რა საშიშროების წინაშე დგას რთული რელიეფის მქონე საქართველო?

riskebi

გადაუღებელი წვიმების შედეგად მდინარე ვერეს ხეობაში დატრიალებულმა ტრაგედიამ ქვეყანა ერთ მუშტად გააერთიანა. ბუნების სტიქიის წინაშე ადამიანი ხშირად უძლურია და მთავრობა, მოქალაქეები ერთი სულისკვეთებით განიმსჭვალნენ. დანგრეული გზები და სახლები დროთა განმავლობაში აღდგება, მაგრამ ჩვენ გვერდით მცხოვრები ადამიანების სიცოცხლეს ვერაფერი დაგვიბრუნებს.

ამ ფონზე არ წყდება საუბრები, თუ რამდენად იყო შესაძლებელი დატრიალებული ტრაგედიის თავიდან აცილება? მომხდარის პროფესიონალურად შეფასების გარეშე კი სამომავლოდაც მსგავსი უბედურებისგან დაზღვეული ვერ ვიქნებით. ამ სიტუაციაში დარგის მეცნიერებმა, ექსპერტებმა გადამწყვეტი სიტყვა უნდა თქვან და მთავრობამ მხოლოდ ასეთ სანდო საფუძველზე უნდა იმოქმედოს.

არსებული მდგომარეობის მიზეზებზე, სამომავლო საფრთხეებსა და გამოსავალზე „ქრონიკა+“ „საქართველოს მწვანეთა მოძრაობის“ თანათავმჯდომარეს, რუსუდან სიმონიძეს ესაუბრება:

_ ბუნებას სტიქიური მოვლენები პერიოდულად ახასიათებს და ეს მეორდება ხოლმე. არსებობს მისი გამომწვევი, გამაძლიერებელი მიზეზები _ ბუნებისადმი ცალსახად არასწორი დამოკიდებულება, ტყეების ჩეხვა, საარსებო პირობების გაუარესება და ა. შ.

ასევე, ჩვენთან დატრიალებული ტრაგედია მნიშვნელოვნად არასწორი დაგეგმარებით არის განპირობებული, თუნდაც ამ ჭალაში მოსახლეობის საცხოვრებელი სახლების არასწორი განლაგებით.

რაც მთავარია, როცა ასეთი დიდი მშენებლობები იგეგმება, აუცილებელია, ადგილზე რისკების ზუსტი შეფასება. მსოფლიო პრაქტიკა ასეთია და ჩვენთანაც საქმე ასე უნდა კეთდებოდეს.

ჩვენი აზრით, ეს ახალი გზა არასწორად იყო გაკეთებული. როდესაც ასეთი დიდი გზის მშენებლობა მიმდინარეობს, იქ აუცილებლად უნდა გაეთვალისწინებინათ სპეციალისტების, გეოლოგების შეფასებები. თუმცა ეს ყველაფერი ნაადრევად განხორციელდა და არავინ იცის, იქ რამდენად კვალიფიციური დასკვნები იდო:

დინების მილში მოთავსებისას იყო თუ არა გათვალისწინებული ზოგადად მდინარის ხასიათი, წყლის ხარჯი და ა. შ. ესეც დაზუსტებით არავინ იცის. ცხადია, ეს ყველაფერი სწორად არ გაითვალისწინეს და ამის გამო ცუდი შედეგი მივიღეთ. ბუნებას თავისი კანონები და მოთხოვნები აქვს, რასაც აუცილებლად გათვალისწინება სჭირდება. უკვე წლებია, პროცესები მიუღებელი გზით მიმდინარეობს.

ალბათ, გახსოვთ, როგორ ვაპროტესტებდით გარემოსდამცველები ვერის ხეობაში ასეთი პირობებით გზის მშენებლობას.

_ რატომ არ ითვალისწინებს ხელისუფლება ზემოაღნიშნულ მოთხოვნებს?

