ტრაგედია გმირებით

10994847_10206118909987160_17690913_n

გამძვინვარებულმა სტიქიამ თბილისს გადაუარა.

მეწყერი. ნილოსად ქცეული „ვერა-რეჩკა“. წყალში მოტივტივე სახლები და მანქანები. სტიქიასთან მებრძოლი მაშველები და საშველები… გმირული თავგანწირვა.

მობილიზებული მედია. მობილიზებული მთავრობა. რამდენიმე წუთში გაცამტვერებული სახლები. ცნობები მსხვერპლზე, დაკარგულებზე…

კონდიციონერს ჩაბღაუჭებული დათვის ბელი. ბეჰემოთი გმირთა მოედანზე. ქალაქში გასული ლომები და ვეფხვები, დათვები და მგლები…

თითქოს ძილის წინ საშინელებათა ფილმს უყურე, მერე Discovery-ზე, National Geographic-ზე ან Animal Planet-ზე გადართე და მერე ეს ყველაფერი ძილში კოშმარად აიზილა… არადა, მთელი ეს კოშმარი ცხადში ხდებოდა. სტიქიის ზონაში მცხოვრები თუ იქ მობილიზებული ხელისუფლება, სხვადასხვა სტრუქტურა, ტელეჟურნალისტები ამ ყველაფერს საკუთარი თვალით ხედავდნენ, დანარჩენი საზოგადოება ტელევიზიის მეშვეობით ხდებოდა ამ შემზარავი რეალობის მოწმე. საშინელებაა იმ უმწეობის განცდა, რომელიც გიპყრობს ამ დროს, ამ განცდას გიმძაფრებს ისიც, რომ სტიქიის მძვინვარებისას ადამიანი თითქმის უძლურია, განსაცდელისგან იხსნას უმწეო ცხოველები.

მაგრამ… სტიქიის მძვინვარებაზე და ამ ღვარცოფზე უარესია ის ღვარცოფი, რაც წამოვიდა, ისევ და ისევ, ადამიანებისგან. დიახ, არანაკლებ ტრაგიკულია, როცა აცნობიერებ, რომ  ბევრად მეტი გაქვს საერთო და, შესაბამისად, თანაგრძნობაც იმ ცხოველების მიმართ, რომლებიც ადგილზე დაიღუპნენ, ან თავი დააღწიეს და შემდეგ შესაბამისი უწყებები იძულებული გახდნენ, დაეხოცათ, ვიდრე იმ პირთა მიმართ, ვინც ამ ტრაგედიის პოლიტიკური სპეკულაციებისთვის გამოყენებას ცდილობენ. დიახ, ჩემთვის ის დათვის ბელი უფრო ძვირფასია, რომელიც გადასარჩენად შენობაზე აძვრა და კონდიციონერს ჩაებღაუჭა და ის ბეჰემოთი, რომელიც გმირთა მოედანზე დადიოდა, ან პინგვინი, რომელიც ზოოპარკში დაბაჯბაჯებდა საწყლად და სასწრაფომ გადაარჩინა და ყველა ის ცხოველი, რომელიც წყალმა, ან შემდეგ ტყვიამ იმსხვერპლა, ვიდრე ისინი, ვინც ამ წყალდიდობამ „ამოატივტივა“ და ყოვლად ურცხვად თავსდამტყდარ ტრაგედიას აბრალებენ საკუთარ ოპონენტებს. ცდილობენ, ტრაგედიაც კი საკუთარ ბილწ მიზნებს დაუქვემდებარონ.

ქოცობა არც „ქართული ოცნების“ წევრობაა და არც ამ ხელისუფლების მხარდაჭერა. ქოცობა მენტალური მოვლენაა და ქოცია ყველა, ვინც ტრაგედიის პოლიტიკური მიზნებით გამოყენებას ცდილობს. არ აქვს მნიშვნელობა, ქვევრში ჩამხრჩვალი ბავშვის ტრაგედიით ცდილობ ქულების მოპოვებას, თუ ადიდებული ვერის მიერ დამხრჩვალი ხალხით და განადგურებული ზოოპარკით.

