თელავის ხევი თელავს წალეკვით ემუქრება?!

meorxes3

თელავის ხევის პრეისტორია

ცოტა შორიდან რომ დავიწყოთ, 1977 წელს თელავის ხევი ერთ დილას ადიდდა, ნიაღვარი და ღვარცოფი მოვარდა და ქალაქმა რამდენიმე მილიონი მანეთი იზარალა! პრაქტიკულად, დაინგრა ქალაქის ცენტრში არსებული ყველა სავაჭრო ობიექტი, განადგურდა ინფრასტრუქტურა, სახლებში შევარდნილმა წყალმა არათუ ადამიანები, ბავშვები აკვნებით წაიღო, ამას მოყვა დიდი მსხვერპლი და უდიდესი ეკონომიკური ზარალი, საბჭოთა კავშირის ყველა ქვეყნიდან სამაშველო ბრიგადები თელავის მიმართულებით გამოგზავნეს… ქალაქი პარალიზებული აღმოჩნდა…

უფრო ადრე, 1943 წელს, თელავში იგივე მოხდა…

გეოლოგებმა დასკვნა დადეს: ცივგომბორის მიმდებარე ტერიტორია ღვარცოფული მდინარეების საშიშ ზონად ცნეს, თელავისა და სოფელ ვარდისუბნის ხევის მიმდებარე ტერიტორიები წითელ ზონად გამოცხადდა.

1982 წელს ცივგომბორის მთებზე სამი უზარმაზარი დამბა აშენდა, რომელიც მოვარდნილ ღვარცოფს შეაკავებდა და მოსახლეობას სტიქიისაგან იხსნიდა.

თუმცა 1982 წლის შემედეგ არც ერთ დამცავ ჯებირს რეაბილიტაცია არ ჩატარებია, არ გაწმენდილა არც ხევი, _ დღეს ხევის სათავე და მისი დამცავი ჯებირები გაუწმენდავი და გასაახლებელია.

2014 წელს კი მუნიციპალური განვითარების ფონდმა და მაშინდელმა თელავის გამგებელმა, გივი მეტრეველმა, ერთად დაგეგმილი პროექტის ხარჯზე თელავის ხევის რეაბილიტაციის გეგმა შეიმუშავეს.

 

რეაბილიტაცია კარგია, თუ ის ფასადური არ არის!

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი მსოფლიო ბანკის დაფინანსებით ქალაქ თელავში, ქეთევან წამებულის ქუჩაზე არსებული თელავის ხევის რეაბილიტაციას ახორციელებს. სამუშაოების ღირებულება მილიონ ლარზე მეტია.

თელავში არსებული ქეთევან წამებულის ხევი დაზიანებულია და წყლის მოდინების შედეგად ირეცხება, რაც მიმდებარე ტერიტორიაზე საცხოვრებელ სახლებს, სავაჭრო ობიექტებსა და საავტომობილო გზას საფრთხეს უქმნის. ხევი ქალაქის ცენტრშია, პროექტი კი ხევის ნაწილობრივ რეაბილიტაციას ითვალისწინებს, რის შედეგადაც საფრთხე, რომელიც თელავს ცივგომბორიდან მოვარდნილი ხღვარცოფით ემუქრება, ვერ აღმოიფხვრება.

სამუშაოების ფარგლებში განხორციელდება 810-მეტრიანი სიგრძის არხის რეაბილიტაცია, მისი პარაპეტები (ხიდის, ან სახლის სახურავის გასწვრივ გაკეთებული მოაჯირები, _ რედ.) ბეტონით ამაღლდება, არსებული დაზიანებული კომუნიკაციები კი ახლით შეიცვლება. არხი ქართული აგურით სრულად მოპირკეთდება, მოეწყობა ორი ახალი ხიდი, მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ტროტუარებზე კი გაკეთდება გამწვანების ზოლი და გარე განათება.

საქართველომ მსოფლიო ბანკისგან (თჰე ჭორლდ Bანკ) მიიღო დაფინანსება რეგიონული განვითარების პროექტის განსახორციელებლად. განზრახულია ამ სახსრების ნაწილი გამოიყენონ კონტრაქტით გათვალისწინებული გადახდებისთვის. ქ. თელავში ქეთევან წამებულის ქუჩაზე არსებული თელავის ხევის რეაბილიტაციის პროექტით გათვალისწინებულია: ქ. თელავის ცენტრში, ჭავაჭავაძის გამზირიდან სამხრეთით, ერეკლე II-ის გამზირამდე მონაკვეთში მდინარე თელავის ხევის მარცხენა და მარჯვენა სანაპიროების რეკონსტრუქცია-კეთილმოწყობა, იორდანის წყაროზე მცირე არქიტექტურული ფორმის მშენებლობა და ორი საფეხმავლო ხიდის მოწყობა არსებული ერთი ხიდის ნაცვლად. პროექტში გათვალისწინებულია თელავის ხევის კალაპოტის 810 მ სიგრძის მონაკვეთის სრული რეაბილიტაცია, დაწყებული ჭავჭავაძის გამზირიდან, ბახტრიონისა და გოგებაშვილის ქუჩების გადაკვეთამდე. გათვალისწინებულია თელავის ხევის კალაპოტში არსებული საინჟინრო კომუნიკაციებისა და მილსადენების დემონტაჟი, ძველი ასფალტის საფრისა და ბორდიურების დემონტაჟი. ორივე სანაპიროს ტერიტორიაზე გათვალისწინებულია ავტომატური მორწყვის სისტემების მოწყობა, ტერიტორიის გამწვანება და გარეგანათების დამონტაჟება, _ გვამცნობს სიახლეებს მუნიციპალური განვითარების ფონდი.

