ჯერ მოქალაქეები ვართ, მერე ჟურნალისტები!

1

„ჭკუა უნდა დაატანოთ საკუთარ თავს!“ _ ასე „გვმოძღვრავენ“ ე. წ. ჟურნალისტები ხურვალეთიდან დაბრუნების შემდეგ და ოკუპანტი რუსეთის მთელ ცოდვებს ზურგზე გვკიდებენ იმ ჟურნალისტებს, რომლებიც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიის საზღვართან მივედით და მთელი ქართველობის გასაკეთებელი საქმე უშიშრად გავაკეთეთ. კარგია, როცა ასეთ საკითხებს ხელისუფლება უხმაუროდ, დიპლომატიის გამოყენებით აგვარებს და ჟურნალისტებიც მხოლოდ თავისი საქმით _ მოვლენების გაშუქებით არიან დაკავებული; როცა ქვეყნის ერთიანობას, სუვერენიტეტს არავინ ეხება, მეზობლად დამპყრობელი არ გყავს და მიწა-წყალს გოჯობით არ გართმევს; მის ნადავლში შენი სამშობლოს ხესა და ბუჩქს არ ხედავ! მაგრამ როცა ეს ყველაფერი სხვაგვარად არის, ხმის ამოღება და პროტესტი უფრო ადეკვატური რეაქციაა, ვიდრე დუმილი, ბაბაიას ძახილი და ლოდინი, დამპყრობელი როდის მიიტაცებს დარჩენილ ნაწილებს. მით უფრო თუ ხედავ, რომ ხელისუფლებაც წაყრუების პოლიტიკას ეწევა.

 

14 ივლისს, ჟურნალისტების ერთი ჯგუფი გორის რაიონის სოფელ ხურვალეთისკენ გავემართეთ, რადგან რამდენიმე დღის წინათ ოკუპანტებმა იქ ახალი ბანერი ჩაარჭეს და საზღვარი კიდევ ერთხელ გადმოსწიეს. ბანერს იქით მოექცა ქართული მიწები, ქართველების მოსავალი _ ქერისა და ხორბლის ყანები.

ვარდების მოედნიდან ყვითელი მიკროავტობუსებით გავემგზავრეთ და ხურვალეთამდე მხოლოდ პატრიოტულ თემებზე ვსაუბრობდით. ყველას  აწუხებდა პრობლემა, რომელიც რაც დრო გადის, სულ უფრო მეტად ხდება მტკივნეული. მცოცავი ოკუპაცია დაუსრულებლად გრძელდება და მის შესაჩერებლად რეალურად ნაბიჯები არ იდგმება. თბილისიდან 67 კილომეტრში, ავტობანიდან მარჯვნივ გადავუხვიეთ და ქართველების საგუშაგოსთან შევჩერდით. იქ ჩვენი სამართალდამცველები დგანან და ხურვალეთის მოსახლეობისა თუ იქ მისული საქართველოს მოქალაქეების უსაფრთხოებას იცავენ. ბანერამდე მათთან ერთად გავაგრძელეთ გზა. ქართული „ბლოკპოსტის“ შემდეგ დევნილთა სოფელი, ხურვალეთი გავიარეთ. აქ ის ხალხი ცხოვრობს, რომელთაც ერთხელ უკვე დაკარგეს სარჩო-საბადებელი, მაგრამ ახლაც მომავლის შიშით უწევთ ცხოვრება. სოფლის ბოლოდან მარცხნივ ამ სოფლის ყანებია და ჩვენც იქით გადავუხვიეთ. ირგვლივ ხორბალი და ქერი სასიამოვნოდ ბიბინებდა. სწორედ ამ ბარაქიან მიწაზე გაჩნდა ახალი ტრაფარეტი ოსური წარწერით, რომელიც იქ მცხოვრებ ადამიანებს მშობლიურ მიწასთან ერთად, ალბათ, პურსაც წაართმევს, თუ არ ვიყოჩაღეთ. ამ ადგილიდან საქართველოს მთავარ მაგისტრალამდე, რომელიც დედაქალაქს დასავლეთის რეგიონებთან აკავშირებს, სულ რაღაც, 400 მეტრია დარჩენილი! ჟურნალიტების გარკვეულ ნაწილს საპროტესტო აქციაზე წამოღებული ჰქონდა პლაკატები, რომლითაც ისინი მცოცავ ანექსიას, ოკუპაციას უარყოფდნენ და მსოფლიო თანამეგობრობის ქვეყნებს დახმარებისკენ მოუწოდებდნენ. მათ ევროკავშირისა და საქართველოს დროშებიც ეკავათ. ცხადია, მათი პროტესტი ხელისუფლების უმოქმედობასაც ეხებოდა, მით უფრო, როცა ადგილობრივმა მოსახლეობამ გვითხრა, _ ხელისუფლებიდან ზურაბ აბაშიძის მეტი აქ არავინ ჩამოსულაო.

