მერის ცოლის დაქალები, დეპუტატის ძმაკაცები და აზნაური პლატონა იმპიჩმენტის მოლოდინში!

samm

კაცი სანამ სახლის შენებას დაიწყებს, ჯერ საძირკველს თხრის, მანამდე პროექტს აკეთებს, როგორი უნდა იყოს მისი ნავსაყუდელი, თუმცა მთავარი ერთია _ თუ ბინის პროექტი საკუთარ მუნიციპალიტეტს არ დაამტკიცებინა, იმ სახლში ვერც ელექტროენერგიას შეიყვანს, ვერც გაზს და ვერც წყალს. ეს ისე, დასაწყისისთვის ლირიკულ გადახვევად რომ არ ჩამითვალოთ, ასეა მუნიციპალიტეტიც: თუ ქალაქის, ან რაიონის შენება გინდა, ამ ქალაქის აშენების პროექტი უნდა შეაქმნევინო სპეციალისტებს, უნდა დააპროექტებინო, მერე მოსახლეობასთან ერთად საჯაროდ განიხილო და ქალაქის თავმა უნდა დაამტკიცო. ეს, უბრალოდ, ძალიან მარტივად ასახსნელი საქმეა…

ჩემი ორკვირიანი წვალების მიუხედავად, ეს ამბავი ალექსანდრე-ლექსო თამაზაშვილის კლასელმა, თელავის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსმა, გიორგი ენუქიძემ მომითხრო… თუმცა სანამ ამ ქალაქის შენების სამუშაო გეგმაზე გადავიდოდეთ, მანამდე  მინდა მკითხველისთვის გასაგებად მოვყვე, თუ რამდენჯერ მოვითხოვე საჯარო ინფორმაცია და რა აღმოჩნდა ენუქიძისთვის საჯარო და რა _ პერსონალური…

ერთი ჩვეულებრივი, უწყინარი განცხადება შევიტანე თელავის მერიაში, სულ რამდენიმე თანამშრომლის შრომითი ბიოგრაფია მოვითხოვე, მაგრამ ენუქიძემ გადაწყვიტა, რომ არ უნდა მოეცა ჩემთვის, მხოლოდ ერთის მომცა, ისიც საფინანსო სამსახურის უფროსის, დანარჩენზე კი მომახსენა, რომ პერსონალურია და ვერ მოგცემთო… მერე თავად დადიოდა და ამბობდა, _ თელავის პირველი ლედის დაქალები არიან ის თანამშრომლები და მათ სივებს ვერ მივცემდიო. ამ დროს ის წესიერი გოგოები ენუქიძეზე და თავად ქალაქის მერზე ადრე მუშაობდნენ მანდ, უკვე იმდენი წელია, რომ მგონია, სკოლიდან პირდაპირ მუნიციპალიტეტში გადასხდნენ. ხოდა, ასე აპელირებს ახალდაქორწინებული მერის ცოლის დაქალებზე ადმინისტარციული სამსახურის უფროსი. რა ენაღვლება ენუქიძეს, ლექსო იყოს კარგად, თამაზაშვილი და ხან ერთი სამსახურის უფროსი იქნება, ხან _ მეორის, სადაც უფრო ცოტაა სამუშაო, იქ წავა…

მისი კარიერა თელავის მერიაში ასე დაიწყო: ჯერ საფინანსო სამსახურის უფროსად მოგვევლინა, ცოტა ხანი იმუშავა, მერე მიხვდა, რომ დამღლელი, მოსაწყენი და ძალიან საპასუხისმგებლო იყო. ბოლოს, დიდი ფიქრისა და განსჯის შემდეგ, ადმინისტრაციული სამსახურის უფროსად გადასვლა მოინდომა. ახლა ხშირად ვესტუმრები ხოლმე და საჯარო ინფორმაციას ვთხოვ, ისიც, კანონის ფარგლებში, ერთი წინადადების მოწერას 10 სამუშაო დღე და პლუს ორი არასამაუშაო დღე უნდება. ვატყობ, ისევ მისურვებს სხვა სამსახურში გადასვლას, არა იმიტომ, რომ მე ვსტუმრობ, არამედ იმიტომ, რომ ბევრს ვავალებ და ისიც იღლება.

ცოდვა კი გამხელილი სჯობს და ისეთი წესიერი და ზრდილობიანია, ხანდახან ვფიქრობ, რა უნდა ახლა ამას აქ, საჯარო სამსახურში, დარჩენილიყო იქ, სადაც მუშაობდა, გაყიდვების მენეჯერად.

