კოოპერაციული ბინათმშენებლობით დაზარალებულები სახელმწიფოსგან ვალის ანაზღაურებას ითხოვენ!

mziur

კოოპერაციული ბინათმშენებლობით დაზარალებულთა ცენტრი „ერთობა“ დიდი დიღმის IV მიკრორაიონის 22-ე კორპუსში შესახლებულ პირებთან დაკავშირებით საქმის შესწავლას შესაბამის ორგანოებს სთხოვს. ცენტრის წარმომადგენელთა განცხადებით, კორპუსში მოქალაქეთა გაურკვეველი ჯგუფია შეჭრილი.

„მიუხედავად ამ ორგანიზაციის წევრების ორგზის მცდელობისა, ვერ ახერხებენ კორპუსში შესვლას. ამის საშუალებას არ აძლევს ის ხალხი. ადგილზე იქმნება ორგანიზაციის წევრთა პირადი უსაფრთხოების პრობლემა“, _ აცხადებენ „ერთობის“ წევრები.

მათივე ინფორმციით, ორგანიზაციამ მიმართა მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურს, თუმცა ამან არანაირი შედეგი არ გამოიღო. ცენტრის წარმომადგენლების ინფორმაციით, მერიამ კოოპერაციული კორპუსების შესწავლაზე გამოაცხადა ტენდერი, სადაც გაიმარჯვა შპს „სეისმომედეგი პროექტირებისა და ექსპერტიზის ცენტრმა“.

„6 აპრილს გაფორმდა ხელშეკრულება, სამუშაოს შესრულების ვადაა 90 კალენდარული დღე, ანუ უნდა დასრულდეს 6 ივლისს. კოპურსში ჩასახლებულების გამო ვერ ხერხდება დიდი დიღმის IV მკრ. კორპუსი 22-ის შესწავლა. გადარიცხულია ბიუჯეტის თანხა, არ სრულდება ტენდერით განსაზღვრული სამუშაო. მივმართავთ შს მინისტრ ვახტანგ გომელაურს, უზრუნველყოს ორგანიზაციის დაშვება აღნიშნულ მისამართზე, მათი წევრების პირადი უსაფრთხოება, რათა შესრულდეს სახელმწიფო შესყიდვით განსაზღვრული სამუშაო“, _ აცხადებენ „ერთობის“ წევრები.

„ქრონიკა+“ ამ პრობლემაზე და, საერთოდ, კოოპერაციული ბინათმშენებლობით დაზარალებულთა ვალის ანაზღაურების პერიპეტიებზე ესაუბრება ერთ-ერთ კრედიტორს (შემდგომში, ასევე დაზარალებულს) ბესო საღარაძეს: 

_ ჩვენმა სახელმწიფომ კოოპერაციული მშენებლობის დაუსრულებლობით გამოწვეული სახელმწიფო დავალიანება აღიარა. შესაბამისად, გასტუმრების, ვალის ანაზღაურების ვალდებულება მხოლოდ ცენტრალურ ხელისუფლებას აკისრია და არა ადგილობრივ თვითმმართველობას. თუკი ცენტრალური ხელისუფლება ამ ვალდებულების ადგილობრივ მმართველობაზე დელეგირებას მოახდენს, შესაბამისი ქონებრივი, ან ფულადი უზრუნველყოფა უნდა მოაყოლოს.

ამიტომ დიდი ტყუილი მგონია, რომ თბილისის ადგილობრივი თვითმმართველობა რაღაცის გაკეთებას, ვალის გასტუმრებას აპირებს. ამ კონკრეტულ შემთხვევაში თბილისის მერიას, ან საკრებულოს არანაირი უფლება-ვალდებულება არ გააჩნია, რომ დაზარალებულების მიმართ ეს შეასრულოს. თუკი ცენტრალური ხელისუფლება ამ ვალდებულების ჩემზე დელეგირებას მოახდენს, შესაბამისად, უზრუნველყოფაც უნდა მოაყოლოს. ამას მერია ან ცენტრალური ხელისუფლება აკეთებს თუ არა, მართალი გითხრათ, არ ვიცი. ფაქტია, შედეგი არ ჩანს.

