ვინ გაანადგურა საქართველოში ფილოსოფიის ინსტიტუტი?

11269546_10206146158708361_1828672185_n

 

სავლე წერეთლის სახელობის ფილოსოფიის ინსტიტუტის შვიდმა მეცნიერ-თანამშრომელმა 2014 წლის ივნისში სასამართლოში შეიტანა სარჩელი და იმ ბრძანების არასამართლიანად ცნობა მოითხოვა, რომლითაც ისინი სამსახურიდან დაითხოვეს. მათი განცხადებით, შრომის კოდექსის ის კანონი, რომელსაც ბრძანება ეყრდნობოდა, დღეს გაუქმებულია. პირველი სხდომა 2015 წლის თებერვალში შედგა, მეორე _ აპრილში, ხოლო ბოლო სხდომა 19 ივნისს გაიმართება და მეცნიერ-თანამშრომლებს იმედი აქვთ, რომ სასამართლო სამართლიან გადაწყვეტილებას გამოიტანს.

რა გახდა მიზეზი მათი განთავისუფლებისა და საერთოდაც, რა დამართეს და როგორ გაანადგურეს საქართველოში ფილოსოფიის ინსტიტუტი, ამის შესახებ „ქრონიკა+“-ს ესაუბრება ერთ-ერთი მოსარჩელე, ფილოსოფიის დოქტორი, ივ. ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის მიწვეული ლექტორი, სავლე წერეთლის სახ. ფილოსოფიის ინსტიტუტის ყოფილი მეცნიერ-თანამშრომელი, ნინო თომაშვილი:

_ დღევანდელმა საზოგადოებამ შეიძლება არც იცის, რომ 1946 წელს საქართველოს ახლად შექმნილ მეცნიერებათა აკადემიასთან დაარსებული ფილოსოფიის ინსტიტუტის უმთავრეს ამოცანას წარმოადგენდა მარქსისტული ფილოსოფიის შესწავლა. კომუნისტური იდეოლოგიის აპოლოგია უნდა ყოფილიყო ინსტიტუტში დასაქმებულ მეცნიერთა კვლევების ძირითადი მიზანი, მაგრამ ამ ინსტიტუტის მეცნიერებმა ჭეშმარიტად ფილოსოფიური შემოქმედების პროცესად გადააქციეს თვისი მოღვაწეობა. სწორედ ამიტომ გახდა ეს ინსტიტუტი მთელ საბჭოთა კავშირში სახელგანთქმული. თბილისის ფილოსოფიის ინსტიტუტის თანამშრომელთა მეცნიერულად თამამ გამოკვლევებზე საბჭოთა კავშირის ყველა სამეცნიერო ცენტრში ლაპარაკობდნენ. ქართველთა იდეურ გადახრებზე მოსკოვშიც შფოთავდნენ და 1972 წელს თბილისში საგანგებო კომისია გამოაგზავნეს. ყველას ეგონა, რომ ინსტიტუტის მაშინდელ დირექტორს, ნიკო ჭავჭავაძეს, დაპატიმრება არ ასცდებოდა, მაგრამ ქართველმა მეცნიერებმა საკუთარი გამოკვლევები, რომლებიც ადამიანის, კულტურისა და ღირებულებების ფილოსოფიურ, არამარქსისტულ პრობლემატიკას ეხებოდა, ისეთი პროფესიონალიზმით დაიცვეს, რომ კომისიის წევრები უძლურნი იყვნენ მათი არგუმენტების წინაშე. შემდგომში კვლევის სწორედ ეს ტრადიცია იქცა ინსტიტუტისათვის სპეციფიკურად და მისი, როგორც სამეცნიერო ცენტრის, გამორჩეულობის საფუძვლად. თავისუფალი, ნამდვილი შემოქმედებითი აზროვნების ატმოსფეროს არსებობის გამო შეერქვა ინსტიტუტს `თავისუფლების ოაზისი~ და საბჭოთა საქართველოს ინტელექტუალური სივრცის ერთ-ერთი `ნათელი წერტილი~.

