იმსჯელებს თუ არა პარლამენტი წართმეული ქონების დაბრუნებაზე?!

deuli

„ახალგაზრდა ადვოკატებმა“, 2004-2012 წლებში ქონებაჩამორთმეულთა საქმეებზე ეფექტური და სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელების მიზნით, საქართველოს პარლამენტს ახალი საკანონმდებლო წინადადებით მიმართა, რომლის მიხედვითაც, სასამართლო გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების შეტანის დასაშვები 5-წლიანი ვადა უნდა გაიზარდოს 15 წლის ვადით.

როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, მიუხედავად იმისა, რომ მოქმედი კანონმდებლობით მოქალაქეებს აქვთ საფუძველი, წართმეული ქონების დაბრუნების თაობაზე მიმართონ სასამართლოებს, ისინი დგებიან სამართლებრივი ჩიხის წინაშე და საქმეზე ხანდაზმულობის ვადების არსებობის გამო, დავის გაგრძელება შეუძლებელი ხდება. საქართველოს საკანონმდებლო ორგანო კანონპროექტს, სავარაუდოდ, საშემოდგომო სესიაზე განიხილავს.

რა გახდა კანონპროექტის მომზადების მიზეზი? რას ითვალისწინებს „ახალგაზრდა ადვოკატების“ საკანონმდებლო ინიციატივა? ამ საკითხზე „ქრონიკა+“-ს ორგანიზაციის ხელმძღვანელი, არჩილ კაიკაციშვილი ესაუბრა:

_ 2014 წლის 23 ივლისის გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტის მიერ გამოქვეყნებულ დასკვნაში განსაკუთრებული ადგილი დაიჭირა რეკომენდაციებმა საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების მიმართ, რათა შექმნან ეფექტური მექანიზმი და 2003-2012 წლებში მოქმედი ხელისუფლების პირობებში ჩადენილი წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტები ეფექტურად გამოიძიონ, რომელიც ატარებდა სისტემურ ხასიათს და წარმოადგენდა სისტემური დანაშაულის სახეს. გაეროს დასკვნის მეთორმეტე პარაგრაფში კომიტეტი შეშფოთებას გამოთქვამს ზოგიერთი გამოძიების დაუსრულებლობის გამო. ამ საქმეებს შორისაა: 2006 წლის ციხის ბუნტი, პატიმართა წამების შემთხვევები გლდანის, ქსნის, ქუთაისის, რუსთავისა და ზუგდიდის ციხეებში, 2007 წლის 7 ნოემბერს მომიტინგეთა ძალადობრივი დაშლა, მერეთისა და კარალეთის ინცინდენტები, რომლის დროსაც ჟურნალისტებს, როგორც ფიზიკური, ისე სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. ამასთან ერთად, კომიტეტი შეშფოთებულია, რომ საქმეების გამოძიება ხშირად წარმოებს წამებასა და არაადამიანურ მოპყრობაზე სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლით (უფლებამოსილების გადამეტება), ნაცვლად 1441-ე (წამება) და 1443-ე (არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობა) მუხლებისა. კომიტეტი შეშფოთებას გამოთქვამს 2012 წლის ოქტომბრის არჩევნებამდე ჩადენილ დანაშაულებზე პროკურატურაში შესული ათასობით საჩივრის გამო, თუმცა, ამავე დროს, კომიტეტი შეშფოთებულია იმით, რომ ბრალდებების რიცხვმა ყოფილი მაღალჩინოსნებისა და მოქმედი ოპოზიციონერების წინააღმდეგ, შესაძლოა, სამართლებრივი სისტემის პოლიტიკური ანგარიშსწორებისთვის გამოყენების აღქმა შექმნას. ამიტომაც მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, გამოიძიოს წარსულში ჩადენილი დანაშაულები იმგვარად, რომ გამოძიებამ ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებისა და ოპოზიციურად განწყობილი ლიდერების მიმართ პოლიტიკური შურისძიებისა და ანგარიშსწორების სახე არ მიიღოს. ამასთან, საქართველომ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რათა ძალადობის შედეგად დაზარალებულებმა სამართლებრივი დახმარება და შესაბამისი კომპენსაცია მიიღონ. ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ საჭიროა დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი ორგანოს შექმნა, რომელიც პოლიციელებისა და სხვა სამართალდამცველების მხრიდან წამების, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის ბრალდებებს გამოიძიებს.

