რატომ გაუჩინარდნენ საფლავებიდან ტამიშის გმირები?!

11739636_10206347327897465_94982178_n

აფხაზეთის ომის ვეტერანები ტამიშში დაღუპული ბატალიონ „ავაზის“ 4 მეომრის საფლავიდან გაუჩინარების ფაქტზე გამოძიების დაწყებას ითხოვენ. წინააღმდეგ შემთხვევაში, საპროტესტო აქციების მოწყობით იმუქრებიან. ვეტერანები „ქრონიკა+“-თან აცხადებენ, რომ მეომრების საძვალეების ამოთხრა არათუ სისხლის სამართლის დანაშაული, სახელმწიფოს სირცხვილია!

„ქრონიკა+“-ს ესაუბრება ბატალიონ „ავაზის“ მეთაური _ ტრისტან წითელაშვილი:

_ 1993 წლის 2 ივლისს აფხაზეთში, ტამიშში, მოწინააღმდეგემ გადმოსხა კბილებამდე შეიარაღებული დესანტი და დიდი დანაკლისი განვიცადეთ. განსაკუთრებით მძიმე დარტყმა მიიღო ბატალიონმა „ავაზამ“. 9-დღიანი ალყის შემდეგ გავათავისუფლეთ ტერიტორია, ვიპოვეთ ჩვენი ბიჭების ცხედრები, რომლებიც მოწინააღმდეგეს დაეწვა და ამის გამო მათი იდენტიფიცირება შეუძლებელი იყო. ამ დროს  „ავაზის“ 25მებრძოლი დაიღუპა, 9 მეომარი სამხედრო რიტუალით და ქრისტიანული წესის აგებით დავკრძალეთ საბურთალოს ძმათა სასაფლაოზე. ყოველ წელს, 2 ივლისს, ვაკითხავდით ჩვენს მეგობრებს და ვეფერებოდით მათ სამარხებს, 1996 წელს კი, ჩვენდა გასაოცრად, აღმოჩნდა, რომ 4 მეომარი ვიღაც არაადამიანებს ამოეთხარათ და სასაფლაოზე მხოლოდ 4 მიცვალებულის სამარხი დაგვხვდა. ერთი მიცვალებულის იდენტიფიცირება მანამდე მოხერხდა და მშობლებმა სხვაგან გადაასვენეს. ვნახეთ სასაფლაოს დირექტორი და მოვიძიეთ გმირი ბიჭების ნეშტები. გვიპასუხეს: არ ვიცით, მოიყვანეს სატვირთო მანქანა და გაიტანეს ჩვენთვის გაურკვეველი მიმართულებით, ჟურნალში კი არ გაგვატარებინესო. ამ 4 ბიჭის ადგილზე 1996 წლიდან დასაფლავებულია გენერალი ბიწაძე მეუღლესთან ერთად. სახელმწიფო სტრუქტურებისადმი არაერთი ჩემი მიმართვის მიუხედავად, რომ გამოეძიებინათ ეს ვანდალიზმი და გამორკვეულიყო, თუ სად წაიღეს ბიჭების ნეშტები, რადგან იქ მაინც მიგვეგო ჩვენი მეგობრებისთვის პატივი და მოგვევლო მათი საფლავებისთვის, ამ საქმის გამოძიებით არავინ დაინტერესდა და აქეთ შეგვიქმნეს პრობლემები. კონკრეტულად მივმართე პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის მაშინდელ თავმჯდომარეს, გიორგი ბარამიძეს და პროკურატურას. კატეგორიულად ვითხოვდი ამის გამოძიებას. შემდეგ ძალიან დიდი პრობლემები შემექმნა, იყო გამაფრთხილებელი მესიჯები. მაშინ თავდაცვის სამინისტროში თანამდებობაზე ვიყავი და ეტყობა, არ ესიამოვნათ. ალბათ, მიცვალებულები გადამიყარეს სადღაც ხევში, დღემდე ვერ ვპოულობ და არ მაქვს წვდომა ინფორმაციაზე, სად გააქრეს გმირი ბიჭები, რომლებიც ვაჟკაცურად იბრძოდნენ და ბოლომდე იდგნენ.

