ალექსანდრე შენგელიას რა ელისო?

10606269_1383858351907900_1752827753197250663_n

63.923.38 ლარი _ ეს ის თანხაა, რომლითაც საქართველოს მთავრობა ყოფილ გაზეთ „კომუნისტს“ აფინანსებს.

კოლეგიალობაზე და ჟურნალისტურ სტანდარტებზე ყოფილ „კომუნისტში“ წარმოდგენა რომ არ აქვთ, ეს ცხადად აჩვენა იმ სიბინძურემ, რომელიც ანონიმი ავტორის, ანონიმი რესპონდენტის სახელით და პრემიერის სიმამრის, თამაზ თამაზაშვილის საამებლად რამდენიმე თვის წინ ამ გაზეთში გამოქვეყნდა.

საბედნიეროდ, „საერთო გაზეთისა“ და „საქართველოს რესპუბლიკის“ გარდა, საქართველოში არ მოიძებნა მედიასაშუალება, რომელიც, თუნდაც, ამ ფულად სხვა გაზეთის მთავარი რედაქტორის გინებას იკისრებდა. სიმართლე გითხრათ, არც დრო მქონდა და არც სურვილი, ამ სისულელეებისთვის პასუხი გამეცა, რომ არა მორიგი „სკანდალური“ წერილის ავტორის ვინაობა. ჩემდა გასაოცრად, ეს გაზეთ „ქუთაისის“ ყოფილი რედაქტორი, ალექსანდრე შენგელია აღმოჩნდა, რომელმაც ნებაყოფლობით იკისრა ცენზორის როლი, იმ ცენზორისა, რომლის გაუქმებასაც საქართველოში ჟურნალისტთა თაობების დიდი ხნის თავდადება და ბრძოლა დასჭირდა.

ჭერილის ავტორი იმდენჯერ ახსენებს სიტყვა „ცილისწამებას“, როგორც სჩანს, წარმოდგენაც არ აქვს „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების“ კანონზე, არც იმაზე, რომ ნებისმიერი, თუნდაც განსხვავებული აზრი დაცულია აბსოლუტური პრივილეგიით. ჩილისწამების მუხლი კი, სისხლის სამართლის კოდექსიდან დიდი ხნის ამოღებულია.

ვინ არის ალექსანდრე შენგელია?

ამ ადამიანის მორალზე უკეთესი წარმოდგენა რომ გქონდეთ გეტყვით, რომ ეს არის კაცი, რომელიც 1991 წელს ქუთაისის პრეფექტმა, არჩილ კოსტავამ, ქალაქის თვითმმართველობის გაზეთ „ქუთაისის“ რედაქტორის პოსტიდან კინწისკვრით გააგდო და მე, თქვენი მონა მორჩილი, ელისო კილაძე, გახლდით ის ადამიანი, რომელიც მას ბოლომდე გვერდით ედგა სამართლიანობის აღდგენისთვის ბრძოლაში თანამდებობაზე დაბრუნებამდე!!!

ეს არის ადამიანი, რომელმაც დაბრუნების შემდეგ, რამდენიმე წელიწადში, ბიულეტენზე მყოფი, სამსახურიდან უკანონოდ გამათავისუფლა; სასამართლო პროცესზე არ გამოცხადდა და ორიოდე თვეში მის მიერ ჩადენილი უკანონობის გამო ჩემთვის ბოდიშის მოხდა, სამსახურში აღდგენა და განაცდურის ანაზღაურება მოუწია.

ეს არის ადამიანი, რომელმაც თანამდებობაზე დაბრუნების შემდეგ უკანონოდ მოახდინა გაზეთ „ქუთაისის“ რედაქტორის იმ სამსახურებრივი ბინის პრივატიზაცია, რომელიც მას ქუთაისში ჩამოსვლისას მისცეს, პრესტიჟული ბინა გაზეთ „ქუთაისის“ მიერ ბიუჯეტში გადახდილი ფულით იყო შეძენილი და არ წარმოადგენდა შენგელიას პირად საკუთრებას.

ეს არის ადამიანი, რომელიც წლების განმავლობაში ეწეოდა უკანონო სამეწარმეო საქმიანობას, „მეწარმეთა შესახებ“ კანონის ძალაში შესვლის შემდეგ რეგისტრაციაში არ გაატარა გაზეთი „ქუთაისი“ აბსურდული მოტივით, რომ გაზეთი არ შეიძლებოდა ყოფილიყო შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება. (რეალურად, რედაქტორის პოსტის დაკარგვის შეეშინდა) იმედია, ბატონმა შენგელიამ იცის, რომ ეს დანაშაული, ბინის უკანონო პრივატიზაციასთან ერთად, ხანდაზმული არ არის და სამართალდამცველი ორგანოების პრეროგატივაა გაარკვიონ, როგორ ხდებოდა თანხის მიღება, განაწილება და ბიუჯეტში შეტანა იმ გაზეთში, რომელსაც ის  ხელმძღვანელობდა.