2003-2012 წლებში მოქმედი ხელისუფლების მკაცრი მმართველობის ფორმამ განსაკუთრებული კვალი დატოვა ქვეყნის საკანონმდებლო სივრცეზეც. „ნულოვანი ტოლერანტობის“ პოლიტიკა მკაცრ სისხლის სამართლებრივ რეგულაციებშიც გამოიხატა. შედეგად, წინა ხელისუფლების დროს მიიღეს ისეთი საკანონმდებლო რეგულაციები, რომელთა რეალური დანიშნულება და მიზანი იყო პოლიტიკურად არასაიმედო,  განსხვავებული სამოქალაქო პოზიციის მქონე მოქალაქეებისა თუ საზოგადოებრივი სტატუსის მქონე პირების უფლებების დარღვევა. კანონის სახელით ადგილი დაეთმო უკანონო მოქმედებების განხორციელებას, რომელიც განსაკუთრებული სიმძაფრით, საკუთრების უფლების გახშირებული ფაქტების სტატისტიკით დასრულდა. ორგანიზაციის მიერ გამოთხოვილი ინფორმაციის თანახმად, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 31 დეკემბრის #14/51832 წერილის მიხედვით, სახელმწიფოს სასარგებლოდ, 2004-2014 წლებში, ჩუქების ხელშეკრულებით, უსასყიდლოდ ან მიტოვების ფორმით, გადაცემული ქონებების, წილების, აქციებისა და ავტომობილების ოდენობამ შეადგინა 5634 უძრავი თუ მოძრავი ნივთი.

_ 2012 წლის 1-ლი ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგად მოსულმა ხელისუფლებამ  განაცხადა, რომ ქონებაჩამორთმეულთა საქმეებზე სახელმწიფო სამართლიანობის აღდგენას უზრუნველყოფდა. ამის გამო მთავარ პროკურატურაში სპეციალური დეპარტამენტიც შეიქმნა…

_ 2012 წლის 1-ლი ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგად აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლებაში არჩეულმა ხელისუფლებამ საჯაროდ განაცხადა, რომ ქონებაჩამორთმეულთა საქმეებზე სახელმწიფო სამართლიანობის აღდგენას უზრუნველყოფდა. სამართლიანობის აღდგენის საჯარო დაპირება მოქმედმა ხელისუფლებამ მოქალაქეებს, ჯერ კიდევ, გამოქვეყნებული საარჩევნო პროგრამის ფარგლებში შესთავაზა, თუმცა საქართველოს მთავრობამ არაერთხელ აღნიშნა, რომ ქონებაჩამორთმეულთა საქმეებზე სამართლიანობის აღდგენის პროცესი ცალკეული ხარვეზებით გამოირჩევა. მართალია, 2015 წლის იანვარში, საქართველოს მთავარ პროკურატურაში, სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტი შეიქმნა, თუმცა, მოცემულ ეტაპზე, ქონებაჩამორთმეულთა საქმეებზე სწრაფი და ეფექტური საგამოძიებო მოქმედებების ვერ ხორციელდება. ხელისუფლების მხრიდან სამართლიანობის აღდგენის კეთილშობილური მიზნები შეიძლება ვერ განხორციელდეს, თუკი არ მოხდება ცალკეული ცვლილებების უზრუნველყოფა საკანონმდებლო დონეზე.

_ რას გულისხმობთ?