სანამ აქცია დაიწყებოდა, წითელუბნელ მალხაზ ცეცხლაძეს გავესაუბრეთ. იგი ბანერთან ახლოს მწყემსავდა: „ყოველთვის აქ ვაძოვებდით საქონელს, ახლა კი, მათი თქმით, ვარღვევთ კანონს. ბანერი რომ ჩაარჭეს, მაშინ გვითხრეს, ამ ტერიტორიაზე გადმოსვლა გეკრძალებათო. აქ არის ჩვენი ყანებიც. მოსახლეობას შემოდგომამდე მოგვცეს დრო, მოსავალი უნდა ავიღოთ და მერე, ალბათ, იქ შესვლასაც აგვიკრძალავენ“, _ გვითხრა მან. სანამ რამდენიმე ჟურნალისტი ადგილობრივებს ვესაუბრებოდით, ჟურნალისტების გარკვეულმა ნაწილმა  ბანერი ამოგლიჯა, წამოაქცია და ფეხით შესდგა. შემდეგ დიდი ქვითაც ცდილობდნენ მის დამტვრევას და განადგურებას. უნდოდათ, წაეშალათ ის წარწერები, რომლითაც ქართულ მიწას ოკუპანტი თავისად აცხადებდა. ამის შემდეგ გადაწყვიტეს, რომ მოგლეჯილი ბანერი იქვე, ხევში გადაეგდოთ. რამდენიმემ მოჰკიდა კიდეც ხელი და „საქართველოს გაუმარჯოს“ შეძახილებით „ოკუპანტი ბანერის“ დასაფლავების პროცესიც შედგა, ზოგიერთმა კი ბანერს არც ხევში დაანება თავი და მასზე ოსურ წარწერებს კარგა ხანს იქაც შლიდა.

ადგილობრივები შორიახლოს იდგნენ და ამ ფაქტს იქიდან აკვირდებოდნენ. ერთ-ერთმა კი ჟურნალისტებს შესთავაზა, ბანერს ხევიდან ისევ ამოიღებენ და კვლავ აღმართავენ, ახლა ტრაქტორს მოვიტან და სხვა ადგილზე გადავათრიოთო… თუმცა უმეტესობას თვალებში შიში ჰქონდა ჩამდგარი და ამბობდა, _ ახლა თქვენ წახვალთ და ჯავრს ჩვენზე იყრიანო. ცხადია, მათ ოკუპანტების თავდასხმის ეშინოდათ. „ოკუპანტი ბანერის“ იმქვეყნად გაგზავნის ერთ-ერთ შემოქმედს, ტელეკომპანია „იბერიის“ ყოფილ დირექტორს, კახაბერ გაგლოშვილს ვკითხეთ, _ არ გეშინიათ, ეს ქმედება ახლა ვინმემ პროვოკაციად რომ ჩაგითვალოთო? ჩვენი ეს ვარაუდი შემდგომში ახდა, თუმცა იმ წუთში ბატონმა კახამ ასე გვიპასუხა:

