როგორ გამოიძია ფოთის პორტის საქმე ორ დღეში პროკურატურის სპეციალურმა დეპარტამენტმა?!

fotport

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ თავდაცვის ყოფილ მინისტრ დავით კეზერაშვილს პარასკევს ახალი ბრალი წარუდგინა. უწყების განმარტებით, საქმე მოქალაქეთათვის ქონების იძულებით ჩამორთმევას ეხება. საუბარია ფოთის პორტში ნავთობპროდუქტებისა და მშრალი ტვირთების გადამუშავებასთან დაკავშირებულ ბიზნესზე.

იმავე დღეს შპს „მეტალექსმა“ და „სტეინლორდ ენტერფრაიზის ელ-ელ-ფიმ“, რომელთან დაკავშირებითაც კეზერაშვილს ახალი ბრალი წარედგინა, განცხადება გაავრცელა და პროკურატურა აღნიშნული კომპანიების ირგვლივ გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებაში დაადანაშაულა.

მთავარი პროკურატურის განცხადებით, გამოძიებით დადგინდა, რომ 2010 წლის აგვისტოში საქართველოს თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, დავით კეზერაშვილმა, რომელიც იმ პერიოდში, თავის ბიზნესსაქმიანობაში, საქართველოს ხელისუფლების უმაღლესი რანგის თანამდებობის პირების განსაკუთრებული მფარველობით სარგებლობდა, გადაწყვიტა გაეფართოებინა თავისი ბიზნესგავლენის სფეროები და ხელში ჩაეგდო ფოთის პორტში ნავთობპროდუქტებისა და მშრალი ტვირთების გადამუშავებასთან დაკავშირებული ბიზნესი, რომელიც წლიურად ათეულობით მილიონი ლარის მოგებას უკავშირდებოდა. იმ პერიოდში ხსენებული ბიზნესის მესაკუთრეები იყვნენ მამა-შვილი თამაზ და ზურაბ ნიჟარაძეები. პროკურატურის ცნობით, კეზერაშვილმა ბიზნესი ძალადობის გამოყენების მუქარით მიითვისა.

ბიზნესმენი თამაზ ნიჟარაძე პროკურატურის მიერ დავით კეზერაშვილის ბრალის წარდგენის მიზეზს ადასტურებს. ის საქმის დეტალებს ჰყვება: „2010 წლის 14 აგვისტოს კეზერაშვილმა დამიბარა თავისთან „პიქსელის“ შენობაში. კატეგორიულად მოითხოვა ფოთის ნავსადგურში არსებული ჩემი კომპანიების წილების გადაფორმება. იმ მომენტში არ დავეთანხმე. იყო დაჭერისა და სიცოცხლის მოსპობის მუქარა. თან მეუბნებოდა, რომ ეს მისი, ადეიშვილისა და მერაბიშვილის გადაწყვეტილება იყო. იმავე საღამოს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის თანამშრომლები ჩემთან სახლში, ეზოში, ეზოს გარეთ განლაგდნენ. არ მეძლეოდა თავისუფლად გადაადგილების საშუალება, საძინებელში რომ მივდიოდი, იქაც კი თანამშრომელი მეჯდა. მივხვდი, რომ მუქარა იყო რეალური და ამიტომ იძულებული გავხდი, გადამეფორმებინა ჩემი კომპანიების წილები მისთვის. ახლაც მის მფლობელობაშია“.

რატომ დაადანაშაულა პროკურატურა გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებაში შპს „მეტალექსმა“ და „სტეინლორდ ენტერფრაიზის ელ-ელ-ფიმ“? როგორ გამოიძია ზუსტად ორ დღეში ეს საქმე მთავარ პროკურატურაში შექმნილმა სპეციალურმა დეპარტამენტმა, რომელიც ქონებაჩამორთმეულთა საქმეებს სწავლობს?