ეს არის ადამიანი, რომელმაც გააკოტრა უძველესი გაზეთი „ქუთაისი“, ბოლოს კი რედაქტორის პოსტიდან ისე გაიპარა, თანამშრომლებსაც ვერ დაემშვიდობა.

ბედის ირონიაა, რომ რუსეთის სპეცსამსახურებთან ჩემს შესაძლო კავშირებზე ლაპარაკობს ადამიანი, რომელიც წლების განმავლობაში რედაქციაში გაურკვეველი წარმოშობის წითელი წიგნაკით აშინებდა თანამშრომლებს და ემუქრებოდა, მე „კგბ“-ს მაიორი ვარო.

ბედის ირონიაა, ალბათ, ისიც, რომ გადაცემები „კაკაბეთის ზარები„ და „რისხვით შეკრულ მუშტი“ საკუთარ დამსახურებად და გმირობად მიაჩნია  ბატონ ალექსანდრეს და ჰგონია, რომ ბნელა!!!! ფიქრობს, დავიჯერეთ, რომ პარტიის ცენტრალური კომიტეტისა და ტელევიზიის მაშინდელი ხელმძღვანელობის პოლიტიკური ნების გარეშე ტელევიზიის რომელიმე თანამშრომელს შეეძლო, თვითნებურად და ცეკას ცენზურის გარეშე, მსგავსი გადაცემა გაეკეთებინა.

ბედის ირონიაა ისიც, რომ მორალს მიკითხავს ადამიანი, რომელიც რედაქციაში მუდმივად ჯიბეში ჩართული დიქტოფონით დადიოდა და მასთან კაბინეტში შესვლას ყველა ერიდებოდა, ხოლო საქართველოს ტელევიზიიდან მისი წამოსვლა ნამდვილ ზეიმად იქცა _ სამართლის განყოფილების  თანამშრომლებმა მისივე სამუშაო კაბინეტიდან ის სკამი გამოიტანეს და ეზოში საჯაროდ დაწვეს, რომელშიც ბატონი შენგელია იჯდა.

ნიშანდობლივია, რომ საკუთარი „დამსახურებების“ ჩამონათვალში ალექსანდრე შენგელიას „გამორჩა“ ის სამარცხვინო ფილმი, რომელიც ტელევიზიაში მუშაობისას სწორედ მან მოამზადა „თვითმფრინავის ბიჭების“ სასამართლო პროცესის მერე და  თავისუფლებისთვის მებრძოლი ახალგაზრდები ტერორისტებად მონათლა!!!

მგონი, ალექსანდრე შენგელიას მორალზე წარმოდგენა ნაწილობრივ მაინც შეგიქმენით…

ახლა კი მოკლედ იმ „ბრალდებებზე“ და შეგნებულ ტყუილებზე, რომლებიც მორიგ სენსაციად მიასაღა „საქართველოს რესპუბლიკამ“ მის მცირერიცხოვან მკითხველს:

1. „ქართული ოცნების“ მისამართით არანაირი პირადი წყენა არ მაქვს. მივიჩნევდი და თავს მივიჩნევ იმ გამარჯვების გულშემატკივრად, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა ქართველ ხალხთან ერთად პირველ ოქტომბერს მოიპოვა. მოკრძალებულად უნდა აღვნიშნო, რომ ამ გამარჯვებაში ჩემი მცირე წვლილიცაა. კარგი იქნება, თუ ბატონი შენგელია „ნაციონალური მოძრაობის“ ქმედებების გასაპროტესტებელ მასალას შემახსენებს, რომელიც მან, თუნდაც, ამ გაზეთში სააკაშვილის რეჟიმის ზეობის ხანაში გამოაქვეყნა!!!

