მედეას მოლოდინში

11715958_10206335462240831_886053979_n

ქოცობაშიც არ გვქონია იღბალი. ქოცობაშიც გაგვასწრეს და რა გაგვასწრეს? ქვეყანა, რომელმაც, თავის დროზე, მთელ სამყაროს დაანახვა, რა სარგებლობა მოაქვს დემოკრატიას, სახელმწიფოებრივ აზროვნებას, დღეს ანტიგაკვეთილს ატარებს და გვანახვებს ყველას, რა „სიკეთე“ მოაქვს ქოცობას, პოპულიზმს, ანტისახელმწიფოებრივ აზროვნებას.

საბერძნეთის „ოცნებამ“ _ „სირიზამ“ ნარი ხალხის ხელით მოგლიჯა, საკუთარი უპასუხისმგებლობა დემოკრატიის „უპაკოვკაში“ გაახვია და ქვეყნის საბედისწრო გადაწყვეტილება ხალხს მიაღებინა რეფერენდუმზე. ხალხმა უარი თქვა კრედიტორების გეგმის მიღებაზე. ანუ საგარეო ვალების დაბრუნებაზე, რაც, პრაქტიკულად, ევროზონის დატოვების ტოლფასია და გარდაუვლად გამოიწვევს საბერძნეთის ევროპიდან გარიყვას.

ეს შედეგი დადო სირიზას ლიდერის _ ციპრასის  ხუილოსთან _ პუტინთან ვიზიტებმა. იქაური ქოცებიც ორმაგ თამაშს ეწევიან, ცალკე რუსეთს ეთამაშებიან, ცალკე ევროკავშირს ევაჭრებიან. მათი ვაჭრობა უფრო დაშანტაჟებას ჰგავს. საბერძნეთი დემოსის სახელით უარს ამბობს კრედიტორების გეგმის მიღებაზე, რეალურად _  ევროკავშირზე. პუტინი საბერძნეთს იგდებს ხელში…

ბოლო ხუთი წლის მანძილზე ბერძნულმა ეკონომიკამ საერთაშორისო კრედიტორებისგან 245 მილიარდი ევრო მიიღო დახმარებად, მაგრამ რა გინდა? არასწორი ფისკალური პოლიტიკის გამო აღმოჩნდნენ იქ, სადაც აღმოჩნდნენ. დღეს საბერძნეთს კრედიტორების 317 მილიარდი ევრო ჰმართებს.

6 ივნისს სავალუტო ფონდის 300 მილიონ ევროიანი სესხი ვერ დაფარეს. 30 ივნისს 1,6 მილიარდ ევროიანი სესხი უნდა დაეფარათ.  წუწუნი თავიდანვე დაიწყეს, მაგ დროისთვის ფული არ გვექნებაო. კრედიტორები, სავალუტო ფონდიც, ევროპის ცენტრალური ბანკიც თანახმა იყვნენ სესხის რესტრუქტურიზაციაზე, თუკი საბერძნეთი დაუყოვნებლივ გაატარებდა ეკონომიკურ რეფორმებს, შეამცირებდნენ ხარჯებს, შეკვეცდნენ სოციალურ ხარჯებს, ექნებოდათ პროფიციტული ბიუჯეტი, ანუ ხელს აიღებდნენ პოპულიზმზე, ფლანგვაზე და ხელს მიჰყოფდნენ მომჭირნეობას, მაგრამ რა გინდა? ქვეყნის ქოცმა პრემიერმა რა ქნა? მოინდომა, რომ მთელმა ევროპამ „სირტაკი“ იცეკვოს და თვითონ არხეინად ცხოვრება განაგრძონ. იქაური ხადური _ იანის ვაროუფაკისი _ გამოხტა და დასჭექა: ქვეყანამ ოდიოზური ვალები არ უნდა გადაიხადოსო. როცა იღებდნენ და როცა განცხრომით ხარჯავდნენ, მაშინ არ იყო ეს ვალები ოდიოზური, ახლა გახდა, როცა გადასახდელი გაუხდათ.

რა ქნეს? რასაც ჩვენი ქოცები აკეთებენ _ ისინიც ევროვნულ ბანკს ეტაკნენ. ჩვენი გიორგი ქადაგიძისა არ იყოს, საბერძნეთის ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, იანის სტოურნარასიც სირიზას ხელისუფლებაში მოსვლამდე დაინიშნა, სწორედ მას დაუპირისპირდა მმართველი პარტია და მისი ანგარიში არ მიიღო, რომელიც კრედიტორებთან შეთანხმების მიღწევას შეეხებოდა.

