რა კავშირი აქვთ ერთმანეთთან ბარაკ ობამას, დავით უსუფაშვილის ძმასა და ტერორისტებს?

new

პოლიტიკა კარგა ხანია, ბიზნესად იქცა და ლამის, მთლიანად ჩამოიცილოს ეროვნული თუ ვიწრო სახელმწიფოებრივი ინტერესები. ამის გამო ზოგჯერ ისეთ ფაქტს გადაეყრები, როცა ვერ მიხვდები, ვინ სად და რომელ მოედანზე თამაშობს?!

ასეთ საქმეებში ცხვირის ჩაყოფით, შეიძლება, შარსაც კი გადაეყარო, _ სად მიძვრები და იქექები, ორი თავი ხომ არ გაბიაო?! მაგრამ ჩვენ მხოლოდ ცნობისმოყვარეობა არ გვამოძრავებს!

ჩვენნაირი, ახლად ფეხადგმული სახელმწიფოები, ჯერ კიდევ, შავი ბიზნესისა და ფულის გათეთრების პოლიგონად რჩებიან.

ეს ხმამაღალი განცხადება კი არა, ფაქტია, თანაც საგანგაშო ფაქტი!

აშშ-ს საზღვარგარეთის აქტივების კონტროლის სამმართველომ 2014 წლის 6 თებერვალს გამოაქვეყნა დოკუმენტი:

 

საზღვარგარეთის აქტივების კონტროლის სამმართველო

საზღვარგარეთ სანქციების თავის ამრიდებელთა სია, რომლებიც სანქცირებული არიან აშშ-ის პრეზიდენტის #13608 ბრძანების შესაბამისად

2014 წლის 6 თებერვალი

აშშ-ის პრეზიდენტის #1368 ბრძანება კრძალავს გარკვეულ ტრანზაქციებს ირანთან და სირიასთან, სანქციების უცხოელ თავის ამრიდებლებთან და მათ შეერთებულ შტატებში შემოსვლას; უფლებამოსილებას ანიჭებს ხაზინას, რომ დააკისროს სანქციები უცხოელ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს, რომლებმაც დაარღვიეს, სცადეს დარღვევა, განიზრახეს დარღვევა, ან გამოიწვიეს ამერიკის შეერთებული შტატების სანქციების დარღვევა სირიასთან და ირანთან, მათ შორის, სანქციები, რომლებიც დაწესებულია იარაღის გავრცელების საწინააღმდეგოდ და ანტიტერორისტულ ორგანიზაციებზე ან რომლებმაც ხელი შეუწყვეს თაღლითურ ტრანზაქციებს იმ პირთათვის, იმ პირების სახელით, რომლებზედაც ვრცელდება შეერთებული შტატების სანქციები სირიასთან ან ირანთან, ისევე როგორც ორგანიზაციებთან, რომლებიც ფლობენ ან აკონტროლებენ ასეთ პირებს პირდაპირ ან ირიბად.

წინამდებარე საზღვარგარეთის სანქციების თავის ამრიდებელთა სია (FSE) მოიცავს პირებს, რომლებიც სანქცირებული არიან E.O.13608-ის შესაბამისად, ირანთან ან სირიასთან დაკავშირებით შეერთებული შტატების ეკონომიკური და ფინანსური სანქციების თავის არიდების საქმიანობაში ჩართულობის გამო, რომლებიც იდენტიფიცირებული არიან  FSE-IR და  FSE-SY პროგრამებით. ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეებს ძირითადად ეკრძალებათ ყველა სახის ტრანზაქცია ან გარიგება, პირდაპირი ან ირიბი, იმ პირებთან, რომლებიც შეყვანილი არიან FSE სიაში ნებისმიერ საქონელთან, სერვისთან, ტექნოლოგიასთან დაკავშირებით, რომლებიც განსაზღვრულია შეერთებული შტატებისათვის, ან უზრუნველყოფილია შეერთებული შტატების მოქალაქეების მიერ მიუხედავად მათი ადგილმდებარეობისა. შედეგად, შეერთებული შტატების მოქალაქეების მიერ ან შეერთებული შტატების გავლით ტრანზაქციები აკრძალულია, თუ ის დაკავშირებულია საქონლის, ან სერვისის შესყიდვასთან, მათ შორის, ფინანსური სერვისების, ან ტექნოლოგიების FSE სიაში მყოფ პირებთან OFAC -ის უნებართვოდ, გარდა იმ შემთხვევისა თუ ტრანზაქცია სხვაგვარადაა გათვალისწინებული საერთაშორისო ეკონომიკური აქტით (მაგალითად, გარკვეულ მოგზაურობასთან დაკავშირებული ტრანზაქციები).