არ აქვს მნიშვნელობა, პოლიტიკურად რომელ მხარეს ხარ და ვის ცდილობ, აჰკიდო ეს ცოდვა.

ცხადია, სოცქსელებში იყო მცდელობა იმისა, რომ ეს თავსდამტყდარი უბედურება დაბრალებოდა ქალაქის მოქმედ მერს იმ მოტივით, რომ არ იყო გაწმენდილი და მოწესრიგებული სანიაღვრე სისტემები. ასეც რომ იყოს, რომელი გაწმენდილი და გაწიკწიკებული  სანიაღვრე სისტემა გაუძლებდა მოვარდნილ ღვარცოფს და აგვარიდებდა ტრაგედიას, როდესაც საუბარია იმაზე, რომ წყლის დონემ 7 მეტრით გადააჭარბა ასწლოვან რეკორდს? დღევანდელი მთავრობის მიმართ სიმპათიებს ვერავინ დამაბრალებს, მაგრამ ობიექტურობა მოითხოვს დაინახო ის, რომ ისინი ასრულებდნენ დაკისრებულ მოვალეობას. მობილიზებული იყო ყველა სტრუქტურა, ადგილზე იყო ყველა და ებრძოდა სტიქიას.

ეს ფრაგმენტული მცდელობები  ნარმანიასთვის ამ ცოდვის აკიდების ინდივიდუალურ გამოხდომებად დარჩა, რასაც ნამდვილად ვერ ვიტყვით მეორე მხარეზე. გათენდა და წყალდიდობამ „ამოატივტივა“ შევარდნაძის „მინისტროჩკები“, გამოჩდნენ „ბრძენი“ ექსპერტები, პარლამენტარი კვაჭანტირაძეები თუ სხვანი და სხვანი, რომლებმაც ხელები დაიკაპიწეს, ოღონდ სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ კი არა, იმისთვის, რომ ეს უბედურება დედაქალაქის ყოფილი მერისთვის შეეტენათ. დიახ, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით. დაიწყეს იმის მტკიცება, რომ ეს თავსდამტყდარი ტრაგედია შედეგი იყო ესტაკადების, იმ გვირაბების, რომელიც აშენდა, რომელიც, თურმე, წყალს აჩქარებს, რომ თურმე არ იყო შესწავლილი და ა. შ. ეს თემა მთელი დღე მუსირებდა, ვიღაცამ ერთ-ერთი ექსპერტის სამი წლისწინანდელი ვიდეოც დაატრიალა, სადაც ის უბედურებას წინასწარმეტყველებდა. ამ ცდუნებას, სამწუხაროდ, ვერ გაუძლო თვით პრემიერმა ღარიბაშვილმა, რომელიც მანამდე ფრთხილად ეკიდებოდა ამ საკითხს…

რას ჰგავს ეს? საუკეთესო თავდაცვა თავდასხმაა? კი მაგრამ, რა საჭიროა ეს თავდასხმა, როცა არ გჭირდება თავდაცვა და არავინ გადანაშაულებს მომხდარში?

მით უფრო მაშინ, როცა რამდენი ექსპერტიცაა, იმდენი აზრია და საკითხის საბოლოო შესწავლამდე არავინ იცის, რომელია იმ ექსპერტებიდან მართალი?