ამის დოკუმენტური დადასტურებაა 2015 წლის თბილისის ბიუჯეტის შესახებ დადგენილება, რომელიც საკრებულომ 2014 წლის 19 დეკემბერს მიიღო. დადგენილება 26 თუ 27 პუნქტისგან შედგება. იგი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი გახლავთ, სადაც მე-12 მუხლი პროგრამული ნაწილია. მასში სულ ორი სიტყვით არის აღნიშნული თბილისში ავარიული სახლების აღდგენა-გამაგრების, ან დამთავრება-გარემონტების ვალდებულება, მათ შორის, კოოპერაციული კორპუსების. ეს პროგრამულ ნაწილში ხდება. შემდეგ მოდის მე-13 მუხლი, რომლის მეორე ნაწილში ასიგნებებია გაწერილი. მეორე ნაწილის მეორე პუნქტი ასეთ რამეს ამბობს, რომ საცხოვრებლად უვარგისი კორპუსების გამაგრებასა და აღდგენაზე ასიგნებებში 19,5 მილიონი არის გამოყოფილი. მერე ამას 2 მილიონი დაამატეს, მაგრამ 20 მილიონზე მეტი თანხიდან რამდენი რომელ კორპუსებზე უნდა დაიხარჯოს, ამის დამდგენი დოკუმენტი არ არსებობს. სადღაც კი არის, მაგრამ ვსაუბრობ დოკუმენტზე, რომელსაც იურიდიული ძალა აქვს. ამ დროს კანონი ნორმატიული აქტების შესახებ, კერძოდ, მე-16 მუხლის მე-6 ნაწილი, ასეთ რამეს ამბობს: „დანართი არის ნორმატიული აქტის განუყოფელი ნაწილი და იგი მასთან ერთად სახელდება“. მიიღეს თუ არა 19 დეკემბერს ეს ნორმატიული დოკუმენტი (თბილისის საკრებულოს დაგენილება 2015 წლის ბიუჯეტის შესახებ), 23 დეკემბერს იგი „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გამოქვეყნდა. ნორმატიული აქტი იურიდიულ ძალას იძენს და შესასრულებლად სავალდებულო ხდება მას შემდეგ, რაც უფლებამოსილ ორგანოში, ანუ „საკანონმდებლო მაცნეში“ გამოქვეყნდება. იქ კი გამოქვეყნდა, მაგრამ მას დანართები არ ახლავს.

ამაზე დავუკავშირდი „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ რედაქციას და ვიკითხე, _ დანართი სად არის, ვერ ვიპოვე-მეთქი! _ დანართი არ წარმოუდგენიათ და როგორ გამოვაქვეყნებდითო? _ მიპასუხეს.

ამ დროს ეს ნორმატიული აქტი თბილისის საკრებულოს ოფიციალურ ინტერნეტსაიტზე არის გამოქვეყნებული და მასაც არ ახლავს დანართი; ანუ ასიგნებებში კოოპერაციული კორპუსების დამთავრება არსად არის ნახსენები. იგივე დოკუმენტი დედაქალაქის მერიის ოფიციალურ საიტზეც ძევს. იქ დანართი არის, მაგრამ მანდ რატომ დადეს, წარმოდგენა არ მაქვს? მერიის საიტზე გამოქვეყნებულ დანართს იურიდიული ძალა არ გააჩნია.

_ ეს სიტუაცია უფრო გასაგებ ენაზე როგორ „ითარგმნება“?

_ ამ 22 მილიონამდე ლარის ასიგნებიდან როგორც კი მერია კოოპერაციული ბინების დასამთავრებლად ფულს გამოყოფს, რეალურად, ეს საბიუჯეტო თანხების არამიზნობრივი ხარჯვა იქნება, ანუ სისხლის სამართლის დანაშაული, რომელიც ოთხ წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება. როგორ შეძლებს თბილისის მერია ამ ფულის ისე დახარჯვას, რომ მისთვის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა არ მოჰყვეს, ამაზე პასუხი არ მომეპოვება.

ამას ცივილიზებული ახსნა არ გააჩნია. მე კი ვიცი, ამას რა ჰქვია, მაგრამ მათ საქციელს ქუჩურ განმარტებებს ვერ მივცემ.

_ ყოველ შემთხვევაში, ეს ხომ უბრალო შეცდომა არ არის?