ფილოსოფიის ინსტიტუტის დამფუძნებლების შემდგომი თაობის წარმომადგენლები ნიკო ჭავჭავაძე, ზურაბ კაკაბაძე, თამაზ ბუაჩიძე, ნოდარ ნათაძე, მერაბ მამარდაშვილი, ოთარ ჯიოევი, ლალა თოფურიძე, მიშა ბეჟანიშვილი, სერგი ავალიანი, ვაჟა გოგობერიშვილი, არჩილ ბაქრაძე, ანზორ ბრეგვაძე და სხვანი არა მხოლოდ საუკეთესო ფილოსოფოსები, არამედ პროგრესულად მოაზროვნე ადამიანები იყვნენ. ისინი ქმნიდნენ და ემსახურებოდნენ ნამდვილ მეცნიერებას საქართველოში და რაც მთავარია, ამ სულისკვეთებით ზრდიდნენ მეცნიერთა ახალ თაობას.

_ რა მოხდა, რა დაემართა ქართული ფილოსოფიის სკოლას?

_ XX საუკუნის ბოლოს, 90-იან წლებში, საქართველოს მძიმე დღეები დაუდგა. მეცნიერები თანდათანობით ტოვებდნენ ფილოსოფიის ინსტიტუტს. კუპონების შემდეგ 7 ლარი იყო მათი ხელფასი. მოდური გახდა პოლიტიკური, სოციოლოგიური, ეკონომიური, იურიდიული და სხვა პრაქტიკულად გამოყენებადი თემების გარშემო მეცნიერული თუ არამეცნიერული კვლევები: ფემინიზმის, გენდერის, სხვადასხვა ნიშნით შექმნილი ადამიანთა უმცირესობების გარშემო არსებული პრობლემების შესწავლა, ანალიზი და რეკომენდაციების შემუშავება. ამ თემების ირგვლივ ითარგმნებოდა უამრავი უცხოური ლიტერატურა, იმართებოდა ტრენინგები და საგანმანათლებლო კურსები. მთელ ამ პროცესში, შიგადაშიგ, მეცნიერებათა აკადემიის ინსტიტუტების, მათ შორის, ფილოსოფიის ინსტიტუტის, თანამშრომლებიც ვმონაწილეობდით, მაგრამ ჩვენი ძირითადი საქმიანობა მაინც წმინდა ფილოსოფიური კვლევები იყო. მალე ფილოსოფიის ინსტიტუტის ყოფილი მეცნიერები საზოგადოებამ გაიცნო წარმატებულ პოლიტიკოსებად, პოლიტოლოგებად, სოციოლოგებად, გენერლებადაც კი, მაგრამ არა ფილოსოფოსებად. ამ წარმატებულ ადამიანებს ჩვენთან, `ფილოსოფიაში ჩარჩენილებთან~, შეხვედრისას ირონიული ღიმილი გადაჰკრავდათ ხოლმე სახეზე და ერთგვარი შეგონების ფორმით, თითქოს გულდაწყვეტითაც გამოუთქვამთ აზრი, რომ დღეს ფილოსოფია ფუფუნებაა, საქართველოს ასეთი კვლევები არ სჭირდება და რომ მეცნიერებათა აკადემია ქვეყნის ბიუჯეტისათვის ზედმეტი ტვირთია. ასეთებისთვის საქართველოში ფილოსოფიური პრობლემების კვლევის დრო არ იყო, მით უმეტეს, რომ ქვეყნის უმაღლესი სასწავლებლების უმრავლესობის პროგრამებიდან მთლიანად ამოვარდა ფილოსოფია.

_ ანუ ვიღაცას ამ სკოლის განადგურება უნდოდა და ამ ყველაფერს განგებ აკეთებდა?   