ხევის ფსკერი დაიფარება რკინაბეტონით, რესტავრაცია ჩაუტარდება გვერდულებსა და კედლებს. მოაჯირები მოეწყობა ხევის ორივე მხარეს. პროექტი 1 108 915 ლარით ფინანსდება.

წითელ ზონად გამოცხადებული ცივგომბორის მიმდებარე ტერიტორია, მასზე განთავსებული ღვარცოფული მდინარეების გაწმენდა არც ერთ პროექტში არ არის ნახსენები… ქალაქში, ჯერ კიდევ, 2014 წლიდან დაიწყო დავა საკითხზე, რომ ხევი კი არ უნდა გალამაზებულიყო, არამედ ხევის სათავე ნაგებობები უნდა გაწმენდილიყო, მაგრამ ხელისუფლებამ ხალხის რჩევის ნაცვლად ხევის თვალსაჩინო ადგილზე ფასადურად გალამაზება მოიწადინა.

2012 წლის თელავის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელს, ზურაბ ყურაშვილს, კორუფციაში ადანაშაულებდენ. საქმე ეხებოდა თელავში, ვარდოშვილის ქუჩაზე 1376 კვ.მ მიწის გასხვისებას. მიწა ხევის შიდა და ნაპირ ტერიტორიებს მოიცავდა. 2012 წლის დეკემბერში თელავის მუნიციპალიტეტმა 1 კვ.მ მიწის ნაკვეთი ქალაქის ცენტრში 73 ლარად გაყიდა, 1 თვეში კი მესაკუთრეებმა 1 კვ.მ 200 აშშ დოლარად გაასხვისეს.

„ახალი მემარჯვენეების“ თელავის ორგანიზაციის ხელმძღვანელი, ნიკა ვარდოშვილი აცხადებდა, რომ მიწის იაფად და კანონდარღვევით გაყიდვა გამგებლის ინტერესებს უკავშირდებოდა: „ეს მიწა აუქციონზე 4 ლოტად გაიტანეს და თითოეულ ლოტზე მხოლოდ თითო მსურველი გამოჩნდა, არანაირი კონკურსი არ ყოფილა, რაც ეჭვს ბადებს, რადგან ეს კომერციულად ძალიან პერსპექტიული ადგილია. სულ 1 376 კვ.მ გაიყიდა, თითოეული კვ.მ 73 ლარად. 1 თვეში მფლობელებმა ეს ფართი გაყიდეს, თითოეული კვ.მ 200 დოლარად. სახელმწიფომ 353 000 ლარი იზარალა.

თუ ღვარცოფი მოვარდა, ხევში 28-მდე აშენებულ უზარმაზარ სავაჭრო ობიექტს წალეკვით ემუქრება, ხოლო ადიდების შემთხვევაში კი ქალაქის ცენტრალურ ნაწილს სასიცოცხლო ფუნქციას დაუკრგავს“.

განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს თელავის ხევის სტატუსს.

საკრებულოს დეპუტატ ნიკოლოზ ვარდოშვილის განცხადებით: „თელავის ხევს აქვს მდინარის სტატუსი და მდინარის ნაპირზე მშენებლობა აკრძალულია. ამის უკან დგას ხელისუფლება. აღნიშნულ საკითხზე დუმილს ამჯობინებს ასევე ზურაბ ყურაშვილის შემდგომი გამგებელი,   გივი მეტრეველიც, რომლის დროსაც უკვე ხევის ფასადური რეაბილიტაცია და მილიონობით ლარის დახარჯვა დაიგეგმა. თუმცა ღმერთმა არ ქნას, ღვარცოფმა ვერის ხეობის მსგავსად ზედა დანგრეული დამბები გამოიყვანოს მდგომარეობიდან და ქალაქი წალეკოს… ვისი პასუხისმგებლობის საკითხი დადგება, დიდი გამოსაცნობი არ არის. დღეს თელავის ყოფილი გამგებლები სხვა ადგილებზე მსახურობენ. მეტრეველი გუბერნატორის მოადგილეა, ხოლო ყურაშვილი წყალმომარაგების კომპანიაში ერთ-ერთი დეპარტამენტის უფროსად გვევლინება“.

აღსანიშნავია, რომ ზურაბ ყურაშვილს ახლო ურთიერთობა აქვს პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის ძმასთან, ადიკო ივანიშვილთან, რომელსაც კომპანია „გლობალ TV“ ეკუთვნის. ყურაშვილი თელავის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლად დანიშვნამდე სწორედ ამ კომპანიის დირექტორად მუშაობდა, ხოლო გივი მეტრეველი კი დავით მაღრაძის მეგობარია. მისი გავლენით კახეთის ვიცე-გუბერნატორის თანამდებობაზე მუშაობს.

რაც შეეხება თელავსა და მის ხევს, ეგ მხოლოდ მოსახლეობას ადარდებს. რატომ იხარჯება მილიონზე მეტი მხოლოდ ფასადისთვის, გაურკვეველია. მშენებლობას ე. წ. ვეშაპად მონათლული ცნობილი სამშენებლო კომპანია „სერპანტინი“ ახორციელებს!“

 

P.S. ლირიკული გადახვევა: მას მერე, რაც სერპანტინზე „ქრონიკა+“-მა და „ფრეშნიუსმა“ სპეციალური რეპორტაჟები მოამზადა, „სერპანტინის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ხმა გაავრცელა, რომ „სერპანტინი“ იყიდება და მას მალე უცხოელი ინვესტორები შეიძენენ.

 

                                                                                                        მაკა მოსიაშვილი