_ შეცდომა არა, ტყუილია, რომელსაც სამართლებრივად გაუნათლებელი ხალხი ვერ ხვდება. ამას გარდა, მერიამ გამოაცხადა ტენდერი. გამარჯვებულს 14 კოოპერაციული კორპუსის მდგომარეობა უნდა შეესწავლა, სეისმომედეგობის, საინჟინრო კომუნიკაციების მდგომარეობა შეეფასებინა და ა. შ. ტენდერი ერთ-ერთმა ფირმამ მოიგო და მასზე მერიამ 250 ათას ლარამდე გამოყო. იგი სწორედ ცენტრ „ერთობის“ განცხადებაში აღნიშნული დიდი დიღმის IV მიკრორაიონის 22-ე კორპუსია. თვალყურს ვადევნებდი ამ გამოცხადებულ ელექტრონულ ტენდერს, ბოლოს ორად ორი შპს შერჩა. იქ ვაჭრობა მიდიოდა, ვინ უფრო მეტს დააკლებდა. ერთ-ერთმა პრეტენდენტმა 250 ათასი ლარი დაასახელა, ხოლო მეორემ ამ თანხას სულ ერთი ლარი დააკლო. ამ ერთლარიანი სხვაობით კონკურსი მოიგო. კი ბატონო, როცა ფული საერთოდ არ გაქვს, ერთი ლარიც ფულია, მაგრამ დაიწყო ამ ფირმამ მუშაობა, მივიდა დიღმის კორპუსში და იქ სრულიად სხვა ხალხი დახვდა შეჭრილი. მათ ამ კორპუსში ცხოვრების არანაირი იურიდიული უფლება არ გააჩნიათ. ფირმის წარმომადგენლები კორპუსში საერთოდ არ შეუშვეს, რათა იქ საინჟინრო ექსპერტიზა ჩაეტარებინათ. ეს ფირმა და მერია იძულებული იქნებიან, პოლიციას გამოუძახონ, მისი მეშვეობით შევიდნენ და ტენდერით გათვალისწინებული სამუშაო ჩაატარონ.

საქმე ის არის, რომ მცხოვრებლები იქ ჩვენმა ყოფილმა პრეზიდენტმა შეიყვანა, როდესაც ჯერ კიდევ თბილისის საკრებულის თავმჯდომარე იყო. ეს 2000-იანების დასაწყისში მოხდა. მას შემდეგ შეჭრილებმა, თავისი ინიციატივით, ყოველგვარი საინჟინრო ნორმების დარღვევებით, გადაკეთებები განახორციელეს. ამ სამუშაოებმა რა გავლენა მოახდინა კორპუსის საინჟინრო სეისმურ მედეგობაზე, მხოლოდ ღმერთმა უწყის. არავინ იცის, ეს კორპუსი ივარგებს კიდევ საცხოვრებლად, თუ არა?!

მეორე საკითხია, რომ თუ მშენებლობა გაჩერებულია, წესით და რიგით (ეს კანონმდებლობითაც გათვალისწინებულია), საინჟინრო ნორმებით მისი კონსერვაცია უნდა მოხდეს. კონსერვაციას თავისი საინჟინრო წესები აქვს. არც ერთ კორპუსზე საკონსერვაციო სამუშაოები არ ჩატარებულა. ბინებს აწვიმდა, ათოვდა და არავინ იცის, ამ პროცესმა კონსტრუქციებზე რა გავლენა მოახდინა. თუ თავის დროზე მისი მდგრადობა, სეისმომედეგობა შვიდბალიან მიწისძვრაზე იყო გათვალისწინებული, დღეს ეს მაჩვენებელი შეიძლება სამ ბალამდეც იყოს ჩამოსული. ერთი კარგი შეჯანჯღარება და ეს გარემონტებული და გაკრიალებული ბინები, რომელშიც ხალხი ცხოვრობს, შეიძლება თავზე ჩამოენგრეთ.

