ინტერვიუ ქართველ მასონთან – სულ მალე საქართველოში „მასონური ლოჟა“ შეიქმნება?!

sami

იცით, ქართველი მასონები რომ არსებობენ და საქართველოში მასონური ლოჟებიც რომ გვაქვს? დარწმუნებული ვარ, ბევრმა თქვენგანმა არაფერი იცის ამის შესახებ. ისევე, როგორც უმეტესობას საკმაოდ ბუნდოვანი წარმოდგენა აქვს, ზოგადად, მასონებზე. „მასონები მართავენ მსოფლიოს, მასონები ებრძვიან პატარა ერებს, მასონები სატანისტები არიან, რომლებიც ანგრევენ სარწმუნოებას, მასონები გეგმავენ შეთქმულებებს და ხელისუფლებაში მოჰყავთ თავიანთი ხალხი, მასონები აწყობენ სისხლიან რიტუალებს და მსხვერპლშეწირვებს“… ეს ყველაფერი კლიშეა, რომელსაც, სინამდვილეში, რეალობასთან არაფერი აქვს საერთო.

რეალობა კი გაცილებით სხვანაირია. ნაკლებად მისტიკური და შეთქმულების თეორიებისგან თავისუფალი. სხვათა შორის, ბოლო დროს ქართველი მასონები სოციალურ ქსელებში საკმაოდ აქტიურობენ. აქ შეიძლება, ასე თუ ისე, წარმოდგენა შეგექმნათ მათ შესახებ. სწორედ სოციალური ქსელების საშუალებით გავიცანი ჩემი მასონი რესპონდენტი, რომელიც მასონობასთან დაკავშირებულ ბევრ საინტერესო თემაზე მესაუბრება. მას გიორგი ჰქვია. მთხოვა, რომ გვარი არ დავაფიქსირო. მის თხოვნას ვასრულებ. ჯერ ერთი, სიტყვა სიტყვაა. რომც მინდოდეს სიტყვის გატეხა, მაინც ვერ დავასახელებ _ არც მიკითხავს, რა გვარია. ვიცოდი, არ მეტყოდა. ეს კი ნიშნავს, რომ მაინც არის ისეთი რამ, რის შენახვასაც მასონები საიდუმლოდ ამჯობინებენ.

ერთი სიტყვით, „ქრონიკა+“ გთავაზობთ ინტერვიუს ქართველ მასონთან, რომელსაც შეკითხვები წერილობით დავუსვი, რის გამოც კითხვებში ჩაღრმავება და დეტალებში ჩაკირკიტება ვერ მოხერხდა. თუმცა, ვფიქრობ, დასაწყისისთვის ასეც საინტერესო გამოვიდა:

_ ბატონო გიორგი, სანამ ვისაუბრებთ, თუ რას ნიშნავს ქართველი მასონი, ზოგადად, მასონური მოძღვრების შესახებ მოკლედ ვუამბოთ მკითხველს.

_ პირველ რიგში, ჩვენი საძმოს სახელით მინდა მწუხარება გამოვთქვა ამ რამდენიმე დღის წინათ თბილისში დატრიალებული ტრაგედიის გამო. რაც შეეხება შეკითხვას, თქვენი ნებართვით, ამ კითხვას კორექტირებას გავუკეთებ და ტერმინ მასონურ მოძღვრებას მასონური ფილოსოფიით შევცვლი. ძალიან მოკლედ რომ გითხრათ, მასონური ფილოსოფია უზრუნველყოფს, „აქციოს კარგი ადამიანი უკეთესად“. განვიხილოთ, ვინ ხვდება მასონურ ლოჟაში და მიხვდებით, რასაც ვგულისხმობ. იმისათვის, რომ აქ მოხვდე, ორი რამ არის საჭირო: კანდიდატი გარდა იმისა, რომ უნდა იყოს 21 წლის ზევით, უნდა აკმაყოფილებდეს ლოჟაში მოხვედრის ისეთ კრიტერიუმებს: უნდა იყოს დადებითი პიროვნება, უმწიკვლო რეპუტაციის, გაწონასწორებული, ზრდილობიანი, რწმენის უნარით დაჯილდოებული, გულწრფელი, აუცილებლად უნდა შეეძლოს სიყვარულის გაცემა, მიტევება, უნდა იყოს ფინანსურად დამოუკიდებელი, არ უნდა გააჩნდეს დიდი ფინანსური ვალდებულებანი და სხვა. მეორე პირობა კი არის სურვილი, გახდეს საძმოს წევრი. მაგრამ იმისათვის, რომ ადამიანს გაუჩნდეს სურვილი, გახდეს საძმოს წევრი, სადაც მას გაუმჯობესებას სთავაზობენ, მინიმუმ, უნდა გაათვითცნობიეროს საკუთარი ნაკლოვანებები, შემდეგ კი მათი აღმოფხვრის სურვილი გაუჩნდეს.