მეომრების საძვალეების ამოთხრა არათუ სისხლის სამართლის დანაშაული, სახელმწიფოს სირცხვილია! ჩვენს გმირებს, რომლებიც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაიღუპნენ, სახელმწიფო სათანადოდ ვერ იცავს და პატივს არ მიაგებს. სწორედ ამ განუკითხაობით ისარგებლეს ზნეობრივად დეგრადირებულმა ადამიანებმა და ისიც იკადრეს, რომ სანაგვეზე გადაყარეს მათი ნატანჯი სხეულები. დღეს მაინც უნდა დაინტერესდეს ჩვენი ქვეყნის ხელისუფლება ფაქტის გამოძიებით და ამ გმირების ნეშტთა პოვნით. მივმართავ ჩვენს ხელისუფლებას _ ყოფილს, დღევანდელსა თუ მომავალს, _ ეს დანაშაული უნდა გამოიძიონ სათანადოდ! თუ არ გამოიძიებენ, ეს იქნება საწყისი იმისა, რომ ყველა მეომარმა სერიოზული საპროტესტო აქციები დავიწყოთ საკითხის წინ წამოსაწევად და მოსაკვლევად! არა მარტო ტამიშის გმირებისა და `ავაზის~ მებრძოლების, არამედ ყველა იმ გმირის პატივის მისაგებად და უფლებების დასაცავად, ვინც სამშობლოსთვის იბრძოდა. კეთილი ინებოს ჩვენმა დღევანდელმა პრემიერ-მინისტრმა და თავდაცვის სამინისტრომ, გაარკვიონ ამ სირცხვილისა და უსინდისობის არსი, ნუ გადავა შთამომავლობაზე და ნუ მიივიწყებენ ამ დანაშაულს, სათანადო პატივი მიაგონ თავიანთი ქვეყნის ჯარისკაცებს.

მე მაქვს ფოტომასალა, რომელიც ადასტურებს ჩემს სიტყვებს და გენერალ ბიწაძის ოჯახმა გვიპასუხოს, რა იქნა ჩვენი მეგობრების ცხედრები, რა უფლებით ამოთხარეს ისინი?! როგორ აღმოჩნდა სხვის სამარხზე დაკრძალული მათი ოჯახის წევრი, კაცი, რომელსაც არანაირი მონაწილეობა არ მიუღია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებში და არ ჰქონდათ არანაირი მორალური უფლება, საძმო სასაფლაოზე დაეკრძალათ, მით უმეტეს, გმირების ნეშტების განადგურებით! არ გავჩერდები, ვიბრძოლებ ჩემი მეგობრების ცხედრების მოსაძიებლად, ამ საკითხის გასარკვევად! თუ ჩვენ დღეს არ გადავდგით ეს ნაბიჯი, ხვალ შეიძლება ჩვენც იგივე ხვედრი გავიზიაროთ და სანაგვეზე გადაგვაგდონ! ხელისუფლება რომ შეიცვალა, ვეტერანთა დეპარტამენტს მივმართეთ, შიხიაშვილი ჩავაყენე საქმის კურსში, მან გამოიძახა თავისი იურიდიული სამსახური. როგორც ვიცი, ეს სამსახური აწარმოებს მოკვლევას. ვნახოთ, რას გამოიძიებენ. მიუხედავად იმისა, რომ პროკურატურაში შეიქმნა წართმეული ქონებების გამოძიების დეპარტამენტი და `ნაციონალებმა~ მეც ყველაფერი წამართვეს, არაფერი მინდა, მხოლოდ ჩემი ნატანჯი ბიჭების ცხედრები დამიბრუნონ! ისინი უნდა დაბრუნდნენ სწორედ იქ, საიდანაც ამოძირკვეს და შეურაცხყვეს!