ამ საკითხზე „ქრონიკა+“ აღნიშნული კომპანიების ადვოკატს, სოსო ბარათაშვილს ესაუბრა:

_ 2011 წლის 7 თებერვალს კომპანია „სტეინლორდ ენტერფრაიზის ელ-ელ-ფსა“ (შემდგომში კომპანია „სტეინლორდი“) და თამაზ ნიჟარაძეს შორის დაიდო წილის დათმობის ხელშეკრულება. ხელშეკრულების მე-2 მუხლით წილის მიმღებზე, რომელიც გახლავთ „სტეინლორდ ენტერფრაიზის ელ-ელ-ფი“ გადავიდა ყველა ის უფლება-მოვალეობა, რაც დასათმობ წილს ჰქონდა საზოგადოებაში; მე-3 მუხლის თანახმად, თამაზ ნიჟარაძემ „სტეინლორდ ენტერფრაიზის ელ-ელ-ფიზე“ გაასხვისა შპს „მეტალექსში“ მისი კუთვნილი წილის 52,5%. ხელშეკრულების მიხედვით, გასხვისებული წილის ღირებულება განისაზღვრა 1050 ლარით. საიდან მომდინარეობს ეს თანხა? _ შპს „მეტალექსის“ საწესდებო კაპიტალი არის 2000 ლარი. სხვა შემთხვევებიც არის, როდესაც თამაზ ნიჟარაძემ იყიდა სხვა პარტნიორისგან 2,5%. იქაც ზუსტად ასევეა დათვლილი. 2000 ლარის პროცენტიდან ითვლებოდა ეს ნომინალური ღირებულება და ეს იყო 1050 ლარი, მაგრამ იქვე ჩაიწერა, რომ „სტეინლორდ ენტერფრაიზის ელ-ელ-ფიმ“ ნიჟარაძეს უფლება მისცა, მიეღო მხარეთა შორის შეთანხმებული აუდიტის მიერ შპს „მეტალექსში“ 2011 წლის 31 იანვრის ჩათვლით დაფიქსირებული წმინდა მოგების 52,5%, ხოლო ხელშეკრულების მე-4 მუხლის შესაბამისად, „სტეინლორდ ენტერფრაიზის ელ-ელ-ფიზე“ გადავიდა მოგების მიღების უფლება ხელშეკრულების სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციის შემდგომ. რეალურად, მხარეები წინასწარ იყვნენ შეთანხმებულნი, რომ ნიჟარაძეს უნდა მიეღო მილიონი აშშ დოლარი. რამდენიმე თვის შემდეგ, როდესაც ნიჟარაძეს თანხა გადაეცა, გახლდათ 1 600 000 ლარი. 7 თებერვალს, მას შემდეგ, რაც მოხდა წილის ნასყიდობა, 2011 წლის აპრილის ბოლოს, ნიჟარაძეს გადაეცა მილიონი აშშ დოლარი, რაც სადავო არ არის. სადავო სხვა რამეა _ ნიჟარაძე ამბობს, რომ ეს თანხა მაინც მეკუთვნოდა და გადმომეცა, ეს იყო ჩემი დივიდენდიო, ხოლო „სტეილორდის“ მხარე ამბობს, რომ ეს თანხა რეალურად არ არსებობდა და მის მიერ მოხდა მოზიდვა, უბრალოდ, ეს იყო გაწერლი თანხა და სხვა არაფერი, მაგრამ, ყველა შემთხვევაში, აქ იძულება გამორიცხულია. მგონი, არავის სმენია, რომ ვინმესთვის მომხდარიყოს რაიმეს წართმევა და შემდეგ ამ წილის გადაფორმებიდან „წამრთმევი“ აძლევდეს დაჩაგრულ პირს მილიონ დოლარს. ეს გარემოება მთლიანად ცხადყოფს იმას, რომ არავითარი იძულება არ მომხდარა. ამის დამადასტურებელი დოკუმენტებიც არსებობს და აგერ, წარმოგიდგენთ გადარიცხვის ფურცლებსაც.