ამ თემას იმით დავასრულებ, რომ მატყუარაა თელავის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი, _ იმის შიშით, რომ ვინმემ არ წამოაძახოს, თამაზაშვილის კლასელი ან მეგობარი ხარო, სივი შეცვალა და არათუ თელავის პირველი საჯარო სკოლა ჩაწერა, სადაც ის და პარლამენტის დეპუტატი სწავლობდნენ, არამედ მესამე საჯარო სკოლა მიუთითა. ახლა, იმედია, მიხვდით, რომ იმ გოგოების შრომითი ბიოგრაფიები კი არ მაინტერესებდა, თქვენი მინდოდა, ამიტომ ჯერ თქვენი თანამშრომლების მოვითხოვე, თქვენ კი ქვეყანა შეყარეთ, მოსიაშვილი მერის ცოლის დაქალების სივებს ითხოვს, არ უნდა მივცეო,  ბოლოს კი თქვენმა შრომითმა ბიოგრაფიამ მომხიბლა.

ახლა დავუბრუნდები თემას, რომელიც სახლის შენებას ეხება…

გიორგი ენუქიძეს ვერა და ვერ გავაგებინე, რომ თელავის მერიამ 2014 წლის აგვისტოში მიმართა თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თხოვნით, რომ მერიის იურისტის მიერ შედგენილი დებულება დაემტკიცებინა. დებულებაში გარკვევით წერია, რომ ქალაქის მერმა უნდა დაამტკიცოს მომავალი წლის სამუშაო გეგმა, ანუ რას აპირებს მერია, რა უნდა გააკეთოს, რა უნდა ააშენოს, რა უნდა დაანგრიოს, ვის უნდა მისცეს შემწეობა, ვის უნდა უყიდოს ყვავილები, საჩუქრები, რა სპორტული ღონისძიებები უნდა ჩაატაროს, გზები სად უნდა დააგოს, ცაზე ფოიერვერკი რამდენჯერ უნდა გაისროლოს და მერიაში უსაქმურმა თანამშრომლებმა ყავა რამდენჯერ უნდა დალიონ, და თუ, მაგალითად, ყავა ერთხელ უნდა მიირთვან და არღვევენ გეგმას, ყავას 3-ჯერ მიირთმევენ. მერს სამუშაო გეგმა დამტკიცებული აქვს. ნებისმიერ ზარმაც თანამშრომელს გამოცემულ სამართლებრივ აქტს აჩვენებს და ეტყვის, _ შენ ამ სამუშაო გეგმას გადაუხვიე და ამიტომ დისციპლინურ პასუხისმგებლობას ექვემდებარებიო, ან ეტყვის, _ გაგიშვი სამსახურიდანო… თუმცა, ალბათ, მკითხველი მიხვდა, რომ მე მხოლოდ იმ სამართლებრივ აქტს ვითხოვ, რომელიც მერმა გამოსცა ბრძანების სახით და ამ ბრძანებას 2015 წლის სამუშაო გეგმა ჰქვია… მიუხედავად ჩემი არაერთი მოთხოვნისა, ეს ბრძანება ვერ მივიღე. ბოლოს, ასეთი განცხადება გავგზავნე:

„მინდა, შეგახსენოთ, რომ ჩემი 2015 წლის 29 ივნისის წერილით ვითხოვდი ქალაქ თელავის მერის მიერ გამოცემულ ნორმატიულ აქტს, რომლითაც მერიის სტრუქტურული ერთეულების სამუშაო გეგმებია დამტკიცებული. აქვე შეგახსენებთ, რომ „თვითმმართველი ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების” მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით ასეთი სამუშაო გეგმა უნდა დაამტკიცოს მერიამ, ანუ უნდა იყოს გამოცემული შესაბამისი სამართლებრივი აქტი. მიუხედავად ჩემი მოთხოვნისა, აღნიშნული ნორმატიული აქტი თქვენ ჩემთვის არ გადმოგიგზავნიათ. გთხოვთ, დაუყოვნებლივ მომაწოდოთ მერის მიერ გამოცემული შესაბამისი სამართლებრივი აქტი, რომლითაც დამტკიცებულია თქვენ მიერ გადმოგზავნილი 2015 წლის 22 ივლისს #22 წერილით მოწვდილი მერიის სტრუქტურული ერთეულების სამუშაო გეგმები”.

ახლა, რა ხდება: თუ ენუქიძემ კვლავ არ მომცა საჯარო ინფორმაცია, რომელსაც სამართლებრივი აქტი ეწოდება, საკრებულო ვალდებული გახდება, ეს სამართლებრივი აქტი გამოითხოვოს, ხოლო მე კი ვალდებული გავხდები, სასამართლოს მივმართო. თუმცა თუ ეს აქტი არ არსებობს და მერს არ გამოუცია, მაშ, რა სამუშაო გეგმა აქვს მერიას და რის მიხედვით შენდება, ან ინგრევა თელავი?