_ 90-იანი წლების ბოლოს სახელმწიფოს ბიუჯეტის სეკვესტრებს ფილოსოფიის ინსტიტუტში თანამშრომელთა ორგზის შემცირება მოჰყვა. სახელმწიფოს მაღალ ეშელონებში უკვე ღიად ლაპარაკობდნენ მეცნიერებათა აკადემიისა და მისი ინსტიტუტების რეფორმების აუცილებლობაზე, რაც, ფაქტობრივად, მათ საბოლოო გაუქმებადე მიყვანას გულისხმობდა. ხელისუფლების პოზიციებს თეორიულად ამაგრებდნენ ისეთი ადამიანებიც, რომლებიც ამ ინსტიტუტებში აღიზარდნენ როგორც მეცნიერები, მაგრამ იმჟამად უკვე სხვა, გაცილებით კომფორტული და შემოსავლიანი საქმიანობით იყვნენ დაკავებულნი. მათი `საღი~ და `ავტორიტეტული~ აზრები მეცნიერებათა აკადემიის პერსპექტივის შესახებ ჭეშმარიტებისმაგვარ დებულებებს წარმოადგენდა. მათი მთავარი არგუმენტი იყო: ასეთი ტიპის მეცნიერებათა აკადემია თავისი ინსტიტუტებით, პოსტსაბჭოთა ქვეყნების გარდა, სხვა ქვეყნებში არ არსებობსო. 2000 წლიდან დაიწყო მწვავე დებატები ხელისუფლებასა და მეცნიერებათა აკადემიის დამცველებს შორის. ეს ჭიდილი ორ-სამ წელიწადს გაგრძელდა და დამთავრდა იმით, რომ მეცნიერებათა აკადემიის ინსტიტუტები სამართავად გადასცეს განათლების სამინისტროს, რომელსაც გაეზარდა ფუნქციები და ამჯერად უკვე მეცნიერების სამინისტროც გახდა. დაიწყო მეცნიერთა ატესტაციის უმძიმესი პროცესი, რაც მორიგი ფართომასშტაბიანი შემცირებით უნდა დასრულებულიყო. ყველაზე გასაოცარი რამ, რაც გამოავლინა ამ ატესტაციამ, ის იყო, რომ მეცნიერებმა წარმოადგინეს ცხოვრების ურთულეს პირობებში (XX ს-ის 90-იან წლებში) საკუთარი მეცნიერული მოღვაწეობის მეტად შთამბეჭდავი შედეგები. ეს იყო ფაქტი, რომელსაც არავინ ელოდა და, მათ შორის, არც მეცნიერებათა აკადემიის ავტორიტეტული კომისია. აქვე აღვნიშნავ, რომ 2005-2010 წლებში მეცნიერებათა აკადემიის მიერ საზოგადოებრივ მეცნიერებათა ინსტიტუტების მეცნიერული შედეგების შეჯამებისას ფილოსოფიის ინსტიტუტი ყოველ წელს I ან II ადგილებს იკავებდა. ყოველივე ამის შემდეგ განათლების სამინისტრომ ჩაატარა რეფორმა და ათასნაირ განსაცდელგამოვლილი ინსტიტუტები სასწავლო უნივერსიტეტებს გადასცა ისე, რომ არც უკითხავთ ინსტიტუტების წარმომადგენელთათვის, რომელ უნივერსიტეტთან სურდათ გაერთიანება. ფილოსოფიის ინსტიტუტი ილიაუნის ჭერქვეშ აღმოჩნდა, მაშინ, როცა ინსტიტუტს უკვე ჰქონდა გაფორმებული თანამშრომლობის მემორანდუმი ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახ. უნივერსიტეტთან. ეს ფაქტი განათლების სამინისტრომ არ გაითვალისწინა. შექმნილი ვითარების გასაცნობად 2010 წლის მაისში ინსტიტუტში მოვიდნენ ილიაუნის მაშინდელი რექტორი გიგი თევზაძე და კანცლერი სერგო რატიანი. ორივე ფილოსოფოსია განათლებით, ფილოსოფიის ინსტიტუტის ასპირანტურა დამთავრებულები. გაგვაცნეს სიტუაცია, აგვიხსნეს, რომ ეს იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება და ამ ფაქტისადმი ჩვენი ნეგატიური განწყობის მიუხედავად, უკვე აღარაფერი შეიცვლებოდა. დაგვპირდნენ, რომ ხელშეკრულების ვადები თანამშრომელთა ინსტიტუტში მუშაობასთან დაკავშირებით (2013 წლის ოქტომბრამდე) არ შეიცვლებოდა და სამუშაო პირობები გვექნებოდა იმაზე უკეთესი, ვიდრე მანამადე. თავს ზევით ძალა არ იყო, თორემ მათ ნათქვამს არც ვენდობოდით. იმის მიუხედავად, რომ ილიაუნის წამყვან აკადემიურ თანამდებობებზე განათლებით ფილოსოფოსი და ინსტიტუტის გამოზრდილი პროფესორები გია ნოდია, გიგა ზედანია და სხვანი გვხვდებოდნენ და თითქოს პატივისცემის ატმოსფეროში უნდა აღმოვჩენილიყავით, ავი წინათგრძნობა არ გვასვენებდა. ეს ის ხალხი იყო, ვინც მეცნიერებათა აკადემიისა და ხელისუფლების ბრძოლის პროცესში მეცნიერთა საპირისპირო პოზიციაზე იდგა, ვისაც ჩვენი ინსტიტუტი (და არა მხოლოდ ჩვენი) დრომოჭმულ პოსტსაბჭოთა გადმონაშთად მიაჩნდა ეზედმეტებოდა.