_ მეტი პროვოკაცია რაღა უნდა იყოს? სახელმწიფოს საზღვარს გვიწევენ თვალსა და ხელს შუა, თავხედურად, ლამის, ტრასამდე მოიტანეს საზღვარი. ამის მოთმენა როგორ შეიძლება?! მაინცდამაინც თბილისში უნდა დაგვიდგან ეს ტრაფარეტი, რომ ხმა ამოვიღოთ? ეს არის პროტესტი რუსეთის ხელისუფლების მიმართ. პირადად მიმაჩნია, რომ საზოგადოების აქტიურობაა საჭირო. უნდა გამოხატო შენი პროტესტი, რომ ასე იოლად არ შეეგუები თავხედურ აგრესიას. ხელისუფლებამ უნდა იაქტიუროს, მაგრამ არც საზოგადოება უნდა იყოს პასიური _ თუ ხელისუფლება პასიურია, საზოგადოება მაინც უნდა იყოს აქტიური, უნდა გამოაჩინოს კლანჭები და არ შეეგუოს სამშობლოს ანექსიას! სამწუხაროდ, აქ არც საზოგადოებაა და არც ხელისუფლება, ჩვენ ვართ ჟურნალისტები. ყველამ უნდა მოვინდომოთ და ნაბიჯები გადავდგათ იმისათვის, რომ ხალხი გამოფხიზლდეს. სხვა სახის აქციებზე უამრავი ადამიანი გამოდის და საზღვრის გადმოწევაზე კი მხოლოდ სამი მიკროავტობუსით წამოვედით. სირცხვილია ეს და სხვა არაფერი!

გოჩა მირცხულავა _ საინფორმაციო სააგენტო „ჯი-ეიჩ-ენის“ დამფუძნებელი:

_ ყველა ხედავს, რამდენად მოისუსტებს ჩვენი საგარეო დიპლომატია. წელიწადნახევრის წინათ აქცია ჩავატარეთ დვანში, ახლა კი ხედავთ, უკვე სადაც ვართ. 450 მეტრია დარჩენილი ავტობანამდე, რომლითაც ჩვენი მოქალაქეები დადიან. ლაპარაკია ალტერნატიული გზის გაკეთებაზე „ბიპის“ მილსადენისთვის, მაგრამ ისიც რომ გადაგვიკეტონ, მერე რომელი გზით ვიაროთ დასავლეთ საქართველოში? ეს ხდება ხელისუფლების უნიათო პოლიტიკიდან გამომდინარე და როცა გასაკეთებელ საქმეს არ აკეთებს ხელისუფლება, მას აკეთებს საზოგადოება. მინდა გითხრათ, რომ რაც ახლა აქ მოხდა, ეს იყო ყველაზე დიდი მესიჯი, ყველაზე დიდი ნიუსი, რომელიც დავწერეთ ჟურნალისტებმა და გავუგზავნეთ თანამეგობრობას იმის სათქმელად, რომ შეხედეთ, ქვეყანაში მიმდინარეობს ოკუპაცია და ნუ გძინავთ! თუ არ კითხულობენ იმ ინფორმაციებს, რასაც მედიასაშუალებებით ვავრცელებთ, მაშინ „წაიკითხონ“ ეს!

ნანუკა ჟორჟოლიანი, „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტი, „ნანუკას შოუს“ წამყვანი:

_ ცუდი სანახავია, როცა ადამიანს ურტყამენ და ის ყვირის, _ მაპატიეთ, მაპატიეთო. პრემიერ-მინისტრი უნდა ჩამოსულიყო აქ და, მინიმუმ, ამ ხალხისთვის მაინც უნდა ეთქვა რამე. თავისი სახელი უნდა დაარქვან ყველაფერს. ჟურნალისტებმა ახლა რაც გააკეთეს, ეს არ არის საოცარი რამ. ადგილობრივები გვეუბნებიან, თქვენ ახლა წახვალთ და ჩვენ რას გვიზამენ, კაცმა არ იცისო. ასეთ დროს ძალიან ფრთხილები უნდა ვიყოთ იმიტომ, რომ ამ ხალხის დასაცავად ხელისუფლება არ ჩამოდის. ჩვენ კი ჩამოვალთ, მაგრამ უპატრონოდ დარჩენილ ხალხს მაინც ეშინია რეაგირებაზე. წარმოიდგინეთ, ზურაბ აბაშიძის გარდა, კაცი არ მოსულა მათთან. თუმცა ჩვენი აქ მოსვლა მაინც ძალიან მნიშვნელოვანი მესიჯი იყო. ხელისუფლებამ უნდა დაინახოს, რომ სულერთი არ არის მეოთხე ხელისუფებისთვის ყველაფერი. საქართველომ სამოქალაქო სოლიდარობის დიდი მაგალითი აჩვენა წყალდიდობის შემდგომ, მაგრამ გმირთა მოდანზე მოძრაობა რომ შეიზღუდება, მხოლოდ მაგ დროს არ უნდა ვიდგეთ ერთად. თბილისის საზღვრის აქეთაც თუ ჩამოვა ტაბურეტკებიანი ხალხი უფრო დიდი პრობლემის გასაპროტესტებლად, კარგი იქნება.

