გურული ოცნებების პესიმისტური ქრონიკები

wer

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ვალოდია წულაძის სახელობის თეატრისა და კინოს მუზეუმის ხელმძღვანელი, მაია ჩხაიძე, რომელიც „ქართული ოცნების” წევრია, „ნაციონალების” პრივილეგირებულობაზე ალაპარაკდა. იგი „ქრონიკა+”-თან ექსკლუზიურად საუბრობს `ნაციონალური~ სახეების ამჟამინდელ გავლენებსა და დაუსჯელობაზე.

მაია ჩხაიძე:

_ მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრში მიმდინარეობს რეფორმები. შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, კომისია, რომელიც ახორციელებს ამ რეფორმას. საბოლოო სახე ჯერ უცნობია. ვიცით მხოლოდ ის, რომ კულტურის დაწესებულებები გაერთიანდა. ამას, ცხადია, პოზიტიური მხარეებიც აქვს, თუმცა ახლა სხვა საკითხებზე მინდა გესაუბროთ: სააკაშვილის ხელისუფლების წასვლის შემდეგ, სამართლიანობის აღდგენის თვალსაზრისით, მთელ საქართველოში არაფერი შეცვლილა და ლანჩხუთშიც იგივე მდგომარეობაა. „ქართული ოცნების” წევრი ვარ და ყოვლად მიუღებელია ის კოჰაბიტაცია, რომელიც გამოაცხადეს. სამართლიანობის აღდგენასთან დაკავშირებით პრინციპული დამოკიდებულება მაქვს. ჩემი მიდგომა ამ საკითხში ნულოვანი ტოლერანტობის ტოლფასია. დაუსჯელობის სინდრომის აღმოსაფხვრელად მიმაჩნია, რომ აუცილებლად უნდა გატარებულიყო სადამსჯელო ღონისძიებები. სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა თუ არ დადგებოდა რეჟიმის მსახური ადამიანების მიმართ, ის მაინც უნდა მომხდარიყო, რომ პოლიტიკური ასპარეზისთვის ჩამოეცილებინათ. არაფრით შეიძლებოდა ის, რომ ლაჩხუთის გამგებელი, გია გოგუაძე ახლა დაუსჯელი დადის. ისე გამოვიდა, 2012 წლამდე რაშიც ვადანაშაულებდით ამ ადამიანებს, ყველაფერი ტყუილი იყო. თითქოს თბილისში იყვნენ მხოლოდ კრიმინალები და რეგიონებში ანგელოზები დაფრინავდნენ. ახალმა ხელისუფლებამ რაიონებში მცხოვრებ კრიმინალებს საშუალება მისცა, რომ არათუ დასჯილიყვნენ, პოლიტიკური ასპარეზიც არ მიეტოვებინათ. გია გოგუაძეც დღეს საკრებულოს დეპუტატია და კვლავ ნოტაციებს კითხულობს საზოგადოებაში, რითაც მას აღიზიანებს.

_ გოგუაძის „საგმირო საქმეებზე” მომიყევით, რატომ უნდა იყოს, თქვენი აზრით, ის ციხეში?

_ რაიონშიც ამბობენ, რომ პროკურატურა დაინტერესდა საკრებულოს დეპუტატით – გია გოგუაძით  და  სწავლობს ლანჩხუთის სტადიონთან დაკავშირებულ საქმეს. ისე, სფერო არ არსებობს, სადაც მას თათი არ ჰქონოდა ჩაყოფილი. 5 წლის წინათ დაფუძნდა მუზეუმი, რომლის ხელმძღვანელიც მე ვარ. ისიც კორუფციის კლასიკურ ნიმუშს წარმოადგენდა. მუზეუმის შენობის რესტავრაციისთვის 21 ათასი ლარი იყო გაწერილი, თუმცა პროექტის დასრულებას ხელი ისე მოაწერეს, შენობის უკანა ხედი მთლიანად დამპალი იყო. დიდი ძალისხმევა დამჭირდა ამის გამოსასწორებლად. ყოველ კვირას გუბერნატორთან ჩავდიოდი და ვუმტკიცებდი, რომ მიუხედავად ამდენი ხარჯისა, შენობა ნგრევის პირას იყო მისული. გია გოგუაძე და რამაზ ნიკოლაიშვილი, რომელიც ამჟამად პარლამენტის დეპუტატია, სააკაშვილის ხელისუფლების დროს გურიის მეფეებს წარმოადგენდნენ და რაც მიუნდებოდათ, იმას აკეთებდნენ. ნიკოლაიშვილი გოგუაძეს დღემდე ლობირებს და აი, შედეგი.