ამ დოკუმენტში ნახსენები აშშ-ს პრეზიდენტის 2012 წლის პირველი მაისის #13608 ბრძანების გაცნობის შემდეგ კი მთლიანად გაოგნებული თუ არა, რამდენიმე წუთით პირდაღებული მაინც დარჩება ნორმალური ადამიანი!

აღმოჩნდა, რომ ბარაკ ობამას მიერ შავ სიაში მოხვედრილი აზიური ფირმები საქართველოში ისე გრძნობენ თავს, როგორც საკუთარ სახლში და თევზი წყალში.

აი, ეს „შავოსნებიც“: „კავკასუს ენერჯი“, „კავკასუს ენერჯი საქართველო“, „ჯეიუს-ფაუნდეიშენი“.

ირანის მოქალაქე ფურია ნაიებსის მიერ საქართველოში დაფუძნებული ეს სამი ფირმა და კომპანია 2012 წლის 6 თებერვალს ამერიკის სახაზინო დეპარტამენტმა ოფიციალურად გამოაცხადა „პერსონა ნონ გრატად“.

აშშ-ის საზღვაგარეთის აქტივების კონტროლის სამმართველოს შავ სიაში ასევე შეჰყავს ფერია ნაიებსი და მასთან დაკავშირებული კომპანიები და პარტნიორები, მაგრამ ჯერ სად ხართ?!

2014 წლის 20 მაისს შავ სიაში შეყვანილი კომპანია „ქეი-ეს-ფაუნდეიშენის“ ხელმძღვანელი ფურია ნაიებსი მინდობილობას უფორმებს ადვოკატ გიორგი უსუფაშვილს, რომ იგი დაიცავს მათ ინტერესებს საქართველოში სამართლებრივ დავებში, ასევე იქნება მისი წარმომადგენელი ნებისმიერ ადმინისტრაციულ ორგანოში.

2013 წლის ნოემბერში, პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, საქალაქო სასამართლო აყადაღებს ფურია ნაიებსისა და მისი 2 პატნიორის კომპანიებს. გამოძიება დაწყებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე (ფულის გათეთრება).

2013 წლიდან დღემდე საქმეზე ძიება დასრულებული არ არის და საქმის ერთ-ერთ მთავარ ფიგურანტ ფურია ნაიებსს საქართველოდან გასვლაზე პრობლემები არ ექმნება?!

ამერიკელების მიერ შავ სიაში შეყვანილი ჰოუშენ ჰოსეიმფური (ირანის მოქალაქე) ყიდულობს მიწას ლილოში 2012 წლის 16 მაისს. ჰოსეიმფური ამ მიწას ჩუქნის თავისსავე კომპანიას 2014 წლის 24 ოქტომბერს, მაგრამ არც ერთი კომპანია არ იხდის გადასახადს, რაც საქართველოს კანონმდებლობით დარღვევაა.

ამავე პერიოდში ჰოსეიმფურის კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოში (აზერვაუნდეიბენი) საბჭოს წევრი ხდება გიორგი უსუფაშვილის საადვოკატო ოფისის ადვოკატი, ლოლა კურკუმელი (2014 წლის 19 თებერვალი).

ეს მეტად საყურადღებო დეტალია მთელ ამ ისტორიაში.

ლოლა კურკუმელი თავისთავად დიდი ფიგურა არ არის, მაგრამ კიდევ ერთი `ზედმეტი~ მაკონტროლებელი თვალია, რომ მხოლოდ გიორგი უსუფაშვილი არ იყოს. ზედმეტი ხარჯი ვის რად უნდა, მაგრამ საქმის მასშტაბი, როგორც ჩანს, მეტ ყურადღებას ითხოვს. ახლა დავიჯეროთ, რომ ეს რიგითი საადვოკატო ფირმის პატრონი ამხელა გაქანების კაცია?