ამ ფონზე ვერ გეტყვით, ხსენებული ფირმა ექსპერტიზას როგორ გააკეთებს? გარდა ამისა, ფირმამ ხარჯთაღრიცხვაც უნდა შეადგინოს, თუ რა სახსრები დასჭირდება ამ კორპუსების დამთავრებას და საცხოვრებლად ექსპლუატაციაში გადაცემას. ამ დროს დანართში, რომელზედაც დაინტერესებული მხარე აპელირებს (მერია და საკრებულოს ნაწილიც), ასეთ რამეს ამბობენ, რომ კორპუსების დასამთავრებლად ოთხ კორპუსზე ხუთი მილიონი ლარი გავთვალეთო. 4 კორპუსის ისე დამთავრებას, რომ საცხოვრებლად ვარგისი იყოს, სეისმომედეგობას ექვემდებარებოდეს და ა. შ. არავინ იცის, ეს 5 მილიონი ლარი რამდენად ეყოფა?

ივნისის ბოლომდე უნდა მორჩეს ტენდერით გათვალისწინებული საექსპერტო სამუშაოები და ვნახოთ, ეს ფირმა რა დასკვნას დადებს?

ამას გარდა, ეს შეჭრილი ხალხი, დევნილები, იქიდან რომ გამოიყვანონ, სადმე ხომ უნდა წაიყვანონ? პარალელურად, მათთვის საცხოვრებელი ფართების გამოყოფა უნდა მიმდინარეობდეს. მოკლედ, ამ გადაწყვეტილებებში იმდენ სამართლებრივ კაზუსს წააწყდებით, რომ საოცრებაა პირდაპირ. ვერ ვხვდები, საქმეს ასე აბდაუბდა რატომ აკეთებენ?

_ გამოსავალი?

_ 1998 წლის მარტში პარლამენტმა მიიღო კანონი სახელმწიფო ვალის შესახებ, რომელიც დღესაც ძალაშია; მისი 48-ე მუხლი ამბობს, რომ 11-მდე სახის ვალი შიდა სახელმწიფო ვალად არის აღიარებული. ერთ-ერთი მათგანი კოოპერაციული ბინათმშენებლობის დაუსრულებლობით გამოწვეული შიდა სახელმწიფო ვალია. ამავე კანონის იგივე მუხლის IV ნაწილი ამბობს, რომ კოოპერაციული ბინათმშენებლობით გამოწვეული სახელმწიფო დავალიანების გასტუმრების წესი საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ 1998 წლის 1-ლ სექტემბრამდე უნდა შეიმუშაოს და პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს შეუთანხმოს. დღემდე ასეთი წესი არ არსებობს.

სახელმწიფომ აქედან მარტივი გამოსავალი იპოვა: 2004 წელს, მთავრობის დადგენილებით, შეიქმნა შიდა სახელმწიფო ვალის პრობლემათა შემსწავლელი სახელმწიფო კომისია. ისეთი მჟღერი სახელწოდება აქვს, გაგეხარდება. ამ კომისიას დაევალა შიდა სახელმწიფო ვალთან დაკავშირებული ყველა პრობლემური საკითხის შესწავლა და შესაბამისი რეკომენდაციების მიწოდება მთავრობისა და პარლამენტისთვის. დღემდე ამ კომისიას არანაირი რეკომენდაცია არ მიუწოდებია არც პარლამენტისთვის, არც მთავრობისთვის. ეს ელემენტარული სათათბირო ორგანოა, რომელიც ადრე თვეში ერთხელ იკრიბებოდა და იქაც საოცარი ამბები ხდება.

ბოლო სხდომა ამ სათათბირო ორგანომ წელს, 28 აპრილს გამართა. კომისიის დებულებით (რომელიც მთავრობამ დაამტკიცა) ყველა სხდომაზე ოქმი კეთება. ოქმი სხდომის დროს დგება, იმ წუთში უნდა დაიწეროს, დამსწრე პირებმა ხელი უნდა მოაწერონ. კომისიის წევრები არიან მთელი აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, თავიდან ბოლომდე, ასევე ეროვნული ბანკი, თბილისის მერია და ა. შ. მარტო შსს და თავდაცვის სამინისტრო არ არის, რადგან მათ ეს არანაირად არ ეხებათ.