_ თქვენი წინათგრძნობა გამართლდა?

_ მიუხედავად გაცემული დაპირებებისა _ კარგად მოგივლითო, ერთ წელიწადში დაგვემშვიდობნენ. ამჯერად უსახსრობა მოიმიზეზეს. თუ სურვილი გაქვთ, გაგიფორმებთ ხელშეკრულებას, რომლის ძალითაც ამ ინსტიტუტში დარჩებით მკვლევრებად და არა მეცნიერ თანამშრომლებად, უხელფასოდო. შეგიძლიათ თქვენს საკვლევ პრობლემებზე დაწეროთ პროექტები, მოიპოვოთ გრანტები და ამ თანხიდან 50% ილიაუნის ბიუჯეტში შეიტანოთო. ამ შინაარსის ხელშეკრულებები გამოგვიგზავნეს ჩვენ და ილიაუნის შემადგენლობაში მყოფ სხვა სამეცნიერო ინსტიტუტების თანამშრომლებს 2011 წლის ივნისის ბოლოს. ფილოსოფიის ინსტიტუტის არც ერთმა თანამშრომელმა ამ ხელშეკრულებას ხელი არ მოაწერა. ოთხი დღის შემდეგ ყველამ, დირექტორიან-დამლაგებლიანად, მივიღეთ სამსახურიდან განთავისუფლების ბრძანება.

