სააკაშვილი კობზონის მაფიასთან დასაპირისპირებლად ემზადება: ესვრიან თუ არა „მიშა ოდესისტს“?

arit

დავიწყოთ პირდაპირ: ილიჩევსკის პორტი ოდესის ოლქში შემავალი სავაჭრო პორტებიდან ერთ-ერთი უდიდესია, ხოლო სკანდალი, რომელიც ამ პორტთან მიმართებით უკვე იკრებს ძალას, მხოლოდ ეკონომიკური კი არა, პოლიტიკური შინაარსისაა.

პორტის ადმინისტრაცია, რომელსაც რუსი მომღერლისა და ცნობილი კლანური ინტერესების ლობისტის, იოსებ კობზონის ახლო მეგობარი, იური კრუკი ხელმძღვანელობს, უარს ამბობს სასამართლოს გადაწყვეტილების შესრულებაზე ერთ-ერთი ტვირთის დაპატიმრების შესახებ. ტვირთი ფერონიკელისა (რკინისა და ნიკელის ნაერთი) და ნიკელის მადნის ნედლეულია, რომლითაც ხომალდი უნდა დატვირთულიყო და ის რუსეთში ჩაეტანა. გადაწყვეტილების მიუხედავად, ხომალდში ნედლეულის ჩატვირთვა გრძელდება.

პორტის პრესსამსახურმა გაასაჯაროვა რელიზი, სადაც პირდაპირაა ნათქვამი, რომ პორტი არ აპირებს შეასრულოს სასამართლოს, პროკურატურისა და სააღსრულებო ბიუროს გადაწყვეტილება.

არსებული სიტუაციის მიხედვით, სახეზეა არა, უბრალოდ, სავაჭრო ოპერაცია და არა ჩვეულებრივი სატვირთო გადაზიდვა: საქმე ის გახლავთ, რომ სასამართლოს მიერ დაპატიმრებული ტვირთი, ნედლეული (ფერონიკელი, რომელსაც უკრაინაში ამზადებს მხოლოდ ერთი კომბინატი) გამოიყენება ვაზნებისა და ჯავშანტექნიკის საწარმოებლად, მაგრამ ეს ნედლეული არ იქნება გამოყენებული ატო-ს მონაწილე უკრაინული ნაწილებისთვის და აღმოსავლეთ უკრაინის დასაცავად: მას ტვირთავენ, რათა აგრესორ ქვეყანაში _ რუსეთის ფედერაციაში გადააგზავნონ.

ასე რომ, სიტუაცია საკმაოდ ნიშანდობლივია: ტვირთი დაკავებულია, მაგრამ მისი ჩატვირთვა ისევ გრძელდება. სააღსრულებო სამსახურს არ შესწევს უნარი, გავლენა მოახდინოს ილიჩევსკის პორტის ხელმძღვანელობის უცნაურ გადაწყვეტილებაზე, რომელიც „უკანონო სასამართლო ქმედებების“ შესახებ აკეთებს განცხადებას. პორტის დირექტორი „უკანონოს“ უწოდებს სახელმწიფო სააღსრულებო სამსახურის მოქმედებას.

თავისი პოზიციის გასამყარებლად პორტის დირექტორი ამტკიცებს, რომ სააღსრულებო სამსახურის წერილს თან არ ახლავს მითითებული სასამართლო ინსტანციის გადაწყვეტილების ასლი და საერთოდაც, ილიჩევსკის პორტს ვერ გაუგია, რა უნდათ მისგან?!. პორტის დირექტორი ცდილობს, სახელმწიფო ორგანოები ჩაითრიოს ე. წ. ქაღალდების ბიუროკრატიაში, მაგრამ ფაქტი ერთია: თუკი სეინერი „სელდონისი“ ილიჩევსკის პორტის მე-18 ნავმისადგომიდან რუსეთის მიმართულებით გავა, უკრაინის თავდაცვისუნარიანობას სერიოზული ზიანი მიადგება.

დრო ცოტაა: ტვირთის ნახევარი უკვე ჩატვირთულია, საქმეს საათები წყვეტს. მით უმეტეს, იმის გათვალისწინებით, რომ ცნობილი უკრაინოფობი, „ლნრ“-ისა და „დნრ“-ის აქტიური პროპაგანდისტი, იოსებ კობზონი, თავისი კომპანიების მეშვეობით, საკმაოდ ხშირად აგზავნის ტვირთს რუსეთში ოდესიდან. ამაში მას აქტიურად ეხმარებიან იური კრუკის კლანის წარმომადგენლები. კრუკი ილიჩევსკის პორტის დირექტორია და კობზონთან მეგობრობას არათუ მალავს, ამაყობს კიდეც ამით.

