ორი წლის ნიკოლოზ ჯანელიძეს დახმარება სჭირდება!

11650776_10206199452920683_1828255342_n

ნიკოლოზ ჯანელიძის დედა, ნათია გელაშვილი ხელისუფლებას და საზოგადოებას დახმარების თხოვნით მიმართავს. მიუხედევად იმისა, რომ ჯანდაცვის სამინისტროსა თუ სხვა ორგანოების მიერ პატარა ნიკოლოზის მკურნალობა ნაწილობვრივ დაფინანსდა, ეს თანხა საკმარისი არ აღმოჩნდა და ბავშვის საბოლოოდ განკურნებისთვის, დამატებით 2045 დოლარია აუცილებელი.

„ქრონიკა +“-ს ბავშვის დედა ნათელა გელაშვილი ესაუბრა:

– ორსულიბის მე-8 თვიდან დადგინდა, რომ ბავშვს თიაქარი ჰქონდა ზურგის ტვინში, ანუ ტერატომა. ერთ კვირაში საკეისრო კვეთით ვიმშობიარე, ბავშვი გაჩნდა თუ არა, წელს ქვევით მოწყვეტილი იყო, იაშვილის კლინიკაში გაწერეს. 14 დღის იყო ბავშვი პირველად რომ ვნახე, მითხრეს, რომ ზურგის ტვინში ჰქონდა სიმსივნე და 17 დღისას ოპერაცია გაუკეთდა. ექიმმა თქვა, რომ ყველაფერი კარგად იყო და კმაყოფილი იყო მის მიერ ჩატარებული ოპერაციით. ბავშვი 3 თვის იყო, როდესაც კონტროლი გაიარა. აღმოჩნდა, რომ ზურგის ტვინში იმაზე დიდი სიმსივნე იყო, ვიდრე ადრე. თან მუცლის ღრუში იყო ჩაზრდილი, რაც პირველი ტომოგრაფიის დროს, საერთოდ არ უნახავთ. 3 თვის იყო ზუსტად, რომ დაიგეგმა მეორე ოპერაცია, ექიმმა გვითხრა – გავაკეთებ ოპერაციას, მაგრამ ბავშვი გადარჩება თუ არა, არ ვიციო. სხვა გზა არ იყო, ოპერაცია უნდა გაკეთებულიყო, ბავშვი მაინც დაიღუპებოდა. გაკეთდა ოპერაცია და ერთი საათის შემდეგ, მედდა გვეუბნება, ექიმმა სიმსივნე ვერ ნახაო. ბავშვს ჰქონდა სიმსივნე მარჯვნივ და გაჭრილია მარცხნივ. ამის დამადასტურებელი ყველა დოკუმენტი გამაჩნია. ბავშვი პალატაში ამოიყვანეს 42 სიცხით, იმდენი დასაძინებელი საშუალება ჰქონდა გაკეთებული. ამის გარდა, ონკანის წყალში გახსნილ რძეს აჭმევდნენ, საავადმყოფოდან ბავშვი მთლად დაფუფქული გამოვიყვანე. ექიმმა მითხრა, სიმსივნე ვერ ამოვკვეთეთ, რადგან ავთვისებიანია, სისხლის დენა ატყდა, ჰისტოლოგიური პასუხიც მოვიდა, რომ უმწიფარი ტერატომააო. ანალიზებში დამატებით გადავიხადე თანხა, არ მჯეროდა, რომ ავთვისებიანი სიმსივნე იყო. მაინც რომ აღმოჩნდა, თურქეთში გავაგზავნე საბუთები. იქიდან მოვიდა პასუხი, ბავშვს გადავარჩენთ, მაგრამ 32 000 ევროა საჭიროო. გავყიდეთ თუკი რამე გაგვაჩნდა, 10 000 ლარით დაგვაფინანსეს მერიიდან, 10 000 ჯანდაცვის სამინისტროდან და წავიყვანეთ ბავშვი. 6 თვისას თურქეთში გაუკეთდა ოპერაცია, ზურგის ტვინზეც და მუცლის ღრუშიც, თურქული პრესაც კი წერდა, რომ 12-სანტიმეტრიანი სიმსივნით ბავშვი ექიმებმა 12 საათში გაათავისუფლეს. 3 თვეში კონტროლი უნდა გაკეთებულიყო, თბილისში მივედით და აღმოჩნდა კეთილთვისებიანი სიმსივნე, რომელიც არასდროს დაიწყებს პროგრესირებას.  ამ სიმსივნემ მხოლოდ ხერხემალი გადახარა და საჭიროებდა კორსეტს, რენტგენს და სრულ რეაბილიტაციას . თურქეთში ორი წასვლა კიდევ მოვახერხეთ, შემდეგ რომ აღარაფერი დაგვიფინანსდა, წავედით და ავსტრიაში ჩავბარდით ლტოლვილად. ვიზის თანხაც ავაგროვეთ ხალხის დახმარებით, „ფეისბუქის“ მეშვეობით. უცხოელებიც კი გვეხმარებოდნენ, ავსტრიაში ყველანაირი გამოკვლევა სულ თავიდან დაიწყო, ყველაფერი კარგად არის, ახლა ბავშვი საჭიროებს მხოლოდ რეაბილიტაციას, ელექტროფორეზს, ცურვას და მედიკამენტოზურ მკურნალობას. იქაც რომ ძალიან გაჭირდა, წამოვედით საქართველოში. ახლა უწევს კორსეტის გამოცვლა, ბავშვს კანი დაეფუფქა, კორსეტი დაუპატარავდა და არ გვაფინანსებს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტრო იმის გამო, რომ ექსპერტი არ მიწერს ცნობას, რომ ბავშვს კორსეტი ჩავაცვა. მასაჟების ნახევარი დაგვიფინანსა „სოლოდარობის ფონდმა“. აღარ მინდა ქართველ ექიმებთან მისვლა, ჯანდაცვის სამინისტროსგან ვითხოვ, რომ დამიფინანსოს ბავშვის მკურნალობა. ამის გარდა, ჩემი შვილი ამ მდგომარეობაშია და 100 ლარი არ უნდა ჰქონდეს დახმარება. სოციალურად დაუცველის სტატუსს არ მაძლევენ იმის გამო, რომ გზავნილები იყო ჩემს სახელზე, სარეცხის მანქანა და კონდიციონერი რომ ნახეს, სტატუსიც არ მომცეს. ქირას რითი იხდიო, ქუჩაში ხომ არ დავრჩები? იქნებ რაიმე დაზღვევა გაკეთდეს, თანხის ნახევარი მაინც დაგვიფინანსონ. ბავშვის მკურნალობისთვის კიდევ საჭიროა 2045 დოლარი, რომელიც კლინიკაშია გადასარიცხი. მგზავრობის თანხა ცალკეა, მაგრამ არ ვითხოვთ.