ამ ყველაფრიდან გამომდინარე ნათელია, რომ მასონური ფილოსოფია დაფუძნებულია ადამიანის სრულ თავისუფლებაზე. აქედან გამომდინარე ყველა მასონი ინდივიდუალურად მუშაობს საკუთარი ქვის გათლაზე.

_ სწორედ თავისუფალი ქვისმთლელებია მასონების მეორე სახელი?

_ მასონობა არის ორდენი, სადაც მკაცრად გაწერილი წესები და სუბორდინაცია მოქმედებს. ეს სუბორდინაციისა და ორდენის მართვის უნიკალური მოდელია: „ის, ვინც არის ზევით, მოექცევა ქვევით; ის, ვინც არის ქვევით, მოექცევა ზევით“. თავისუფალი ქვისმთლელობის, ანუ მასონობის ერთი სრულიად ჩამოყალიბებული ცნება, რომელსაც ყველა ერთხმად ეთანხმება, არ არსებობს. ზოგიერთისთვის ეს საძმოა, სადაც შეიძლება ბევრი მეგობარი შეიძინო, ზოგიერთისთვის კი მეტი შესაძლებლობები საზოგადოების განვითარებაში წვილილის შესატანად. ბევრისთვის, უბრალოდ, ჰობია… მაგრამ ყველა ერთხმად თანხმდება, რომ მასონობა არის უძველესი და უდიდესი არარელიგიური, არაპოლიტიკური, ძმური ჯაჭვით გაერთიანებული საძმო და საქველმოქმედო ორდენი.

_ სუბორდინაცია ახსენეთ და სპეციალური ლიტერატურის მიხედვით საკმაოდ რთული წყობა გაქვთ. 

_ რას ეძახით რთულს? მასონობა ესაა მამაკაცების საზოგადოება, რომლებსაც აერთიანებთ მორალური და სულიერი ფასეულობები. იგი მის წევრებს უნერგავს ცხოვრებისადმი მორალურ-ეთიკურ მიდგომას და ემყარება პატიოსნებას, სიკეთესა და სამართლიანობას… მაგრამ ყველაზე მთავარი ისაა, რომ მასონობა ასწავლის დამიანებზე ზრუნვასა და გაჭირვებულთა დახმარებას. ამასთანავე, მასონობა ეს მსოფლიო ორდენია და მისი წევრი შეიძლება იყოს ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქე, რომელსაც სჯერა ღმერთის, სულის უკვდავებისა და მსოფლიო ძმობის! ორდენში გაწევრიანებისას იდება ფიცი იმ წმინდა წიგნზე, რომლისაც სწამს! ქრისტიანისთვის ესაა ბიბლია, მუსლიმანისთვის _ ყურანი, ებრაელისთვის _ თორა და ასე შემდეგ!

მასონობა საძმოს ყველა წევრს ავალდებულებს, პატივი სცენ ერთმანეთის აზრსა და რწმენას. ძმებს ეკრძალებათ ნებისმიერი დისკუსია დაპირისპირების გამომწვევ პოლიტიკურ და რელიგიურ საკითხებზე. საძმო თავის თავს მიიჩნევს ძმური ერთობის, ტოლერანტობისა და ურთიერთგაგების ცენტრად, იმ ადამიანთა ნაყოფიერი ჰარმონიის უცვლელ ცენტრად, რომელთა შორისაც საძმოს გარეშე ქიშპობა და განხეთქილება შეიძლება წარმოიშვას.

განხეთქილება კი არა, მასონები იღებენ ვალდებულებას, დაეხმარონ და დაიცვან ერთმანეთი, თუნდაც საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად. ისინი ნებისმიერ პირობებში ინარჩუნებენ სიმშვიდესა და წონასწორობას, რომელიც საჭიროა საკუთარი თავის სრულად მართვისთვის.

_ რას ნიშნავს საქართველო და მასონური მოძრაობა? ქართველი და მასონი? როდიდან ჩამოყალიბდა მასონური ლოჟა საქართველოში? რამდენი ხართ და რა მიზნები გამოძრავებთ?