ილიაუნმა თავად ფილოსოფიის ინსტიტუტი სტრუქტურულად შეინარჩუნა და თავისი რამდენიმე თანამშრომელიც გააფორმა მკვლევრად, ალბათ იმის შიშით, ვიღაცებმა სამეცნიერო ცენტრების გაუქმება არ დაგვაბრალონო. ილიაუნის ვებგვერდზე ფილოსოფიის ინსტიტუტის შესახებ ინფორმაციიდან დაინტერესებული ადამიანი და მით უფრო, ახალგაზრდა სტუდენტი, ვერ შეიტყობს, რომ ეს ის სახელოვანი ინსტიტუტია, რომელიც საბჭოთა სისტემასა და მის დოგმებს უპირისპირდებოდა პროგრესული და დემოკრატიული იდეებით. ამ ინფორმაციით ს. წერეთლის ფილოსოფიის ინსტიტუტის ისტორია დღევანდელი მკვლევრებით იწყება. მანამდე რა იყო, არ არის საინტერესო, განსაკუთრებით სტუდენტებისთვის. მთავარია, მათ იცოდნენ, რომ ინსტიტუტის დღევანდელი დირექტორი, ნიჭიერი ახალგაზრდა ქალბატონი, თამარ ცოფურიშვილი, აქტუალური ფენიმინისტური ფილოსოფიის სპეციალისტია. თორემ ვინ იყო მიხეილ ბეჟანიშვილი, თამაზ ბუაჩიძე, ნიკო ჭავჭავაძე და სავლე წერეთელი და რა გაუკეთებიათ ამ ინსტიტუტისთვის, როგორც დირექტორებს, ეს ახალი თაობისათვის მნიშვნელოვანი არ არის. გარდა ამისა, დღეს ინსტიტუტში, თურმე, აქტიურად თარგმნიან თანამედროვე ფილოსოფიურ ლიტერატურას. წინა ეპოქის ფილოსოფიის ინსტიტუტში ფილოსოფიური კლასიკის თარგმანის განყოფილება რომ არსებობდა და რა წიგნებია ამ პერიოდში თარგმნილი, ეს რა სახსენებელია?!! გულისწყვეტით მინდა აღვნიშნო, რომ ილიაუნის საინფორმაციო გვერდი ფილოსოფიის ინსტიტუტის შესახებ კიდევ იმას გვამცნობს, რომ თანამშრომელთა მეცნიერულ კვლევებში გაქრა ადამიანის, კულტურისა და ღირებულებათა კვლევის ის ტრადიცია, რომელმაც ინსტიტუტი გამორჩეული გახადა. ძალიან მალე დადგება დრო, როცა ეს ინსტიტუტი თავისი ფილოსოფიური შინაარსით ჩაბარდება წარსულს და გადაკეთდება სოციოლოგიის რომელიმე მიმართულების კვლევით ცენტრად, რომელიც ეპოქის ახალ დაკვეთებს შეასრულებს.

_ სამსახურიდან განთავისუფლების გამო სასამართლოში სარჩელი დაგვიანებით რატომ შეიტანეთ? მაშინვე რატომ არ გამოხატეთ პროტესტი? 

_ 2011 წლის 8 ივლისს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ყოფილი რამდენიმე ინსტიტუტის თანამშრომელთა მასობრივად განთავისუფლების ბრძანება შრომის კოდექსის იმ მუხლს ეყრდნობოდა, რომლის ძალითაც დამქირავებელს უფლება ენიჭებოდა, საჭიროების შემთხვევაში, ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე, გაეთავისუფლებინა დაქირავებული ადამიანი. მაშინილი ილიაუნის რექტორის, გ. თევზაძის ამ გადაწყვეტილებას ინსტიტუტების თანამშრომელთა მხრიდან ღია დაპირისპირება არ მოჰყოლია. მაშინ არც სასამართლოსთვის არ მიგვიმართავს, რადგან ღრმად ვიყავით დარწმუნებულნი, რომ ამ პროტესტებს შედეგი არ ექნებოდა, ვინაიდან მისი დამგეგავი და განმახორციელებელიც თავად ხელისუფლება იყო მაშინდელი განათლების მინისტრის, დიმიტრი შაშკინის ხელმძღვანელობით. ხელისუფალნი ყრუ კედლად გადაიქცნენ. ამდენად, 2000 წელს დაწყებული ოპერაცია 10 წლის შემდეგ წარმატებით დასრულდა.