_ წინა ხელისუფლებაში იყო ასეთი მიდგომა _ სასწრაფო სტრატეგიული ობიექტების მშენებლობა, პრინციპით, ბაზარი არეგულირებს ყველაფერს. ამიტომ სათანადო მომზადება არ ხდებოდა. ამას იწვევს არაკვალიფიციურობა, გარკვეული ტიპის ლობირებები, რაც ძალიან მნიშვნელოვანი კომპლექსური საკითხი გახლავთ. ასეთი მუშაობის შედეგებიც სახეზეა. თუმცა ქვეყანამ უნდა გაითვალისწინოს სხვა სახელმწიფოების გამოცდილება.

_ სად გვაქვს რთული უბნები და, რეალურად, რა ეკოლოგიური პრობლემების წინაშე ვიმყოფებით?

_ ჩვენი რელიეფი რთულია. არაჩვეულებრივად ლამაზი ქვეყანა გვაქვს და მას შესაფერისი მიდგომა სჭირდება. ღვთის მადლით, ქვეყანას, ჯერჯერობით, ჰყავს მაღალი დონის სპეციალისტები, გეოლოგები, ჰიდროლოგები, რომელთა ცოდნის გამოყენება აუცილებელია. ეს ყველაფერი კანონმდებლობაში ჩადებული უნდა იყოს. შემოდის ასეთი ცნება: სტრატეგიული გარემოსდამცველი შეფასება, რასაც გარემოს დამცველები დიდი ხანია, ვითხოვდით. ბოლოს და ბოლოს, მივიდნენ დასკვნამდე, რომ აუცილებელია ამაზე კანონის მიღება, რომელიც შეაფასებს, რამდენად საჭირო, აუცილებელია და რა შედეგს მოიტანს ამ თუ იმ ადგილას მშენებლობა.

ქვეყანას დიდი რისკები აქვს იმ უზარმაზარი გეგმების შედეგად, რაც ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობას უკავშირდება. ვიმეორებ: ძალიან რთული რელიეფის მქონე ქვეყანა ვართ, სადაც ასეთი დიდი (ქვეყნის მასშტაბების გათვალისწინებით) ზომის მშენებლობები არ შეიძლება! მით უმეტეს, როდესაც ეს დიდ წყალსატევებთან არის დაკავშირებული.

უამრავი სხვა გამოწვევა გვაქვს, თუნდაც გზების მშენებლობა… ძალიან ბევრი რეგულაცია გააუქმეს ამ 9 წლის განმავლობაში. თუ მანამდე არ სრულდებოდა, ყოველ შემთხვევაში, კანონში ბევრი ცნება და მოთხოვნა იდო, რომელიც დღეს არ გვაქვს და თავიდან არის გასაკეთებელი. სპეციალისტები, გარემოსდამცველები ამ პროცესში ჩართულები არიან, რომ რაც შეიძლება კარგი კანონი მივიღოთ. ჩვენი ორგანიზაციაც მუშაობს ამ მიმართულებით.

არასწორი პოლიტიკით კი ტრაგიკული შედეგები მივიღეთ.

_ გახდება თუ არა ეს ჭკუის სასწავლებელი იგივე დიდი ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობისას?

_ იმედი მაქვს. შესაბამისი თანამდებობის პირები, მთელი ქვეყანა ამ კუთხით კარგად უნდა დაფიქრდეს და აუცილებელია გინივრული ქმედება. ფული ყველაფრის გადამწყვეტი არ გახლავთ.

_ ვაკე-საბურთალოს დამაკავშირებელი ახალი გზის პრობლემა როგორ უნდა გადაწყდეს?

_ სრული შეფასება უნდა მოხდეს ყველა სპეციალისტის ჩართვით. დაშვებული შეცდომები გამოსწორდეს და მოგვარდეს ეს ამბავი. როგორ შეიძლებოდა იმის გაკეთება, რაც იქ თავის დროზე გაკეთდა? ხაზს ვუსვამ: იქ, თავის დროზე, დიდი სარეკრეაციო ზოლის გაკეთება იგეგმებოდა. ალბათ, გახსოვთ, ნოდარ დუმბაძის ინიციატივა მზიურის დიდი პარკის გაშენების თაობაზე.

