სპეცოპერაცია პანკისში

ick

14 ივნისს გვიან ღამით პანკისის ხეობაში სპეცოპერაცია ჩატარდა.

გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულია აიუფ ბორჩაშვილი და რამდენიმე იქაური მცხოვრები.

სამართალდამცველებმა უფლებადმცველ ჯოყოლა აჭიშვილის სახლიც გაჩხრიკეს. არაოფიციალური ინფორმაციით, სპეცოპერაცია სირიაში პანკისის ხეობიდან ახალგაზრდების წაყვანის ფაქტების გამო ჩატარდა. დაკავებული აიუფ ბორჩაშვილი `ქრონიკა+~-მა ორი წლის წინ პანკისის ხეობაში ჩაწერა. მან მოლაპარაკებების პროცესში ახმეტ ჩატაევის მონაწილეობის ექსკლუზიური დეტალები გაგვიმხილა.

„ქრონიკა+“ უფლებადამცველ ჯოყოლა აჭიშვილს დაუკავშირდა:

_ ჯოყოლა, რა მოხდა წუხელ პანკისის ხეობაში? რატომ დაიწყო მოულოდნელად სპეცოპერაცია და რამდენი ადამიანია დაკავებული?

_ სიმართლე რომ გითხრათ, არ ვიცოდი არაფერი, მე თბილისში ვიყავი, როცა სახლიდან დამირეკეს და მითხრეს, _ შეიარაღებული ხალხი არის პოლიციიდან მოსულიო. გამიკვირდა. ორდერი არ წარუდგენიათ, სახლი გაჩხრიკეს, პატარა იარაღი მქონდა გაფორმებული, ის ამოუღიათ, ბავშვის „ნოუთბუქი“, დისკები და კომპიუტერის შეცვლილი ვინჩესტერი წაუღიათ, ასევე  ათი წლის წინანდელი „კორსტანდარტ ბანკის“ განვადების გადახდის ქვითრები.

ჩემი სახლის გარდა ერთდროულად გაჩხრიკეს კიდევ შვიდი სახლი.

_ ვისი სახლები გაჩხრიკეს?

_ არ ვიცი, რა პრინციპით შეარჩიეს ეს სახლები. გაჩხრეკილია შამშუდინ ბორჩაშვილის, აიუფ ბორჩაშვილის, მერაბ თათიაშვილის, გელა ტოხოსაშვილისა და ბადრუდინ ჩოფანაშვილის სახლები. არავისთვის არაფერი უთქვამთ, წამოიყვანეს თბილისში, გზაში დაუკითხავთ. უთხრეს, რომ სახლებიდან არ გავიდნენ და საჭიროების შემთხვევაში დაურეკავენ. ყველა მათგანი გამოუშვეს. ამ დროისთვის დაკავებულია მხოლოდ აიუფ ბორჩაშვილი. ჯერჯერობით, ბრალი არ წაუყენებიათ, გადაიყვანეს „კაპეზეში“. როგორც გელა ნიკოლაიშვილმა მითხრა, ასეთი ბრალდება აქვს: ისლამურ სახელმწიფოსთან ურთიერთობა, ანუ ტერორიზმის ხელშეწყობა.

_ უკავშირდება თუ არა ეს დაკავება პანკისის ხეობიდან სირიაში ახალგაზრდების წაყვანის ფაქტებს?

_ სანამ ხვალ ოფიციალურად ბრალს არ წაუყენებენ, ვერაფერს გეტყვით, მაგრამ თუ სირიაში წაყვანილი ახალგაზრდების გამო იყო ეს ჩხრეკა, ტყუილად გაისარჯნენ. ბავშვები რომ წავიდნენ, იმის მერე სირიაში არავინ გამგზავრებულა. მე პირადად წასულებს სახეზეც არ ვიცნობ.

_ ჯოყოლა, ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ დაკავებულები არიან თარხან ბათირაშვილის ახლო ნათესავები. რამდენად რეალურია ეს?

_ დიახ, ნამდვილად რეალური ინფორმაციაა, თარხან ბათირაშვილის ახლო ნათესავები არიან. ბათირაშვილი ძალიან კარგი ახალგაზრდაა, მას კარგი ურთიერთობა აქვს ყველასთან _ ნათესავებთან, კლასელებთან. რა არის აქ კანონდარღვევა? რა გავაკეთეთ ბათირაშვილის დავალებით? როცა ნათესავები ვართ და ერთ ნაპირზე გავიზარდეთ, ეს კანონდარღვევაა?

დღეს ბრალს წაუყენებენ აიუფ ბორჩაშვილს. ადვოკატი საქმის მასალებს გაეცნობა და ყველაფერს გავიგებთ!!!

_ დაკითხვაზე თუ დაგიბარეს?

_ როცა ჩემი სახლი გაჩხრიკეს, მე მათ ვუთხარი, რომ იარაღი გაფორმებული მქონდა, უკანონო ნივთებს სახლში არ ვინახავ და ვიკითხე, სად უნდა მომეკითხა ჩემი სახლიდან ამოღებული ნივთები. მიპასუხეს, რომ ხვალ დამიბარებენ. როგორც კი დამიბარებენ, მზად ვარ, ჩემს ადვოკატთან ერთად გამოვცხადდე.

მტკიცებულება არ მაქვს, მაგრამ ვარაუდია, რომ არაბეთის პრინცის ჩამოსვლასთან შეიძლება იყოს კავშირში ეს სპეცოპერაცია. მას საპატიო მოქალაქეობა მისცეს, არაბეთს მტრული დამოკიდებულება აქვს ისლამურ სახელმწიფოსთან. ვარკვევთ, ასევე, დაკავებულები იყვნენ თუ არა მუსულმანი ქართველები.

აიუფ ბორჩაშვილი ბიძად მეკუთვნის, ჩემი კლასელიცაა, ჩემი მეგობარიცაა, ძალიან დიდ პატივს ვცემ მას. ყველანაირად ვეცდები, მის საქმეში ჩართული ვიყო და კანონის ფარგლებში ვიბრძოლო მისი უფლებების დასაცავად.

 

                                                                                                               ელისო კილაძე