მოკლედ, 28 აპრილს სხდომა ჩაატარეს და იმავე დღეს ოქმი მოვითხოვე. ეს საჯარო ინფორმაციაა, რომელიც დაუყოვნებლივ უნდა გაიცეს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის თანახმად. დაუყოვნებლივ იმას ნიშნავს, რომ შევა თუ არა განცხადება, პასუხი მაშინვე, მაქსიმუმ, იმავე დღეს უნდა მომცენ. კანონი გამონაკლისსაც ითვალისწინებს და ამბობს, რომ შეუძლებელია ოქმის მაშინვე გაცემა, თუკი საჭიროა სხვა უწყებებისთვის მიმართვა, ან სხვა ტერიტორიულ ერთეულებში მონაწილეების მოძიება. ამისთვის, მაქსიმუმ, 10 დღის ვადას უწესებს ინფორმაციის გაცემაზე. თითქმის თვენახევარი გავიდა, დღემდე ეს ოქმი არ არსებობს. ამიტომ ჩემთვის მწარე დასკვნა გამომაქვს: ჩვენ რამდენიც უნდა ვთხოვოთ ფინანსთა სამინისტროს, რომ კანონისმიერი ვალდებულება გაკისრიათ და რამე ფორმით ვალი უნდა აგვინაზღაუროთო, კი ბატონოს გვეუბნებით, მაგრამ თქვენ ჩემთვის დოკუმენტი, უბრალო ქაღალდი ვერ მოგიციათ (რომელიც არც კი შეგიდგენიათ) და თქვენ ფულის გამსტუმრებლები ხართ?

ამას გარდა, მინდა, განსაკუთრებით ხაზი გაუსვათ, რომ მე დავა დავიწყე, ჯერ კიდევ, „ნაციონალური“ ხელისუფლების პირობებში, 2008 წელს, როდესაც „ქართული ოცნების“ ჩანასახიც არ არსებობდა. საქმე იქამდე მივიყვანე, რომ 2013 წლის მაისში ეს დავა უზენაეს სასამართლოში გამარჯვებით დავამთავრე. უზენაესმა სასამართლომ გააუქმა ქვემდებარე სასამართლოების ყველა განჩინება და გადაწყვეტილება, როგორც აბსოლუტურად დაუსაბუთებელი, ჩემს მოთხოვნაზე უარის თქმის შესახებ. ხელახლა განსახილველად უკან დააბრუნა და მიუთითა, რომ თუკი ბესო საღარაძე ასე და ასე იჩივლებს, თქვენც ასე და ასე უნდა მოიქცეთო.

სადღეისოდ ეს სასამართლო გრძელდება. 16 ივლისს 2 საათზე სააპელაციოში სხდომა არის დაგეგმილი, თუ მობრძანდებით, ძალიან საინტერესო პერიპეტიების მოწმე გახდებით. როდესაც ამ საკითხზე, გნებავთ, ადგილობრივ თუ ცენტრალურ ხელისუფლებას ვესაუბრები, სამართლებრივი ჩარჩოებიდან აბსოლუტურად არ გამოვდივარ. როგორც კი ეს საქმე სამართლებრივ ჩარჩოს გასცდება, ცუდ ფსევდოპოლიტიკურ შეფერილობას იძენს, რაშიც მე პოლიტიკოსს ვერაფრით ვაჯობებ, რადგან დემაგოგია ხელობად აქვთ. როგორც ვრწმუნდები, ზოგზოგიერთმა (რომლებიც `ქართულმა ოცნებამ~ მოიყვანა და თბილ სავარძელში დასვა) პოლიტიკური დემაგოგიის ეს ხელოვნება შესანიშნავად აითვისა. მიხვდება, ვისაც ვგულისხმობ. გადაწყვეტილების უფლების მქონე პირებს ვგულისხმობ, თუკი ასეთები საერთოდ არსებობენ დღევანდელ ხელისუფლებაში.

_ ამ ფონზე სხვა დაზარალებულები რა მდგომარეობაში არიან?