ქოცები ქადაგიძეს უტევენ, სირიზა _ იანის სტოურნარისს. იქაურ ქოცებს ვალის გადახდა არ უნდათ, აქაურები ქადაგიძეს ამუნათებდნენ, _ 400 მილიონი დოლარი საგარეო ვალი დროზე ადრე გადაიხადაო. იქაურ ქოცებს სოციალური ხარჯების შეკვეცა არ ეპიტნავებათ, აქაურები თავს იწონებენ საყოველთაო დაზღვევით, მუქთა ჯანდაცვით, მუქთა სასკოლო სახელმძღვანელოებით… ისე, ერთი-ერთში ჰგავს „ოცნება“ სირიზას, მართლაც რომ „გამოსირდები“…

იქაურმა ქოცებმა თავისი პოპულიზმით ქვეყანა კატასტროფაში ჩაჩეხეს, ჩიხში შეიყვანეს და ნაცვლად იმისა, რომ კრედიტორებთან თანამშრომლობაზე წასულიყვნენ და მიეღოთ კრედიტორთა გეგმა, პრემიერ-მინისტრი დადგა და ისევ ახალი ვალები მოითხოვა ევროპის სტაბილურობის მექანიზმისგან, _ სესხი გამოგვიყავით, თორემ სავალუტო ფონდის 1,6-მილიარდიან ვალს ვერ გადავიხდითო. ევროზონის წევრი სახელმწიფოების მიერ ევროზონაში ფინანსური სტაბილურობის შესანარჩუნებლად 2012 წელს შექმნილმა  ევროპის სტაბილურობის მექანიზმმა, სადაც 27%-იანი წილის მფლობელი გერმანიაა, საბერძნეთს უარი სთხლიშა ახალ დახმარებაზე _ სწორედ  გერმანია იყო  წინააღმდეგი. „ვალი მომე, ვალი რომ გადაგიხადო“, _ აღარ გაუვიდათ ბერძენ ქოცებს. ვერც ინტერნეტით მოგროვდა ფული. თურმე, ნუ იტყვით და ევროპის 503 მილიონ ადამიანს, თითოს 3-3 ევრო უნდა დაედო, რომ საბერძნეთს სავალუტო ფონდის ვალი დაეფარა.

ვერ დაფარეს ვალი და უდიდესი ცივილიზაციის მშობელი ქვეყანა გვერდით ამოუდგა სომალს, ერაყს, სუდანს და ზიმბაბვეს…

მოკლედ, ვალი ვერ დაფარეს. ან რა საჭიროა ვალის გადახდა, როცა შეგიძლია დანიშნო რეფერენდუმი და შენს დანაშაულებრივ პოლიტიკაზე პასუხისმგებლობა ხალხს აჰკიდო _ გააბრიყვო და გადაწყვეტილება მას მიაღებინო? მიაღებინეს კიდეც 5 ივლისს. და რა ჰგონიათ ამ ბერძენ ქოცებს? ბანკების კიდევ ერთი კვირით დაკეტვა იხსნით? და რა ჰგონია ამ ხალხს? ვინმე შეარჩენს 317-მილიარდიან ვალს?

1,6-მილიარდიანი ვალი ვერ გადაუხადეს სავალუტო ფონდს, რის გამოც ვადაგადაცილებულ გადასახადის მდგომარეობაში გადავიდნენ, მაგრამ 10 ივლისს რომ კერძო კრედიტორების 2-მილიარდიან ვალს ვერ გადაიხდიან და 20 ივლისს  კიდევ ევროპის ცენტრალური ბანკის 3,5 მილიარდ ევროიან ვალს ვერ გადაიხდიან, დეფოლტი ასცდებათ? მერე სად მიდიან, როცა დეფოლტის გამოცხადების შემდეგ  ევროპის ცენტრალური ბანკი საბერძნეთის კომერციული ბანკებისგან 89 მილიარდს მოითხოვს? გადაიხდიან? ამ თანხის გადახდა საბერძნეთის საბანკო-საფინანსო სისტემის სრულ კოლაფსს ნიშნავს.