აქვე გეტყვით გოგუაძეების კაიკაცობის სხვა ამბებზეც:

„ოცნების” მხარეს, სააკაშვილის რეჟიმის წინააღმდეგ რომ დავიწყე ბრძოლა, მაშინაც ამ სამსახურში ვიყავი. ეს იყო საკმაოდ თამამი ნაბიჯი. გია გოგუაძე დამემუქრა, რომ თუ არ შევწყვეტდი ასეთი გზით სიარულს, ჩემს ძმას, რომელიც ციხეში იყო, მიწამებდნენ და მომიკლავდნენ. მართლაც ამის გამო ჩემი ძმა ციხეში ფეხებით დაკიდეს, ურტყამდნენ და ეუბნებოდნენ, ეს იმიტომ, რომ შენი და არ ჩერდებაო. გოგუაძის შვილი კი, რომელიც ახლა დაწინაურებულია, ადგილობივი არჩევნების დროს, ვინც მამამისზე აუგს ამბობდა, ტყეში გაყვანით და იქ სამაგიეროს გადახდით ემუქრებოდა. ამაში დამემოწმებიან ის ადამიანები, რომლებმაც საკუთარ ტყავზე გამოსცადეს გოგუაძეების სისასტიკე და დანაშაული. მაგრამ გია გოგუაძე, რომელიც დღეს ციხეში უნდა იჯდეს და პასუხს აგებდეს ჩადენილი საქმეებისთვის, ახლაც შესანიშნავად გრძნობს თავს, მისი ოჯახი კი, უფრო პრივილეგირებულ მდგომარეობაშია.

_ რას გულისხმობთ პრივილეგირებულ მდგომარეობად?

_ სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ჩვენს მუნიციპალიტეტში სოფლის მეურნეობის განვითარების სამსახური შექმნა და თანამშრომლების ასაყვანად  ჩაატარა კონკურსი. გია გოგუაძის რძალმა, რომელმაც ძლივს გადალახა კონკურსის ბარიერი, რადგან 51 ქულა მიიღო, მაღალქულიანებს აჯობა და მათზე უკეთეს სამსახურში დასაქმდა. თათია გოგუაძე პროფესიით რუსული ენის სპეციალისტია და მას სოფლის მეურნეობასთან კავშირი საერთოდ არ აქვს, თუმცა არც ამას შეუშლია ხელი მისთვის, მაღალანაზღაურებადი პოსტი რომ დაეკავებინა ამ სფეროში. მერე თქვეს, კონკურსში ყველაფერს გასაუბრება წყვეტდა და ქულები მნიშვნელოვანი არ იყოო, მაგრამ 51 ქულით გოგუაძემ 72-ქულიან ადამიანს გაუწია კონკურენცია. ისიც ითქვა, თითქოს მასზე მაღალქულიანს კომპიუტერული ცოდნა არ ჰქონდაო, მაგრამ ეს არის სიცრუე. იმ ადამიანს, რომელმაც 72 ქულა მიიღო და მაინც სამსახურის გარეშე დარჩა, დამთავრებული აქვს უნივერსიტეტის კიბერნეტიკის ფაკულტეტი და როგორ წარმოგიდგენიათ, მას კომპიუტერული ცოდნა არ ექნებოდა? მხოლოდ თათია გოგუაძემ მიიღო კონკურსში ასეთი დაბალი ქულა და აქედანაც ჩანს, რომ მან გია გოგუაძის რძლობის გამო „დაიმსახურა” ეს ადგილი. ეს ფაქტი მოხდა დაახლოებით ორი წლის წინათ, რამაც ადგილობრივი მოსახლეობა შეაშფოთა. გურიაში ნემსის ქურდებს იჭერენ და აქლემის ქურდები შესანიშნავად გრძნობენ თავს. ამისი შედეგია ის, რომ ყველაზე პოზიტიური სოფლის მეურნეობის პროგრამა, რომელიც ამ ხელისუფლების დიდ პლუსად ითვლება და მეწარმეებისა და ბიზნესმენების ხელშეწყობას ემსახურება, ამ პროგრამის ფარგლებში, ფაქტობრივად, სახელმწიფო ბიზნესმენებს 10-15 ათასს ჩუქნის და ჩვენს მუნიციპალიტეტში ასეთი საქმე ჩააბარეს გია გოგუაძის შვილს, დავით გოგუაძეს. ეს ადამიანი ინტელექტუალი, მაღალი ერუდიციის, პროფესიონალი რომ იყოს, ხმას არ ამოვიღებდი და ვიტყოდი, მამის საქმეებზე ის ხომ ვერ აგებს პასუხს-მეთქი, მაგრამ ასე არ არის. მან მხოლოდ მამის წყალობით მიიღო ეს თანამდებობა.