2. ლადო ბედუკაძისა და ჩემს ურთიერთობაზე, მგონი, დეტალურად შეჩერება არც ღირს. ჩემმა მკითხველმა კარგად იცის, რა ბრძოლა გადავიტანე საქართველოში მის დაბრუნებამდე და დაბრუნების შემდეგ. მხოლოდ ერთს ვიტყვი, არ მახსოვს ბ-ნი შენგელიას არც ერთი საპროტესტო წერილი პენიტენციურ სისტემაში შექმნილი მდგომარეობის გამო, თუნდაც ლადო ბედუკაძის, ან იმ ჯგუფის მხარდასაჭერად, რომელმაც ციხის სკანდალური კადრები გაასაჯაროა;

3. შალვა აბულაძის დაკავების დეტალებზე წუხს ბატონი ალექსანდრე. დიახ, „არჩევანში“ ნამდვილად მქონდა ჩართვა, სადაც ვამხილე შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი, ვანო მერაბიშვილი, თუ როგორ „აახიეს“ კანონიერ მფლობელს ბორჯომის პოლიციის ამჟამინდელი შენობა, როგორ შეაძენინეს აუქციონზე და „თიბისი ბანკს“ გაარემონტებინეს. მოვუწოდე შალვა აბულაძეს, რომ სამართალდამცველებს ჩაბარებოდა. მზად ვიყავი, პირადად მივსულიყავი იქ, სადაც აბულაძე იმალებოდა. რატომ? იმიტომ, რომ სწორედ წინა ხელისუფლების ინტერესებში შედიოდა, აბულაძეს ქუჩაში იარაღით ერბინა და ნებისმიერი პოლიციელი მისი პოტენციური მსხვერპლი ყოფილიყო, ისევე როგორც სწორედ წინა ხელისუფლების ინტერესებში შედიოდა სპეცოპერაციის დროს შალვა აბულაძის ლიკვიდაცია, რითაც „ვარდების რევოლუციის“ მერე ქუჩაში მხეცურად ჩახოცილი ბიჭების მკვლელობები სრულად თუ არა, ნაწილობრივ მაინც „გაპრავდებოდა“. მიხარია, რომ ყველაფერი დასრულდა ისე, როგორც დასრულდა. ჩვენმა სამართალდამცავმა უწყებამ მოახერხა საშიში შეიარაღებული დამნაშავის უმსხვერპლოდ დაკავება;

4. „ქუთაისის პრესის სახლზეც“ მინდა ორიოდე სიტყვა მოგახსენოთ: 2003 წელს დავინიშნე ამ შენობის დირექტორად, ჩავიბარე გაპარტახებული შენობა, რომელსაც შესასვლელი კარიც კი არ ჰქონდა და სრულად გაეძარცვათ, მათ შორის, ის მეოთხე სართული, სადაც გაზეთ „ქუთაისის“ რედაქცია იყო განთავსებული. დერეფნის ნოხების, კონდიციონერების, სასადილოს ინვენტარისა და ჭურჭლის დიდი ნაწილი სწორედ ქუთაისში ალექსანდრე შენგელიას „მოღვაწეობის“ დროს გაქრა. მეამაყება, რომ ზუსტად ერთ წელიწადში მოხერხდა სამართლებრივი ფორმით გაქირავება ყველა იმ ფართისა, რომელსაც უკანონოდ აქირავებდნენ გაურკვეველი სუბიექტები, მათ შორის, ბ-ნი შენგელიაც. მაგალითად, „ბეჭდებისა და შტამპების“ საამქროზე და ა. შ. (შესაბამისი დოკუმენტაცია პრესის სახლში დღემდე ინახება). რა სამწუხაროა, რომ ამდენი მედლისა და ორდენის კავალერს (ბაფთით და უბაბთოდ) კანონზე მწყრალი წარმოდგენა აქვს. იმდენიც არ იცის, რომ სახელმწიფო შპს-ს დირექტორს, ქონების მართვის სამმართველოს გარეშე, ფართის გაქირავების უფლებაც კი არ აქვს. ყველა გაქირავებულ ფართზე არსებობდა შესაბამისი თანხმობა. ფართის ღირებულებასაც კი ეკონომიკის სამინისტროს ნორმატიული აქტები არეგულირებდა. გამომდინარე აქედან, ძალიანაც რომ მდომოდა, ვერაფერს მივითვისებდი. საკუთრების ფორმას რაც შეეხება, „ქუთაისის პრესის სახლი“, დღესაც სახელმწიფოს საკუთრებაშია და ქუთაისური მედიის დიდი ნაწილი სწორედ ამ შენობაშია განთავსებული. „დიდი“ ჟურნალისტი ალექსანდრე სრულიად შეგნებულად ცრუობს!!!

არ ვიქნები უმადური და აქვე, მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს, რომლის უშუალო ჩარევის შემდეგ შეუნარჩუნდა ეს შენობა ქუთაისურ მედიას, როცა ეკონომიკის მინისტრის მოადგილეს უკვე მოზომილი ჰქონდა შენობა საკუთარი მეგობრებისთვის. ირაკლი ღარიბაშვილმა პრინციპული პოზიცია დაიჭირა. ბ-ნი შენგელია სოციალურ ქსელებს რომ სწყალობდეს, წაკითხული ექნებოდა ის სამადლობელი წერილი, რომელიც ქუთაისელმა ჟურნალისტებმა პრემიერის ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე გამოაქვეყნეს.