აქვე უნდა ითქვას, რომ 2011 წლის 7 თებერვლის ხელშეკრულების გასაფორმებლად სანოტარო მოქმედებათა შესრულებისთვის საზღაურმა შეადგინა 356 ლარი, რაც კიდევ ერთხელ გამორიცხავს იმ გარემოებას, რომ თამაზ ნიჟარაძის კუთვნილი წილი გაიყიდა 1050 ლარად. იმ შემთხვევაში, თუ ხელშეკრულების ფასი იქნებოდა 1050 ლარი, „სანოტარო მოქმედებათა შესრულებისთვის საზღაურის შესახებ“ კანონის თანახმად, სანოტარო ღირებულებას უნდა შეედგინა არაუმეტეს 29 ლარი. 2011 წლის 9 თებერვალს „სტეინლორდ ენტერფრაიზის ელ-ელ-ფი“ სამეწარმეო რეესტრში დარეგისტრირდა, როგორც შპს „მეტალექსის“ 52,2% წილის მესაკუთრე. საგადასახადო აუდიტორული ბიურო „საბის“ 2011 წლის 10 აპრილის დასკვნის თანახმად, 2011 წლის 1-ლი თებერვლის მდგომარეობით, შპს „მეტალექსში“ გაუნაწილებელი მოგება განისაზღვრა 3 210 467 ლარით. გაუნაწილებელი მოგების ოდენობა დადგინდა „სტეინლორდ ენტერფრაიზის ელ-ელ-ფის“ ძალისხმევის შედეგად, რომლის გარეშეც, პრაქტიკულად, შეუძლებელი იქნებოდა საწარმოს ფინანსური მდგომარეობის შეფასება და, შესაბამისად, გაუნაწილებელი მოგების დადგენა. ხაზი უნდა გაესვას იმ გარემოებასაც, რომ პარტნიორებისთვის გასანაწილებელი თანხის მობილიზაცია ასევე მოხდა მხოლოდ „სტეინლორდ ენტერფრაიზის ელ-ელ-ფის“ ძალისხმევის შედეგად.

შპს „მეტალექსის“ 2011 წლის 28 აპრილის პარტნიორთა კრებაზე მიიღეს გადაწყვეტილება საწარმოს 2011 წლის 31 იანვრის მდგომარეობით დივიდენდის განაწილების შესახებ. კრებას, სხვა პარტნიორებთან ერთად, ესწრებოდა კომპანიის 52,5% წილის მფლობელი „სტეინლორდ ენტერფრაიზის ელ-ელ-ფის“ წარმომადგენელი. კრების ოქმში აღინიშნა, რომ შპს „მეტალექსის“ მოგებამ 2011 წლის 31 იანვრის ჩათვლით შეადგინა 3 210 467 ლარი. ოქმის დანართში კომპანიის 52,5% წილის მესაკუთრედ მითითებულია „სტეინლორდ ენტერფრაიზის ელ-ელ-ფი“, რომლის მიმართაც ხელზე გასაცემმა თანხამ შეადგინა 1 601 220,42 ლარი. იმავე ოქმში აღნიშნულია, რომ თანხა უნდა გაიცეს თამაზ ნიჟარაძეზე. ცხადია, რომ „სტეინლორდ ენტერფრაიზის ელ-ელ-ფის“ წარმომადგენლის თანხმობის გარეშე თამაზ ნიჟარაძეზე ზემოთ მითითებული 1 601 220,42 ლარი არ გაიცემოდა.

_ რა გამოდის, ბიზნესმენმა წილი გაყიდა, თანხა მიიღო, ახლა ამბობს, ძალის გამოყენებით წამართვეს და დამიბრუნეთო?

_ საქმეში არსებული მტკიცებულებებით დადასტურებულია, რომ 2011 წლის 29 აპრილს თამაზ ნიჟარაძისთვის გადარიცხულია 300 000 ლარი; მასვე გადაეცა 1 601 220,42 ლარი, რომელიც გაიტანა შპს „მეტალექსის“ სალაროდან. 2011 წლის 7 სექტემბერს შპს „ტრანსფორდმა“  „სტეინლორდ ენტერფრაიზის ელ-ელ-ფისგან“ შეიძინა 52,2% წილი შპს `მეტალექს ტრანსში~ 1 050 000 აშშ დოლარად, რაც გახლავთ 1 746 150 ლარი. აღნიშნული გარემოება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ შპს „მეტალექსის“ 52,2% წილის საბაზრო ღირებულება მერყეობდა 1 000 000 აშშ დოლარიდან 1 050 000 აშშ დოლარის ფარგლებში. ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, „სტეინლორდ ენტერფრაიზის ელ-ელ-ფსა“ და თამაზ ნიჟარაძეს შორის 2011 წლის 7 თებერვალს დადებული ხელშეკრულება წარმოადგენდა კანონის მოთხოვნათა დაცვით დადებულ გარიგებას.

