რატომ არ გადაასახლეს ციმბირში ნანა კაკაბაძე და თამარ ჩხეიძე?

er45

„ქრონიკა+“ აგრძელებს ეროვნული მოძრაობის ქრონიკების კვლევას.

ამჯერად თამარ ჩხეიძესა და ნანა კაკაბაძეს რეჟისორის, რეზო ჩხეიძის ბინაში შევხვდი.

ისინი მიყოლებით იხსენებენ 70-80-იან წლებს….

თამარ ჩხეიძით ვიწყებ:

_ ქ-ნო თამარ, თქვენ დიდი რეჟისორის, რეზო ჩხეიძის ოჯახში გაიზარდეთ. როდის მიხვდით, რომ ტრადიციული საბჭოთა ბავშვი არ იყავით?

_ მიუხედავად იმისა, რომ მამა პარტიის წევრი და საკავშირო დეპუტატი იყო, ჩვენ ტრადიციული საბჭოთა ოჯახი არ გვქონია. ბავშვობიდანვე მესმოდა სახლში ბებიაჩემის მხრიდან კომუნისტების ლანძღვა. ძალიან მალე მივხვდი, რომ საქართველო არ იყო დამოუკიდებელი ქვეყანა და ოკუპირებული იყო რუსეთის მიერ. განსაკუთრებით არ მიყვარდა ერეკლე მეორე. რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებაში მაშინ სწორედ მას ვადანაშაულებდი, მიმაჩნდა, რომ მას არასწორი საგარეო სტრატეგია ჰქონდა.

_ სად იყო ის თავშესაფარი, სადაც პირველად შეხვდით განსხვავებული აზრის ადამიანებს?

_ პირველი იყო ბებია. მერე სახლში აღმოვაჩინე მამაჩემის მიერ საფრანგეთიდან ჩამოტანილი ემიგრანტების ჟურნალი „კავკასია“. ეს იყო პირველი არასაბჭოთა გამოცემა, რომელიც ხელში ჩამივარდა. მერე დავიწყე რადიოსადგურების მოსმენა და ამ გზით გავერკვიე პოლიტიკაში. უკვე, სკოლის პერიოდში, კომკავშირში არ შევსულვარ, ეს მიუღებელი იყო ჩემთვის. „კგბ“-ს მხრიდან ჩემი დაინტერესება ცოტა კომიკურ სიტუაციაში მოხდა: ჩემს მეგობარს, რომელთანაც ერთ მერხზე ვიჯექი, კომკავშირის ნიშანი ჩამოვგლიჯე. ბავშვები არ დავუბარებივართ, დაიბარეს მშობლები და სკოლის დირექტორი. დირექტორმა, არც თავად რომ არ დაზარალებულიყო და ჩვენც დავეფარეთ, ასეთი ვერსია მოიფიქრა: ეს ინცინდენტი პოლიტიკურ ნიადაგზე კი არ მომხდარა, თავის მეგობარს თამრიკომ უთხრა, ოთხიანები გირევია ნიშნებში და არ ხარ ღირსი, ეს ნიშანი ატაროო…

სკოლის წლებში დავწერე გეგმა, როგორ უნდა მომხდარიყო საქართველოს განთავისუფლება. ვეძებდი თანამოაზრეებს. იმ პერიოდში რამდენიმე ახალგაზრდა გავიცანი, რომლებიც პირველი პროკლამაციის გავრცელებაში მომეხმარნენ. ამავე პერიოდში გავიგე, რომ არსებობს ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას ჯგუფი. წავიყოლე ჩემი ძმა და წავედი ზვიად გამსახურდიასთან სახლში. ასე გავიცანი ზვიადი. ჯერ ბავშვი ვიყავი, თავის საქმეებში არ ჩამრთავდა, გასაცნობად მომცა უცხოეთში გამოცემული დისიდენტური ლიტერატურა. `რუსსკაია მისლ~ მახსოვს ასეთი. ზვიადი და მერაბი მალე დააპატიმრეს. ამასობაში, ჩვენმა ჯგუფმა 1977 წელს დავიწყეთ პროკლამაციების გავრცელება მათი განთავისუფლების მოთხოვნით. გარდა ამისა, ამავე წელს გავავრცელეთ ანტისაბჭოთა ლიტერატურა, კუსტარულად დავამზადეთ და გავამრავლეთ. სხვათა შორის, დამზადებისა და გამრავლების წესი საბჭოთა ენციკლოპედიაში ეწერა. მე და ავთო იმნაძემ სახლში დავამზადეთ მარტივი აპარატი _ სპეციალურ ქაღალდზე საბეჭდ მანქანაზე ლენტის გარეშე ვბეჭდავდით ტექსტს, ტიპოგრაფიული საღებავით, „გუბკით“ გადავუვლიდით და გადავატარებდით ცომის გასაბრტყელებელს. ასე მარტივად მზადდებოდა და მრავლდებოდა პროკლამაციები. გავრცელების მერე „კგბ“-მ ჩვენი გამალებული ძებნა დაიწყო. მერე ერთ-ერთმა, ვინც იცოდა, ჩაგვიშვა. ვინაობა ვიცი, მაგრამ გვარის დასახელება არ მინდა. ავთო იმნაძე დააპატიმრეს. ჩვენ სტუდენტები ვიყავით და გადავრჩით, არ აწყობდათ სტუდენტების დაკავება. მერე უკვე სიონის ჯგუფს შევუერთდით.