უფრო ადრე, „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, შენობის ხელში ჩაგდება ჯერ იმერეთის გუბერნატორს, დავით მუმლაძეს და მის ხელდასხმულ მერს, გია გიორგაძეს უნდოდათ, მოგვიანებით, ქუთაისის კიდევ ერთმა მერმა, გიგა ჩოგოვაძემ, „ქუთაისის პრესის სახლის“ შენობა „კანონიერი ქურდის“, ტარიელ ონიანის ნათესავებს უფეშქაშა, მაგრამ სწორედ ჩემი დირექტორობის პერიოდში ეს გეგმები ჩაეშალა. ონიანის ნათესავებისა და მერის „სხადნიაკზე“ გადაწყდა, რომ დირექტორი ან უნდა მოეხსნათ, ან უნდა დაეჭირათ. ამას მოჰყვა სწორედ საჩივრები, ჩემი ტარება ფინანსურ პოლიციაში და ორგანიზაციის ექვსთვიანი ფინანსური შემოწმება. მაშინ იმერეთის მხარის მთავარი პროკურორი მიხეილ ჩოგოვაძე გახლდათ. ექვსთვიანი შემოწმების შემდეგ დაიდო დასკვნა, რომ მე ფინანსური დარღვევები არ გამაჩნდა!!!

5. აღარ ბნელა, ბატონო ალექსანდრე, თქვენს ცილისწამებაზე დოკუმენტები პასუხობს, რომლებიც, კიდევ ერთხელ გიმეორებთ, ქუთაისის პრესის სახლში ინახება!!!

ბადრი პატარკაციშვილს რაც შეეხება, ის თქვენნაირების სახსენებელი ნამდვილად არ არის!

სად იყავით მაშინ, როცა სააკაშვილის რეჟიმმა ქველმოქმედი და ბიზნესმენი სრულიად უკანონოდ ქვეყნიდან განდევნა? თქვენ, „მორალისტმა“ და „პრინციპულმა“ ჟურნალისტმა, ხმა რატომ არ აიმაღლეთ მის დასაცავად? იქნებ, აიმაღლეთ და მე არ მახსოვს? ჩვენ სად ვიყავით? სად ვიყავით და მე და ჩემმა მეგობრებმა ბოლომდე ვიბრძოლეთ ამ უკანონობის წინააღმდეგ, შტაბის უფროსი ხუთწლიან დევნილობაში, შტაბის 365 წევრი დაკითხვაზე, (ორი მათგანი, მამა-შვილი, სწორედ დაკითხვების შემდეგ გარდაიცვალა,) ხუთი წევრი _ ციხეში!.. არ მახსოვხართ გულშემატკივრების რიგებში და მომკალით. იმერეთის ყოფილი გუბერნატორი თემურ შაშიაშვილი მახსოვს, შალვა ნათელაშვილი მახსოვს, „ასავალ-დასავალი“, „ალია“ და „კვირის ქრონიკა“, „ახალი თაობა“ მახსოვს, დარბეული „იმედი“ მახსოვს.

თქვენ, ბაფთიანი და უბაფთო მედლების კავალერმა „იმედის“ დარბევა მაინც თუ გააპროტესტეთ, იმის ნახევარი პათოსით, რა პათოსითაც ჩემზე ანთხევთ ბოღმას და ბალღამს, რომელსაც ჟურნალისტიკასთან არაფერი აქვს საერთო?!

კიდევ ერთი შეგნებული ტყუილი, რომელსაც ბატონი შენგელია ავრცელებს, არის ის, რომ შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილმა მოადგილემ, გელა ხვედელიძემ, თანამდებობა საკუთარი სურვილით დატოვა. მესმის, რომ მას ძალიან უნდა, დამკვეთებმა შეამჩნიონ და მათ ასიამოვნოს, მაგრამ მას და ჩვენს მკითხველს შევახსენებ, რომ გელა ხვედელიძე თანამდებობიდან კი არ გადადგა, არამედ ის დააკავეს იმ დანაშაულისთვის, რომელიც არ ჩაუდენია. სისხლის სამართლის საქმეში დევს შინაგან საქმეთა სამინისტროს ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც ადასტურებს, რომ ხვედელიძის არც ერთ კომპიუტერში იმ საიტზე შესვლის კვალიც კი არ არსებობს, სადაც გიორგი ფარესიშვილის პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოფირი გამოქვეყნდა. გელა ხვედელიძე, რომელიც ივანიშვილის თვალი და ყური იყო შინაგან საქმეთა სამინისტროში, თავიდან მოიშორეს მხოლოდ იმიტომ, რომ უწყება პრემიერის სიმამრს, თამაზ თამაზაშვილს ემართა და იქ თანამდებობაზე ის ზონდერები დაენიშნათ, რომლებიც მოგვიანებით, იური ვაზაგაშვილის სკანდალურ სიაში მოხვდნენ და რომელთა დიდი ნაწილი თანამდებობიდან სწორედ ჭიკაიძის წასვლის შემდეგ გადადგა.