შემდგომში ხდება ისე, რომ წილი, ფაქტობრივად, სხვისდება, ანუ იქმნება შპს „მეტალექს ტრანსი“. გარდა „სტეინლორდისა“ მას ჰყავს 10-ზე მეტი პარტნიორი  „მეტალექსში“. ეს გახლავთ კომპანია, რომელსაც ფოთის პორტთან ჰქონდა დადებული ხელშკრულება ნაყარი ტვირთების გადაზიდვის თაობაზე. ასე ვთქვათ, ამ კომპანიაში ეს ხელშეკრულება იყო ღირებული. შემდეგ უქმდება კომპანია „მეტალექს ტრანსი“ იგივე დამფუძნებლების მიერ, იწვევენ პარტნიორთა კრებას, რომელიც იღებს გადაწყვეტილებას, რომ „მეტალექს ტრანსი“ ჩაენაცვლოს „მეტალექსს“ ფოთის პორტთან დადებულ ხელშეკრულებაში. შემდეგ ფოთის პორტთან სამმხრივი ხელშეკრულება ფორმდება _ „მეტალექსი“, „მეტალექს ტრანსი“, ფოთის პორტი. შემდეგ `მეტალექს ტრანსის~ 52,5% 1 50 000 აშშ დოლარად შეიძინა კომპანია „ტრანსპორტმა“ 2011 წლის 7 სექტემბერს. აქ ხდება ასეთი რამ: ბატონ ნიჟარაძეს არ გაუსაჩივრებია არც პარტნიორთა კრების ოქმი, როცა ფოთის პორტთან „მეტალექსი“ ჩაენაცვლა, არც „ტრანსპორტთან“ დადებული „სტეილორდის“ ხელშეკრულება, ეს ყველაფერი დარჩა დავის გარეთ. 2012 წლის დეკემბერში თამაზ ნიჟარაძემ სამოქალაქო წესით მიმართა სასამართლოს. მოითხოვა, რომ ეს ხელშეკრულებები ყოფილიყო ბათილად ცნობილი და მისთვის ანაზღაურებულიყო ზიანი. პარალელურად შეუტანია საჩივარი პროკურატურაში. სასამართლოში აღმოჩნდა, რომ ბატონ ნიჟარაძეს არ გააჩნია არავითარი მტკიცებულება. საჩივარში ამბობდა, რომ თურმე დავით კეზერაშვილმა მასზე განახორციელა ზემოქმედება 2010 წლის ზაფხულში, 4 დღის განმავლობაში და მას დაათმობინეს წილი სხვადასხვა კომპანიაში, მაგრამ ფაქტობრივი გარემოებები და ნიჟარაძის პოზიცია ერთმანეთთან აცდენილია, კონკრეტულად „მეტალექსთან“ მიმართებით.

