მამუკა ნოზაძე: „მცხეთის სასამართლოს მოსამართლეები ქედს უხრიან პროკურორებს!“

shew

„ქრონიკა+“ აგრძელებს რუბრუკას „მხილების გვერდი.“ ადვოკატი მამუკა ნოზაძე ამჯერად მცხეთის რაიონის მოსამართლეებს ამხელს.

მამუკა ნოზაძე:

_ საზოგადოების ყურადღება გამახვილებულია თბილისში არსებულ  სასამართლოებზე და, ამ დროს, რაიონულ სასამართლოებში  ჯოჯოხეთური მდგომარეობაა. ამჯერად მცხეთის რაიონულ სასამართლოს შევეხები. იქ სისხლის სამართლის საქმეებს სამი მოსამართლე იხილავს: ვასიკო მშვენიერაძე, გიორგი ლობჟანიძე და ვაჟა ფუხაშვილი, რომლებიც ერთმანეთზე უარესი მოსამართლეები არიან! ისინი ერთმანეთს იმაში კი არ ეჯიბრებიან, რომ ინტელექტუალური და არგუმენტირებული გადაწყვეტილებები გამოიტანონ, არამედ ცდილობენ, რაც შეიძლება უკეთესად შეასრულონ პროკურატურის დაკვეთა. მცხეთის სასამართლო ყველაზე მეტად არის პროკურატურის გავლენის ქვეშ, რადგან მცხეთის რაიონის პროკურორი გახლავთ გიორგი ცერცვაძე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის, ვალერი ცერცვაძის ძმა. მცხეთის მოსამართლეები ქედს უხრიან პროკურორებს იმის გამო, რომ ამ ფორმით გარანტია აქვთ, ზემდგომი ინსტანცია მათ მიერ გამოტანილ განაჩენებს ძალაში დატოვებს. კანონი არ კრძალავს, რომ სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის ოჯახის წევრი იყოს პროკურორი და დემოკრატიულ ქვეყნებში ეს საფრთხეს არ წარმოადგენს, მაგრამ ისეთი არადემოკრატიული ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, სერიოზულ პრობლემებს წარმოშობს.

_ იქნებ, კონკრეტულად აგვიხსნათ, როგორ გამოიხატება მცხეთის რაიონის მოსამართლეების კეთილგანწყობა ამავე რაიონის პროკურორისადმი?

_ მცხეთის მოსამართლე ვაჟა ფუხაშვილი არის შევარდნაძის დროინდელი კადრი. მანამდე ის პროკურატურის სისტემაში მუშაობდა. პროკურატურაში მუშაობა, რა თქმა უნდა, არ გახლავთ დასჯის საფუძველი, მაგრამ უბედურება ის არის, რომ პროკურატურაში ნამუშევარი ადამიანები ვერ გამოდიან იქაური მარწუხებიდან, რათა მათთვის პრიორიტეტული იყოს ადამიანი და კანონები. ფუხაშვილი 1999 წელს დაინიშნა მოსამართლედ და დღემდე ერთი გამამართლებელი განაჩენიც კი არ გამოუტანია. `ნაციონალური მოძრაობის~ პერიოდში ის მუშაობდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიაში და რუდუნებით ემსახურებოდა ხელისუფლებას. რეჟიმის აბსოლუტურად ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებდა და ამ ტენდენციას ახლაც აგრძელებს.