_ ტერმინ მოძრაობის შეცვლა აქაც მოგვიწევს ფილოსოფიით, რადგან მოძრაობა არის ადამიანების ჯგუფის გაერთიანება გარკვეული მიზნების ირგვლივ. ჩვენს შემთხვევაში კი არც მსოფლიო მასონობას და არც ქართულ მასონობას არ გააჩნია არანაირი მიზანი. როგორც მოგახსენეთ, მასონობა არის ფილოსოფია, სადაც ადამიანებს შეუძლიათ საკუთარ თავზე მუშაობა. იმისათვის, რომ მასონურ ფილოსოფიას ეზიარო, უნდა გაწევრიანდე ლოჟაში. რადგან საქართველოში ადრე ლოჟები არ ფუნქციონირებდა, ის ქართველები, რომლებსაც სურვილი გამოთქვეს და დააკმაყოფილეს კრიტერიუმები, გაწევრიანდნენ სხვა ქვეყნის ლოჟებში, ხოლო 2010 წლიდან ამის გაკეთება უკვე საქართველოშიც შესაძლებელია. სხვათა შორის, საქართველოს ისტორიაში ძალიან ბევრი გაუხმაურებელი და, ჯერ კიდევ, საფუძვლიანად შეუსწავლელი საკითხია და ერთ-ერთი ასეთი საკითხი ეხება ქართველ მასონებსა და ქართულ საიდუმლო საზოგადოებებს. ამ დროისთვის ეს თემა ფუნდამენტურად არავის გამოუკვლევია. დღეის მდგომარეობით ლეგიტიმური, აღიარებული, რეგულარული ლოჟები საქართველოს ტერიტორიაზე არსებობენ, რომლებიც იმყოფებიან საზღვარგარეთის ქვეყნების დიადი ლოჟების იურისდიქციის ქვეშ. ამავდროულად, აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა საქართველოს დიადი ლოჟის შექმნაზე. რაც შეეხება ქართველ მასონთა რაოდენობას, არ მიმაჩნია კორექტულად ღირსეული ადამიანების გადათვლა, რადგან ისინი გაცილებით მეტნი არიან, უბრალოდ, ჩვენამდე ჯერ არ მოსულან.

 

_ არსებობს შეხედულება, რომ მასონები მართავენ მსოფლიოში მიმდინარე პროცესებს. სახელდებიან ცნობილი მასონებიც _ ამერიკის პრეზიდენტები, ბრიტანეთის პირველი პირები, ცნობილი ოლიგარქები, მაგალითად, როკფელერი, როტშილდი და ა. შ. საქართველოდან თუ არიან ცნობილი სახეები და ვინ? ან თუკი ყველაფერი რიგზეა, რატომ არის გასაიდუმლოებული თქვენი არსებობა?

_ მასონთა ლოჟის წევრები იყვნენ საკმაოდ დადებითი პიროვნებები, რომლებიც მართავდნენ ქვეყნებს. იყვნენ სასულიერო პირებიც, მეწარმეებიც, რომელთაც ჰქონდათ უდიდესი საწარმოები, იყვნენ მხედართმთავრები, ნაღები საზოგადოება, მეცნიერები, რომლებმაც მოახდინეს უდიდეს გარდატეხები მსოფლიო განვითარების პროცესებზე, მათ გაიკვლიეს გზა სოციალური და მეცნიერული განვითარებისკენ. თუ დაუკვირდებით, ქვეყნები, სადაც მასონობა მაღალ საფეხურზეა _ განვითარების მწვერვალებისკენ მიისწრაფიან, ეს თვალნათლივ შეიძლება ვნახოთ დასავლეთ ევროპისა და ამერიკის შეერთებული შტატების მაგალითზე! როგორც მოგახსენეთ, ეს იმით არის განპირობებული, რომ თავის რიგებში მასონები ღებულობენ მხოლოდ კეთილი ზნეობისა და უმწიკვლო რეპუტაციის ადამიანებს, რომლებიც ლოიალურად არიან განწყობილნი საერო ხელისუფლებისადმი. ისინი არიან კეთილგონიერნი, ღირსეულნი და ყველანაირად იმსახურებენ უფლებას, იწოდებოდნენ ძმებად, რომელთაც სწამთ ადამიანის ამაღლებული დანიშნულებისა და მარადისობის უსაზღვრო ძალისა.

_ მაგრამ ისინი თავს ახვევენ დანარჩენ მსოფლიოს საკუთარ იდეებს. კაცი წესიერი და პატიოსანი რომ უნდა იყო, ეს ქრისტიანული, თუნდაც, ზოგადად, რელიგიური ანა-ბანაა და რომელიმე ორდენში გაწევრიანება არ სჭირდება.