ფურია ნაიებსი _ ირანის მოქალაქე, ჰოუშენ ჰოსეიმფური _ ირანის მოქალაქე, ჰუშან ფარსუდეჰი _ ირანის მოქალაქე. სამივე მათგანისა და მათთან დაკავშირებული კომპანიების ინტერესებს სამართლებრივ სივრცეში და ადმინისტრაციულ ორგანოებში დღემდე იცავს გიორგი უსუფაშვილი. თანაც იცავს ისეთი წარმატებით და „პროფესიონალიზმით“, რომ ჯერ ბუზიც ვერავინ აუფრინა ცხვირწინ. მოკლედ, საქართველოში გიორგი უსუფაშვილმა ბეჭებზე დადო ობამა.

ამერიკის სახაზინო დეპარტამენტის პრესცენტრის დასკვნაში (2014 წლის 2 თებერვალი) წერია, რომ სამივე პირმა მოატყუა საქართველოს ფინანსური მარეგულირებელი ორგანოები და დამალა სავალდებულო ტრანზაქციების ის ანგარიშები, რომელშიც ჩართულია ირანული ბანკები.

სამივე პირის მიერ დაფუძნებული კომპანიები საქართველოში საავიაციო და სავალუტო ბიზნესში ახდენდნენ შავი ფულის გათეთრებას (გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხის მიტაცებაზე მიმდინარეობს). ამერიკული მხარე მიუთითებს, რომ ეს პირები და მათთან დაკავშირებული კომპანიები მხილებული არიან ტერორისტების დაფინანსებაში(!!!).

ერიჰა?!

…და ამ ფირმებთან ურთიერთობას მარტო ქაჩავს ერთი ადვოკატი!

არა, ქართველები მართლა განსაკუთრებულები ვართ, თორემ ამერიკიდან ასეთ, დასაბუთებულ ბრალდებებზე კი არა, სხვაგან ობამას ცხვირის დაცემინებაზეც სული კოჭებში გაურბით!

ამ ფირმების მესვეურთათვის გადაგდებაც ჩვეულებრივი ამბავია! ეს ისე, ფაქტებში „ჩავაგდეთ“, თორემ სხვა ნამოქმედართან შედარებაც არ ღირს! ფურია ნაიებსისა და მისი კომპანიის, „ჯორჯიან ბიზნეს დეველოპმენტის“ მიერ მილიონ ნახევარი ლარით დაზარალებული ბიზნესმენები, დღემდე ელიან პასუხს პროკურატურაში შეტანილ თავის საჩივარზე.

პასუხი ერთია: ძიება მიდის.

დიახ, ძიება მიდის, მაგრამ პასუხისგებაში, მიუხედავად დანაშაულის აშკარა ნიშნებისა, არავინ მიუციათ.

ჩვენ აქ ახალი და ადმინისტრაციული ორგანოებისთვის უცნობი არაფერი გვითქვამს. ასე რომ, მიზანი საზოგადოების ყურადღების მიქცევა და იმ ერთადერთი საკითხის გარკვევაა, რომელიც ძალიან საეჭვოს ხდის ქართული სახელმწიფოს სერიოზულ დამოკიდებულებას მის შორეული თუ ახლო პარტნიორებთან.

ამ ზღვა მასალიდან რამდენიმე ძირითად და მნიშვნელოვან დოკუმენტს შევეხეთ და სიმართლე გითხრათ, მათ პუნქტობრივ განხილვაზეც არ მოგვიკლავს თავი! ესეც არ იყოს, ჩვენი ფუნქცია საბუთების რევიზია არ გახლავთ. სურათის შესაქმნელად რაც ვთქვით, ისიც არ არის ცოტა.

როგორც გითხარით, ჩვენი ინტერესი უფრო თემის ჟურნალისტური პოზიციიდან შეფასებაა, თორემ ამ საქმეს ბარაკ ობამას ბრძანებიდან მოყოლებული და საქართველოში წარმოებული, იმდენი ოფიციალური და არაოფიციალური საბუთი და საჩივარი ახლავს, რომ ერთ მაგიდაზე არ ეტევა.

აი, სწორედ აქედან მოდის ჩვენი ეჭვიც!

იმდენი ნამდვილად ვიცით ყველამ, რომ უცხო სახელმწიფოში საქმიანობას (როცა საქმე ეხება მილიონების გათეთრებას) მყარი გარანტიების გარეშე ვერავინ გაბედავს და არც ვინმე ჭკუათმყოფელი გადადგამს ასეთ სულელურ ნაბიჯს.

სასაცილო არაფერია, მაგრამ როცა ვხედავთ, თუ როგორ „გულაობს“ საქართველოში მსოფლიო მონსტრის მიერ ყადაღადადებული „ბიზნესი“ _ ირონიული ღიმილის უფლებას მაინც დავიტოვებთ.