_ 2003-2012 წლების ხელისუფლების პირობებში მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 37-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, თუ პროკურორს აქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ბრალდებული თანამდებობის პირის მფლობელობაში არსებული ქონება შესაძლებელია იყოს მოპოვებული ამ კოდექსის 44-ე მუხლის 47-ე ნაწილში მითითებული დანაშაულის ჩადენის შედეგად, იგი აღძრავს სარჩელს თანამდებობის პირის მფლობელობაში არსებული უკანონო, ან დაუსაბუთებელი ქონების, აგრეთვე, ამ ქონებიდან მიღებული შემოსავლების, აქციების (წილის) ჩამორთმევისა და სახელმწიფოსთვის გადაცემასთან დაკავშირებით. ამავე კოდექსის 44-ე მუხლის 47-ე ნაწილის თანახმად, თანამდებობის პირი (რომლის მიმართაც ხორციელდება სისხლის სამართლის სამართალწარმოება) _ ამ კანონის მიზნებისათვის არის `საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ~ საქართველოს კანონის მე-2 მუხლით გათვალისწინებული თანამდებობის პირი, საჯარო მოხელე, საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელი, ან მისი მოადგილე, ან საწარმოში, რომელშიც სახელმწიფო ფლობს წილის (აქციათა) 50%-ს, ან 50%-ზე მეტს, ხელმძღვანელობითი ან/და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირი, რომელსაც ბრალად ედება თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში, შესაბამისად, სამოხელეო ან სამეწარმეო ან სხვა ორგანიზაციაში სამსახურის ინტერესის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენა, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია, გამოძალვა, მითვისება ან გაფლანგვა, გადასახადებისგან თავის არიდება ან საბაჟო წესების დარღვევა, მიუხედავად იმისა, განთავისუფლებულია თუ არა იგი დაკავებული თანამდებობიდან. სწორედ წინა ხელისუფლების მმართველობის პერიოდში თანამდებობის პირების მიმართ, ზემოაღნიშნული საკანონმდებლო რეგულირების გზით ხდებოდა ქონებების ჩამორთმევა, მაშინ, როდესაც ამ ადამიანებს დანაშაული ჩადენილიც არ ჰქონდათ, თუმცა პროკურატურა მათ ედავებოდა და აბრალებდა  დანაშაულის ჩადენას იმ მიზნით, რომ მათი ქონებები, თითქოსდა, დაუსაბუთებელი იყო. სადღეისოდ, საქმის შესწავლის შედეგად დადგინა, რომ თანამდებობის პირებს, რომლებსაც ედავებოდნენ იმ პერიოდში მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის 44-ე მუხლის 37-ე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენასა და აღნიშნულის საფუძველზე, სისხლის სამართლის კოდექსის 37-ე პრიმა მუხლის საფუძველზე ჩამოართვეს ქონება, ეს მოქალაქეები, ობიექტური და მიუკერძოებელი გამოძიების შედეგად, გამართლდნენ. დადგინდა, რომ მათ არ ჩაუდენიათ დანაშაული. შესაბამისად, მათ ქონებები ჩამოერთვათ უკანონოდ და დაუსაბუთებლად.

ახალი ხელისუფლების პერიოდში მოქალაქეებს მიეცათ შესაძლებლობა, მიმართონ სასამართლოებს საკუთარი დარღვეული უფლებების აღდგენის მიზნით. მოქალაქეების გამართლება, რომ მათ არ ჩაუდენიათ დანაშაული და აქვთ უფლება ჩამორთმეული ქონებების დაბრუნებისთვის სამართლებრივი მოქმედებები განახორციელონ, წარმოადგენს ახლად აღმოჩენილ გარემოებას, რომელიც არის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მიხედვით, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გასაჩივრებისა და საქმის წარმოების განახლების საფუძველი. ახლად აღმოჩენილი გარემოებით, როდესაც პირს არ ჩაუდენია სისხლის სამართლის დანაშაული და აღნიშნული ბრალდების გამო ქონება ჩამოართვეს, დანაშაულში გამართლების შემთხვევაში საქმის წარმოება განახლდება, ქონება დაბრუნდება, კანონის შესაბამისად კი მისთვის მიყენებული ზიანი ანაზღაურდება. დღეს მოქმედი კანონმდებლობით, მოქალაქები, მიუხედავად იმისა, რომ ყველა საფუძველი აქვთ დაიბრუნონ საკუთარი წართმეული ქონებები, კანონით დადგენილი ხანდაზმულობის ვადის გამო, სამართლებრივი მოქმედებების განხორციელებას ვერ ახერხებენ.

