არჩილ კბილაშვილისა და ლაშა ქოჩიაშვილის აბსურდის თეატრი – მარტო კაცი ჭამაშიაც ბრალიაო!

vm

ოთარ იოსელიანმა მისი გენიალური ფილმი, „გიორგობის თვე“, პეტრიაშვილის პირველ ნომერში, ღვინის ქარხანაში გადაიღო.

დღეს პეტრიაშვილის ქუჩაზე არც ღვინის ქარხანაა და არც ცნობილი მარნები. მუხის კასრები დაობებულია, ღვინის უნიკალური კოლექცია კი, რომელშიც 40 ათას ბოთლზე მეტი იყო, სრულიად განადგურებულია. კოლექციაში დაცული გახლდათ: სტალინის პირადი ღვინის კოლექცია, მე-17 საუკუნის აფრიკული ღვინოები, ნიკოლოზ II-ის შავი ღვინოები, ნაპოლეონის არაყი და ბევრი სხვა უნიკალური ექსპონატი. დღეს სარდაფი, სადაც კოლექციის ნარჩენები ინახება, დალუქულია, ღვინის ქარხნის ტერიტორია კი სასამართლო დავის საგანია.

სახელმწიფოში ვინმეს წარმოდგენა რომ ჰქონდეს კულტურული მემკვიდრეობის ამ ძეგლის მნიშვნელობაზე, ღვინის მუზეუმის გახსნას, კუს ტბის ნაცვლად, სწორედ ამ უნიკალურ სარდაფში დააპირებდა, მაგრამ მთავრობასა და კულტურის სამინისტროში ამაზე ნაკლებად ფიქრობენ, მთავარ პროკურატურაში კი მხოლოდ ლუქის მდგომარეობაზე ნერვიულობენ და პერიოდულად ამოწმებენ კიდეც, ვინმე ხომ არ ხსნის მას, კოლექციის ბედზე კი არავინ დარდობს!!! მიუხედავად იმისა, რომ შპს „ღვინის ქარხანა #1“-ლის წარმომადგენლებს საქართველოში იტალიიდან ღვინოების კოლექციის ცნობილი სპეციალისტი ჰყავდათ ჩამოყვანილი, მას კოლექციის დათვალიერებისა და დაზიანებული ბოთლების სახურავების მდგომარეობის შესწავლის საშუალება არ მიეცა. არადა, სპეციალისტების აზრით, ჯერ კიდევ არის შანსი, რომ ღვინის უნიკალური კოლექციიდან რაღაც ნაწილის გადარჩენა მოხერხდეს.

რა კავშირი აქვს ამ პროცესთან ყოფილ მთავარ პროკურორს, არჩილ კბილაშვილს? რა სქემით ცდილობს ის შენობის ახევას კანონიერი მესაკუთრისათვის?

„ქრონიკა+“-ის სკანდალური ექსკლუზივი:

პეტრიაშვილის პირველში მდებარე ყოფილი ღვინის ქარხნის ისტორიული შენობა შპს „ღვინის ქარხანა #1“-ლის საკუთრებაა. 2013 წლის 1-ლ მარტს ინვესტორთა ჯგუფმა შპს „არტ ღვინომ“ ფიზიკური პირისგან, ვლადიმერ კვარაცხელიასგან, შენობა 4 მილიონ აშშ დოლარად იყიდა. კვარაცხელიას საკუთრებაა 100%-იანი წილი შპს „კატრი კაპიტალში“ (ს/კ 404401544), რომელსაც მოგვიანებით შეეცვალა სახელი და ეწოდა შპს „ღვინის ქარხანა #1“. წილის შესყიდვის მთელ პროცესს ზედამხედველობდა ს/ს „თიბისი ბანკი“. აღნიშნული განპირობებული იყო იმ გარემოებით, რომ შპს „კატრი კაპიტალის“ მთელი ქონება ს/ს „თიბისი ბანკმა“ ჩაიდო ვლადიმერ კვარაცხელიასა და მასთან კავშირში მყოფ კომპანიებზე გაცემული კრედიტის უზრუნველყოფის მიზნით. შესაბამისად, ბანკი, როგორც კრედიტის დაბრუნებაზე დაინტერესებული პირი, უშუალოდ იყო ჩართული შპს „კატრი კაპიტალის“ 100%-იანი წილის გაყიდვის პროცესის წარმატებით განხორციელებაში. ამ პერიოდში შპს „კატრი კაპიტალის“ (შემდგომში ახალი სახელწოდებით შპს „ღვინის ქარხანა #1“) ინდივიდუალურ საკუთრებაში ირიცხებოდა თბილისში, პეტრიაშვილის ქუჩა #1-ლში მდებარე 3473 კვ.მ მიწის ნაკვეთი საკადასტრო კოდით 01.15.02.002.031, ხოლო ეს ს/ს „საქართველოს ბანკის“ ინდივიდუალურ საკუთრებაში ირიცხებოდა ამავე მისამართზე მდებარე 3911 კვ.მ მიწის ნაკვეთი საკადასტრო კოდით 01.15.02.002.029. შპს „კატრი კაპიტალისა“ და ს/ს „საქართველოს ბანკის“ ერთობლივ საკუთრებაში ირიცხებოდა ამავე მისამართზე არსებული 2393 კვ.მ მიწის ნაკვეთი და მასზე მდგარი 5420 კვ.მ შენობა-ნაგებობა, საკადასტრო კოდით 01.15.02.002.032. ეს დეტალები მხოლოდ იმიტომაა საყურადღებო, რომ ცხადად ჩანს: შენობისა და მიწის ნაკვეთების შეძენაზე გარიგება შემდგარა მხოლოდ კერძო და იურდიულ პირებს შორის. პროცესში, ფაქტობრივად, მონაწილეობდა ქვეყნის ორი უმსხვილესი ბანკი.

„საქართველოს ბანკთან“ მოლაპარაკებების პროცესი სრულდება იმით, რომ 2013 წლის 28 ნოემბერს 5 550 000 ლარად ბანკი სრულად თმობს მის საკუთრებას პეტრიაშვილის #1-ში მდებარე უძრავ ქონებაზე.

იმისათვის, რომ ობიექტს ჰქონოდა საკუთარი შემოსავალი, 2014 წლის 24 დეკემბერს შპს „ღვინის ქარხანა #1“ გრძელვადიანი იჯარის ხელშეკრულებას აფორმებს ს/ს „სასტუმროებისა და რესტორნების მენეჯმენტ ჯგუფი-მ/გრუპთან“, რომელმაც იკისრა ვალდებულება, რომ განახორციელებდა 3 600 000 ლარის დამატებით ინვესტიციას, ხოლო ხელშეკრულების თანახმად, 12-წლიანი იჯარის ჯამური შემოსავალი შპს „ღვინის ქარხანა #1“-ლისთვის იქნებოდა 11 645 000 ლარი (დღგ-ს გარეშე).

„მ-გრუპთნ“ გრძელვადიანი იჯარის ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, 2014 წლის 25 დეკემბერს, ს/ს „საქართველოს ბანკთან“ ხელი მოეწერა საკრედიტო ხელშეკრულებას და ბანკმა კომპანიას 2 მილიონი აშშ დოლარის კრედიტი გამოუყო. გარდა ამ კრედიტისა, კომპანიამ თბილისის მერიის თანადგომით მოიპოვა 2 მიზნობრივი კრედიტი: 2014 წლის თებერვალში „თიბისი ბანკმა“ გასცა 150 000 ლარის მიზნობრივი კრედიტი ისტორიული შენობის რეაბილიტაციისთვის, ამავე წლის დეკემბერში კი ს/ს „საქართველოს ბანკმა“ 430 000 ლარის ასევე მიზნობრივი კრედიტი შენობის სახურავის რეაბილიტაციის მიზნით. უშუალოდ დამფუძნებლებმა კომპანიაში პირდაპირი ინვესტიცია _ 2 750 017 ლარი ჩადეს.