აქციის ზოგიერთი მონაწილე ნინო ბურჯანაძის მოსკოვში ვიზიტსაც გადასწვდა:

„ზოგიერთი პოლიტიკოსი, ხონჩით რომ დადის კრემლში და რუსებს უმტკიცებს, საქრთველო თქვენთან არისო, ეს ტყუილია. ვაპირებთ, მივიდეთ ნინო ბურჯანაძის ოფისთან და გავაპროტესტოთ მისი ვოიაჟი მოსკოვში. დიახ, მოვაწყობთ ბურჯანაძის ოფისთან აქციას. ის სწორედ ოკუპაციის დღეს იმყოფებოდა იქ და უნდა ახსნას, რატომ დადის მოსკოვში, როგორ მოხდა, რომ სწორედ იმ დღეს ჩაარჭეს ეს ბანერიც, როცა ის კრემლში იმყოფებოდა? როცა ჩვენ აქ საზღვარს გვივლებენ, ის მოსკოვში ერთ-ერთ საინფორმაციო საშუალებას ეუბნებოდა, _ სამწუხაროა, რომ ჩვენმა ახალგაზრდობამ მეზობლი კუთხის ენა არ იცისო. რუსულის არცოდნაა უბედურება თუ ის, რაც აქ ხდება? როგორც შევძლებთ ისე გავუწევთ წინააღმდეგობას და ერთხელაც, ეს ქვეყანა იქნება თავისუფალი!“ _ განაცხადა ტელეკომპანია `თრიალეთის~ თანამშრომელმა და სუხიშვილის უნივერსიტეტის ლექტორმა, მარინა თავაქარაშვილმა.

ცოტა ხანში იმ ადგილზე, სადაც ჟურნალისტებმა „ოკუპანტი ბანერი“ მოგლიჯეს, „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენლებიც მივიდნენ. ემზარ კვიციანსა და ჟურნალისტების ჯგუფში მყოფ ერთ-ერთ ქალბატონს შორის მცირე სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა.

„დაემთხვა ჩვენი მოსვლა ჟურნალისტების აქციას. გვინდოდა, ადგილზე გვენახა ობიექტური და რეალური სურათი. ბანერი, რასაკვირველია, ჩვენთვისაც გამაღიზიანებელი იყო, მაგრამ ამ ბანერს ჩვენ ასე არ მოვექცეოდით, ბანერების ამოძრობა და მისი დაზიანება არ არის ბრძოლის მისაღები ფორმა. გააზრებული პოლიტიკით უნდა შევაჩეროთ მცოცავი ოკუპაცია. ეს კრემლთან გლობალური მოლაპარაკებით უნდა გადაწყდესო. ამის შემდეგ იქ ევროკავშირის მონიტორინგის სამსახურიც მოვიდა და ბანერის დაზიანების ფაქტი დააფიქსირა. ბანერის ადგილზე ქართული დროშა აღიმართა და რამდენიმე საათში აქციის მონაწილეები თბილისში დავბრუნდით… თუმცა მეორე დღეს ადგილობრივებს დროშა ჩამოხსნილი და წაღებული დახვდათ. ამის შემდეგ იქ შიდა ქართლის ყოფილი გუბერნატორი. ანდრო ბარნოვი ჩავიდა და სამართალდამცველები დატუქსა, _ ქართული დროშა მტერს როგორ წააღებინეთო? მდგომარეობა ხურვალეთში ცოტა დაიძაბა. ადგილობრივები და ხელისუფლების წარმომადგენლები კი ამ ყველაფერს 14 ივლისს ხურვალეთში ჟურნალისტების ჩასვლას უკავშირებდნენ. გავრცელებული ინფორმაციით, იმ ჟურნალისტების წინააღმდეგ, რომლებიც 14 ივლისს ხურვალეთში იმყოფებოდნენ, ცხინვალის კგბ-მ საქმე აღძრა(!!!).

ნელი ვარდიაშვილი

 

ert

or

sam

otx

xut

ex

shv

rv

cxr

attt

11