დეფოლტიც გარდაუვალია და ევროზონიდან გამოსვლაც. რისი იმედი აქვთ, რომ ევროზონიდან გამოვლენ და რაც აქამდე ჭამეს, შერჩებათ და ვალებს აღარ დააბრუნებენ? ასეც რომ იყოს, ამის შემდეგ ჭამა აღარ უნდათ? რას ელოდებიან? ჰგონიათ, რომ პუტინი შეინახავს? თუ ისევ კოლხ მედეას ელოდებიან, რომელიც ოქროს საწმის ჩაუტანს?

თუ, თავის დროზე, ოქროს საწმისი რომ შერჩათ, ახლაც ასე ჰგონიათ, საერთაშორისო კრედიტორების ვალები შერჩებათ? ალბათ, ეს ჰგონიათ, თორემ, ალბათ, ეცოდინებათ, რომ მედეას სამშობლოში მათნაირივე პოპულისტები არიან ხელისუფლებაში და დღევანდელი აიეტი _ ბიძინა _ კოლხ აიეტზე ძუნწია და არც გრძნეული „ქალიშვილი“ ჰყავს და რომც ჰყავდეს, რას გაიტაცებს? ბიძინას მილიარდებს? ბიძინას 7 მილიარდი ამ ზაფხულს ვერ გაატანინებს ბერძნებს.

მათი მოლოდინი _ მედეას მოლოდინი _ ისეთივე ამაო და აბსურდულია, როგორც გოდოს მოლოდინი.

ამას წინათ ამიხსნეს, რატომ არ მოსწონთ საბერძნეთში ევრო: როცა ბერძნული ფული იყო, საბერძნეთში ჩასული ტურისტები უფრო მეტს ხარჯავდნენ, ძალზე მარტივი მიზეზის გამო. როცა ვალუტა შენთვის უცხოა, გიჭირს გააზრება, რეალურად რა თანხას იხდი _ ძვირია თუ იაფი ესა თუ ის ნივთი, სერვისი. მხოლოდ გამონაკლისები ოპერირებენ ოპერატიულად ციფრებით. უმეტესობა კი ისე ყიდულობს ათას ჭინჭს, ვერც იაზრებს, რომ რეალურად ორმაგს იხდის, ვიდრე თავის ქვეყანაში გადაიხდიდა. მოკლედ, დაბნეულ ტურისტს ხელში ეჭირა დრაჰმები და ეფლანგებოდა, დღეს კი ჩასულ ევროპელ ტურისტს ხელში ევრო უჭირავს და ზუსტად იცის, რაში რას იხდის, რა ძვირია და რა იაფი. ჰოდა, ტურიზმის, ვაჭრობისა თუ მომსახურების სფეროს წარმომადგენლებს არ ეჭაშნიკებათ ევრო და ჰგონიათ, რომ თუ ევროზონიდან გავლენ და ასპარეზზე ისევ ბერძნული ფული დაბრუნდება, ყველაფერი ისე იქნება, როგორც ევრომდე იყო. იმდენს აღარ ფიქრობენ, რომ ევროზონიდან გასვლისა თუ გაპანღურების შემდეგ ტურისტების ნაკადი მინიმუმ განახევრდება, ვერც ერთი ევროპელი ტურისტი ვეღარ ივლის ევროზონიდან გასულ საბერძნეთში უვიზოდ და რომც იაროს გაჩანაგებული ქვეყნის ვალუტა იქნება მერყევი, იაფი და მოგებული ისევ უცხოელი ტურისტი დარჩება, რომელიც ცოტა ევროებით ბევრ ბერძნულ ფულს იყიდის და რაც არ უნდა დაიბნეს, ყველაფერს ჩალის ფასად შეიძენს, რადგან კაპიკები ეღირება, იმიტომ რომ ყველას ერთი სული ექნება, რამე გაყიდოს და სული მოითქვას.