ყველასათვის მოულოდნელად, 2015 წლის 6 იანვარს, თბილისის საქალაქო სასამართლოს „ცნობილმა“ რეკეტიორმა მოსამართლემ, ლაშა ქოჩიაშვილმა, მორიგი უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღო, _ ყადაღა დაადო ღვინის ქარხნის მთელ ტერიტორიას. კომპანიას აუკრძალა მისი კერძო საკუთრების იჯარით, თუ სარგებლობის ნებისმიერი სხვა ფორმით გაცემა და ქარხნის მთელ ტერიტორიაზე ნებისმიერი სამშენებლო და სარესტავრაციო სამუშაოების წარმოება. ანუ მოსამართლე ქოჩიაშვილმა, პრაქტიკულად, ხელი მოაწერა კომპანიის სრული პარალიზების გადაწყვეტილებას. კომპანიის მესაკუთრეებისთვის ეს ინფორმაცია სრული შოკი აღმოჩნდა, თუმცა ყველაზე დიდი სიურპრიზი მაშინ გაცხადდა, როდესაც ცნობილი გახდა, რომ ამ გადაწყვეტილების მიღების ინიციატორი გახლდათ საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორი, არჩილ კბილაშვილი, რომელიც მოცემულ დავაში მოგვევლინა, როგორც მოდავე კომპანია ს/ს „სავანე ღვინის #1 ქარხნის“ ადვოკატი.

საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორი და ამჟამად ადვოკატი ბატონი კბილაშვილი სასამართლოსგან ითხოვს, რომ პეტრიაშვილის #1-ლში მდებარე ქონება სრულად ჩამოერთვას მის ამჟამინდელ მესაკუთრეებს და იგი გადაეცეს სააქციო საზოგადოება „სავანე ღვინის #1 ქარხანას“, რომელსაც, თურმე, 2004-2006 წლებში იძულებით თუ პროკურორის ზეწოლით დანაშაულებრივად გააყიდინეს ქონება სხვა პირზე. თუმცა ბატონი კბილაშვილი თავად არ უარყოფს და აღიარებს კიდეც, რომ 10 წლის წინათ ამჟამინდელ მესაკუთრეებს ამ ფაქტთან არავითარი შეხება არ გააჩნდათ!!!