ფაქტია, რომ ტრაგედია დაიწყო არა თბილისში, არამედ იქ, სადაც იყო მეწყერი, რომელმაც ჩახერგა მდინარე ვერე, შემდეგ გადმოსკდა და დაგუბებული ხე-ტყიანი, მიწიანი ღვარცოფი წამოვიდა დედაქალაქში. მეწყერიც ესტაკადებისა და ამ გვირაბების ბრალია? ან ეს ესტაკადები სად იყო, ან ნაცები, ან ქოცები, როცა იგივე ტერიტორია წყალმა წალეკა 1960 წელს? თან ყოველგვარი მეწყრის გარეშე? დავიჯერო, სხვებმა შეიტყვეს და ამ „ბრძენმა“ ექსპერტებმა ვერა, რომ სამი თვის ნალექი მოვიდა იმ ღამით? რომ მოვარდნილ ღვარცოფს ვერანაირი გვირაბი და ვერანაირი კალაპოტი ვერ გაატარებდა? დავიჯერო, არ იციან ის, რასაც ამტკიცებს ამ პროექტის ავტორი, რომ კალაპოტი არ შემცირებულა? რა პასუხს გასცემენ საზოგადოებას, რომელსაც დღეს აგრესიულად განაწყობენ წინა ხელისუფლების მიმართ, როცა დაიდება ძველი კალაპოტის მონაცემებიც და ახალიც და არ იქნება შემცირებული?

რომ დამდგარხართ და აგიჟებთ საზოგადოებას, რომ თურმე არაფერი მოხდებოდა, „ნაცებს“ რომ ხელი არ ეხლოთ ვერის ხეობისთვისო, ელემენტარულად და რბილად რომ ვთქვათ, არ გრცხვენიათ? ამ „ბრძენ“ ექსპერტებს ტელევიზიითაც გასცეს პასუხი სხვა კვალიფიციურმა პირებმა და სოცქსელებშიც. საინტერესო და დროული იყო კითხვა, რომლითაც ამ „საყველაფროდამთავრებულ“ ექსპერტებს დაუსვა გოჩა გვარამიამ: „ის მთები რომ არ მოჭრილიყო და არ გაფართოებულიყო ეგ ხეობა, ამხელა წყალი სად წავიდოდა?.. ელემენტარულად იმ გაფართოებულ სივრცეს რომ არ გადაენაწილებინა ეს წყალი, სანამდე ავიდოდა იმ ვიწრო ხეობაში?!. ერთადერთი გასასვლელი ხომ სწორედ იმ სახლებისკენ და ზოოპარკისკენ ექნებოდა წყალს და გაცილებით მაღლა ავიდოდა და სახლებში მსხვერპლი კიდევ უფრო მეტი იქნებოდა… ახლა კი გაშლილმა ადგილმა წყლის ნაკადის მოსალოდნელი მაღალი დონე საკუთარ თავზე აიღო და გაშალა სივრცეში… „მოაზროვნეებო“, ზიარჭურჭელი გაგიათ, საერთოდ?!.“

დიდი გონიერება უნდა იმას, რომ თავსდამტყდარი სტიქია მივიღოთ სტიქიად და არ ვეცადოთ ამ უბედურების ერთმანეთზე გადაბრალებას? და არ ვთხაროთ გვირაბები მატროსოვამდე? მით უმეტეს მაშინ, როცა სწორედ იმ 1960 წელსაც გვირაბმა ვერ გაატარა წყალი. „დილის 9 საათზე მოვიდა დიდი წვიმა, ადიდებულა მდინარე ვერე და მოგლეჯილი ხეებითა და ლოდებით ამოუვსია ვარაზის ხევის ქუჩის ქვეშ გაყვანილი გვირაბი, შეგუბებულა წყალი და ამოუხრჩვია ზოოპარკი!“ _ ვკითხულობთ მწერალ ედიშერ ყიფიანის უბის წიგნაკის ჩანაწერში.

ედიშერ ყიფიანი შთამბეჭდავად ხატავდა იმ გულისმომკვლელ სურათს: როგორ იწვა უძრავად მიწით დასილული ვეფხვი, როგორ დაიხრჩო ყველა ლომი, ყველა ავაზა და ყველა ვეფხვი, როგორ ეყარნენ მუცელდაბერილი თეთრი დათვები… ირკვევა ისიც, რომ მხოლოდ ბეჰემოთმა შეძლო რკინის ფანჯრის გამტვრევა და განთავისუფლება…

