნია. საითაც მკოიანი გადაიხრება, ესეც იქითაა. ისევ დეპუტატ მკოიანის თემას მინდა დავუბრუნდე, რომლის მითითებითაც 2012 წლის აგვისტოში გაიტაცეს „ქართული ოცნების“ აქტივისტი, ლეონ ვაგანიანი. ამ საქმეში მონაწილეობდა საკრებულოს ამჟამინდელი თავმჯდომარე, სუმბათ კიურეგიანი და შსს-ს რაიონული სამმართველოს უფროსის მოადგილე, ჰრაირ ნაზარინიანი.

_ გატაცების მიზანი რა იყო?

_ რა იყო და მკოიანიდან დაწყებული, ვინც ჩამოვთვალე, ადგილობრივი ზონდერები და „ნაცბრიგადების“ ჯალათები იყვნენ, ვაგანიანი კი ახლად შექმნილი „ოცნების“ წევრი იყო და კარგად გახსოვთ, იმ პერიოდში რამხელა ზეწოლას განიცდიდნენ „ოცნების“ წევრები „ნაცების“ მხრიდან. ერთი სიტყვით, გატაცებული ლეონ ვაგანიანი წაიყვანეს სომხეთში. მანამდე მასაც იარაღით ემუქრებოდა „ნაციონალების“ მაშინდელი აქტივისტი მკოიანი. პოლიციაში სცემეს, შემდეგ კვალი რომ დაეფარათ, საკრებულოს დღევანდელი თავმჯდომარის კუთვნილ ავტომობილში ჩასვეს და სომხეთში გადამალეს. თუ გამოძიება დაინტერესდება, ამ ავტომობილის ნომრებსაც მივაწვდით და დეტალურად მოვუყვებით, რა და როგორ მოხდა. თუმცა ეს ვის აინტერესებს?! ასეთი კაცი არის დღეს დეპუტატი და ხელისუფლებას ეს აწყობს. არადა, ახალციხის სამხარეო პროკურატურაში დღემდე აღძრულია საქმე, მაგრამ ესეც დაბლოკილია. ერთადერთი მათი მიზანი ფული და ძალაუფლებაა.

_ რაიონისთვის თუ კეთდება რამე?

_ ერთ მაგალითს მოგახსენებთ და დასკვნას თვითონვე გამოიტანთ: აქ რამდენიმე სოფელში გამოცხადდა ტენდერი წყლის გაყვანასთან დაკავშირებით, რაზედაც 500 ათასი ლარი გამოიყო, მაგრამ ეს ფული გაუჩინარდა, წყალი კი არ არის და ამაზე არავინ აგებს პასუხს. ხალხი შეშინებულია და ხმას ვერ იღებს. ამოიღებთ და დედას გიტირებთო! _ ამ სიტყვებით აშინებენ ადგილობრივ მოსახლეობას. სანამდე უნდა იყოს ამდენი უკანონობა და ქაოსი ნინოწმინდაში?! რას უყურებს ეს მთავრობა?!

_ ვინმემ ეს ყველაფერი მიიტანა მთავრობის ყურამდე?

_ კი ბატონო, მივწერეთ ღარიბაშვილს და „ქართულ ოცნებასაც“, მაგრამ ვინ არის ჩვენი პატრონი?! არ გვიპასუხა არავინ. ამ ნაძირალა დეპუტატს ნებისმიერ სამსახურში ჰყავს თავისი ხალხი, ადგილზე კი ყველაფერი მაგის ხელშია. დაშინებული ჰყავთ ხალხი და სანამდე უნდა გაგრძელდეს ასე?!

კიდევ ერთ ამბავს გეტყვით, დეპუტატის პორტრეტი ბოლომდე რომ შევავსოთ: მიმდინარე წლის იანვრის პირველ დღეებში, უფრო კონკრეტულად, 4-7 იანვარს, ნინოწმინდაში იყო ძლიერი ქარბუქი, რის შედეგადაც გზები დაიკეტა და ის ხალხი, ვინც მანქანებით იყო გაჩერებული ამ გზაზე, დახმარებას ითხოვდა.

_ ვის სთხოვდა?