ქალაქის მართვა რომ, ამირან გულში მღეროდაო, ეგ ამბავი არ არის, კი უნდა იცოდეს მერმა, ხოლო თუ ეს სამართლებრივი აქტი არ გამოუცია, მაშინ არც სამსახურის უფროსებს გადაუციათ მისთვის სამსახურების სამუშაო გეგმები განსახილველად და თუ არ გადაუციათ, მაშინ მერი ვალდებულია, მათი დისციპლინური პასუხისმგებლობა დააყენოს, ყველას საყვედური გამოუცხადოს და პრემია აღარ მისცეს. ახლა მეორე: თუ მერი არც თავისი სამსახურის უფროსებს არ „დაადანაშაულებს” უსაქმურობაში, მაშინ საკრებულო გახდება ვალდებული, მერის უსაქმურობა გაააფიშიროს. და რადგან მერი პირველი პირია, არჩეულია და მისი დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხს ვერავინ დააყენებს, ამ დროს საკრებულო მერზე მაღლა დგას და, ადრე თუ გვიან, მერის იმპიჩმენტის საკითხს განიხილავს.

აბა, ქალაქის თავობა ითავო და ამ ქალაქის არც აშენების შრომითი გეგმა გქონდეს გამოქვეყნებული და არც დანგრევის სტრატეგია სადმე გაწერილი, მასე ვერ გამოვა. გულში რას ფიქრობ, ბატონო პლატონ, ეს მარტო თქვენ იცით, ქვეყანას ფიქრები კი არა, სამართლებრივი აქტები სჭირდება _ ფურცელი, სადაც ბრძანეთ, დაწერეთ და გამოაქვეყნეთ.

დაბოლოს, კახეთის სამხარეო ადმინისტრაციის გუბერნიას ერთი ძალიან კარგი სამსახური აქვს _ ზედამხედველობის სამსახური _ რომლის პირდაპირი მოვალეობაა, ამგვარი დარღვევები და გადაცდენები შეისწავლოს. მოითხოვეთ თელავის მერიის სამართელბრივ აქტად გამოცემული 2015 წლის სამუშაო გეგმა და თუ თქვენც არ ან ვერ მოგცეს, მაშინ ნება თქვენია…

 

P.S. ერთი კვირის წინათ თელავში, ახალ ბაღში მდებარე, მეარღნე პაპას ძეგლი მერის ინიციატივით მოხსნეს და ქალაქის უძველეს ტერიტორიაზე, ჩოლოყაშვილის ქუჩაზე, სასტუმრო ძველი თელავის წინ დადგეს. ძეგლი იქ საღამომდე დარჩა. ვიღაც-ვიღაცები აღშფოთდნენ, _ რა უნდა მეარღნე პაპას ლეკის სასტუმროს წინო? ხოდა, ახლა, მე უნდა ვუპასუხო მათ, _ მანამდე, რა, ებრაელის კაფეს წინ რომ იდგა, მირონი გადმოსდიოდა? 2012 წლის მერე დააჟანგეთ, გააუბედურეთ, რკინა შეჭამეთ, ნახევრად დამტვრეული იქ გეგდოთ და მაშინ ხმას არ იღებდით! ეს ერთი! ახლა მეორე: მერთან მაქვს სათქმელი, _ ნუთუ, შენ ის პლატონი ხარ, მე რომ ვიცნობდი მთელი ბავშვობა? ნუთუ, იმის არგუმენტი არ გქონდა, თუ რატომ უნდა ყოფილიყო მეარღნე პაპა ჩოლოყაშვილზე? ნუთუ, თელავის ისტორიაც დაგავიწყდა? ეგ ძეგლი, რომელიც დილით გადაიტანე და საღამოს შეშინებულმა უკან გადმოიტანე, არავის ბალანსზე არ ზის, თუმცა კახეთის განვითარების სააგენტომ დაამზადებინა თელავისთვის ეგეც და ლოკოკინაც. არც ერთი არ გაქვს დღემდე ბალანსზე გადმოტანილი. ამ დროს ამ ძეგლების საშუალო ღირებულება მილიონის ერთი მესამედია. და კიდევ: თუ გადაიტანე, უნდა დაგეტოვებინა იქ, სადაც მეარღნე პაპა ცხოვრობდა, უკრავდა და მღეროდა, უნდა დაგეტოვებინა იქ იმიტომ, რომ ტურისტები ხევის დასავლეთით დადიან და არა აღმოსავლეთით, რადგან აქეთ არც მუზეუმი გაქვთ, აღარც მეფე ერეკლეს სასახლე, დაუსრულებელი თეატრის ფასადი კი ყველაფერს ფარავს, ხოლო ტურისტს ის ძველი და არნახული ხიბლავს, რაც ჩოლოყაშვილზე დგას.

თუ ოდესმე მერი გავხდი, მაგ მეარღნეს მე წავიყვან თავისი მშობლიური ქუჩის დასაწყისში, სადაც ძველი თელავის ბაზარი იყო და მეარღნე ჭიქა არყისთვის უკრავდა… ერთ წელიწადში ვნახავ მე მაგ ძეგლს და გამიფრთხილებიხარ, ჯართში ჩაბარებული არ დამხვდეს! მეარღნე პაპის გულის ტკივილი მოსმენილი რომ გქონდეს, მასთან ერთად თითო ჭიქა უნდა დაგელია. ხოდა, დაელიათ ჩოლოყაშვილზე ტურისტებს, რას მოარბენინებდი, ჩემო პლატონ?

 

                                                                                                       მაკა მოსიაშვილი