მაგრამ ამდენს ვინ ფიქრობს? ან აქამდე ფიქრობდნენ? სად ხარჯავდნენ ბერძნები აღებულ ვალებს? როგორ ხარჯავდენ? ამას ხარჯვა აღარ ჰქვია, ფლანგვა ჰქვია. როგორც რომან გოცირიძე წერდა, საბერძნეთში 11 ათასი სასულიერო პირი იღებს ხელფასს ბიუჯეტიდან! აი, სად ხარჯავდნენ _ მღვდლების ხელფასებში! ბიუჯეტი 180 მილიონს აძლევს ეკლესიას, რომელსაც, ჩვენი ეკლესიის არ იყოს, უამრავი ბიზნესი აქვს, უამრავი საწარმო და რაც მთავარია, საგადასახადო შეღავათებითაც სარგებლობს. მარტო ეკლესია კი არა, როგორც ირკვევა, საგადასახადო შეღავათები ნაირ-ნაირი აქვთ სხვადასხვა ბიზნესისთვის. მარტო მღვდლების ხელფასებს ვინ ჩივის, პენსიებიც კი მემკვიდრეობით ჰქონიათ. ანაღვლე!.. როგორ მემკვიდრეობით? ასე, ჭრელად! თუ ჩინოვნიკი გარდაიცვლება და დარჩება შინაბერა, ან ქმარს გაშორებული ქალიშვილი, მშობლის 1500-ევროიანი პენსია მემკვიდრეობით გადაეცემა შვილს. ასეთი შვილი კი 40 ათასი ყოფილა. მოკლედ, ქალს თუ დედა, მამა პენსიონერი ჩინოვნიკი ჰყავს, თადარიგს დაიჭერს, ქმარს გააპანღურებს და თვეში 1500 ევროს გაინაღდებს. უნდა ახლა ამ შინაბერებისა თუ ქმარგაყრილების 40-ათასიან არმიას კრედიტორთა გეგმა და სოციალური ხარჯების შემცირება? არ უნდა და იმას სულ არ კითხულობს, დანარჩენ ევროპელებს უნდათ თუ არა მათი შენახვა.

ევროპისგან ჯიუტად ითხოვენ შენახვას. ფეხებს აბაკუნებენ და ჰგონიათ, რომ გაუვათ. განცხრომას მიეჩვივნენ და არ კითხულობენ, უნდა თუ არა თანამედროვე ევროპელს მათი შენახვა მხოლოდ იმიტომ, რომ მათ ოდესღაც ჰომეროსი,  სოკრატე, არისტოტელე და ა. შ ჰყავდათ. არავინ შეგინახავს მხოლოდ იმიტომ, რომ ოდესღაც ცივილიზაციის აკვანი სწორედ აქ დაირწა. რეალურად, რა მოიდომეს მათ? მთელმა მსოფლიომ მთელი საბერძნეთი მსოფლიო კულტურულ მემკვიდრეობად აღიაროს და დედაწულიანად შეინახოს…

ქოცური ლოგიკა ბატონობს საბერძნეთის ხელისუფლებაშიც და საზოგადოებაშიც _ თქვენ წარმოიდგინეთ და ლამის იდენტური პროცენტული მაჩვენებლით _ რომლითაც ჩვენთან ქოცები მოვიდნენ სათავეში…

იქ ევროპის ხარჯზე უნდათ განცხრომით ცხოვრება და აქ უფასო ფულს ელოდნენ. უფასო ფული ვერ მიიღეს, კოვზი ნაცარში ჩაუვარდათ, მაგრამ საყოველთაო დაზღვევა, მუქთა წიგნები და მუქთა ოპერაციები ეგემრიელებათ. არც აქაური ქოცები იტყოდნენ უარს ისეთ კომუნიზმზე, როგორიც საბერძნეთშია, რა, განა ამაზე არ ოცნებობდნენ?

რომან გოცირიძე ფეისბუკში წერდა: „ჩვენც ნელ-ნელა ვზრდით ვალებს. მხოლოდ შიდა ვალი ბოლო ორ წელიწადში 1,1 მილიარდი ლარით გაიზარდა. ამ ფულით ის პროექტები ფინანსდება, რომლითაც მთავრობა იწონებს თავს. არაფერს ვამბობ საგარეო ვალზე: მხოლოდ მიმდინარე წლის ბიუჯეტში მისი მოცულობა 1,3 მილიარდ ლარს აღწევს. ბერძნების ამბავმა გამომაფხიზლებელი როლი უნდა ითამაშოს ყველასათვის!

მრავალი უბედურება ხალხისათვის ბედნიერების მოტანის იდეებითაა ნაკვები“.

დიახ, რასაც დღეს საბერძნეთში ვხედავთ, ეს ჩვენი ახლო მომავალია _ სამწუხაროდ. იგივე დღე გველის, თუ ხელისუფლებაც და ხალხიც ხელს არ აიღებს ქოცობაზე.

საბერძნეთი მედეას ელოდება. საქართველოს საბერძნეთის ბედი ელოდება…

 

                                                                                                          რეზო შატაკიშვილი