იუსტიციის საჭო მოსამართლეებზე შეტანილ საჩივრებს იხილავს. სააკაშვილის დროს საჩივრებს საერთოდ არავინ იხილავდა და ამ საჩივრებსაც ასაიდუმლოებდნენ. იგივე ხდება ახლაც, თუმცა ეს პროცესი საიდუმლო არ უნდა იყოს. სამწუხაროდ, არც ნინო გვენეტაძეს აქვს მცდელობა, რომ იუსტიციის საბჭოს მიერ მოსამართლეთა საჩივრებზე გამოტანილი გადაწყვეტილებები საჯარო გახადოს. ეს იმიტომ ხდება, რომ სასამართლოებში კლანური მმართველობაა და ყველა იცავს საკუთარ უფლებებს. დემოკრატიულობის უგულებელყოფაა, როდესაც მოსამართლეები მუდმივად უნდა იყვნენ ხელშეუხებელნი ამ სამსახურში. საზოგადოების კონტროლის ერთ-ერთი სახეა დისციპლინური სამართალწარმოება და მიღებული გადაწყვეტილებების საჯაროობა. სასამართლოს მესვეურები სწორედ ამაზე ამბობენ უარს. სამწუხაროდ, არც პარლამენტი და არც საზოგადოება არ მსჯელობს, რომ მიღებული გადაწყვეტილებები მოსამართლეთა დისციპლინური დევნის თაობაზე საზოგადოებისთვის ცნობილი უნდა იყოს. მოქალაქეს, რომელიც ითხოვს მოსამართლეზე დისციპლინური დევნის დაწყებას, რა სახის გადაწყვეტილება მიიღო დისციპლინურმა საბჭომ, პასუხი აუცილებლად უნდა ეცნობოს. რაც ახლა ხდება ეს არის კანონით გამყარებული ცინიზმი, რომელიც სასწრაფოდ უნდა შეიცვალოს. უზენაესი სასამართლოს ახალი თავმჯდომარე მართალია მოითხოვს ისპექტორების ინსტიტუტის შემოღებას… მაგრამ იმ კუთხით, რომ მომჩივანისთვის ცნობილი გახდეს მოსამართლეზე დისციპლინური დევნის დაწყება-არდაწყება, ნაბიჯი არ იდგმება. ნინო გვენეტაძემ ამაზე ხმა რომ ამოიღოს, ალბათ, ის მოსამართლეები ჩაქოლავენ, რომლებიც ჯერ „ნაციონალურ მოძრაობას“ ედგნენ გვერდით, ახლა კი ახალ ხელისუფლებას ემსახურებიან.

_ უკვე გთხოვეთ, რომ მცხეთის რაიონის მოსამართლეების პროკურატურისადმი მორჩილების ფაქტები მოგეყვანათ. დაგვიკონკრეტეთ, ასე რა ფაქტებზე დაყრდნობით საუბრობთ?

_ მცხეთის რაიონულ სასამართლოში განიხილება მრავალბრალდებულიანი საქმე, სადაც ვიტალი ჯიოშვილისა და ზურაბ კარელიძის ინტერესებს ვიცავ. სხდომას თავმჯდომარეობდა მოსამართლე გიორგი ლობჟანიძე. დაცვის მხარემ განსაკუთრებული შუამდგომლობები წარვადგინეთ, რომელიც განმტკიცებული არის არა მარტო ეროვნული, არამედ საერთაშორისო კანონმდებლობითაც. ასევე წარვადგინეთ ევროსაბჭოს გადაწყვეტილებები, სადაც უთითებენ საქართველოს, რომ აღკვეთის ღონისძიების სახით ყოველთვის არ უნდა გამოიყენონ პატიმრობა. ამ შემთხვევაში არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, პირს ნაკლებად მძიმე დანაშაულში აქვს ბრალი წარდგენილი, თუ მძიმე დანაშაულში. დანაშაულის სიმძიმის კატეგორია არ არის განმსაზღვრელი, რომ პირს შეეფარდოს პატიმრობა.

_ აბა, რის მიხედვით ისაზღვრება აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა?

_ ჩვენი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი პირდაპირ ადგენს, რომ განსაკუთრებულ შემთხვევაში უნდა გამოიტანონ პირისთვის პატიმრობა, თუმცა მოსამართლეები აღკვეთის ღონისძიების დროს საქმეს არსებითად არ იხილავენ, ანუ არ იკვლევენ მტკიცებულებებს და მხოლოდ მსჯელობენ აღკვეთის ღონისძიების სხვა სახით შეცვლაზე. ამ შემთხვევაში ისინი, მხოლოდ და მხოლოდ, აკმაყოფილებენ პროკურატურის მხარის შუამდგომლობას. ამ კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით არ არსებობს არც ერთი მტკიცებულება, რომ პირს შეეფარდოს პატიმრობა. მას ბრალი ედება იმაში, რომ ვითომ სხვა პირებთან ერთად მძევლად ჩაიგდო ხელში ერთ-ერთი პიროვნება, მაგრამ ყოფილი მძევალი ხომ უნდა ამხელდეს ამ დანაშაულში?!