„ქრონიკა+“ დაუკავშირდა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, თუ რა დახმარება აქვს ნიკოლოზ ჯანელიძისთვის გაწეული: „2013 წელი ქირურგია-ოპერაცია-სიმსივნური ნაწილის ამოკვეთა Liv hospital (თურქეთი) მოთხოვნილი 31795 აშშ დოლარიდან დაფინანსდა 10 000 აშშ დოლარი , ასევე 10 000 აშშ დოლარი მისცა მერიამ კვლევა Liv hospital (თურქეთი). 2014 წელი რეაბილიტაცია შპს „სანნი“  – დაფინანსებულია 1000 ლარით. 2015 წელი რეაბილიტაცია შპს „სანნი“ მოთხოვნილი 1034 ლარით, დაფინანსებულია 1000 ლარით კორსეტი/კვლევა Liv hospital (თურქეთი) N23 სხდომაზე ეთქვა უარი ექიმ-ექსპერტის დასკვნის არ ქონის გამო (მოთხოვნილი თანხა 2045 აშშ დოლარი). თბილისის მერიამ გამოყო ჯერ 1500, მოგვიანებით 3000, ბოლოს კი 400 ლარი. დახმარება გაიცა ასევე ფონდისგან „სოლიდარობა“ –  700 ლარი.“

თუ გსურთ დაეხმაროთ პატარა ნიკოლოზ ჯანელიძეს,რომელსაც ესაჭიროება რეაბილიტაცია  და კორსეტის შეცვლა თურქეთში, შესაძლებლობის მიხედვით შეგიძლიათ გადარიცხოთ თანხა ანგარიშის შემდეგ ნომერზე: GE21BG0000000322946800 მიმღები ნიკოლოზ ჯანელიძე. საკონტაქტო პირი – ნათია  558 25 29 65