_ როდის დაგაპატიმრეს პირველად?

_ დაკავებები იყო, მაგრამ პირველი დაპატიმრება 1983 წელს მოხდა. 1981-ში პირობითი სასჯელი გვქონდა, ტრაქტატის აღნიშვნასთან დაკავშირებით სხვა ჯგუფმა გაავრცელა პროკლამაციები, ისინი დაიჭირეს, ჩვენ მათი განთავისუფლების მოთხოვნით მოვაწყვეთ პროკურატურასთან აქცია. ცხადია, უარი გვითხრეს. ჩამოვედით რუსთაველზე, გავშალეთ პლაკატები და იქვე დაგვიჭირეს. 50 კაცი შეგვყარეს ავტობუსებში. მოგვიანებით, სხვები გამოუშვეს, მე, ნანა კაკაბაძე და მარიკა ბაღდავაძე დაგვტოვეს. პირველი შოკი ძალიან ძნელია, წინასწარი დაკავების საკნის პირობები უსაშინელესი, აუტანელი სიბინძურე, სუნი, ჯურღმული, დასაწოლიც კი არ იყო, ამაღლებული ხის კუნძი იდგა. დამოუკიდებელი ბავშვი არ ვყოფილვარ, ბებიებზე ვიყავი დამოკიდებული, შოკი იყო იქ მოხვედრა. ერთი დღის მერე იზოლატორში გადაგვიყვანეს. ჩემი იყო 139-ე საკანი. როცა დაგვიჭირეს, ძალიან ცხელოდა, საკანში ბევრი ქალი დამხვდა, სიცხის გამო ყველანი გახდილები იყვნენ. მახსოვს, ამასაც ძალიან განვიცდიდი. ორთაჭალაში ვიყავით მისჯამდე და მერე გადაგვიყვანეს „კგბ“-ს იზოლატორში პირველი მარიკა ბაღდავაძე, მერე ნანა კაკაბაძე და ბოლოს მე. „კგბ“-ს იზოლატორი მაშინ ლესია უკრაინკას ქუჩაზე მდებარეობდა სარდაფში.

 

ნანა კაკაბაძე:

_ „კგბ“-ს იზოლატორის უფროსი იყო ვინმე გილიგეზაშვილი. ჩვენს საკნებს ბერიას საკნებს უწოდებდნენ. იმდენად სარდაფი იყო, რომ ფანჯარა საერთოდ არ ჰქონდა, ცა არ ჩანდა, მხოლოდ საჰაეროები ჭერში, საიდანაც ოდნავი შუქი შემოდიოდა. ჩემი საკანი იყო ორსაწოლიანი. ორი ადამიანი ვერ გაივლიდა, საკანი მთავრდებოდა და იქვე _ კარი. სისუფთავე იყო, საკვებიც ნორმალური, მაგრამ მძიმედ გვეპყრობოდნენ. ცემა და წამება ჩვენ მიმართ არ ყოფილა, თუმცა ხმის ამოღება გვეკრძალებოდა, ბადრაგს არ ჰქონდა კონტაქტში შემოსვლის უფლება. განსხვავებით ორთაჭალისა, იქ კარგი ურთიერთობები გვქონდა როგორც ბადრაგთან, ისე ციხის დირექტორთან, ბიჭიკო გაბუნიასთან. მისი ჩათვლით, შინაგანად, ყველა თანაგვიგრძნობდა. ექვსი თვე ვიყავი მარტო, მერე შემოიყვანეს პოლონელი ქალი, განა ერქვა, რომელიც ამბობდა, რომ  სავალუტო ოპერაციების გამო იჯდა. ასეთ საკანში ვინმეს როცა გისვამენ, უნდა იცოდე, რომ ის, სავარაუდოდ, არის „ნასედკა“. როცა „ნასედკა“ გიზის საკანში, მის მიმართ დადებითი განწყობა ვერ გექნება, მაგრამ როცა გადის დრო _ ერთად ჭამთ, ერთად სვამთ, ერთად რეცხავთ, ერთად გძინავთ, ეჩვევი ნელ-ნელა. ერთხელ საოცარი სცენები მომიწყო, _ შენ მე მახრჩობდიო!.. მაგრამ მერე თავადვე აუვარდა ტირილი და დაეწყო სინანული. მოგვიანებით, ეს ქალი გაიყვანეს და შემოიყვანეს ქალი კახეთიდან, რომელიც იყო თელიანის ღვინის ქარხნის ბუღალტერი. სანამ ამ ქალს შემოიყვანდნენ, შიმშილობა კი არ გამომიცხადებია, ჭამის სურვილი დამეკარგა. ჩემმა გამომძიებელმა დაინახა, რომ ყოველდღე კატასტროფულად  ვიკლებდი. ეტყობა, მაშინ გადაწყვიტეს, რომ ეს ქალი შემოეყვანათ, რომელმაც შემოიტანა ძღვენი _ თაფლი ლიმონით, ჩურჩხელა. მეუბნებოდა, _ შენ თუ არ შეჭამ, არც მე შევჭამო. ასე დავიწყე ჭამა. დეპრესიის მთავარი მიზეზი იყო არა ის, რომ თავისუფლებაზე ვფიქრობდი, არამედ ის, რომ არ ვიცოდი, სად იყვნენ მარიკა და თამრიკო. ციხიდან გაშვების დროს გადამიყვანეს ეტაპით ორთაჭალის ციხეში. ძალიან გამიკვირდა. მესამე დღეს გამომიცხადეს, რომ უნდა გავსულიყავი. არ მივდიოდი, მეგონა, მარტო მიშვებდნენ. მერე გავიგეთ, რომ ყველანი გავდიოდით.

 

თამარ ჩხეიძე:

_ საქართველოში პოლიტპატიმრების მიმართ არ იყო წამება და ცემა, მაგრამ იზოლაცია `კგბ~-ს ციხეში უფრო მკაცრი იყო. პირადი ურთიერთობები არ არსებობდა, ორთაჭალის ციხესთან სხვაგვარად ვიყავი შეგუებული და ეს ძალიან განვიცადე. ჩემთან დიდი დროის მანძილზე იჯდა ხანში შესული ქალი, ღვინის ქარხნის ბუღალტერი, რომელიც 24 საათი სულ ტიროდა თავის ოჯახზე. ერთადერთი ჩერდებოდა მაშინ, თუ ჩემთან გააბამდა დომინოს თამაშს. მე არც ვიცოდი დომინოს თამაში და არც მიყვარდა, მაგრამ იმის ხათრით, რომ მას არ ეტირა, ვისწავლე და დომინოს  ვთამაშობდი. სასაცილო ის იყო, რომ მთელი დღის განმავლობაში ძილის საშუალებას არ გვაძლევდნენ, დილით ადრე გვაღვიძებდნენ, მერე დაწოლა შეგვეძლო, მაგრამ თვალის დახუჭვა _ არა. აქაც მოვიგონე გამოსავალი: ვიწექი, წიგნს ავიფარებდი, თითქოს ვკითხულობდი და მეძინა.

ჩვენს რუსეთში გადაყვანას აპირებდნენ ეტაპით. ასეთი გადაწყვეტილება მოსკოვში მიიღეს. თბილისში შედგა ინტელიგენციის წარმომადგენლების  პეტიცია, რომ ქალებზე გარკვეული შეღავათი გავრცელებულყო, ბევრი ადამიანი აწერდა ხელს. პროტესტის შეეშინდათ. ჩვენ დაგვტოვეს, ბიჭები: ზურაბ ცინცაძე, გია ჭანტურია და ირაკლი წერეთელი ეტაპით რუსეთში წაიყვანეს.

