ვის უშლის ხელს საზოგადოებრივი მონიტორინგის საბჭო და იცვლება თუ არა ამინდი სასჯელაღსრულების სისტემაში?!

chm

სასჯელაღსრულების სამინისტრომ გლდანის #8 დაწესებულებაში პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა. სამინისტრო ადასტურებს, რომ 1980 წელს დაბადებულმა დ.თ.-მ, რომელიც განთავსებული იყო 6-კაციან საკანში, საპირფარეშოში, წინასწარი მონაცემებით, სუიციდი განახორციელა. გარდაცვლილი ბრალდებული თანასაკნელებმა აღმოაჩინეს. პატიმრის ახლობლების ინფორმაციით, შემთხვევა მას შემდეგ მოხდა, რაც ბრალდებულს გამომძიებელი შეხვდა. ახლობლები ამბობენ, რომ ის უახლოეს ხანში საპროცესო გარიგებით განთავისუფლებას ელოდებოდა.

სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მომხდარ ფაქტს `დემოკრატიის ინსტიტუტი~ ეხმაურება და საპატიმრო დაწესებულებების საზოგადოებრივი მონიტორინგის საბჭოების დროულ შექმნასა და ამოქმედებას ითხოვს. მათი თქმით, 3 წელია, არასამთავრობო სექტორმა ხელისუფლებასთან ვერ მიაღწია იმას, რომ ეს საბჭოები ამოქმედებულიყო და მართლმსაჯულების სისტემაში მსოფლიოში აპრობირებული მეთოდები დანერგილიყო.

ამ და სხვა საკითხებზე „ქრონიკა+“-ს ესაუბრება „დემოკრატიის ინსტიტუტის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი, ლაშა ჩახარტიშვილი:

_ შეუძლებელია იმის არ აღნიშვნა, რომ სასჯელაღსრულების სისტემაში სისტემური ხასიათის დანაშაულები აღარ ხდება, თუმცა ეს არ არის ამ სისტემის საბოლოო გაჯანსაღება, რომელშიც, წარსულის მსგავსად, აწმყოშიც ძალიან ბევრი პრობლემა რჩება. ამიტომ თუ ხელისუფლებას მყარად აქვს გადაწყვეტილი, რომ პრობლემებმა არ მოიმატოს და რეალურად იყოს ადამიანის უფლებები დაცული, რასაც თანამედროვე ევროპული სტანდარტები ითვალისწინებს, ეს უნდა იყოს ხელისუფლების ამოცანა! აქ საჭიროა გატარდეს მთელი რიგი ღონისძიებები. მათ შორის, არის საზოგადოებრივი მონიტორინგის საბჭოს შექმნა. 3 წელი გავიდა და არასამთავრობო სექტორმა, უფლებადამცველმა ორგანიზაციებმა, ვერ მივაღწიეთ, რომ საქართველოში დაინერგოს მართლმსაჯულების სისტემაში არსებული მსოფლიოში აპრობირებული მეთოდები, რაც გულისხმობს მონიტორინგის საბჭოების შექმნას, რის მეშვეობითაც ობიექტურ რეალობაზე დაყრდნობით, შეირჩევა არასამთავრობო ორგანიზაციები, რომელთაც  საშუალება ექნებათ, პერიოდულად მოინახულონ სასჯელაღსრუელბის სისტემის სხვადასხვა დაწესებულებაში განთავსებული პატიმრები. თუ ეს საბჭოები არ შეიქმნება, პრობლემები მოიმატებს, მეტი მკვლელობა თუ თვითმკვლელობა იქნება, ადამიანის უფლებების დარღვევა; თანდათანობით ყველაფერი შეიძლება მივიდეს იქამდე, საიდანაც დაიწყო! ამის თავიდან არიდება აუცილებელია და ეს ყველაფერი, თანდათანობით, წესად რომ არ გადაიქცეს, არასამთავრობო სექტორს უნდა ჰქონდეს მონიტორინგის განხორციელების საშუალება. ასე ვთქვათ, გარეშე თვალი მხოლოდ ომბუდსმენის აპარატის სახით არის წარმოდგენილი, რომლის რესურსები არასაკმარისია საიმისოდ, რომ მთელი ეს სისტემა მოიცვას, ამიტომ არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართულობა აუცილებელია. ეს არის თანამედროვე ევროპული მიდგომა, რასაც მოვითხოვთ და ვფიქრობთ, რომ აღნიშნული საბჭოების შექმნისთვის თავად ხელისუფლება უნდა ყოფილიყო ინიციატორი! საზოგადეობის მოთხოვნას ყურადღება არ მიაქციეს, თავად უნდა მოემზადებინათ სქემა და არა გადმოებრალებინათ არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის, თქვენ ერთმანეთში შეარჩიეთ წარმომადგენლებიო. ხელისუფლების მოვალეობაა განსაზღვროს, თუ როგორ შეირჩევა არასამთავრობო ორგანიზაციები, რომელიც გარკვეულ კრიტერიუმებს დააკმაყოფილებს. ხელისუფლება ამ ვალდებულებას არ ასრულებს, ვნახოთ, შეიძლება `დემოკრატიის ინსტიტუტს~ თავად მოგვიწიოს სამართლებრივი აქტის პროექტის მომზადება. იგი განსაზღვრავს კრიტერიუმებს, რომელზე დაყრდნობითაც უნდა მომზადდეს საზოგადოებრივი მონიტორინგის საბჭოს წევრების შერჩევა. თუმცა, ვფიქრობ, რომ ეს საქმე ხელისუფლების მოვალეობაა და იმ საკმაოდ ფართო აპარატის, რომელიც აღნიშნულისთვის არსებობს, რომ პატიმრები იყვნენ ნორმალურ პირობებში, არ შეუქმნან საფრთხე ერთმანეთს და არც სასჯელაღსრულების სისტემის წარმომადგენლებმა აწამონ ისინი, მით უმეტეს, მოკლან!