როგორც გითხარით, 2011 წლის თებერვალში იდება ხელშეკრულება, ნიჟარაძე იღებს მილიონი აშშ დოლარის ეკვივალენტს ლარში, არავითარი კავშირი იმისა, რომ „სტეილორდის“, „ტრანსპორტის“, ან ნებისმიერი სხვა კომპანიის ინტერესები ემთხვეოდა, ან ელემენტარულად არსებობდა თუ არა კონტაქტი კეზერაშვილსა და ამ ადამიანებს შორის, ვერ წარმოადგინა ნიჟარაძემ. ვერც ის ახსნა, რატომ უნდა ყოფილოყო აქ კეზერაშვილი და რა სარგებელი შეიძლებოდა მიეღო ამ ყველაფრიდან? ფაქტობრივად, აღმოჩნდა, რომ ის იყო მტკიცებულებების გარეშე. სასამართლომ არ დააკმაყოფილა ნიჟარაძის მოთხოვნა იმის თაობაზე, რომ ის იყო იძულებით დადებული გარიგება და მიიჩნია, რომ თანხა გახლდათ გადახდილი, ასე ვთქვათ, საბაზრო ფასზე გაცილებით ნაკლები. აქედან გამომდინარე, ბათილად ცნო 2011 წლის 7 თებერვლის ხელშეკრულება და სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც გამოვიდა 2015 წლის იანვარში, გასაჩივრდა როგორც „მეტალექსისა“ და „სტეილორდის“, ისე ნიჟარაძის მიერ. „მეტალექსი“ და „სტეილორდი“ ამტკიცებენ, რომ აქ არავითარ შემთხვევაში არ შეიძლებოდა ყოფილიყო ამორალური გარიგება, ვინაიდან ასეთი ტიპის გარიგება შედგება ორი კომპონენტისაგან: ერთი არის ის, რომ პირი უნდა იყოს უმწეო მდგომარეობაში, ან გამოუცდელი და ამის შესახებ უნდა იცოდეს მეორე პირმა და უნდა სარგებლობდეს ამით. ამავე დროს ფასი უნდა იყოს შეუსაბამო საბაზროსთან შედარებით. თუ ამ ორი კომპონენტიდან ერთ-ერთი არ გვაქვს სახეზე, ასეთ შემთხვევაში, შეუძლებელია არსებობდეს ამორალური გარიგება. როდესაც სასამართლომ მიიჩნია ის, რომ არ არსებობდა იძულება, მან, ფაქტობრივად, მთლიანად გამორიცხა ამორალური გარიგება. ცხადია, არც ფულადი მოთხოვნა დაუკმაყოფილა სასამართლომ. როგორც ჩანს, ხვდებიან, რომ მათი პოზიცია სასამართლოში ძალიან სუსტია და, როგორც ვხედავ, გადაწყვიტეს, პროკურატურა დაიხმარონ. პროკურატურამ რამდენიმე დღის წინათ გააკეთა განცხადება, სადაც აღნიშნა, რომ ეს არის თითქოს კეზერაშვილის მხრიდან განხორციელებული იძულების შედეგი, წილის ნასყიდობის ხელშეკრულება დაიდო, რაც დაბეჯითებით შემიძლია ვთქვა, რომ არასწორია, არ ეფუძნება არც ერთ მტკიცებულებას, არ არსებობს არც ერთი მოწმე, არც ერთი წერილობითი დოკუმენტი, ჩანაწერი იმის დასამტკიცებლად, რომ ეს იძულება ნამდვილად მოხდა კეზერაშვილთან შეთანხმების შედეგად. ეს არის სახეზე!

გარდა ამისა, კომპანია „ტრანსპორტი“, რომლის ხელშიც არის 52,5% წილი, დააფუძნა ამერიკულმა კომპანია „პეისმა“. პროკურატურის მხრიდან ასეთი დაუსაბუთებელი განცხადება არა მხოლოდ კონკრეტულ ბიზნესს აყენებს ზიანს, არამედ, ზოგადად, ინვესტიციების, განსაკუთრებით კი ამერიკული ინვესტიციების შემოდინებას საქართველოში. როგორც აღმოჩნდა, არც ერთი ადამიანი ამ მხრიდან არ დაკითხულა, ამ განცხადებიდან ერთი დღით ადრე დაიბარეს პროკურატურაში „სტეილორდის“ დამფუძნებელი, გიორგი ქართველიშვილი, იგი დაიკითხა მოწმის სახით და ორი დღის შემდეგ გაკეთდა განცხადება, რომ თითქოს კეზერაშვილის მეშვეობით გადავიდა „სტეილორდის“ საკუთრებაში 52,5%, ნიჟარაძის კუთვნილი წილი შპს „მეტალექსში“.

_ თქვენი სიტყვები რომ გავიმეორო, პროკურატურის ასეთი უპასუხისმგებლო განცხადება რას უნდა ეფუძნებოდეს? შეგიძლიათ თქვათ, ვინ დგას ამ ყველაფრის უკან?