_ პრინციპში, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, დაზარალებულები რა მდგომარეობაში არიან, ვალი გაქვს, უნდა გაისტუმრო. გეტყვით, რომ დაახლოებით 8 ათასამდე დაზარალებული დარჩა. 2012 წლის ჩათვლით 12 ათასამდე დაზარალებული იყო. აქედან 4 ათასი, ძირითადად, თბილისელები, თითქოს გაისტუმრეს. რეალურად კი ეს ხალხიც მოატყუეს და ისე გაუშვეს. მოგახსენებთ, ეს როგორ მოხდა. სრული სტატისტიკა მაქვს, რომელიც ოფიციალურ საიტებზეც დევს: დაახლოებით, ორასამდე დაზარალებულს უთხრეს, რომ გადმოგცემთ მიწის ნაკვეთს, მაგრამ  უარი უნდა განაცხადოთ სახელმწიფოს მიერ თქვენდამი აღიარებულ შიდა ვალზეო. ამ ხალხს საკუთრებაში გადასცეს მიწის ნაკვეთი, რომელზედაც მათი საცხოვრებელი კორპუსი უნდა აშენებულიყო. დაეთანხმნენ და ხელი მოაწერეს. სამოქალაქო კოდექსის თანახმად კი მიწის ნაკვეთი, რომელზედაც ეს კორპუსი უნდა აშენებულიყო, ამ უძრავი ქონების განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს. ეს მიწის ნაკვეთი ისედაც ჩვენი საკუთრება იყო. ვალად აღიარებულია არა მიწის ნაკვეთი, არამედ ფული, რომელიც, თავის დროზე, ანგარიშებზე შევიტანეთ.

ანუ ხალხს სამართლებრივად ატყუებენ. ახლა თითქოს რაღაც ქმედებები დაიწყო, მაგრამ იმდენად ნელა მიდის ყველაფერი, იმდენი უაზრო გადაწყვეტილება მხვდება ყურში (ე. წ. თათბირებიდან პერიპეტიები მოაქვთ ჩვენამდე და ვიცით, რაც ხდება), ისეთი უაზრო კამათი მიდის, მრჩება შთაბეჭდილება, რომ მოქმედი თანამდებობის პირები სპეციალურად აჯანჯლებენ საკითხის სამართლებრივად სწორად განსაზღვრას.

_ ამ შემთხვევაში რა ინტერესი ამოძრავებთ?

_ შემიძლია ერთი ვარიანტი გითხრათ. სამწუხაროდ, დეფიციტური ბიუჯეტი გვაქვს და ვალის ხარჯზე ხდება მისი ამოვსება. ამ დროს საკმაოდ მსუყე ხელფასებსა და პრემიებს იღებს ეს ჩინოვნიკური კასტა. ჩვენი ვალის გადახდაზე საბიუჯეტო ხარჯი რომ გაწიონ, ამ შემთხვევაში ბიუჯეტში ფული აღარ დარჩება, რომ შესაბამისი ანაზღაურებისთვის (პრემია-დანამატები) დახარჯონ. ვფიქრობ, ეთადერთი მიზეზი ეს არის.

ამ ფონზე, ყველას ვაფრთხილებდი და ახლაც ვაფრთხილებ, რომ საქმეს ბოლომდე მივიყვან და სამართლებრივად მოვიგებ. ფაქტობრივად, მოგებულიც მაქვს. როდესაც თქვენ იძულებულს გაგხდით, რომ კანონისმიერი ვალდებულება შეასრულოთ, მერე რას ეტყვით საკუთარ ხალხს, რომელმაც აგირჩიათ, ხელისუფლებაში მოგიყვანათ?! რაღა დარჩა, წელიწადნახევარია მომავალ არჩევნებამდე.

ჩვენ კრედიტორები ვართ და სახელმწიფო _ დებიტორი, ანუ სახელმწიფოს ჩვენი ვალი აქვს. მეორე საკითხიცაა: მე რომ სახელმწიფოს ვალი მქონოდა, მთელი მისი მანქანა ჩაერთვებოდა, რომ ეს ჩემგან ამოეღო. სახელმწიფო ბიუჯეტში თუ ვინმეს გადასახდელი აქვს და არ იხდის, საგადასახადო კოდექსის თანახმად, მას ეწერება ჯარიმა, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0,1 პროცენტით. ამ დროს ჩვენ ვალს არც აკლდება არ არც ემატება. სახელმწიფო საკუთარ თავს, რატომღაც, პრივილეგირებულ მდგომარეობაში აყენებს და ჩვენ გვჩაგრავს. კრედიტორის უფლებები თუკი ირღვევა, სახელმწიფო ვალდებულია, ეს უფლებები დაიცვას.

 

                                                                                    გელა მამულაშვილი