_ თუ არც მტკიცებულება არსებობს, არც დაზარალებული ამხელს, აბა, რა მოტივით დააკავეს? 

_ საქმე ის არის, რომ ეს ადამიანი ხელს არ ადებს ვიტალი ჯიოშვილს. მან მხოლოდ ახლობლის მითითებით ჩაიყვანა წეროვნის დასახლებიდან რუსთავის მომსახურების ცენტრში, სადაც ფარული ჩაწერა განხორციელდა, თუმცა არც ამ ჩანაწერით დასტურდება, რომ ჯიოშვილმა რამე დანაშაული ჩაიდინა. მან არც იცოდა, სხვები რას აკეთებდნენ. ამ საქმეზე დაპატიმრებული არიან სხვა პირებიც, მათ ხელს ადებენ, მაგრამ ჯიოშვილის მიმართ სამხილი არ არსებობს. ერთ-ერთი პირი აცხადებდა, რომ ავტომანქანა, რომელიც ეკუთვნოდა დაზარალებულს, უნდა გადაეფორმებინა  ჯიოშვილსო, მაგრამ ეს ჩვენება შემდეგ შეცვალა და თქვა, რომ ეს მანქანა ჯიოშვილზე კი არა, მასზე უნდა გაფორმებულიყო. დამეთანხმებით, არაფერ შუაშია ადამიანის მძევლად ჩაგდებასთან მანქანის გაფორმება. მხოლოდ ამ „მტკიცებულებებით“ აქვს შეფარდებული ჯიოშვილს პატიმრობა.

_ ჯიოშვილის დაპატიმრება ვის და რატომ უნდა?

_ ამ მოსამართლეების ინტერესი არის ის, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი დააპატიმრონ. პროკურატურა ვერ მიეჩვია იმას, რომ პირს არ უნდა წარედგინოს უკანონოდ ბრალი და  ბრალდებულად ცნობა უნდა ემყარებოდეს უტყუარ მტკიცებულებებს. საქმეში არ არის მოწმე, არ არსებობს ნივთიერი მტკიცებულება და ადამიანს მაინც იჭერენ. ასეთი ლოგიკით პროკურატურას შეუძლია თქვენ, მეც და ყველა ადამიანი დაიჭიროს ნებისმიერი ბრალდებით. თუ სასამართლო არ გამოიყენებს კონტროლს, სასამართლო სხდომის დროს მოსამართლე არ დაიწყებს საქმის  არსებით განხილვას, არ განიხილავს მტკიცებულებებს, საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს დაემუქრება საფრთხე, რომ შეიძლება დააპატიმრონ. მოსამართლის მხრიდან ეს არის განზრახ ჩადენილი დანაშაული. სასამართლო იმიტომ არსებობს, რომ მისგან კონტროლი უნდა განხორციელდეს და არ უნდა დაუშვას უკანონოდ პირის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა. ევროპული სასამართლო კონვენციით პირდაპირ მიუთითებს, რომ დაკავებულ პირს უნდა მიეცეს შესაძლებლობა,  სასამართლო განხილვამდე განთავისუფლდეს ისეთი ალტენატიული აღმკვეთი ღონისძიებით, როგორიც არის გირაო.

ამ მხრივ რაიონებში ისევ ყამირია.

