ალექსანდრე კობაიძე: „მილიონიანი დაფინანსება აქვს სტუ-ს და სად მიდის, არავინ იცის!“

news1

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებლების პირველ სამეულში შედის. დღეისთვის ერთ-ერთი უდიდესი ინფრასტრუქტურული ბაზის მქონე უნივერსიტეტს ბევრი პრობლემა აწუხებს _ დაწყებული სასწავლო პროცესის ხარვეზებით, შენობებში არსებული გაუმართაობებით დამთავრებული.

„ქრონიკა+“ სტუ-ში არსებულ პრობლემებსა და გამოსავლის გზებზე ესაუბრება უნივერსიტეტის ყოფილ სტუდენტს, „ახლაგაზრდა უფლებადამცველთა ასოციაციის“ თავმჯდომარეს, ალექსანდრე კობაიძეს:

_ ტექნიკური უნივერსიტეტის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა სახელმძღვანელოებია, რაც, ფაქტობრივად, არ გვქონდა და მუდმივად ელექტრონული ვერსიების გადამრავლება, წვალება გვიწევდა. უმაღლესი სასწავლებლის ბიუჯეტი სწორად არ იყო განაწილებული და ესეც სასწავლო პროცესზე პირდაპირ აისახებოდა. მაგალითად, მე საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე ვსწავლობდი, სადაც ოფიციალურად ორი უცხო ენა უნდა ისწავლებოდეს. ამაზე ოთხი წლის განმავლობაში ვიბრძოდით, შედეგს მაშინაც ვერ მივაღწიეთ და, სამწუხაროდ, ამ მხრივ დღესაც სასიკეთოდ არაფერი შეცვლილა _ ორი უცხოური ენა ახლაც არ ისწავლება. პირველ კურსზე მხოლოდ ერთი უცხო ენა, ინგლისური ისწავლება და დანარჩენი არაფერია შეცვლილი. ამ ინგლისურსაც დაბალ დონეზე ასწავლიან.

ფაქტობრივად, ეს მოჩვენებითი სასწავლო პროცესია. არ ვეხები იმ ლექტორებს, რომლებიც პროფესიონალები არიან და თავიანთი საქმე ბრწყინვალედ იციან, მოტივირებული არიან, სტუდენტამდე მიიტანონ სათქმელი. სამწუხაროდ, აქაც მეორე პრობლემას ვაწყდებით, რომ ლექტორებს უნივერსიტეტში სათანადო დაფასება არ აქვთ, შესაბამის შრომის ანაზღაურებას ვერ იღებენ. თქვენ რომ ადმინისტრაციისა და ლექტორების ბიუჯეტს დააკვირდეთ, ნახავთ, რომ ოთხჯერ მეტი ხელფასი აქვთ უნივერსიტეტის ადმინისტრაციაში დასაქმებულ პიროვნებებს, რომლებიც არანაირი განსაკუთრებული კვალიფიკაციით არ გამოირჩევიან! მხოლოდ მენეჯმენტი ევალებათ და თავად შეგიძლიათ ნახოთ, დღეს ტექნიკურ უნივერსიტეტში მენეჯმენტი რა დონეზეცაა…

ამ ფონზე, თუ სტუდენტს რეალურად სწავლა სურს, აუცილებლად შეექმნება ტექნიკური პრობლემები. მოკლედ, არსებობს კონკრეტული ფაკულტეტი და აქედან ფულს შოულობს, მდიდრდება  ადმინისტრაცია, დანარჩენი კი წვალობს.

ასეთ ვითარებაში სტუდენტს დიდი გასაქანი არ აქვს. მე პირადად სტიპენდიანტი ვიყავი, იყვნენ ასევე მოტივირებული სტუდენტები და სხვადასხვა გზით ვახერხებდით ცოდნის მიღებას. ძალიან გვიჭირდა, დამატებითი სასწავლო გზები გამოგვენახა.

