თბილისის ბაგა-ბაღები ახალი სასწავლო წლისთვის მზად არ არიან?!

ger1

დედაქალაქის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, სევდია უგრეხელიძის განცხადებით, თბილისის ბაგა-ბაღები ახალი სასწავლო წლისთვის მზად არ არიან. მისივე თქმით, ბიუჯეტის ახალი ვარიანტით, მუნიციპალურ ბაღებში ადგილების მატების ნაცვლად კლება ფიქსირდება.

„ამას კიდევ ერთი პრობლემა ემატება, _ ახალი კანონის შესაბამისად, 15 სექტემბრის შემდგომ დაბადებული ბავშვები სკოლის გარეთ რჩებიან. ამ ბავშვების საბავშვო ბაღში დატოვება კი ადგილების დეფიციტს გაზრდის“, _ აღნიშნა სევდია უგრეხელიძემ.

არსებულ მდგომარეობასა და გამოსავლის გზებზე „ქრონიკა+“ ესაუბრება საქართველოს იურიდიულ და ფიზიკურ პირთა ანტიკორუფციული კავშირის, სკოლამდელი აღზრდის კომისიის თავმჯდომარეს _ მზია ფაილოძეს:

_ საკრებულოს `ნაციონალური მოძრაობის~ ფრაქციის წარმომადგენლების გამოსვლებს იაფფასიან პოპულიზმად ვაფასებ. დღეს თუ სკოლამდელ დარგში რაღაც შეუთავსებლობაა და სისტემა პრობლემების წინაშე დგას, ეს საფუძველი მათ ჩაყარეს _ 2007 წელს 50-მდე საბავშვო ბაღი, უბრალოდ, დახურეს. მართალია, მცირეკომპლექტიანი ბაღები იყო, მაგრამ სამოქმედო ტერიტორიაზე საკმარისად იტვირთებოდა და თავის უფლება-მოვალეობას ასრულებდა. ამ 50 ბაღიდან ბევრი გასხვისდა და ისევ `ნაციონალების ახლობლებმა~, ნაცნობ-მეგობრებმა  `პრიხვატიზაცია~ ჩაუტარეს; ზოგმა, შესაძლოა, ერთ ლარადაც ჩაიგდო ხელთ საუკეთესო შენობები ქალაქის ცენტრალურ უბნებში. ამან გამოიწვია სადღეისოდ საბავშვო ბაღების ნაკლებობა. ბავშვთა რაოდენობა გაიზარდა და ჯგუფები ამას ვეღარ იტევს. ბაღზე მოთხოვნილება ძალიან დიდია და, სამწუხაროდ, ადგილების ნაკლებობაა.

_ მერია რას აკეთებს პრობლემის მოსაგვარებლად?

_ დავით ნარმანიამ და ბაღების სააგენტომ გათვალეს, რომ ათამდე საბავშვო ბაღი აშენდება, მაგრამ ამის ხორცშესხმას დრო სჭირდება. ეს საქმე ერთ-ორ თვეში არ კეთდება, თითქმის წელიწადი მაინც უნდა ნორმალური მშენებლობის პროცესს. ნაჩქარევად აშენებული შენობები სააკაშვილის დროს გვქონდა და მერე ისიც ვნახეთ, რომ ბევრი ავარიულ მდგომარეობაში აღმოჩნდა. ამიტომ მყარად უნდა აშენდეს, რადგან ბავშვების სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზეა საუბარი.