მიუხედავად იმისა, რომ ზემოთ აღნიშნულ საქმეში ბრალდების მხარის მიერ ყველა არგუმენტი გაბათილებულია,  მოსამართლე გიორგი ლობჟანიძემ არათუ შეწყვიტა სისხლის სამართლის საქმე, არამედ ალტერნატიული  ღონისძიების სახე _ გირაოც კი არ გამოიყენა. ევროპის მიერ საქართველოს საქმეებზე არაერთი გადაწყვეტილებაა გამოტანილი, სადაც აღნიშნულია, რომ საქართველოს სასამართლოები აღკვეთის ღონისძიების დროს გამოტანილ გადაწყვეტილებებში იყენებენ ტრაფარეტულ და ზოგადი ხასიათის ტერმინებს. ისინი ვერ ასაბუთებენ, თუ რატომ უფარდებენ პირს პატიმრობასო. ევროპული სასამართლო იმასაც აღნიშნავს, რომ ყველა გადაწყვეტილებაში COPY-PASTE-ით არის გადატანილი მოტივაცია, თუ რატომ ეფარდება პირს პატიმრობა.

საქმეში „ფაცურია საქართველოს წინააღმდეგ“ პირდაპირ წერია, რომ ევროპულმა სასამართლომ მე-5 მუხლი დარღვეულად ცნო, რაც გულისხმობს იმას, რომ ვერ ასაბუთებენ მიღებულ გადაწყვეტილებებს. არ შეიძლება ზოგადი ტერმინოლოგიით იხელმძღვანელო მაშინ, როდესაც სისხლის სამართლის კოდექსში პირდაპირ წერია, ბრალდების მხარემ უნდა დაასაბუთოს კონკრეტული მტკიცებულებების საფუძველზე, თუ რატომ უნდა გამოიყენონ პატიმრობაო. საქართველოს სასამართლოებში მოსამართლეები არ გამოირჩევიან ჰუმანურობით და ცივი გონებით არ წყვეტენ საკითხებს. მათი ერთადერთი მოტივაცია არის ის, რომ როგორმე ასიამოვნონ ბრალდების მხარეს. ამის შემდგომ, ძალიან ხშირად, ბრალდებულ პირს ევროპულ სასამართლოში ამართლებენ, რის შემდეგაც საქართველოს ბიუჯეტმა უნდა აანაზღაუროს ზიანი. რადგან მცხეთის სასამართლოს მაგალითი მოვიყვანე, ვიტყვი, რომ ვინც მცხეთის სასამართლოში მოხვდება, მას ცუდად აქვს საქმე. სულ რამდენიმე რაიონული სასამართლოს მოსამართლეა, რომლისთვისაც კანონი არის უზენაესი. მცეთაში კი კატასტროფული მდგომარეობაა, სამივე მოსამართლე ერთმანეთზე უარესია. კანონს ფეხქვეშ იმიტომ თელავენ, რომ იციან, პასუხი არ მოეთხოვებათ.

_ კი მაგრამ, ამ დროს, მოსამართლეების მაკონტროლებელი იუსტიციის საბჭო რას აკეთებს?

_ იუსტიციის უმაღლესი საბჭო ამ დღეებში იხილავს მნიშვნელოვან საკითხს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის ინიციატივით. სასამართლოს თავმჯდომარეები იუსტიციის საბჭოს გადაწყვეტილებით გამწესდებიან თანამდებობებზე 5 წლის ვადით. შესაბამისად, მათ უნდა ამოეწურათ ეს ვადა. სწორედ ამაზე ატყდა სასამართლოს თავმჯდომარეთა მიერ მიზანმიმართული დემარში, რომ არ შეიძლებოდა, კანონში ცვლილება შეტანილიყო, ახალი არჩევნები ჩატარებულიყო და სასამართლოს თავმჯდომარეები დანიშნული კი არა, არჩეული ყოფილიყვნენ. აქ არსებობს ერთი ძალიან მნიშვნელოვანი დეტალი: სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე ვალერი ცერცვაძემ, ასევე თბილისის ადმინისტრაციული პალატის მოსამართლე ირაკლი შენგელიამ, ისე რომ არ ჰქონდათ ვადა გასული, უკანონოდ მიაღებინეს გადაწყვეტილება იუსტიციის საბჭოს და ხელახლა, ხუთწლიანი ვადით, ორივე გაამწესებინეს იგივე სამსახურში. ეს იმიტომ მოხდა, რომ `ნაციონალური მოძრაობა~ ხელისუფლების გადაბარების პროცესში იყო და ამ ორ ადამიანს ამგვარად გაუგრძელეს თანამდებობაზე ყოფნის დრო. ეს საკითხი უკვე იხილება. ხატიაშვილმა მიმართა იუსტიციის უმაღლეს საბჭოს. ამ საკითხზე მიღებული სამართლებრივი გადაწყვეტილება იქნება ლაკმუსის ქაღალდი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარისთვისაც.