_ რა თქმა უნდა, ამის უკან დგას გარკვეული ფინანსური ინტერესები, მაგრამ ვის აქვს ეს ინტერესი, როგორც ჩანს, ამას მალე დავინახავთ! შეუძლებელია, ამის უკან ფინანსური ინტერესი არ იდგეს! ნიჟარაძე თავის საჩივარში წერს, რომელიც სასამართლომ გამოითხოვა სამოქალაქო განხილვის დროს, რომ თითქოს მასთან მივიდა ირაკლი კერვალიშვილი, გადასცა კეზერაშვილის დანაბარები, რომ გადაფორმებულიყო წილი. აქ ისმის შეკითხვა, _ ხომ უნდა არსებობდეს ამ განცხადების რაიმე დამადასტურებელი დოკუმენტი, როგორ ვითარდებოდა ეს ყველაფერი, ან სატელეფონო ჩანაწერები, შემომავალი და გამავალი ზარების ნუსხა? პირიქით, ეს მოწმეები რომ დაიკითხნენ, თქვეს, რომ თვითონ ნიჟარაძე მივიდა მათთან და შესთავაზა,  წილი შეესყიდათ. თვითონ ნიჟარაძემ მოამზადა ეს პროექტი, რომელსაც რეალურად ხელი მოეწერა. როგორც გითხარით, ხელშეკრულების ხელის მოწერიდან, ანუ მას შემდეგ, რაც ეს ყველაფერი იყო უკვე `სტეილორდის~ საკუთრება, 52,5% წილი, წარმოადგენდა პარტნიორს, რომლის გადაწყვეტილების გარეშე ვერანაირი დივიდენდი ვერ გაიცემოდა. ამ გადაწყვეტილებით გადაეცა მილიონი აშშ დოლარი ნიჟარაძეს. ვფიქრობ, ამ შემთხვევაში ყველაფერი ნათელია. ვისაც სურს, რომ ეს დაინახოს, მშვენივრად დაინახავს!

როგორც ჩემთვის ცნობილია, 2013 წელს შეიტანა ნიჟარაძემ პროკურატურაში განცხადება, მაგრამ ეს განცახდება იყო, ასე ვთქვათ, უმოძრაოდ. წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ ნიჟარაძე ამტკიცებდა, რომ გამოსძალეს თანხა, ეს ადამიანები ხომ შეიძლებოდა დაკითხულიყვნენ ამ პერიოდის მანძილზე?! როგორც აღმოჩნდა, პარასკევს, როცა პროკურატურამ გააკეთა განცხადება, ორი დღით ადრე გადაეცა ეს საქმე იმ ახლად შექმნილ დეპარტამენტს, რომელიც ქონებაჩამორთმეულთა საკითხებს იძიებს და ამ დეპარტამენტმა ორ დღეში გააკეთა განცხადება. ამიტომ ეს ყველაფერი ძალიან სერიოზულ კითხვებს ბადებს, თუ ეჭვი გაქვს რომელიმე ადამიანზე, ან ადამიანთა ჯგუფზე, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, უნდა დაკითხო და უნდა გაარჩიო მტყუანი და მართალი! განცხადება კეთდება, თითქოს უკვე დადგენილია ეს ფაქტი. ე. ი. ეს იყო თანამოაზრეთა ჯგუფი, რომელიც ნიჟარაძის წინააღმდეგ წავიდა თითქოს ქონების წართმევის მიზნით. თითქოს ეს ადამიანები კეზერაშვილთან იყვნენ დაკავშირებულნი, მაშინ, როდესაც ესენი კატეგორიუულად უარყოფენ ამ ფაქტებს. არ არსებობს მტკიცებულება, რომელიც ამას დაადასტურებს. რა თქმა უნდა, ბრძოლას ვაპირებთ სამართლებრივი გზით. მათ მიაჩნიათ, რომ ეს არის ცრუ დასმენა თამაზ ნიჟარაძის მხრიდან. საქმის ერთი ნაწილი იხილება სამოქალაქო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოში; მეორე ნაწილი სისხლის სამართლის წესით. ცხადია, ორივე შემთხვევაში იქნება დაცული მათი ინტერესები. გარდა ამისა, თვითონაც აპირებენ საჩივრის შეტანას ნიჟარაძის წინააღმდეგ ცრუ დასმენასთან დაკავშირებით.

 

                                                                                                   თამარ ბატიაშვილი