ყველა მშობელს სურს, ბავშვი ბაღში მიიყვანოს, რათა ელემენტარული უნარ-ჩვევები მიიღოს და კოლექტივთან, მეგობრებთან ურთიერთობას, ესთეტიკურ, საგანმანათლებლო წესებს ეზიაროს, რათა ბავშვი სამომავლოდ სკოლისთვის მოემზადოს. ამ დროს სექტემბერი ქაოსური მუშაობის პერიოდია, რადგან ბავშვების ნახევარზე მეტი ბაღებში ვერ ხვდება. ამაზე მშობლები ნერვიულობენ, თვითონ დირექტორებიც უხერხულ მდგომარეობაში ვარდებიან. ამ ფონზე, „ნაციონალებმა“ რაღაც საწინააღმდეგო ხომ უნდა თქვან და ამას აკეთებენ კიდეც. რეალობა კი ის არის, რომ ბაღებს ბავშვების მიღება შეუძლიათ, მაგრამ ამდენი ბავშვის ჯგუფებში ჩასარიცხად მზად არ არიან. ამას ისიც ემატება, რომ თუ ბავშვებს 15 სექტემბრამდე 6 წელი შესრულებული არ აქვთ, თავისთავად ისევ ბაღში რჩებიან და მათ იქიდან ვერავინ გაუშვებს. ამიტომ ბაღებს ჯგუფების რაოდენობა არ ეყოფა.

ბაღების სააგენტოს უფროსმა, თემურ თორდინავამ (მისი მუშაობის სპეციფიკა არ მომწონს, რასაც უბრძანებენ, იმას აკეთებს) განაცხადა, რომ 60 ჯგუფი დავამატეთო, მაგრამ 158 საბავშვო ბაღში 60 ჯგუფის დამატება არაფერს ნიშნავს.

„ქართული ოცნების“ მეხოტბე არ ვარ, მის მუშაობაში ბევრი მიმართულება არ მომწონს, მაგრამ ამის საფუძველი წინა ხელისუფლებაში უნდა ვეძიოთ. ის ბაღები უნდა შეენარჩუნებინათ და 3-5-ჯგუფიანი ბაღები რომ შემოგვენახა, დღეს ბევრად უკეთესი მდგომრეობა გვექნებოდა. თავისთავად, ამას ახალი ბაღებიც დაემატებოდა.

თავის დროზე დახურული ბაღების სია ხელისუფლებას გადასცეს, ამ სიის შესახებ ყველამ იცოდა საკრებულოშიც მერიაშიც, სააგენტოშიც, მაგრამ რეაგირება არ მოჰყოლია. 2007 წლიდან მოყოლებული ვსაუბრობდით, რომ დღევანდელი მდგომარეობა შეიქმნებოდა, რადგან დემოგრაფიული მონაცემებით შობადობა მომატებულია, რასაც პატრიარქის ცნობილმა მოწოდებამაც შეუწყო ხელი.

_ დღევანდელი ხელისუფლებისგან რატომ ვერ მიიღეთ სათანადო რეაგირება?

_ ფაქტი სახეზეა, მხოლოდ ორი საბავშვო ბაღის დაბრუნებაზე მიდის მუშაობა ფონიჭალაში და კიევის ქუჩაზე. ალბათ, სექტემბრისთვის ბაღი გაიხსნება. ადრე სამჯგუფიანი იყო და იმედია, ასეთივე მაჩვენებლით გაიხსნება კიევის ქუჩის კუთხეში.

ზედა ფონიჭალაში, რამდენადაც ვიცი, თორმეტჯგუფიანი საბავშვო ბაღი დაიხურა. ნაწილი სახანძრო სამსახურს ჰქონდა, ნაწილი _ სასწრაფოს, ასევე „ლიბერთი ბანკის“ ფილიალიც იყო განთავსებული წლების განმავლობაში. ახლა შენობა გაპარტახებულია. თუ მას მთლიანად აითვისებენ, ზემო ფონიჭალასაც ეშველება… მაგრამ ქალაქის ცენტრალურ უბნებში მიმე მდგომარეობა ნარჩუნდება.

_ იმ 50-მდე ბაღიდან მხოლოდ ორის დაბრუნება ხერხდება?

_ ჯერჯერობით ასეა და დანარჩენ ბაღებზე, აბა, რა მოგახსენოთ!

_ დანარჩენის დაბრუნების რა პერსპექტივები არსებობს?