კიდევ ერთი დეტალი: 11 ივლისს გაიმართება მოსამართლეთა კონფერენცია, რომელიც განიხილავს საკითხს და მიიღებს გადაწყვეტილებას, თუ ვინ უნდა აირჩიონ საბჭოს წევრად. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ერთ-ერთ წევრს, რომელიც, ამავდროულად, გახლავთ სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამართლე გიორგი შავლიაშვილი, იუსტიციის საბჭოს წევრობის ვადა გასდის. იგი `ნაციონალური ხელისუფლებისა~ და კუბლაშვილის გუნდის წევრია. იუსტიციის საბჭოს წევრობა საკმაოდ დიდი თანამდებობაა, რადგან მოსამართლეებს სწორედ ისინი ამწესებენ თანამდებობაზე, ამიტომაც თითოეული მათგანის ხმას დიდი მნიშვნელობა აქვს. ამ ადამიანის ადგილისთვის, როგორც ჩემთვის გახდა ცნობილი, იბრძვის თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის პალატის მოსამართლე, ლევან თევზაძე, რომელიც ასევე არის კუბლაშვილის დაჯგუფების წევრი. იგი მოსამართლეობამდე მუშაობდა პოლიციაში და ორიენტირებულია ძალოვანი უწყებების ინტერესების გატარებაზე. იგი დადის სხვადასხვა რაიონულ სასამართლოში და აქტიურ პროპაგანდა-აგიტაციას ეწევა, რათა ამ თანამდებობაზე აირჩიონ. ერთი წევრის გამოკლებაც იუსტიციის საბჭოში კუბლაშვილის დაჯგუფებას დიდ ზიანს მიაყენებს. ამიტომაც წავა სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა ამ თანამდებობისთვის. ვნახოთ, რა გადაწყვეტილებას მიიღებენ 11 ივლისს? ამ დღეს უნდა აირჩიონ სამი წევრი სადისციპლინო კოლეგიაში. ეს არის მნიშვნელოვანი, რადგან სწორედ ეს ადამიანები იხილავენ მოსამართლეებზე დისციპლინური დევნისა და მათი დასჯის საკითხებს. ყველას ინტერესი აქეთ უნდა იყოს მიმართული და არ უნდა დარჩეს ეს საკითხი უყურადღებოდ. სავარაუდოდ, აქაც გაიმარჯვებს კუბლაშვილის დაჯფუფება იმიტომ, რომ ობიექტური მოსამართლეები არიან უმცირესობაში.

_ ამჟამინდელმა ხელისუფლებამ ვერ მოახერხა საკუთარი ძალების გაძლიერება?

_ ახალი ხელისუფლება საკუთარი კლანის გაძლიერებას კი არა, დამოუკიდებელი და ობიექტური მართლმსაჯულების შექმნას უნდა შეეცადოს, მაგრამ ამასაც ვერ ვხედავთ. ყველა პარტია და პოლიტიკური ძალა ცდილობს, არათუ პრინციპული ადამიანები გაამწესოს იუსტიციის საბჭოში მოსამართლეებად, არამედ ის ხალხი დანიშნოს, რომლებიც ხელისუფლებისადმი ლოიალურად იქნებიან განწყობილნი და მათ ინტერესებს გაატარებენ.

 

                                                                                                  ნელი ვარდიაშვილი