 

ნანა კაკაბაძე:

_ პეტიცია ერთ-ერთი ფაქტორი იყო, მაგრამ გადამწყვეტი გახლდათ რეზო ჩხეიძის ვიზიტი გენადი კოლბინთან. როდესაც დედაჩემი ამას ჰყვებოდა, ყოველთვის ტიროდა. პატიმრობამ ჩვენი ოჯახები ძალიან დააახლოვა, საღამოობით იკრიბებოდნენ და გეგმებს სახავდნენ, ხვალ რა უნდა გაკეთებულიყო ჩვენ გასათავისუფლებლად. ამ საქმეში აქტიურად იყო ჩართული რეჟისორი ნანა მჭედლიძე, ხან „კგბ“-ში დარბოდა, ხან _ ცეკაში. ჩვენი ოჯახები სასოებით უცდიდნენ, რა ამბავს მოიტანდა ნანა მჭედლიძე. სწორედ ამ დროს ოჯახებს შემოუთვალეს, რომ აგვისტოში ეტაპით გვიშვებდნენ რუსეთში. ერთ დღესაც იღება კარი, შუა აგვისტოა და ჩემთვის შემოაქვთ თბილი ტანსაცმელი. ვიფიქრე, რომ დედაჩემი, უბრალოდ, გაგიჟდა. ვერ მივხვდი, რა ხდებოდა… მოკლედ, ამ ფაქტის გამო კრება აქვთ რეზოს სახლში. რეზოს უთქვამს, ყოვლგვარი პანიკის გარეშე იცოდეთ, რომ ბავშვებს ციმბირში ასახლებენ, მოემზადეთ ამისთვისო. ამ ლაპარაკში და გამოსავლის ძიებაში, პრაქტიკულად, დაგვათენდაო, _ ყვებოდა დედა. გამთენიისას კიბეებზე ატყდა ბრახუნი, ადი-ჩამოდის ხმა. რეზო ჩხეიძის ბინის თავზე ახლა ცხოვრობს ვაჟა ლორთქიფანიძე, მაშინ ცხოვრობდა ცეკას მეორე მდივანი, გენადი კოლბინი. კოლბინის ქალიშვილი ყოფილა უმი ფარშის დიეტაზე, რომლის გამოც გარდაიცვალა. გამთენიისას გავიგეთო, რომ კოლბინის ქალიშვილი სახლში მოასვენეს. მაშინ რეზოს უთქვამს, _ ერთადერთი, რაც შეიძლება გამოსავალი იყოს, კოლბინს უნდა დაველაპარაკოო. დედაჩემი და თამრიკოს ბებია ფაცია მომხრე ყოფილან, მამაჩემი და დეიდა თინა წინააღმდეგი. წლების მერე დედაჩემი მამაჩემს სულ აყვედრიდა, როგორ წახვედი რეზოს ამ გადაწყვეტილების წინააღმდეგიო. დილით რეზო ბიძია ასულა ზემოთ და კოლბინისთვის დახმარება უთხოვია. კოლბინს უთქვამს, _ შვილს დავკრძალავ თუ არა, მივხედავ ამ საქმეს, ახლა რასაც გავაკეთებ, გადაწყვეტილების მიღებას შევაჩერებო. პეტიციამ, ცხადია, იმუშავა, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი იყო გენადი კოლბინის ზარი. ქალიშვილის დაკრძალვის შემდეგ მოსკოვშიც გაფრენილა და სწორედ მან მოახერხა, რომ ციმბირში ჩვენი გადასახლება გადაიდო. დედაჩემი ამბობდა, მაშინ ხელახლა დაიბადეთო. ჩვენს ოჯახებს ასეთი დღეები ბევრი ჰქონდა. სახლის ტელეფონები ისმინებოდა. ყველაფერზე გვქონდა ჩვენი გამოგონილი სახელებიო. დედაჩემი ყვებოდა, რეზო ყველაფერს იმახსოვრებდა და მამაშენი ყველაფერს ურევდაო. ერთხელ თინასთვის უთქვამს, _ რეზო ისეთ რამეებს მელაპარაკება, ვერაფერს ვგებულობო. ჩვენს ოჯახებს ბევრი რამის გადატანა უხდებოდა, განსაკუთრებით მძიმე იყო რეზო ჩხეიძის მდგომარეობა, „კგბ“ მუდმივად ავრცელებდა ხმებს, რეზო ჩხეიძე შვილს ემიჯნებაო. ეს იყო ამაზრზენი ტყუილი. რეზო ჩხეიძეს მარტო არასოდეს მივუტოვებივართ!!!

 

                                                                                                        ელისო კილაძე