_ ეს თვითონ მერიის სამსახურების კეთილი ნებისა და ქონების მართვის სააგენტოს საქმე უნდა იყოს. მათ საჯარო რეესტრში უნდა გაარკვიონ, ვის სახელზეა ეს შენობები გადაცემული, რეალურად რა მოხდა. ძირითადად, დევნილები არიან შესახლებული ამ საბავშვო ბაღებში. ერთი რომ შესახლდა, მერე ეს ოჯახი გაიყო და ახლა იქ სამ-სამი ოჯახი ცხოვრობს. აქედან ცოტა ძნელია დროული გამოსავლის პოვნა… ზოგ საბავშვო ბაღს ბოქლომი ადევს, ოთახები დაკავებულია, თუმცა რეალურად იქიდან წასულები არიან.

მაგალითად, აღმაშენებლის გამზირზე შეიძლება 3 შენობის რეაბილიტაცია: ყოფილი 53-ე, 69-ე, და 68-ე საბავშვო ბაღების. 69-ე სამ ჯგუფზე იყო გათვლილი; იქ ღია აივანი არის და 4 ჯგუფიც შეიძლება გაკეთდეს. დევნილთა სამინისტროსთან შეთანხმებით შესაძლებელია, ერთობლივად ეშველოს ამ პრობლემას. შენობა მყარი, მდგრადია, ავარიული არ არის, რადგან კაპიტალურია და იქ 1933 წლიდან საბავშვო ბაღი ფუნქციონირებდა. არაერთი საზოგადო მოღვაწე გაუზრდია ამ საბავშვო ბაღს.

ასევე 53-ე, დგებუაძის პირველ ნომერში, იქაც სამჯგუფიანი საბავშვო ბაღის აღდგენა შეიძლება. დღეს ცარიელია და იქ არავინ არის. ხვალ ვიღაც დაიკავებს, იტყვის უბინაო, სოციალურად დაუცველი ვარო. ასე ნელ-ნელა დაიკავეს ბაღები და ამას, თავის დროზე, სწორედ `ნაცმოძრაობის~ აქტივისტებმა შეუწყვეს ხელი.

2008 წლის აგვისტოს ომამდე აღნიშნულ ბაღებს დაცვის პოლიცია იცავდა. 2007 წლის სექტემბერში დაიკეტა და ერთი წლის განმავლობაში დაცული იყო, მაგრამ აგვისტოს ომის შემდეგ მოქმედ საბავშვო ბაღებში ცხინვალის რეგიონიდან წამოსული დევნილები შეიყვანეს. ამიტომ ამ საკითხზე მერიამ და თბილისის ქონების მართვის სააგენტომ ერთობლივად უნდა იმუშაონ.

_ რეაბილიტაციის, ახალი ბაღების მშენებლობის პროცესი რამდენად სასურველ ტემპში მიმდინარეობს, რომ არსებული მოთხოვნები დააკმაყოფილოს?

_ მუშაობენ, მაგრამ ამ სექტემბრისთვის სისტემა ბავშვების სრულად მისაღებად მზად ვერ იქნება. მშენებლობის ხარისხი, სტანდარტებიც შეიცვალა. მოსკოვის პროსპექტზე, გლდანში, თოფურიძის ქუჩაზე, თავიდან 5 საბავშვო ბაღზეა საუბარი და ახალი მშენებლობები საკმაოდ დაჩქარებული ტემპით მიდის. ალბათ, უფრო ახალი წლიდან ამოქმედდება ეს ყველაფერი.

_ ე. წ. ექვსწლიანების კანონი რამდენად სერიოზულად ქმნის პრობლემას?

_ ძალიან ბევრი 5 წლის ბავშვი გონებრივად და ფიზიკურად იმდენად განვითარებულია, რომ შეიძლება მისი ამ ასაკიდან სკოლაში მიღება, მაგრამ არიან 6 წლისანებიც, რომლებიც  ელემენტარული პროგრამის ათვისებას ვერ შეძლებენ. ძველ დროს, სულაც, 7 წლიდან მიდიოდნენ ბავშვები სკოლაში, მით უმეტეს, უფრო მარტივი პროგრამები მოქმედებდა. ამიტომ ეს კონკრეტული ბავშვის განვითარების მაჩვენებელზეა დამოკიდებული. ყურადღებიანმა მშობელმა ძალიან კარგად იცოდა, წაეყვანა თუ არა ბავშვი სკოლაში. ამიტომ ძნელია კონკრეტული გამყოფი ასაკის მართებულობაზე საუბარი.