გია გოგუაძე ამჟამად ლანჩხუთის საკრებულოში „ნაციონალური” სიით გასული დეპუტატია, თუმცა მისი გავლენები იმდენად დიდია, რომ ისევ მოახერხა რძლისა და შვილის დაწინაურება და თავადაც რბილ სავარძელში მოკალათება. როგორც „ქართული ოცნების” წევრი, გამოვთქვამ საყვედურს, რომ კონსოლიდირებულად ვერ ვმუშაობთ. დავით გოგუაძე ადგილობრივი არჩევნების დროს მამას დაჰყვებოდა უბან-უბან, ამიტომ მოსახლეობა მას იცნობს, როგორც „ნაციონალ” გია გოგუაძის შვილს. ახლა „ოცნების” წევრებს გვიწევს ხალხისთვის იმის ახსნა, რომ მისი ამ თანამდებობაზე დანიშვნა გაუგებრობის შედეგია და საქმეს, რომელიც მათთვის ძალიან საიმედოა, „ნაციონალები” კი არა, ხელისუფლებაში მყოფი „ქართული ოცნება” აკეთებს. როგორც ჩანს, სოფლის მეურნეობისა და ეკონომიკის სამინისტროებში მაღალ თანამდებობებზე  გოგუაძეს თავისი ლობისტი ხალხი ჰყავს და ასეთ საქმეებს მათი მეშვეობით აგვარებს. დავით გოგუაძე ამ პროგრამისთვის გამოყოფილი თანხების განაწილების დროს აუცილებლად იქნება ტენდენციური და მიკერძოებული, ისევ ძველი ხელისუფლების მეხოტბე ადამიანები ისარგებლებენ ამ პროგრამით და რიგითი ხალხი კვლავ გაღიმებული დარჩება. ამ წუთში ხელთ მიჭირავს იმ პროგრამის ბუკლეტი, რომელიც ჩვენს რეგიონში გია გოგუაძის ხელმძღვანელობით უნდა განხორციელდეს. მასში წერია, რომ აჭარაში, გურიაში, სამეგრელოსა და ზემო სვანეთში პროგრამას ახორციელებს შპს „ჯიელსიჯი”. თითქოს კონკურსი გამოცხადდა ხელმძღვანელ თანამდებობაზე და დავით გოგუაძემ გაიმარჯვა. არ ვიცი, რა იყო კონკურსის კრიტერიუმები, მაგრამ იქ რომ გოგუაძე დანიშნეს, უკვე გასაგებია, რა სახის კონკურსთანაც გვაქვს საქმე. როგორც ვიცი, საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე, პაატა ფირცხალაიშვილიც მონაწილეობდა ამ კონკურსში. ეს ადამიანი არის პროფესორი, მაგრამ, რატომღაც, ვერ გაიმარჯვა და მას გოგუაძემ აჯობა, რომელიც მანამდე წყალკანალში მუშაობდა და იქაც სხვებისგან არაფრით იყო გამორჩეული. კონკურსის ობიექტურად ჩატარების შემთხვევაშო გამორიცხული იყო გოგუაძის გამარჯვება, ამიტომ ყველამ იცის, რომ ის მამის წყალობით მოხვდა ამ თანამდებობაზე. აჭარა-გურიის მასშტაბით 20-მილიონიან პროექტზეა საუბარი და ეს კაცი რას გააკეთებს იქ, ალბათ, წარმოგიდგენიათ. ხალხი უკვე დაგვცინის: უნიათოები ხართ, ძლევამოსილი ფიგურა ყოფილა გოგუაძე, იმდენი ძალა ჰქონია, რომ „ოცნებამაც” ვერაფერი დააკლოო.

