მოუხადა თუ არა ბოდიში კახი კალაძემ ირაკლი ღარიბაშვილს?

ბვ

ირაკლი ღარიბაშვილი სიხარულს არ მალავს და ყველას უყვება, რომ მან ყოფილი პრემიერის კეთილგანწყობა დაიბრუნა. პირველად ეს განაცხადი ერთი კვირის წინ, შუშის სასახლიდან კანცელარიაში დაბრუნებულმა გააკეთა, _ ბიძინა ივანიშვილმა პარტიის საქმეების დალაგება მე დამავალა და სექტემბრიდან პარტიაში მნიშვნელოვან ცვლილებებს ვიწყებო. ის, რომ პარტია „ქართული ოცნება“ დემორალიზებულია, განსაკუთრებით რეგიონებში, ფაქტია. მართალია, აღმასრულებელ მდივნად ირაკლი კობახიძის დანიშვნის მერე გვეუბნებოდნენ, რომ პარტიაში რევოლუციური ცვლილებები მოხდებოდა, მაგრამ რეალურად არაფერი შეცვლილა,
ყოფილი პრემიერის მისდამი კეთილგანწყობაზე მოქმედი პრემიერი ამჯერად გუბერნატორებთან შეხვედრაზე ალაპარაკდა. არავისთვის უცხო არ არის, რომ ცოლის ნათესავების მიჯირყვნის შემდეგ ირაკლი ღარიბაშვილი, მთავარ საყრდენად რამდენიმე რეგიონის გუბერნატორს მოიაზრებს, მათ შორის, კახეთის, შიდა ქართლის, გურიისა და სამეგრელოს გუბერნატორებიც არიან. სწორედ კახეთისა და  სამეგრელოს გუბერნატორებს უთხრა პრემიერმა: ბიძინა ივანიშვილთან ყველაფერი დავალაგე, მითხრა, რაც მოხდა _ მოხდა, ყველაფერი წარსულში დავტოვოთ, მალე საქართველოში ბერა ჩამოვა და ჩემი კეთილგანწყობის ნიშნად მესამე შვილს სწორედ ის მოგინათლავსო. ქართულ პოლიტიკაში ნათელმირონობა რომ არაფერს ნიშნავს, ეს უახლოესმა წარსულმაც დაადასტურა (ერთმანეთის ნათელმირონები, მოგვიანებით, ლამის, მოსისხლე მტრებად გადაიქცნენ), მაგრამ მოქმედ პრემიერს რომ გუბერნატორთან ამ ამბის მოყოლა სჭირდება, გუბერნატორი კი იმდენს ილაპარაკებს, რომ ფაქტი მედიამდე მივა, ეს კიდევ ცალკე პრობლემაა.
ბოლო კვირაა, პრემიერი და ვიცე-პრემიერი ცალ-ცალკე და ერთხმად ამტკიცებენ, რომ ისინი ერთმანეთის მეგობრები არიან და მათ შორის შუღლის ჩამოგდების ნებისმიერი მცდელობა ამაოა. რაც უფრო ბევრს ლაპარაკობენ ირაკლი ღარიბაშვილი და კახი კალაძე იმაზე, რომ მათთვის მთავარი პოლიტიკა კი არა, ადამიანური ურთიერთობებია, მით უფრო თვალში საცემია მათი კულუარული დაპირისპირება. სანამ ბერა ივანიშვილი საქართველოში იმყოფებოდა, ივანიშვილის კარზე კახი კალაძის პოზიციები გაცილებით ძლიერი იყო, მაგრამ ბიძინა ივანიშვილმა შვილი პოლიტიკურ ინტრიგებს გაარიდა და სწორადაც მოიქცა. ბოლო თვეების განმავლობაში ის არც პრემიერს ხვდებოდა და არც ვიცე-პრემიერს. „ქრონიკა+“-ის წყაროს ინფორმაციით, 13 ივნისის ტრაგედიის შემდეგ მას ურეკის საზაფხულო რეზიდენციაში პირველი ირაკლი ღარიბაშვილი ესტუმრა. ცხადია, ჩვენი წყარო ვერ აკონკრეტებს, სტიქიის გარდა რაზე ისაუბრეს მოქმედმა და ყოფილმა პრემიერებმა, მაგრამ, როგორც ჩანს, ღარიბაშვილმა მასთან დაიწუწუნა, _ სტიქიის დღეებში კახი კალაძე დამოუკიდებელ პიარს ეწეოდაო. ურეკში ღარიბაშვილის სტუმრობის შემდეგ რეზიდენციაში კახი კალაძე გამოიძახეს, ვიცე-პრემიერი შეხვედრიდან შეწუხებული და ნერვებმოშლილი გამოსულა. როგორც ჩანს, ივანიშვილმა ის გვარიანად მიჯირყვნა. ურეკში სტუმრობის შემდეგ კახი კალაძე აჭარის დელეგაციასთან ერთად ჩინეთში გაფრენილა. იქ აჭარის დელეგაციის ხელმძღვანელთან დიდხანს უწუწუნია, _ როგორც ჩანს, ირაკლი ღარიბაშვილთან არასწორი ენები მიაქვთ, საქართველოში რომ დავბრუნდები, პრემიერს ბოდიშსაც მოვუხდიო.