საყურადღებოა ის ფაქტი, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ მაქსიმალურად გააჭიანურა სარჩელის განხილვა და, პრაქტიკულად, ბოლო დღეს განაცხადა უარი სარჩელის დაკმაყოფილებაზე. უარესი ფაქტი მოხდა თბილისის სააპელაციო სასამართლოში: პასუხი საჩივარზე გაიცა 2 თვის შემდეგ, ხოლო გადაწყვეტილება დათარიღდა 1 თვის უკანა რიცხვით. როგორც თბილისის, ასევე სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეთა მიერ ჩადენილ კონკრეტულ კანონდარღვევაზე, 2015 წლის 28 მაისს მოპასუხე მხარის ადვოკატმა, არჩილ თაბაგარმა, სარჩელით მიმართა საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს (სააპელაციო სასამართლომ ყადაღის მხოლოდ ის ნაწილი გააუქმა, რომელიც სამშენებლო სამუშაოების აკრძალვას ეხებოდა). ამ გაურკვეველი სასამართლო დავის ფონზე „ემ გრუპმა“ უარი განაცხადა ობიექტში ინვესტიციის ჩადებაზე და 2015 წლის 25 მაისის შეტყობინებით ცალმხრივად მოშალა 12-წლიანი იჯარის ხელშეკრულება. საფრთხის ქვეშაა დამდგარი მთლიანად კომპანიის არსებობა, რადგან 2015 წლის სექტემბერში იწყება ს/ს „საქართველოს ბანკისგან“ აღებული 2-მილიონიანი კრედიტის გასტუმრების ვალდებულება, რომლის დაფარვის არანაირი რესურსი, დღეის მდგომარეობით, კომპანიას არ გააჩნია. ვითარების მსგავსი გაუარესების გამო, 2015 წლის 11 ივნისს, შპს „ღვინის ქარხანა #1“-ლმა შეგებებული სარჩელით მიმართა სასამართლოს და თავდაპირველ სარჩელთან ერთად მოითხოვა, მოსამართლე ლაშა ქოჩიაშვილს ემსჯელა იმ ზიანის დაკარგული შემოსავლის ანაზღაურებაზე, რომელიც განიცადა კომპანიამ მის მიმართ გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის გამო. მოსამართლე ლაშა ქოჩიაშვილმა 16.06. 2015 წლის განჩინებით უარი განაცხადა შპს `ღვინის ქარხანა #1~-ლის შეგებებული სარჩელის მიღებაზე. მისი აზრით, შპს `ღვინის ქარხანა #1~-ლმა სასარჩელო მოთხოვნა დაკარგული შემოსავლის ანაზღაურებაზე ს/ს „სავანე ღვინის #1 ქარხნის“ წინააღმდეგ უნდა წარადგინოს ცალკე სარჩელით. ასეთი მიდგომით შპს „ღვინის ქარხანა #1“-ლმა სარჩელს თან უნდა დაურთოს ს/ს „სავანე ღვინის #1 ქარხნის“ მთელი სასარჩელო საქმე, რაც, თავის მხრივ, გამოიწვევს იმას, რომ წარმოიქმნება ცალკე პროცესი და ცალკე საქმის წარმოება. შედეგად, მივიღებთ იმას, რომ სასამართლოს სხვადასხვა ინსტანციაში ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე საქმეებზე გაჩნდება 2 პარალელური საქმე. ასეთი მიდგომა სრულიად მიუღებელია საპროცესო ეკონომიის პრინციპის მიხედვით და უკანონოდ ზღუდავს მხარის შესაძლებლობას, ერთი დავის (ერთი წარმოების) ფარგლებში დაასრულოს ყველა ისეთი საკითხის სამართლებრივი შეფასება მის მოწინააღმდეგე მხარესთან, რომელსაც აქვს ერთი და იგივე საფუძველი. მოსამართლე ქოჩიაშვილი მხოლოდ ზემოაღნიშნულით არ შემოიფარგლა, 2015 წლის 19 ივნისს გამართულ სასამართლო სხდომაზე მოსამართლემ ასევე დააკმაყოფილა ს/ს „სავანე ღვინის #1 ქარხნის“ ადვოკატის შუამდგომლობა, რომ საქმეზე მოწმედ დაკითხონ ღვინის ქარხნის ყოფილი იურისტი და მთავარი ტექნოლოგი. ამ პიროვნებების ჩვენებებით, მოსარჩელე დაადასტურებს იმ ფაქტს, რომ სადავო ტერიტორიის ახალი მესაკუთრეები, თითქოს, ინფორმირებული იყვნენ იმის თაობაზე, რომ ქონება იყო წართმეული, სადავო და, შესაბამისად, თურმე, მოსარჩელე დაადასტურებს ქონების არაკეთილსინდისიერი შეძენის ფაქტს. ეს მაშინ, როცა ქონების ამჟამინდელი მესაკუთრეები არც იცნობენ აღნიშნულ პიროვნებებს და არც მათთან უმუშავიათ!!!

მოსამართლე ლაშა ქოჩიაშვილმა, ჯერ იყო და, პრაქტიკულად, ხელი მოაწერა კომპანიის განადგურების გადაწყვეტილებას, შემდეგ უარი განაცხადა კომპანიის ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის განხილვაზე საერთოდ და ბოლო საქმის განხილვა წარმართა იმგვარად, რომ სრულიად მართლზომიერად და გამჭვირვალედ შეძენილი კერძო საკუთრების სტატუსი სასამართლოში მოსარჩელის მიერ მოწვეული 2 მოწმის შესაფასებელი გახადა.