ჩემთვის რადენადაც ცნობილია, ძალიან ბევრმა მშობელმა ისიც განაცხადა, შვილს სკოლაში თუ არ მიიღებენ, იმდენს გავაკეთებ, რომ კერძო სკოლაში მივიყვან და მერე საჯაროში გადავიყვანო.

_ ფიქრობთ, რომ 15 სექტებერთან დაკავშირებით ზღვრის გავლება არ არის აუცილებელი?

_ არ იყო საჭირო. ზემოთაც ვთქვი, მშობლების ერთმა კატეგორიამ ძალიან კარგად იცის, შვილი სკოლისთვის მზად არის თუ არა, ამიტომ ის ისედაც ბაღში ტოვებდა, მაგრამ აქ უკვე კანონის ჩარჩოებში ჩავჯექით. ბევრი ნაცნობის შვილები-შვილიშვილები ოქტომბერში ექვსი წლის ხდებიან. ფაქტობრივად, სკოლის გარეშე რჩებიან. მშობლები იძულებული არიან, რომ დროებით, ალბათ, ერთი წლით კერძო სკოლაში წაიყვანონ და მერე ისევ საჯაროში გადმოიყვანონ.

_ დეპუტატ ირაკლი ნადირაძის ინიციატივით, ბაღების გარეთ დარჩენილ ბავშვებს შესაბამისი ვაუჩერი უნდა მიეცეთ, რაც მშობელს თანხის დამატების შემთხვევაში, ბავშვის კერძო ბაღში მიყვანის შესაძლებლობას მისცემს. რამდენად არის ეს ქმედითი გამოსავალი?

_ კერძო ბაღებს საერთოდ აკონტროლებს სახელმწიფო? ამიტომ ვაუჩერიზაციაზე საუბარი ისევ პოპულისტურია. ისინი კერძო ბაღს ვერც ვაუჩერს დაუწესებენ და ვერც ვერაფერს.

_ კერძო ბაღების გაუკონტროლებლობა ბავშვების აღზრდისთვის დადებითი ფაქტორია თუ უარყოფითი?

_ რასაკვირველია, უარყოფითი. ვინ იცის, იქ ბავშვებს როგორ ექცევიან, რას აჭმევენ? არიან კეთილსინდისიერებიც, მაგრამ ყველგან? მშობელს ხელი არ მიუწვდება, ასევე მაკონტროლებელს, სურსათის სააგენტოს უკონტროლოდ მიმდინარეობს იქაური პროცესი.

ასევე უცნობია, რა მეთოდით ასწავლიან ბავშვებს. ზოგიერთ კერძო ბაღში ყველა ასაკის ბავშვი ერთ ჯგუფში ზის. მუშაობენ არაკვალიფიციური კადრები და ფულის საკეთებელი ერთ-ერთი მექანიზმია.

აუცილებელია, რომ სახელმწიფომ ამ კერძო საბავშვო ბაღების გაკონტროლება დაიწყოს.

_ რას იწვევს რეალობა, როდესაც ბავშვი ბაღში ვერ მიდის და გარეთ რჩება?

_ მშობელი, რომელიც მუშაობს, იძულებულია, კერძო ბაღში მიიყვანოს, თუ არადა, ძიძა დაუქირავოს. სადღეისოდ, როცა მოსახლეობის ნახევარზე მეტი სოციალურად დაუცველია, ინფლაცია მიმდინარეობს, წარმოიდგინეთ, მშობელი რამხელა ხარჯის წინაშე დგება.

 

                                                                                                                     გელა მამულაშვილი