ეტყობა, ეს „გულთბილი“ შეხვედრა უკვე შედგა, რასაც ორმხრივი განცხადებები მოყვა. კოალიციაში შიშობენ, რომ კახი კალაძე დამოუკიდებელ პოლიტიკურ თამაშს დაიწყებს და არგუმენტად ის მაგალითი მოაქვთ, როგორ აუხტა, თავის დროზე, მიხეილ სააკაშვილს. საქმეში უფრო ღრმად ჩახედულები იმასაც იხსენებენ, როგორ ეუბნებოდა კახი კალაძე ზურაბ ადეიშვილს, პრეზიდენტობა მინდაო და როგორ ეგონა „რუხ კარდინალს“ დიდხანს, რომ კახი კალაძე მას ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობაზე ელაპარაკებოდა.
მართალია, ოფიციალური განცხადებები გაკეთდა, მაგრამ ფარული დაპირისპირება დარჩა. ამის დასტურად „ქრონიკა+“-ს ბოლო დღეებში მომხდარ ფაქტს უყვებიან. მოგეხსენებათ, 2015 წლის 26 მაისს თბილისში ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი „თბილისი 2015“ იხსნება. გახსნის ცერემონიალის რეპეტიციების დაწყებისას აღმოჩნდა, რომ სტადიონზე შუქი არ არის. ორგანიზატორებს დახმარებისთვის კახი კალაძისთვის მიუმართავთ, რასაც პრემიერის გარემოცვის რისხვა მოჰყოლია, _ ეს როგორ გაბედეთ, კალაძემ რატომ გაიგო, რომ სტადიონზე შუქი არ არისო(?!)
როგორც ჩანს, „თბილისი 2015“ სკანდალების გარეშე არ ჩაივლის. ის, რომ საორგანიზაციო კომიტეტმა ტენდერები არასწორად ჩაატარა და საკმაოდ ბევრი თანხა არამიზნობრივად იხარჯება, ამის შესახებ „ქრონიკა+“ უკვე წერდა. კანცელარიაში ბოლოს გამართულ თათბირზე საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარეს, დავით ახვლედიანს, პრემიერ-მინისტრიც გვარიანად შემოსწყრომია, _ ობიექტები რას ჰგავს, ამდენი ფული სად დახარჯეთ, ლევან ყიფიანი არ მოგწონდა, ახალი სპორტის მინისტრი არ მოგწონს, შენი ვერაფერი გავიგე, საკუთარი პიარით ხართ დაკავებული, საგარეჯოს მაჟორიტარობისთვის ემზადებიო, _ სახალხოდ უთქვამს ღარიბაშვილს ახვლედიანისთვის. საქმეში ჩახედული ადამიანები პრემიერის რისხვას სხვა მიზეზით ხსნიან _ თავის დროზე, ახვლედიანი მისთვის ცოლის ნათესავებს მიუყვანიათ, ბოლო პერიოდში კი, „ატკატების“ ცნობილი სკანდალის მერე, ახვლედიანს ახალი პატრონის ძებნა დაუწყია და უპოვია კიდეც, ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის სახით, რომელიც, ბოლო დროს, ღარიბაშვილის ნათესავებიდან ბიძინა ივანიშვილის ნათესავებთან გადაპორტირებულა.
მოკლედ, როგორც რუსები იტყვიან, ხელისუფლებაში „პოლნი ბარდაგია“(misunderstanding),), მაგრამ არც ოპოზიციაშია უკეთესი მდგომარეობა: „ნაციონალურ მოძრაობაში“ ბოლო დროს ჩატარებულმა არჩევნებმა ცხადყო, რომ პარტიაში ვანო მერაბიშვილის გავლენები ჯერ ისევ დიდია, მან ზურაბ ჟვანიას გუნდის ნარჩენებიც მიიმხრო და, რეალურად, მიხეილ სააკაშვილი გადააგდო, რადგან არავისთვის უცხო არ არის, რომ სააკაშვილი სწორედ გიორგი ვაშაძის კანდიდატურას უჭერდა მხარს. ვაშაძის არჩევის შემთხვევაში კი პარტიული პასუხისმგებლობის გაზიარებასაც აპირებდა. თუმცა სააკაშვილს ახლა ყველაზე ნაკლებად პარტიული საქმეებისთვის სცალია. ოდესაში ის თავის სტიქიაშია და ზუსტად იცის, რომ უკრაინაში მის წარმატებაზეა დამოკიდებული მისივე პოლიტიკური მომავალი.