_ ხალხიც ფიქრობს, რომ მას ისეთი საქმეები ჰქონდა ჩადენილი გამგებლად ყოფნის დროს, უნდა დასჯილიყო? მხოლოდ გია გოგუაძე იყო `ნაციონალების~ ხელისუფლებაში ლანჩხუთში `ამ ყველაფრის~ შემოქმედი? 

_ დაპატიმრება, გისოსებში გამოკეტვა და ასეთი მკაცრი მოთხოვნები არ ჰქონია ხალხს „ნაციონალური ხელისუფლების” წარმომადგენლების მიმართ, მაგრამ მათი პოლიტიკური ასპარეზიდან ჩამოცილება რომ ვერ მოხდა, კვლავ პრივილეგირებული მდგომარეობა რომ უკავიათ, ეს არის დამამცირებელი.

სხვათა შორის, სააკაშვილი რომ მოდიოდა ხელისუფლებაში, მას პოზიტიური პროგრამა ჰქონდა. შემდეგ მოხდა მისი ხელისუფლების დეგრადაცია, თორემ მანამდე ხალხს ის ძალიან მოსწონდა და უყვარდა. ამ დროს გია გოგუაძე სუფსის ტერმინალზე   მუშაობდა და როგორც ჩანს, პოლიტიკაში მოსვლას გეგმავდა. სწორედ გოგუაძე იყო „ნაციონალების” ერთ-ერთი ცნობილი დარბევის ორგანიზატორი. მან შეძლო იმ ხალხის სახლებიდან გამოყვანა, მობილიზება, რომლებმაც შემდგომ ეს ვანდალიზმი ჩაიდინეს. ეს ვიდეომასალა არსებობს და ვერავინ იტყვის, რომ რასაც ვამბობ, ასე არ ყოფილა. ეს იყო სერიოზული დარბევა და კრიმინალი. მიუხედავად ამისა, მაშინაც შეძლო თავის დაძვრენა, გადარჩენა და მეტიც, იმ ადამიანის გუნდში მოხვედრა, რომლის წინააღმდეგაც „ხმალამოღებული” იბრძოდა. პრივილეგირებული მდგომარეობის შენარჩუნებაში გია გოგუაძეს მაშინაც ინფრასტრუქტურის მინისტრი, რამაზ ნიკოლაიშვილი დაეხმარა.

_ გოგუაძე-ნიკოლაიშვილის კავშირების შესახებაც არის ხალხში რამე ცნობილი? მისი მფარველობა რას უკავშირდება?