 

„უგულაობაო“?!

წინ გვიდევს ათეულობით მოძრავი და უძრავი ქონების ნასყიდობის დამადასტურებელი საბუთი. ამ ირანული ფირმებისთვის ბარიერის შემქმნელი, შემზღუდავი და რამის ამკრძალავი, ეტყობა, ჯერ არ გაჩენილა.

თავში მოგახსენეთ, რომ პოლიტიკა „ბიზნესად“ იქცა.

ჰოდა, ამერიკელებისგან უარყოფილი (მეტი რა ქნან? _ პრეზიდენტმა ცალკე ბრძანება გამოსცა) ფურია ნაიებსი მხოლოდ ადვოკატის, გიორგი უსუფაშვილისა და მისი „ხელის ბიჭის“, ლოლა კურკუმულის იმედად იკიდებს ფეხზე ობამასა და მის ადმინისტრაციას?

…და ეს სულაც არ გახლავთ რიტორიკული შეკითხვა.

შეიძლება ძალიან ფრთხილად ისიც ვიკითხოთ: ხომ არ გვაქვს საქმე იმ ცნობილ შემთხვევასთან, როცა, „დიდ საქმეებზე“ გასული ორივე ფენომენი _ „ბიზნესი“ და პოლიტიკა _ ერთს ფიქრობს, მეორეს ამბობს და მესამეს აკეთებს?! მით უფრო, როცა ამერიკიდან ირანამდე, მთელი ამ დავიდარაბის ერთ-ერთი მთავარი ფიგურანტი საქართველოში, გიორგი უსუფაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის ღვიძლი ძმაა და თავდაცვის მინისტრის თინა ხიდაშელის მაზლია!!!

ვერც მკითხველს და ვერც თავს ვერ ვკადრებთ იმის თქმას, რომ დავით უსუფაშვილმა ეს ამბავი არ იცის! დალოცვილო! ეს ინფორმაცია, თანდართული ტომებით, ჩვენამდე მოვიდა და პარლამენტამდე ვერ მიაღწია?!

აი, ამიტომ, რაც უფრო მეტს ვფიქრობთ ამ თემაზე, მით უფრო მეტს ვფიქრობთ _ ამას რომ ვწერთ, მართლა ხომ არ გვაბია ორი თავი?!

არც ისეა საქმე, რომ ამბობენ ხოლმე, _ ჟურნალისტებს კალმისტრის მეტი დასაკარგი არაფერი აქვთო!

ჰოდა, ყველა თავის დასაკარგზე ხომ არ ფიქრობს? მათ შორის, პროკურატურაც და სასამართლოც?!

ალბათ, არც უმაგისობაა, თორემ ერთი ადვოკატი ვის დაკარგვია?! რაც ამ საქმეებს მამხილებელი დოკუმენტაცია ახლავს, სრულიად საკმარისია დიდი თავების დასაგორებლადაც!

მოქმედების ის პრინციპი, _ ხვალ რა ვიცი, რა ხდებაო, _ აშკარად და, ჯერჯერობით, გიორგი უსუფაშვილის სასარგებლოდ მუშაობს.

თავად გიორგი უსუფაშვილი და, მით უმეტეს, ლოლა კურკუმული, ისეთი დიდი პოლიტიკური თამაშის მონაწილეები, რომ ბარაკ ობამას ცხვირწინ თითი უქნიონ, ბუნებრივია, ვერ იქნებიან!

ამის მერე მოდი და გაარკვიე, ეს ადამიანი საკუთარ პარლამენტის თავმჯდომარე ძმას და თავდაცვის მინისტრ რძალს ამოფარებული პატარა თავხედია, რომელიც უტიფრად ეთამაშება ციხის გისოსებს, თუ?..

…თუ პარლამენტის თავმჯდომარე ძმაა იმ და ისეთი ქართულ-ამერიკული პოლიტიკისა და „ბიზნესის“ მონაწილე, როგორსაც და რომელსაც ორმაგ სტანდატს ეძახიან? _ როცა სიტყვა სხვის გასაგონად ითქმის _ საქმე კი სათავისოდ გვარდება!

მართლა როგორ გინდა გაარკვიო, _ სად მტერია და სად მოყვარე?!

 

                                                                                                           ნიკა ჭავჭავაძე