ბეჰემოთმა ამჯერადაც დააღწია თავი ზოოპარკს და გმირთა მოედანზეც ვნახეთ. ვნახეთ ისიც, როგორ დააძინეს. ზოოპარკის დირექტორმა თქვა კიდეც სევდიანად, რომ ბეჰემოთი მხიარულ ხასიათზე იყო, სხვა ცხოველებისგან განსხვავებით მისთვის პრობლემა არ იყო გაცურვა და განავარდება…

დღეს უკვე აღარ გვაქვს ზოოპარკი, განადგურებულია ცხოველების ნახევარი…

„რუსთავი 2“-ზე ჯერ კიდევ არ იყო დაწყებული სპეცგამოშვება, როცა საინფორმაციო სააგენტოებით გავრცელდა ცნობები იმის შესახებ, რომ ზოოპარკიდან გაიქცნენ ცხოველები, მათ შორის, ლომები და ვეფხვები. მოგვიანებით, ზოოპარკთან ახლოს მცხოვრებმა ახლობლებმა მომწერეს, სპილო ყვირის საცოდავადო… მომწერეს ისიც, რომ გაისმა სროლების ხმა. დავწერე კიდეც, რომ, ეტყობა, მხეცებს ვერ იჭერენ და დახოცვა უწევთ-მეთქი. სროლები მალევე დაადასტურეს ტელევიზიით, თუმცა აღნიშნავდნენ, რომ ცხოველებს აძინებდნენ და არ ხოცავდნენ. ოდნავ მოგვიანებით შს მინისტრმა დაადასტურა, რომ სამწუხაროდ მოუწიათ რამდენიმე ცხოველის ლიკვიდაცია, რადგან ისინი საფრთხეს უქმნიდნენ ადამიანებს.

არ ჩანდა 6 ლომი, 6 ვეფხვი, 13 მგელი, 7 დათვი. არავინ იცოდა, ყველა ეს ცხოველი ქალაქში გავიდა, თუ ნაწილი ზოოპარკში იყო დახოცილი უკვე? ვეფხვი ნახეს ვერაზე, ნახეს სხვა ცხოველებიც. ქალაქი ახალი საფრთხის წინაშე აღმოჩნდა…

თავისთავად ცხადია, უზნეობაა, დაადანაშაულო შესაბამისი სტრუქტურები იმაში, რომ ისინი კლავენ მტაცებელ ცხოველს, როცა ეს უკანასკნელნი შეტევაზე გადმოდიან და საფრთხეს უქმნიან ადამიანის სიცოცხლეს. თავისთავად ცხადია, რომ სასურველია მათი დაძინება და არა ხოცვა, მაგრამ როგორც სპეციალისტები განმარტავენ, ნებისმიერი ტრანკვილიზატორი 4-5 წუთში იწყებს მოქმედებას, და ეს 4-5 წუთი სრულიად საკმარისია იმისთვის, რომ მტაცებელმა დაგლიჯოს ადამიანი. როგორც ზოოპარკის დირექტორმა განმარტა, არ ყოფილა გაცემული ბრძანება ცხოველების აუცილებლად ხოცვაზე, თუმცა ეს არ გამორიცხავს იმას, რომ კონკრეტულმა პირებმა არ განახორციელეს ლიკვიდაცია მაშინ, როცა არ იყო ამის აუცილებლობა. გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებაც, რომ მოხდა უკვე დაძინებული ცხოველების ლიკვიდაციაც…. ანუ მოკლეს ცხოველები, რომლებიც არ უქმნიდნენ საფრთხეს არავის…

ცხადია, ეს ყველაფერი გასარკვევია, რატომ მიმართავდნენ ლიკვიდაციას, _ აუცილებლობით იყო ნაკარნახევი, თუ ტრანკვილიზატორების მარაგის ამოწურვით, თუ ეს იყო ცალკეულ პირთა თვითნებობა?.. საზოგადოების ნაწილისთვის მიუღებელიც კია, ცხოველების სიკვდილზე ლაპარაკი მაშინ, როცა სტიქიას ამდენი ადამიანი ემსხვერპლა, მაგრამ გამაგებინოს ვინმემ, რა ნიშნით გვიზომავთ ჩვენ ადამიანური სიბრალულის მასშტაბებს? იქნებ, მე ადამიანებიც მებრალება სიკვდილისთვის და ეს უმწეო ცხოველებიც?