_ პირად საუბარში აღნიშნეთ, რომ ექსპრეზიდენტ სააკაშვილის მმართველობის დროიდან პატიმართა წამების საქმეებთან დაკავშირებული თანამშრომლების უფლებამოსილება უნდა შეჩერდეს…

_ რაც შეეხება კიდევ ერთ ძალიან მნიშვნელოვან პრობლემას, რომელიც არა მარტო სასჯელაღსრულების სისტემისთვისაა დამახასიათებელი, არამედ, ზოგადად, საქართველოს სამოხელეო აპარატისთვის, ეს არის წარსულის დამნაშავეთა დიდი კოლონა. სააკაშვილის ჯალათების მნიშვნელოვანი ნაწილი დღეს ისევ ამ სისტემაში რჩება და მათთვის პასუხი არ მოუთხოვიათ იმ უმძიმესი დანაშაულისთვის, რასაც ჰქვია ადამიანების მასშტაბური წამება. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ იმ კონკრეტულ საქმეებზე, რომლებზედაც დაწყებულია გამოძიება, პატიმართა წამებას, მკვლელობასა და ამ სახის დანაშაულებს ვგულისხმობ, ამ საქმეებთან დაკავშირებით, მათი უფლებამოსილება მაინც უნდა შეჩერდეს, ვისაც  პატიმრები ასახელებენ, როგორც უფლებების დამრღვევებს. გამოძიება უნდა დაჩქარდეს, ასეთი პირები საფრთხეს ქმნიან! ჩვევაში აქვთ გადასული, საკუთარ სადისტურ მოთხოვნილებებს იკმაყოფილებენ თუ სხვა მიზნებისთვის იყენებენ, მნიშვნელობა არ აქვს, პატიმრებისთვის ეს არ გამოდგება. ვფიქრობ, თანდათანობით უნდა გაჯანსაღდეს სასჯელაღსრულების საკადრო სისტემა უფლებამოსილების შეჩერების სახით. თუკი პროკურატურა თავის საქმეს ვერ აკეთებს და, სამწუხაროდ, ჯერჯერობით, კუს ნაბიჯებით მოქმედებს, იმის საშუალება და ვალდებულება მაინც უნდა ჰქონდეთ, რომ დროებით ჩამოაშორონ სისტემას ის ადამიანები, რომლებთან დაკავშირებითაც ბევრი შეკითხვა და საჩივარი არსებობს. მეორე _ აუცილებელია საზოგადოებრივი მონიტორინგის საბჭოების არსებობა; მესამე _ სამედიცინო და ფსიქოლოგიური დახმარების საკითხი, რომელიც გასაუმჯობესებელია და მისი მასშტაბები გასაზრდელია, რადგან სისტემას ახასიათებს ბევრი თანმდევი პრობლემა, მით უფრო, საქართველოში.

ვგეგმავთ კამპანიას როგორც სასჯელაღსრულების სისტემაში, ასევე, ზოგადად, ადამიანის უფლებათა დარღვევების გამოვლენაში, უნდა მოხდეს სააკაშვილის ხელისუფლების პირობებში მომუშავე დამნაშავეების ლუსტრაცია და არ გამოვრიცხავ, ამ კვლევის პროცესში ახალი დამნაშავეებიც გამოვავლინოთ.

„ქრონიკა+“ უშედეგოდ ცდილობდა სასჯელაღსრულების სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურთან დაკავშირებას. მიუხედავად არაერთი სატელეფონო ზარისა და შეტყობინებისა, მათ კომენტარის გაკეთება არ ისურვეს.

 

                                                                                                          თამარ ბატიაშვილი