მარტო კაცი ჭამაშიაც ბრალიაო, _ ეს ანდაზა აუცილებლად გაგახსენდებათ, მაშინ როცა „რედ კაფეში“ მაგიდასთან მარტოდმარტო მოსადილე ყოფილ მთავარ პროკურორს რამდენჯერმე შეხვდებით (ეს ფოტო სწორედ „რედ კაფეშია“ გადაღებული). თუ 2004-2006 წლებში ყოფილი მთავარი პროკურორი ს/ს „სავანე ღვინის #1 ქარხნის“ იმ აქციონერის ადვოკატი იყო, რომელმაც აქციონერთა ქონება დანაშაულებრივი გზით გაასხვისა, ან იძულებით გაასხვისებინეს (ბატონი გიორგი მგალობლიშვილი სისხლის სამართლის პასუხისგებაშია დაუსწრებლად მიცემული და დღემდე იძებნება), ლოგიკით, კბილაშვილმა ზუსტად უნდა იცოდეს ყველა იმ პირის, მათ შორის, პროკურორების სახელები და გვარები, ვინც დანაშაულებრივ სქემაში მონაწილეობდა. შესაძლოა, სააკაშვილის რეჟიმის პირობებში არჩილ კბილაშვილს სამართალი ვერ ეპოვა საკუთარი კლიენტებისთვის, მაგრამ რამ შეუშალა ხელი მას აღედგინა სამართლიანობა და დაესაჯა დამნაშავეები მაშინ, როცა ქვეყნის მთავარ პროკურატურას ხელმძღვანელობდა?! „ქრონიკა+“-ის წყაროს ინფორმაციით, ამ საქმის ყველა პროკურორი ისევ მოქმედია და სისტემაში მუშაობს. ვინ დგას ყოფილი მთავარი პროკურორის უკან? ვაჭრობს თუ არა ბატონი კბილაშვილი საკუთარი გავლენებით? გარდა იმისა, რომ ყოფილი მთავარი პროკურორი ძვირადღირებული ადვოკატია და მისი ჰონორარი, როგორც წესი, ხუთნიშნა ციფრით განისაზღვრება, შპს „ღვინის ქარხანა #1“-ლის წინააღმდეგ შეტანილი სახელმწიფო ბაჟი საკმაოდ სოლიდურია (5000 ლარი), დღეის მდგომარეობით კი ს/ს „სავანე ღვინის #1 ქარხანა“ მხოლოდ ფურცლებზე არსებობს.

საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, კომპანიის დირექტორი და 100%-იანი წილის მფლობელი ჯორჯ უილიამ კურტისია. (მეტსახელად, უოტსონი) რა კავშირი აქვს აღნიშნულ პიროვნებას 2004-2006 წლებში პეტრიაშვილის ქ. #1-ლში მდებარე ქონების დანაშაულებრივ გასხვისებასთან, ჯერჯერობით, უცნობია.

რამდენად შეძლებს აღნიშნული კომპანია ძვირადღირებული ადვოკატის ხარჯების ანაზღაურებას? „ქრონიკა+“-ის წყაროს ინფორმაციით აღნიშნული სასამართლოს დავის უკან რუსეთში მოღვაწე ოდიოზური ბიზნესმენი, თემურ ქარჩავა შეიძლება იდგეს, რომელიც ძებნილი მგალობლიშვილის ახლო ნათესავია, ისევე როგორც მისი მოგვარე, ირაკლი მგალობლიშვილი, რომელიც მადნეულის ადვოკატია და არჩილ კბილაშვილთან მუშაობს. როგორ შეიძინა პეტრიაშვილის #1-ლში მდებარე ქონება ვლადიმერ კვარაცხელიამ? რა დანაშაულებრივი სქემით ჩაიგდო ხელში და როგორ გაასხვისა აქციონერთა ქონება ამჟამად ძებნილმა მგალობლიშვილმა? _ „ქრონიკა+“-ის ჟურნალისტური გამოძიები გაგრძელება მომდევნო ნომერში.

 

P.S. სასამართლო დავა მედლის ერთი მხარეა, მეორე მხარეა ღვინის უნიკალური კოლექცია, რომელიც დალუქულია. ჯერ კიდევ არსებობს კოლექციის რაღაც ნაწილის გადარჩენის შანსი.

„ქრონიკა+“ თხოვნით მიმართავს საქართველოს მთავარ პროკურატურას – სპეციალისტებს მიეცეთ საშუალება ადგილზე შეისწავლონ ღვინის უნიკალური კოლექციის რეალური მდგომარეობა.

 

                                                                                                    ელისო კილაძე

ს1

ს2

ს3

ს4

ს5

ს6

ს7