ხელისუფალთა შეცვლის შემდეგ გავბედეთ და 2014 წლის ივნისში ს. წერეთლის სახ. ფილოსოფიის ინსტიტუტის მხოლოდ შვიდმა მეცნიერ-თანამშრომელმა შევიტანეთ სარჩელი სასამართლოში იმ ბრძანების არასამართლიანად ცნობის მოთხოვნით, რომლის ძალითაც ჩვენ გაგვათავისუფლეს, მით უმეტეს, რომ შრომის კოდექსის ის კანონი, რომელსაც ბრძანება ეყრდნობოდა, დღეს აღარ არის კანონი. უფრო ადრე ახალი ხელისუფლების მხარდაჭერაც ვცადეთ. ვესაუბრეთ მაშინდელ განათლების მინისტრ გიორგი მარგველაშვილს, ისიც ხომ ფილოსოფოსია და კარგად იცნობდა ინსტიტუტს. გვეგონა, რომ იცოდა ინსტიტუტის ფასი. ხმა მივაწვდინეთ უფრო მაღალ საფეხურზე მყოფ ხელისუფალთაც, რომელთაც არჩევნებამდე მეცნიერთა მხარდასაჭერად მრავალი დაპირება ჰქონდათ გაცემული. ბოლოს კი ადვოკატის დახმარებით შევადგინეთ სარჩელი და სასამართლოს მივმართეთ. გვითხრეს, რომ განსახილველ საქმეთა სიმრავლის გამო მოცდა მოგვიწევდა. რვა თვის შემდეგ პირველი სხდომა 2015 წლის თებერვალში შედგა, მეორე _ აპრილში, ხოლო ბოლო სხდომა 19 ივნისს გაიმართება. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ იგივე გზას დაადგა ფსიქოლოგიის ინსტიტუტის თანამშრომელთა ნაწილი. თუმცა მათი სასამართლო პროცესები უფრო სწრაფად წარიმართა და დადებითი შედეგითაც დამთავრდა.

ამ პროცესში ვმონაწილეობდი საკუთარი ინტერესების, ფილოსოფიის ინსტიტუტის, როგორც ფილოსოფიური პრობლემების კვლევის ქართული სკოლისა და სამართლიანობის იდეის დასაცავადაც.

ჩვენმა პატივცემულმა მოსამართლემ არაერთხელ ტაქტიანად შეგვახსენა, რომ ჩვენ არ ვიმყოფებით აზდაკის სასამართლოში. მაშინ დავფიქრდი, ნეტავ რატომ ემიჯნება-მეთქი ასე მძაფრად პირადად ჩემთვის საყვარელ ლიტერატურულ თუ თეატრალურ პერსონაჟს? მოსამართლეს ეს არ განუმარტავს, მაგრამ მე კი მინდოდა მეთქვა: ნამდვილად ასეა-მეთქი. რა თქმა უნდა, არ ვართ აზდაკის სასამართლოში, რადგან ჩვენი სასამართლო კანონს ემორჩილება, აზდაკი კი სამართლიანობის იდეის მორჩილი იყო. აზდაკი თავისუფალი ადამიანი იყო და სამართლიანობის დასაცავად მოსამართლის მანტიის გადაგდებაც ისევე ეადვილებოდა, როგორც მისით შემოსვა. იგი სამართლიანობას, როგორც ღირებულებას სცემდა თაყვანს. დღევანდელი ფილოსოფოსყოფილი გაპოლიტოლოგ-გაპოლიტიკოსებული ადამიანები შემახსენებენ, ალბათ, სახელმწიფო რა სახელმწიფოა, კანონი თუ არ უზენაესობსო? მაგრამ მათაც შევახსენებ, რომ არც ის სახელმწიფო ვარგა რამედ, სადაც საღ აზრს და სამართლიანობას მოკლებული კანონები ბატონობენ და ამას საზოგადოება უდრტვინველად იტანს. და ეგუება. ამიტომაც ვართ დღეს სასამართლოში მხოლოდ შვიდი ადამიანი, რომელთა სამართლიან მოთხოვნას რამდენიმე ფსიქოლოგი მეცნიერი უჭერს მხარს პროცესებზე დასწრებით.

 

                                                                                               ნელი ვარდიაშვილი