მართალია, მოსკოვში მყოფი ნინო ბურჯანაძე დაგვპირდა, რომ რუსები თავზე ბომბებს აღარ გადმოგვაყრიდნენ და, მისი ხათრით, ოფიციალური მოსკოვი სავიზო რეჟიმსაც გადახედავდა, მაგრამ ბურჯანაძე ჯერ სამშობლოში არ დაბრუნებულა, მოსკოვმა კი მცოცავი ოკუპაციის ფარგლებში სოფელ ორჭოსანთან მავთულხლართები გააბა და სტრატეგიული მილსადენის ნაწილი სწორედ მავთულხლართებს მიღმა აღმოჩნდა. მთავრობას ამ ფაქტზე რეაქცია არ აქვს, ქართული საზოგადოების ნაწილი კი მესამე ღამეა, ქუჩაში, ბილეთების რიგში ათენებს.
არც ენმ-დან წასულ ოთხეულს ადგას კარგი დღე. როგორც ჩანს, ამ ეტაპზე, მათ პოლიტიკური საქმიანობის დაწყება აშკარად გაუჭირდებათ. „ქრონიკა+“-ის წყაროს ინფორმაციით, ამ დღეებში პავლე კუბლაშვილმა დესპანი აფრინა პარლამენტარ კახა ოქრიაშვილთან, _ პირობაზე როგორ ხარ, ან ფრაქციას როდის ვქმნით, ან პარტიის დაფინანსების საქმე როგორაა? საკითხი ბიძინა ივანიშვილთან შეთანხმებულიაო. კახა ოქრიაშვილი ამ ვიზიტის მერე ყოფილ პრემიერთან შუშის სასახლეში ასულა, _ როგორ მოვიქცეო? ბიძინა ივანიშვილს თავი შორს დაუჭერია, _ როგორ უნდა მოიქცე და სადაც ხარ, იქ დაეტიე, რა ფრაქცია, რის პარტია, მე ვინმეს რამეს როდის დავპირდი, პირიქით, მაგათი პირობა იყო, „ნაციონალური მოძრაობა“ უნდა დაშლილიყო და ფრაქციიდან, მინიმუმ, ათი კაცი უნდა წამოსულიყოო. შუშის სასახლის დირექტივების შემდეგ კახა ოქრიაშვილს ოთხეულის დესპანი უარით გაუსტუმრებია. ამის შემდეგ დესპანი ოთხეულს უკვე „კოკა კოლას“ შეფთან, თემურ ჭყონიასთან გაუგზავნია, _ იქნებ, პარტია დაგვიფინანსოთო. თემურ ჭყონიასაც თავი შეუკავებია. ეტყობა, მათ დაავიწყდათ, რომ სწორედ მათ შექმნეს ქვეყანაში სისტემა, რომ ბიზნესს ხელისუფლების გარეშე დამოუკიდებელი გადაწყვეტლებების მიღება არ უყვარს და არც შეუძლია. თუ ასე გაგრძელდა, ენმ-დან წასულ ოთხეულს ნამდვილად არასამთავრობო სექტორში მოუწევს მუშაობის გაგრძელება.
საკადრო ცვლილებებია სავაჭრო-სამრეწველო პალატაში. ლაშა
ჩხენკელის შემდეგ, სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარის
პოსტი, კახა ბაინდურაშვილმაც დატოვა. მის ადგილას პალატის
თანამშრომელი ნინო ჩიქოვანი აირჩიეს.
კვირის მთავარი მოვლენა შინაგან საქმეთა სამინისტროს გაყოფის თემაა. კულუარებიდან ჟონავს ინფორმაცია, რომ „რესპუბლიკელები“ შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტს გიგლა აგულაშვილისთვის ითხოვენ. პრემიერი ღარიბაშვილი შსს-ზე გავლენების მოპოვებას ისევ ცდილობს, მაგრამ, ამ ეტაპზე, როგორც ჩანს, მას ეს არ გამოუვა, ამიტომ, უსაფრთხოების სამინისტროში მინისტრის მოადგილის პოსტზე სასჯელაღსრულების მინისტრის, გიორგი მღებრიშვილის გაყვანას შეეცდება. ერთ-ერთი სამინისტროს უპირობო ლიდერი ვახტანგ გომელაურია, მეორე სამინისტროს პოსტზე კი ბიძინა ივანიშვილის დაცვის ყოფილი უფროსის, ანზორ ჩუბინიძისა და შინაგან საქმეთა მინისტრის ამჟამინდელი მოადგილის, სოსო გოგაშვილის კანდიდატურები განიხილება. ვინ მოიგებს ამ ბრძოლას? საკითხავი, აი, ეს არის!!!

ელისო კილაძე