სიტყვა მიხეილ სააკაშვილზეა. მას მოუწევს, ან უკან დაიხიოს და შეეგუოს ოდესის ოლქში იოსებ კობზონისა და მისი კლანის ინტერესებს, ან იმოქმედოს მკვეთრად, მისი ჩვეული მანერით და „ერთ ადგილზე მოსვას“ უკრაინის დაუძლურებისთვის ფარულად მომუშავენი. რას იზამს „მიშა ოდესელი“, სულ ცოტა ხანში გამოჩნდება, მანამდე კი ის ოდესაში ახალ პოლიციის უფროსთან ერთად ბაზრობებზე დარბის და სიტუაციას სწავლობს, თან გაოცებული მოვაჭრეების სახეებთან ერთად ჟურნალისტების ამალაც მიაცილებს.

ცნობილი ფაქტია, რომ სააკაშვილის პირადი დაცვა ოდესაში არ არის ისეთი მასშტაბური და ეფექტური, როგორიც საქართველოში მისი პრეზიდენტობის დროს იყო: სააკაშვილს მხოლოდ ერთი პირადი მცველი დაჰყვება. თუმცა, „ქრონიკა+“-ის ინფორმაციით, ბრატისლავაში ბოლო შეხვედრების დროს, როცა სააკაშვილი ჯონ მაკკეინსაც ესაუბრა, ამერიკელმა სენატორმა მას დაცვის გაძლიერებაზე გადაუკრა სიტყვა და აშშ-ის დახმარების მოთხოვნა ურჩია.

ვინ-ვინ და მაკკეინმა ძალიან კარგად იცის, რა საფრთხის წინაშე შეიძლება დადგეს მიხეილ სააკაშვილი, რომელმაც რამდენიმე მიმართულებით გახსნა ფრონტი: ჯერ იყო და, როგორც უკრაინული პრესა წერს, ქართველი და სხვა ეთნიკური წარმოშობის, ოდესაში დიდი გავლენების მქონე „კანონიერ ქურდებს“ შეხვდა და მათ განსაზღვრული ვადა მისცა ოდესის ოლქის დასატოვებლად;

„მერე ჩემგან არაფერი გაგიკვირდეთ, დანდობა არ იქნება“, _ დაუგდო სიტყვა ავტორიტეტებს, ხოლო ამ შეხვედრის დასასრულ ერთ-ერთ გავლენიან „კანონიერ ქურდს“, რომელიც 2000 წელს „მოინათლა“, თავში ხელი შემოურტყამს, _ ეს კაცი ჯერ საქართველოში ვერ მოვიშორე და ახლა აქაც თუ ჩამომაკითხავდა, როგორ წარმოვიდგენდიო?!

ასევე „რონიკა+“-ის ინფორმაციით, ავტორიტეტებმა გაითვალისწინეს სააკაშვილის ულტიმატუმი და ოდესიდან წასასვლელად ემზადებიან, „საცა არა სჯობს, გაცლა სჯობს“ მოტივით…

მოკლედ, უკვე თითქმის გადაწყვეტილია, რომ მალე მიხეილ სააკაშვილის პირადი დაცვა გაძლიერდება. მისი გამოჩენა ოდესის ქუჩებში კი ნამდვილ შოუდაა ქცეული. რასაკვირველია, ათეულობით კამერით გარშემორტყმულ სააკაშვილს არც კრიმინალები ესვრიან და არც კობზონის, ან სხვა მაფიის წარმომადგენლები: ჯერ ერთი, ასეთი საერთაშორისო მასშტაბის სკანდალი და ხმაური მათ ხელს არ აძლევს და მეორეც, ჯერჯერობით, სააკაშვილი მაინც არ გადასულა რადიკალურ მოქმედებებზე და ამიტომ მათთვის საფრთხე არც შეუქმნია. როცა შეუქმნის, სავარაუდოდ, კარგად დაცულიც იქნება და ქუჩაშიც ნაკლებს ივლის.

 

                                                                                                დოროთე გითოლენდია