პირველ რიგში ყურადღება იმას უნდა მიექცეს, რომ ადმინისტრაციის ხარჯები ლექტორებზეც გადანაწილდეს, რათა მათაც მეტი მოტივაცია ჰქონდეთ სტუდენტებამდე პროფესიის მისატანად.

მილიონის დაფინანსება აქვს უნივერსიტეტს და ეს რაში იხარჯება, კაცმა არ იცის. ფაქტია, რომ ხარისხის ნაკლებობაა. კარგი იქნებოდა, რომ ამაზე ხარისხის მართვის სამსახურს ეზრუნა, მაგრამ სულაც არ აინტერესებს ეს საკითხი. განათლების მინისტრი რას საქმიანობს, ესეც გაუგებარია. ერთ-ორ პიარელემენტს ამუშავებენ და რეალურად სისტემა არ შეცვლილა.

სულ ვამბობდით, რომ უნივერსიტეტის პოლიტიზება არ შეიძლებაო. სამწუხაროდ, არათუ სტუ-მ, სხვადასხვა უნივერსიტეტის ადმინისტრაციებმა ეს ვერაფრით შეისმინეს. პრობლემა პრობლემად დარჩა და არც ვიცი ავტონომიურობის საკითხი როდის უნდა მოგვარდეს.

_ სტუ-ში სახელმძღვანელოების ნაკლებობა რომ არის და უცხო ენები სათანადოდ არ ისწავლება, ეს რამ გამოიწვია?

_ მხოლოდ იმას გვეუბნებოდნენ, რომ საკითხი მოგვარდებოდა და ყველაფერი კარგად იქნებოდა _ წელს არა, მომავალ წელს, მერე გაისად და ასე გავიდა სტუდენტობის ოთხი წელიწადი. დღესაც არ აქვთ ბავშვებს ნორმალური სასწავლო პირობები. ზოგმა მაგისტრატურაში გააგრძელა სწავლა და მათგანაც ვიცით, რომ რეალურად არაფერი შეცვლილა. ნაკლებ თანხებს დებენ, აღნიშნულ ფაკულტეტებს ფორმალურად ინარჩუნებენ, ადამიანმა რომ ოღონდ დიპლომი ხელში დაიჭიროს და თქვას, უნივერსიტეტში ესა და ეს სპეციალობა დავამთავრეო.

_ ამ სიტუაციით სტუდენტი რას იღებს?

_ ჩვენ სწავლისას ძალიან აქტიურები ვიყავით, ყველაფერს ვაკეთებდით, არაფერი დაგვეთმო და ჩვენი უფლებებისთვის გვებრძოლა. თამამად შეიძლება ითქვას, ამას ჯერ კიდევ წინა ხელისუფლებისას სიცოცხლის ფასად ვაკეთებდით, როდესაც ამის გამო ტექნიკური უნივერსიტეტიდან მოგვიტაცეს. ვინც მაშინ გაგვიტაცა, დღესაც ტექნიკურ უნივერსიტეტშია დასაქმებული. ჩვენ დღესაც ვითხოვთ, რომ ამ ადამიანების სამართლებრივი დევნა განახორციელონ, ვინც დღისით, მზისით გაგვიტაცა, მაგრამ უშედეგოა.

ამაში გამოიხატება სახელმწიფოს ნიჰილისტური მიდგომა.

_ როგორ გაგიტაცეს?

_ ეს 2012 წლის ოქტომბერში მოხდა. ახლა კონკრეტულ გვარებს აღარ დავასახელებ, არ მინდა იფიქრონ, რომ რაღაც პირადი ინტერესი მაქვს ვინმესი. ეს გააკეთა უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ და დღევანდელი რექტორი მაშინაც რექტორი იყო. ამ ადამიანმა საკუთარ თავზე მორალური პასუხისმგებლობა არ აიღო, თორემ უნდა გადამდგარიყო, რადგან უნივერსიტეტიდან მისივე სტუდენტები გაიტაცეს. საკითხი პირადი მერკანტილური ინტერესებიდან გამომდინარე გადაწყვიტა.