_ მასონობას შევხედოთ მასონის თვალით. რა არის მასონობა მასონისთვის? ეს არის დამატებითი საყვარელი „საქმიანობა“, როგორიცაა, მაგალითად, ჭადრაკი. მასონი შეიძლება იყოს ნებისმიერი პროფესიის მამაკაცი, მათ შორის, პოლიტიკოსი და ქვეყნის ლიდერიც, ასევე როგორც მოჭადრაკე, ან ჭადრაკის მოყვარული. ასეთები მრავლად არიან ჩვენს საზოგადოებაში. თუ ჭადრაკის მოყვარულთაგან ვიღაც გახდება წარმატებული ქვეყნის პრეზიდენტი, ბიზნესმენი, ან ოლიგარქი, ეს იმას ხომ არ ნიშნავს, რომ ჭადრაკის მოყვარულები მართავენ მსოფლიოს? მასონები ნამდვილად არ მართავენ მსოფლიოს, ეს შეხედულება მცდარია. ხოლო რადგანაც არ მართავენ, შესაბამისად, არც თავზე ახვევენ დანარჩენს თავიანთ წესებს. რაც შეეხება ცნობილ სახეებს, თქვენ თუ გულისხმობთ მოქმედ, ან ყოფილ მთავრობის წევრებს, ისინი ჩვენს რიგებში არ არიან, ყველას აქვს გარკვეული სანაცნობო წრე, ზოგს _ დიდი, ზოგს _ ნაკლები.

_ მაგალითად სააკაშვილზე ბევრს უთქვამს, მასონია და ამერიკელი მასონების ინტერესებს ახორციელებს საქართველოშიო. ზოგი კიდევ ივანიშვილისკენ იშვერს თითს, _ მასონი რომ არ ყოფილიყო, იმდენ ფულს როგორ იშოვიდაო?

_ რაც შეეხება ივანიშვილ-სააკაშვილის მასონობას, როგორც აღვნიშნეთ, ჩვენ, მასონები არ განვიხილავთ პოლიტიკას და არც ვერევით ამ პოლიტიკაში. თან ამ კითხვას პასუხი უკვე გავეცი _ ეს ხალხი ჩვენს რიგებში არ არის. ხოლო თუ ნაცნობები ჰყავთ, ეს უკვე სხვა საქმეა და იმას არ ნიშნავს, რომ ისინი მასონები არიან. ჩვენც ნაცნობები ვართ უკვე, მაგრამ ეს ხომ არ ნიშნავს, რომ თქვენ მასონი ხართ?

რაც შეეხება საიდუმლოებას, ზემოთ რომ მკითხეთ, უცებ მომივიდა თავში შემდეგი მაგალითი: მასონური საიდუმლოება ძალიან ჰგავს ფილმის ჩვენებას: რაც არ უნდა კარგი ფილმი გამოვიდეს, სად უფრო შთამბეჭდავი იქნება მისი ყურება, _ პლანშეტში თუ კინოთეატრში? რა თქმა უნდა, კინოთეატრში, რადგან იგი შესაბამისად არის აღჭურვილი, ასევე არის ლოჟაც.

_ არსებობს აზრი, რომ მასონების მისია რელიგიის წინააღმდეგ ბრძოლაა, რადგან საერთო რელიგიის დამკვიდრება სურთ. ბევრს მიაჩნია, რომ ისინი ანგრევენ რელიგიას.

_ ეს ასე არ არის. მეტსაც გეტყვით: მასონობაში არ განიხილება რელიგიური და პოლიტიკური საკითხები. აქ რელიგიური განხილვები და დისკუსიები წარმოუდგენელია. პირიქით, ერთ ლოჟაში სხვადასხვა რელიგიური მრწამსის წარმომადგენელი შეიძლება იყოს. აქედან გამომდინარე არა მარტო საერთო არაფერია რელიგიის წინააღმდეგ ბრძოლასთან, არამედ რელიგიური საკითხები არც კი განიხილება.

რაც შეეხება კითხვის მეორე ნაწილს, ჩვენს რიგებში მრავლად არიან თავისუფალი კალატოზები, რომლებიც მკაცრი ეკლესიური ცხოვრებით ცხოვრობენ. მათი ეკლესიური მოძღვრები არ უკრძალავენ მასონობას, რადგან კითხვაზე, _ როგორი უნდა იყოს ადამიანი? _ პასუხი იდენტურია, როგორც ქრისტიანულ რელიგიაში, ასევე მასონურ ფილოსოფიაში.

_ მადლობა ინტერვიუსთვის. იმედი მაქვს, სამომავლოდ უფრო დაწვრილებით ვისაუბრებთ ამ თემებზე.

_ მეც მადლობას მოგახსენებთ…

 

                                                                                                                 დავით დევიძე