_ დაურეკეს გამგებელს და სთხოვეს, რომ რაიონიდან მიშველებოდა ვინმე, რადგან ხალხი უკვე იხრჩობოდა ქარბუქში. გამგებელი კარსლიანი  დაჰპირდა, აუცილებლად დაგეხმარებითო, თუმცა, იმდენად უუნარო არსებაა, რომ თვითონ ვერ გადაწყვიტა ეს საკითხი და მამა-მარჩენალ ენზელ მკოიანს დაურეკა, რომელმაც უპასუხა, _ ახლა ტექნიკას ვერ გამოვიყვანთ, რადგან ღამეა და იქნებ, დილით მაინც დავახმაროთო. ამის შემდეგ გამგებელმა გადაურეკა თოვლში მოყოლილ ხალხს და უთხრა, როგორმე დილამდე მოითმინეთო. მეორე დილით კი პატივცემული დეპუტატი თავისი თოვლმავლით _ „ბურანით“, რომელიც 20 ათასი დოლარი ღირს, თბილად ჩაცმული, შავი სათვალეებით წაუძღვა წინ მაშველთა ჯგუფს და როცა ადგილზე მივიდნენ, უკვე საკმაოდ გვიანი იყო: ერთი კაცი და ერთიც ბავშვი გარდაცვლილები დახვდათ(!!!).

_ კი მაგრამ, რა დეპუტატის საქმე იყო სამაშველო ოპერაციაში მონაწილეობა?

_ ხომ უნდა გაემარიაჟებინა საქმეში თავისი „ბურანი“ ბიჭს! აი, ხელმძღვანელობის ასეთი უპასუხისმგებლობის გამო დაიღუპა ორი ადამიანი! აქვე ისიც მინდა აღვნიშნო, რომ კომპანია, რომელიც ზამთარში გზას წმენდს, ფინანსდება ადგილობრივი ბიუჯეტიდან და ესეც ენზელ მკოიანის საკუთარი კომპანიაა _ „ჯავახავტოგზა“. მართალია, დირექტორი ვინმე ნოდარია, მაგრამ რეალურად მკონიანს ეკუთვნის.

_ მოკლედ, დიდი კაცი გყოლიათ დეპუტატად.

_ როგორც მოგახსენეთ, ენზელ მკოიანი რაიონში ყველაფრის ბატონ-პატრონია. ნინოწმინდაში არის ადგილობრივი ტელევიზია „ფარვანა“, რომელიც უკანონოდ ფინანსდება ადგილობრივი ბიუჯეტიდან _ 40 ათასი ლარით წლიურად. ამის მფლობელი არის კონსტანტინე ვარდანიანი, ენზელას მარჯვენა ხელი. ეს პიროვნება აქტიურად თანამშრომლობს უშიშროების სამსახურებთან, კერძოდ ახალქალაქის კონტრდაზვერვის უფროსთან, ზურა ჩადუნელთან და არის მისი აგენტი. თავის ტელევიზიაში კი აშუქებს მხოლოდ ისეთ საკითხებს, რისი გაშუქებაც დეპუტატის ინტერესებში შედის. ეს ადამიანი ასევე მუშაობს საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილედ და ამის შემდეგ თქვენ გააანალიზეთ და მიხვდებით, თუ ვის ხელშია ეს რაიონი.

დეპუტატების ნათესავებით არის გავსებული მთელი ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი. მაგალითად, ვინმე სამველ ირისიანი გახლავთ გამგებლის ბიძაშვილი. ფაქტობრივად, კრიმინალია, არადა, ოფიციალურად საკრებულოს იურიდიული საკითხების კომიტეტის  თავმჯდომარეა და მთელ რაიონს ატერორებს. 2014 წლამდე იყო გამგებლის მოადგილე და ამ პერიოდში მან მიითვისა სოფლის მეურნეობის ვაუჩერები. იმ პირების ვაუჩერებზეა საუბარი, რომლებიც ამ დროს არ იყვნენ ადგილზე და ამათ მოახერხეს ამ ვაუჩერების განაღდება ბანკისგან. ასევე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამსახურის უფროსი, საიათ მკოიანი, დეპუტატის ბიძაშვილია და ასეთი ჩამონათვლის გაკეთება კიდევ ბევრი შეიძლება.

მოკლედ, ბატონო დავით, შეიძლება ითქვას, რომ ჩვენს რაიონს ხელისუფლება არ ჰყავს! და რაც ჰყავს, ისიც კრიმინალებმა დააკომპლექტეს. მეორე მხრივ, არც სამხარეო მთავრობა არსებობს და ასევე არც სამხარეო სამართალდამცველი სისტემა მუშაობს. ყველანი არიან ვიღაც ძალის გავლენის ქვეშ. ამ ძალას კი არ აწყობს სტაბილურობა ჩვენს რაიონში. ეს ცეცხლთან თამაშია და არც რაიონს მოუტანს კარგს და არც მთლიანად სახელმწიფოს…

დავით დევიძე