_ სააკაშვილის ხელისუფლებაში მოსვლის დროს მიშა აპირებდა მისი ხელისუფლებაში მოსვლის წინააღმდეგ მებრძოლი გოგუაძის დასჯას, მაგრამ, რამდენადაც ვიცი, ნიკოლაიშვილი ჩაუვარდა ფეხებში და უთხრა, _ შეიწყალე და ის შენი ყურმოჭრილი მონა გახდებაო. ასეც მოხდა. მათ საერთო საქმეები და ის ფული აკავშირებს ერთმანეთთან, რომელიც მიედინებოდა ნიკოლაიშვილის სამინისტროში და შემდგომ, სწორედ, გოგუაძის წყალობით იჭრებოდა. ყველა სტრუქტურაში კორუფცია მძვინვარებდა და გაუგებარია, ეს ხალხი ამ დრომდე რატომ არის დაუსჯელი? ახალი ხელისუფლება თუ არ დასჯიდა გოგუაძეს, ხომ შეიძლებოდა, ის მაინც ეთქვა, ადგილობრივ არჩევნებში ნუ მიიღებს მონაწილეობას, თორემ იძულებული გავხდებით, ის ფაქტები დავდოთ, რომლითაც სასჯელი არ ასცდებაო? კოჰაბიტაცია დასჯას თუ არ გულისხმობდა, ადამიანურ მოლაპარაკებებსაც უშლიდა ხელს? მინიმალური სასჯელით მაინც დასჯილიყო გოგუაძე, რომლის საქმიანობის შესახებაც ყველამ ყველაფერი კარგად იცის. დაუსჯელობის შედეგია ის, რომ ეს კაცი კიდევ მეტს ითხოვს და აღწევს კიდეც.

_ კვლავ თუ „ნაციონალები” არიან  კარგ სამსახურებში, „ოცნების” გვერდში მდგომი ადამიანები სახლში სხედან?

_ ვინც მეტი უტიფრობით გამოირჩეოდა, ზონდერებს ვეძახდით, ამ ადამიანებიდან ზოგი კვლავ დარჩა თანამდებობაზე, ზოგი გადმობარგდა „ოცნებაში”, ან ალასანიას პარტიაში და ამას დაარქვეს კოჰაბიტაცია. აქედან ბევრს კონკრეტული დანაშაული აქვს ჩადენილი, მაგრამ არავინ ამაზე პასუხს არ სთხოვს. „ნაცმოძრაობას” რამე შანსი რომ გაუჩნდეს ხელისუფლებაში დაბრუნების, ეს ხალხი კვლავ მათ გვერდით დადგება და მათგან ერთგულება გამორიცხულია. საქმე იქამდე მიდის, რომ ლამისაა, ბოდიში მოგვახდევინონ ნაციონალებთან, _ გვაპატიეთ, ტყუილად გაბრალებდით ყველაფერსო. გულისამრევი სინთეზირება მოხდა, რის გამოც ხალხს „ოცნების” მიმართ პესიმისტური განწყობა აქვს.

_ თქვენც ასე ფიქრობთ?

_ არა, მე ვფიქრობ, რომ არსებობენ პროგრესულად მოაზროვნე ადამიანები, რომელთა კონსოლიდაციაც უნდა მოხდეს, რომ ყველაფერმა მიიღოს კონსტრუქციული და სამართლიანი ხასიათი. სხვა შემთხვევაში „ქართულ ოცნებას” აუცილებლად დავტოვებ. რაც თქვენ მოგიყევით, ამის შესახებ გუბერნიაც არის საქმის კურსში და ყველაფერს გააკონტროლებენ. კიდევ მაქვს იმედი, რომ სამართლიანი რეაგირება მოყვება და იძულებული არ გავხდები, ასეთი ნაბიჯი გადავდგა. სამართლიანობა უნდა აღდგენილიყო და ეს დაპირება არ უნდა დარჩენილიყო ლიტონ სიტყვებად.

 

„ქრონიკა+“ გია გოგუაძეს დაუკავშირდა, რომ მაია ჩხაიძის ბრალდებებზე კომენტარი ჩაეწერა. მას შემდეგ, რაც საქმის არსი გავაცანით, საკრებულოს დეპუტატმა შემოდავება სცადა: „რომელი გაზეთი ხარ, რაში გაინტერესებს ჩემი მფარველი ნიკოლაიშვილია თუ სხვა ვინმეო?!“ რაც შეეხება ვაჟიშვილისა და რძლის დასაქმებას, ამ შემთხვევაშიც სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და „აწარმოე საქართველო-ში“ პროექტის შემსრულებელი ფირმისკენ მიგვითითა: „წადით და მათ ჰკითხეთ, კონკურსში როგორ გაიმარჯვეს!“

 

 

                                                                                                        ნელი ვარდიაშვილი