ადმინისტრაციასთან ერთად ამ გატაცებაში გარეულები იყვნენ ოდეერები, შინაგან საქმეთა სამინისტრო და სპეცრაზმი, ყველა იქ იმყოფებოდა. თუ არ ვცდები, ეს ხალხი მაშინ კოდუას ემორჩილებოდა.

მიზეზი ჩვენი აქტივობა, უფლებებისთვის ბრძოლა იყო. უნივერსიტეტისთვის ყველაზე პრობლემური და მტკივნეული მაინც მაღალი გადასახადებია, რის გამოც უამრავ სტუდენტს სტატუსი უჩერდება. ჩვენ სწორედ ამას ვაპროტესტებდით და დღესაც იგივეს ვიმეორებთ.

_ იმ გატაცებას დღემდე რეაგირება არ მოჰყოლია?

_ არაფერი, დაგვკითხეს და მერე გამომძიებელმა ისიც გვითხრა, რომ ზემოდან თანხმობა არ მაქვს, თორემ ამ საქმეს გავხსნიდიო.

ახალი ხელისუფლების პირობებში განხორციელდა დაკითხვები. გამტაცებლებთანაც გვქონდა პირადული საუბრები. პრეტენზიები მათთან კი არა, სისტემასთან მაქვს.

_ რაც შეეხება უნივერსიტეტის მატერიალურ-ტექნიკურ მხარეს, რა მდგომარეობაშია იგი?

_ მნიშვნელოვანია, რომ გადასახადები მატერიალური-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესებაზეც მიდიოდეს. აუდიტორიების აღჭურვილობას რაც შეეხება, იქ, მინიმუმ, ერთი მონიტორი მაინც უნდა იდგეს და თანამედროვე ტექნოლოგიები. ერთი მონიტორი დაჰქონდა მთელ კურსს და ამაზე ვაკეთებდით პრეზენტაციებს. ზოგიერთ ფაკულტეტს ეს ფუფუნებაც არ აქვს.

ტექნიკური მხარე კრიტიკას ვერ უძლებს! მერხები, მაგიდები მოძველებულია, უამრავი პრობლემაა. თამამად შეიძლება ითქვას, რომ აუდიტორიები თანამედროვე მოთხოვნებს ვერაფრით აკმაყოფილებს.

_ უნივერსიტეტის ადმინისტრაციას რამდენად გააზრებული აქვს ეს პრობლემები და მათი გამოსწორების აუცილებლობა?

_ დარწმუნებული ვარ, კარგად აქვს გააზრებული, მაგრამ თავს არ იწუხებს. ამაზე მთელი ომი გვქონდა. ჩვენი იქ ყოფნისას მცირე შედეგები მაინც იყო და ჩვენი არყოფნის პირობებში აშკარად ამოისუნთქეს. სამწუხაროდ, სტუდენტებიც ისე აღარ აქტიურობენ, როგორც ჩვენ ვაქტიურობდით. მალე მოვა ის თაობა, რომელიც არსებულ სიტუაციაზე თვალს არ დახუჭავს, თორემ მათ სხვა ვერავინ უშველის. ფაქტია, რომ სახელმწიფოს განათლების მენეჯმენტის იმედი არ უნდა ჰქონდეთ, რომ მდგომარეობას სისტემურად დადებითისკენ შეცვლიან.

_ გამოსავალი?

_ განათლების სამინისტრო აქტიურად უნდა ჩაერიოს მენეჯმენტში. არის სპეციალური სამსახურები, მაგალითად, განათლების სამინისტროს დაქვემდებარებაში ხარისხის მართვა, აუდიტის სამსახური. სამინისტრომ მკაცრი ხელის პოლიტიკით უნდა დაარეგულიროს უნივერსიტეტებში არსებული პრობლემები. ამის შემდეგ ხელფასებში ოთხჯერ სხვაობა მაინც აღარ იქნება ადმინისტრაციასა და პროფესურას შორის.

 

                                                                                                          გელა მამულაშვილი