მილიონი ხე – მილიონობით ლარის მითვისების სქემად იქცა?!

narmn

სტიქიით დაზარალებული ოჯახები ამ დრომდე დედაქალაქის მერიისგან დახმარებას უშედეგოდ ელიან. ამ დროისთვის არც ერთ ოჯახს ადგილობრივი ხელისუფლებისგან კომპენსაცია არ მიუღია, ხოლო ის წესი, რომელიც მერიამ სტიქიით დაზარალებული ოჯახების დასახმარებლად დაადგინა, სვანიძის ქუჩის მცხოვრებლებისა და სხვა დაზარალებულებისთვის ბევრ კითხვის ნიშანს აჩენს.

„ქრონიკა+“-თან მონიტორინგის ცენტრ „მედიატორის“ დამფუძნებელი, ლევან ხაბეიშვილი საუბრობს:

_ თითქმის ერთი თვე გავიდა მას შემდეგ, რაც ქალაქში სტიქიური უბედურება დატრიალდა. ამ დრომდე თბილისის მერმა ვერ მოახერხა შესაბამისი სამსახურების ორგანიზება, რათა დროულად მომხდარიყო სტიქიის ზონის გაწმენდა, გზების რეაბილიტაცია და რაც ყველაზე მთავარია, უსახლკაროდ, სასტუმროებს შეკედლებული მოსახლეობის ფართითა და ფულადი დახმარებით უზრუნველყოფა.

მერიამ დღემდე ვერ შეძლო ქალაქის ცენტრში, გმირთა მოედანზე, ბორდიურებისა და სამანქანო გზის მოწესრიგება და ეს მაშინ, როცა ახალგაზრდულ ოლიმპიადამდე სამი კვირაც არ რჩება.

_ რა ხდება ავტომობილების დაზღვევა-ანაზღაურების პრობლემასთან დაკავშირებით?

_ გავრცელებული ინფორმაციით, სტიქიის შედეგად, სულ, 161 ავტომობილი დაზიანდა, აქედან მხოლოდ 40 ავტომობილი არ აღმოჩნდა დაზღვეული. სახელმწიფო უწყებებმა ამ ზარალის ანაზღაურებაზე უარი განაცხადეს, მაშინ, როდესაც სახელმწიფოს ვალდებულება იყო მისი მოქალაქეების გაფრთხილება და გზების გადაკეტვა, რათა ხალხი ფეხით ან ავტომობილით სტიქიის ზონაში არ მოხვედრილიყო. არადა, ფაქტია, რომ სტიქიის დროს, არც ერთი მიმართულებით არც გზა გადაკეტილა და არც რადიოსა და ტელევიზიის საშუალებით განცხადება გაკეთებულა, რომ ხალხს თავი შეეკავებინა სტიქიის ზონაში გადაადგილებისგან.

სწორედ ამიტომ უნდა აიღოს დედაქალაქის მერიამ ვალდებულება, რომ ამ ორმოცი ავტომობილის მძღოლს აუნაზღაუროს ზარალი.

მით უმეტეს, რომ მხოლოდ მოქალაქეებისა და კერძო კომპანიების შემოწირულობამ 23 მილიონ ლარს გადააჭარბა. ამ თანხის 2%-იც არ არის საჭირო პრობლემის მოსაგვარებლად. ეს ნაბიჯი კი იქნებოდა იმის დასტური, რომ ხელისუფლება მოქალაქეების მიმართ საკუთარ პასუხისმგებლობას, ასე თუ ისე, აცნობიერებს.

_ პასუხისმგებლობის გარდა პროფესიონალიზმიც ხომ არ არის საჭირო, რომ არსებულ პრობლემებს სათანადოდ მიეხედოს?

_ ის, რომ მერია უუნარო და არაპროფესიონალებითაა დაკომპლექტებული, ამაზე 2014 წლის დეკემბრის კონკურსიც მეტყველებს, სადაც მაღალჩინოსნების უმრავლესობა ჩაიჭრა და მინიმალური ზღვარი ვერ გადალახა. მიუხედავად ამ ფაქტისა, დღემდე აგრძელებენ მუშაობას და შესაბამისი `შედეგებიც~ გვაქვს.

მათ „გასაპრავებლად“ დედაქალაქის მერიამ მეორედ გამოაცხადა კონკურსი და ახლა უკვე თითქმის გრიფით საიდუმლო დაადო გამოცდების შედეგებს. თუ გასულ წელს საკონკურსო გამოცდების ჩატარება გამოცდების ეროვნულ ცენტრს დაევალა, ახლა უკვე გადაწყვიტეს, რომ ეს პროცესი ასეთი ღია აღარ ყოფილიყო. ამიტომ განმეორებითი გამოცდები სსიპ „იუსტიციის სასწავლო ცენტრმა“ ჩაატარა და, შესაბამისად, ხელმისაწვდომობაც აღარ არსებობს. კვირაზე მეტია, გამოცდების პირველი ეტაპი დასრულდა, მერია კი შედეგებს არ აცხადებს.

ჩვენი ინფორმაციით, ამის მიზეზი ისაა, რომ მაღალჩინოსნების უმრავლესობა ამჯერადაც ჩაიჭრა. მერია ამ თემაზე ახალი სკანდალის აგორებას ერიდება და შედეგების გამოცხადებასაც ამიტომ არ ჩქარობს.

ასევე მერის დაპირება, რომ დედაქალაქში მილიონ ხეს დარგავს, საზოგადოებაში უკვე ღიმილს იწვევს, მაგრამ სულაც არ არის სასაცილო ის, რაც ამის უკან იმალება.

2015 წლის დასაწყისში, ტენდერის გარეშე, თბილისის მერიამ მილიონამდე ლარის ღირებულების ხელშეკრულება გააფორმა კომპანიასთან, რომელსაც დენდროლოგიურ პარკში 400 ათასამდე ხის ორ ეტაპად დარგვა დაევალა. პირველი ეტაპი 31 მაისამდე უნდა დასრულებულიყო და ჯამში 200 ათასამდე ხე უნდა დარგულიყო. ხელშეკრულების პირობების მიხედვით, კომპანია ვალდებული იყო, მერიის მითითების შემთხვევაში უზრუნველეყო გამხმარი ნარგავის ახლით შეცვლა. ასევე კომპანიას ამ ნარგავების მოვლა-პატრონობა და მორწყვა ევალებოდა, თუმცა რელობაში აბსოლუტურად სხვა სურათი გვაქვს. დენდროლოგიური პარკი გადავსებულია გამხმარი ნარგავებით და დაბეჯითებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ერთ თვეზე მეტია, მის მოსარწყავად არავინ მისულა და გამხმარი ნერგების ახლით შეცვლაც არავის უფიქრია.

ასევე, წარმოუდგენელია, რომ 400 ათასი ნერგი ფიზიკურად იქ როგორმე დარგონ.

ამ სამუშაოების მონიტორინგისას ჩვენმა ორგანიზაციამ ნახა, რომ იქ სანერგე ორმოები გაჭრილია, მასში ჩასარგავი ნერგები იქვე გვერდით ხმება და არც მისი ჩარგვა მოსვლია აზრად ვინმეს.

შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ მერმა ეს დაპირება კორუფციის წყაროდ გამოიყენა და მილიონი ხის დაპირება მილიონობით ლარის მითვისების სქემად გვექცა.

 

                                                                                                   გელა მამულაშვილი