„ქრონიკა+“-ს ესაუბრება სადესანტე-მოიერიშე ბატალიონის მეთაურის მოადგილე _ თამაზ გოჩაშვილი:

_ პირველ ივნისს 22 წელი გავიდა, რაც უკრაინელი მეომარი, მიკოლა ობერტინსკი დაიღუპა კინდღში, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში. ასულები ვიყავით თბილისის ზღვის საძმო სასაფლაოზე. ჩვენი მეომრების საფლავები არა მარტო მოუვლელია, ვიღაცას მიკოლას საფლავის შემოღობვა დაუწყია და როგორც ჩანს, ამ საწყალი ბიჭის ძვლებს მიწაშიაც არ მოასვენებენ. ამ ვაჟკაც მეომარს არ ეღირსა, რომ საქართველომ, რომლისთვისაც ის დაიღუპა, მიხედოს და საფლავი მაინც მოუწესრიგოს. არ შეიძლება, მებრძოლ ბიჭებს ასე სასტიკად და უდიერად მოვექცეთ. რა მაგალითს ვაძლევთ მომავალ თაობებს?! მინდა, შევეკითხო ჩვენი ხელისუფლების მუნიციპალურ სამსახურებს, _ კანონით არ აქვთ განსაზღვრული მეომართა საფლავების კეთილმოწყობა? თუ დაავიწყდათ მოვალეობა, ჩვენ შევახსენებთ და პროტესტსაც გამოვხატავთ! რას გვიკეთებს ბატონი დავით ნარმანია? რატომ არ აქვს შექმნილი შესატყვისი სამსახური, რომელიც მიხედავს დაღუპული მეომრების საფლავებს? მიკოლას საფლავზე იმიტომ ვნერვიულობთ, რომ ყოვლად წარმოუდგენელი ფაქტი მოხდა, როდესაც ტამიშის გმირი „ავაზის“ ამოუცნობი ჯარისკაცები ამოთხარეს საბურთალოს საძმო სასაფლაოდან და სადღაც ხრამში გადაყარეს, მათ ადგილას კი გენერალი ბიწაძე თავის მეუღლესთან ერთად დაკრძალეს. საინტერესოა, ხუთი მეტრით იქით ვერ დაკრძალავდნენ მიცვალებულს?! უღირდათ ამხელა ცოდვის აკიდება?! ამდენი ხანია ვითხოვთ ამ საქმის გამოძიებას, მაგრამ ამაოდ. იგივე მდგომარეობაა კუკიის საძმო სასაფლაოზე. აქ დაკრძალული არიან სოხუმში დახვრეტილი ჩვენი ბიჭები, რომლებიც ვერ ამოიცნეს და აქამდე მათი საფლავების კეთილმოწყობა არავის გახსენებია. ასევე ხდება სამაჩაბლოსა და მეორე მსოფლიო ომში დაღუპული ჯარისკაცების მიმართ. 22 წელია, სახელმწიფომ ვერ გამონახა სათანადო სახსრები პატრიოტი ვაჟკაცების საფლავების მოსაწესრიგებლად. მოვუწოდებ ქალაქის მერს, დავით ნარმანიას, ბოლოს და ბოლოს, მიაქციონ ყურადღება ამ საკითხს! 9-წლიანი ჯოჯოხეთის შემდეგ, როდესაც „ნაციონალები“ საერთოდ არ სცნობდნენ გმირებს, ალბათ, დადგა დრო, სახელმწიფომ გაიხსენოს თავისი თავდადებული შვილები!

„ქრონიკა+“ კომენტარისთვის  ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსს, ჟანა ასანიძეს დაუკავშირდა : „გადავამოწმე ინფორმაცია ჩვენი სამსახურის იურიდიულ და სოციალურ განყოფილებებში. მსგავსი შინაარსის განაცხადი არც შარშან და არც წელს არ შემოსულა. აქვე დავძენთ, რომ თუ შემოვა, ჩვენი სამსახური ვალდებულია, დაუყოვნებლივ მოახდინოს რეაგირება და აწარმოოს მოკვლევა. ამიტომ ვთხოვთ ყველა დაინტერესებულ პირს, ვინც ამ თემაზე ფლობს ინფორმაციას, გვაცნობოს და ჩავერთვებით მოკვლევის პროცესში“.

 

                                                                                             თამარ ბატიაშვილი