ამ და რიგი სხვა მიზეზების გამო ვთხოვე მოკავშირეობა ყოფილ პრემიერს. თქვენი და თქვენი დამკვეთების სამწუხაროდ, ბატონმა ბიძინამ ეს შეთავაზება მიიღო. სწორედ მისი დამსახურებაა, რომ მედიაში, მათ შორის, „ქრონიკა+“-ში გამოქვეყნებული არც ერთი ფაქტი რეაგირების გარეშე არ დარჩენილა, თანამდებობებს ჩამოშორდნენ ის პირები, მინისტრებიც კი, რომლებიც, პირდაპირ თუ ირიბად, ბიუჯეტის ფულის მოპარვასთან, ტენდერებთან, ბიზნესის შევიწროებასთან და სხვა დანაშაულებთან ასოცირდებოდნენ!!!

სხვა დროს, ბატონო ალექსანდრე, ჩემი ფეისბუქსტატუსების დაკოპირებით ნუ დაიღლებით, კედელი ღია მაქვს და ყველა მსურველს შეუძლია წაიკითხოს, რასაც ვწერ.

ერთადერთი სასიამოვნო მოგონება, რაც თქვენმა ნაბოდვარმა მომიტანა, ჩემი ახალგაზრდობის ფსევდონიმის, „მათე ბიჭის“ გახსენებაა. დიახ, სწორედ ამ ფსევდონიმით ვწერდი 90-იან წლებში და, სხვათა შორის, თქვენც სიამოვნებით ბეჭდავდით ჩემს მასალებს ფრონტის წინა ხაზიდან.

როგორც აღმოჩნდა, ჩემი არქივი ბევრ საინტერესო დოკუმენტს ინახავს. მათ შორის, 1998 წლის 14 მაისს ალექსანდრე შენგელიას მიერ ხელმოწერილი ბრძანება #26, რომლითაც ის განმიმარტავს, რომ აღდგენილი ვარ განყოფილების რედაქტორის თანამდებობაზე და მევალება: „მასალების მომზადება პარტიების ცხოვრებაზე და პოლიტიკურ სპექტრზე, ურთიერთობა თავდაცვის სტრუქტურებთან და დაძაბულობის წერტილებთან“ (ციტატის დასასრული). ამავე ბრძანების მეორე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ჩემი როგორც გაზეთ „ქუთაისის“ პოლიტიკის განყოფილების რედაქტორის საქმიანობას აკონტროლებდა და წარმართავდა პირადად ალექსანდრე შენგელია! ამ ბრძანების გამოცემიდან, ერთად კიდევ ოთხი წელი ვუმუშავეთ, ბატონ შენგელიას ჩემი მისამართით არ გამოუთქვამს არც ერთი შენიშვნა!!! მეტიც, ყველა ჩემი სტატია თუ რეპორტაჟი, დაუბრკოლებლად ქვეყნდებოდა, მათ შორის, დაძაბულობის წერტილებიდან.

რატომ „გაუნათდა“ 81 წლის ასაკში ბატონ ალექსანდრეს გონება, ამოძრავებს თუ არა მას პირადი ბოღმა, მგონი, პასუხი ცხადზე ცხადია!!!

 

P. S. ჩემი ჟურნალისტური საქმიანობის ყველა ეტაპი მიყვარს. ალექსანდრე შენგელიას „სკანდალური წერილი“ კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ბუნებაში არ არსებობს კომპრომატი, რომლისაც მეშინია!!!

რაც შეეხება ბიუჯეტის ფულს და ტენდერებს, რომლითაც ჩვენ მიერ გადახდილი გადასახადებით „საქართველოს რესპუბლიკა“, თურმე, კონკურენტუნარიან გარემოში დაფინანსდა, ეს ნამდვილად საინტერესო თემაა, რომელსაც ახლო მომავალში აუცილებლად დავუბრუნდები.

 

ყოველგვარი პატივისცემის გარეშე

ელისო კილაძე

br1

br2