და საერთოდ, იქნებ, ტვინის კოლექტორებიც გავხსნათ და შევუშვათ თავებში, რომ სტიქია დაგვატყდა თავს და უადგილოა, უზნეობაა თითის გაშვერა გინდა დღევანდელი, გინდა წინა მერისკენ? მეფე ლირს მოჰყავდა კორდელია და გოდებდა, _ იტირეთ ყველამ.

ვიტიროთ, ვიგლოვოთ ყველამ დაღუპულები და მერე დასხდნენ და ცივი გონებით განსაჯონ, იყო თუ არა რაიმე შეცდომა ან იმ გზისა და ესტაკადების მშენებლობისას, ან დღევანდელი ხელისუფლების ქმედებებში იმ სანიაღვრეებზე? თუ რამე გამოსასწორებელია, გამოსწორდეს, მაგრამ ხომ ფაქტია, რომ ამხელა სტიქიას ვერც გაწმენდილ-გაუწმენდავი სანიაღვრეები გაუძლებდა და ვერც ვერის ხეობა, სულ რომ ხელუხლებელი დაეტოვებინათ?

რა ხდება? ვიღაცას ძალიან არ მოეწონა, როგორც ჩანს, ერთ მუშტად შეკრული საზოგადოება… არადა, გადაახვიეთ და ნახეთ, რა თავდადებით და რა კონსტრუქციულად მუშაობდა ხელისუფლებასთან იმ ავბედით ღამეს ამ ხელისუფლებისგან მოძულებული „რუსთავი 2“, დილით ოპოზიციამ გამოაცხადა, რომ მზადაა, დადგეს ხელისუფლების გვერდით სტიქიის შედეგების სალიკვდაციოდ, დილამდე კი ამის მაგალითი თვითონ ხალხმა აჩვენა _ პროფესიონალ მაშველებთან ერთად გმირობას სჩადიოდნენ მოხალისე მაშველები.

ეს არ მოგეწონათ და ტრაგედიის პირისპირ გამთლიანებული საზოგადოების გახლეჩა დაიწყეთ მომენტალურად? მაგრამ თქვენ რა უნდა მოგთხოვოთ, როცა არაადეკვატურობის მაგალითს ის იძლევა, ვისაც ნუგეში უნდა ეცა ხალხისთვის? და რა გვითხრა პატრიარქმა ნუგეშის ცემის ნაცვლად? თურმე ეს ადამიანები და ეს უმწეო ცხოველები იმიტომ დაიღუპნენ, რომ ასი წლის წინათ ზოოპარკი ეკლესიებიდან ჩამოხსნილი და გადამდნარი ზარებით დაარსებულა, რომ თურმე ზარების ფასად დაარსებული ზოოპარკი ვერ გაიხარებს, რადგან ეს ზოოპარკი ცოდვაზეა დაარსებული და ყოველი ცოდვა ისჯება…

ვისი ცოდვები ზიდა თეთრი ლომის ბოკვერმა შუმბამ? კომუნისტების? და თუ ეს ღვთის სასჯელი იყო, რატომ გადარჩა ტერარიუმი? თქვენ გინდათ დამაჯეროთ, რომ ღმერთს შუმბას დასჯა უნდოდა და გველების გადარჩენა? ლომის ბოკვერი დაისაჯა იმის გამო, რომ ოდესღაც კომუნისტებმა ზარები დაადნეს, ზოოპარკი დააარსეს და იქ ასი წლის მერე მოუწია ყოფნა ამ თეთრი ლომის ბოკვერს? ზოოპარკსაც რომ თავი დავანებოთ, სვანიძის ქუჩაც გადამდნარი ზარებით აშენდა?

 

                                                                                                                       რეზო შატაკიშვილი