კერძოდ, დღეს მოქმედი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის  426-ე მუხლის მე-4 ნაწილით, გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების შეტანა დაუშვებელია გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 5 წლის გასვლის შემდეგ. დადგენილი 5-წლიანი ვადა მოქალაქეებს ხელს უშლის მიმართონ სასამართლოს და დაიბრუნონ ჩამორთმეული ქონება. ვინაიდან 2003 წლიდან, მას შემდეგ, რაც ძველი ხელისუფლების მმართველობის პერიოდში ზემოაღნიშნული სისხლის სამართლის კოდექსის 37-ე პრიმა მუხლის საფუძველზე ჩამოართვეს ქონებები, ხოლო ახალი ხელისუფლების პერიოდში, 2012 წლის 1-ლი ოქტომბრიდან ასეთი მოქალაქეები გამართლდნენ, ქონების დაბრუნების მიზნით, ახლად აღმოჩენილი გარემოების საფუძველზე მიმართავენ სასამართლოს, თუმცა ეს უკანასკნელი 5-წლიანი ვადის გასვლის გამო განცხადებას განუხილველად ტოვებს. შედეგად, ადამიანები, რომელთა გამართლების ყველა საფუძველი არსებობს, ფლობს მტკიცებულებებს, რომ ნამდვილად უკანონოდ ჩამოერთვა ქონებები, არსებობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით განსაზღვრული საქმის წარმოების განახლების საფუძვლები (მაგალითად, სასამართლო განაჩენი, გადაწყვეტილება, განჩინება ან სხვა ორგანოს დადგენილება, რომელიც საფუძვლად დაედო ამ გადაწყვეტილებას, გაუქმდა; მხარისათვის ცნობილი გახდა ისეთი გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც, ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას და ა. შ.), თუმცა დადგენილი 5-წლიანი ხანდაზმულობის ვადის გამო ვერ ახერხებენ, დავა დაიწყონ სასამართლოში ქონების დაბრუნების მიზნით და აღიდგინონ დარღვეული უფლებები. ამიტომაც ქონებაჩამორთმეულთა საქმეებზე სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელება ვერ მოხდება, თუ არა ახალი საკანონმდებლო რეგულაციები და სახელმწიფოს ნება, სამართლიანობის აღდგენის პროცესი საკანონმდებლო გადაწყვეტილებებით დაამაგროს.

_ რას ითვალისწინებს თქვენი საკანონმდებლო წინადადება?

_ კანონპროექტის არსი ის გახლავთ, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსში განხორციელდეს შესაბამისი ცვლილება და გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების შეტანა დასაშვები გახდეს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაშიშე სვლიდან 5 წლის გასვლის შემდეგ. დადგენილი 5-წლიანი ხანდაზმულობის ვადა გაიზარდოს 15 წლამდე. აღნიშნული ცვლილება შესაძლებლობას მისცემს პირებს, მოითხოვონ საქმის წარმოების განახლება და შედეგად აღიდგინონ დარღვეული უფლებები. 15-წლიანი ვადა გონივრულია და ყველა მოქალაქეს, რომელიც საკუთარი დარღვეული უფლების თაობაზე მიმართავს სასამართლოს, წარუდგენს მტკიცებულებებს და დაიწყებს საკუთრების უფლების აღდგენაზე დავას, სახელმწიფო მისცემს სამართლიანი სასამართლოს განხორციელების შესაძლებლობას. მოცემულ ვადაში, მოქალაქეს, რომლის მიმართაც, შესაძლებელია არსებობდეს 2003-2004 და შემდგომ წლებში სასამართლოების მიერ მიღებული და კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებები, კანონში ცვლილებებით შესაძლებლობა ჩნდება, სამართლებრივ დავას ჰქონდეს ობიექტური გამართლება.

 

                                                                                                           თამარ ბატიაშვილი