ამასობაში, სანამ გზის კეთება დაიგეგმებოდა, იქ დაიწყეს სახლების მშენებლობა და ამ პროცესში ბოლომდე ჩავიდნენ, მრავალსართულიანი სახლები წამოჭიმეს ზედ ჭალის პირზე!!!

აქ საზოგადოების როლზეც უნდა ვისაუბროთ, სამწუხაროდ, ეს იყო ჩვენი ცნობიერება, ის მთავრობაც ჩვენგან მოდის. ყველაფერმა ერთად ეს შედეგი მოგვიტანა. ამას ადამიანების სიცოცხლე და საცოდავი ცხოველები შეეწირა.

მეტი ჭკუის მოხმობა მოგვიწევს. ევროკავშირისკენ მივისწრაფით და გარკვეული რეგულაციები უნდა გავითვალისწინოთ.

როცა ქვეყანა ერთ ქალაქად არის ქცეული, ეს წარმოუდგენელია. არ შეიძლება ყველა უნივერსიტეტი ერთ ქალქში იყოს განთავსებული, შედარებით უკეთესი საცხოვრებელი პირობები მხოლოდ ერთ ქალაქში იყოს. სხვა შემთხვევაში, ამდენი ადამიანი საზღვარგარეთ არ იქნებოდა. როგორც ცა და დედამიწა განსხვავდება, დედაქალაქი და ქვეყნის სხვა ქალაქები და რაიონები განსხვავდება ერთმანეთისგან. ადამიანები იძულებული არიან, რაღაც ელემენტარულისთვის აქ წამოვიდნენ. ასე ცხოვრება არ შეიძლება, თუნდაც ტრანსპორტის მოძრაობა ავიღოთ, ხედავთ რაც ხდება ჩვენს რეალობაში.

საზოგადოება თავის დროზე აქტიური რომ ყოფილიყო, შესაძლოა, ის მშენებლობა არ შემდგარიყო. მართალია, იმ პერიოდში მსგავსი აქტიურობა ცოტა სირთულეს წარმოადგენდა, იქნებ, ვინმესთვის მაინც მოესმინათ. მახსოვს, ჩვენს ოფისში არქიტექტორები, მეცნიერები, კოლეგები მოდიოდნენ, მაგრამ წინააღმდეგობა არცთუ დიდი იყო, რომ ეს ტრაგედია მეტ-ნაკლებად მაინც აგვეცილებინა თავიდან.

_ მთავრობას რამდენად აქვს მზაობა, რომ არსებული რეალობა სრულად გაითვალისწინოს და სწორი გადაწყვეტილებები მიიღოს?

_ რთული სათქმელია, მაგრამ გამოსაფხიზლებლად ალბათ საკმაოდ აქვთ მზაობა. მედიასაც დიდი როლის შესრულება შეუძლია. არ არის აუცილებელი მხოლოდ ორი პოლიტიკური მიმართულების თუ აზროვნების დაჯახება. შესაძლებელია პროცესების სხვა მიმართულებით წაყვანა, საზოგადოების გაცნობიერება, ექსპერტებთან საუბარი, რომ საზოგადოება გამოფხიზლდეს და ცოტა სხვანაიარად იფიქროს.

 

 „ქრონიკა+“ წყალდიდობის შემდგომ გადამდებ დაავადებათა გავრცელების რისკის შემცირების მიზნით დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის განცხადებასაც წარმოგიდგენთ:

ა) 2015 წლის 13 ივნისის წყალდიდობით გამოწვეულ გადამდებ დაავადებათა გავრცელების რისკი არაფრით აღემატება ნებისმიერი წყალდიდობის დროს გამოწვეულ რისკებს;

ბ) გადამდებ დაავადებათა თვალსაზრისით ყველაზე მაღალი რისკის შემცველია სასმელი და რეკრეაციული წყლები;

გ) წყალსადენში წყლის წყვეტილი მიწოდებისას წყალმა სასურველია, იდინოს არანაკლებ 10 წუთი და შემდეგ გამოიყენოთ სასმელად ან საკვების მოსამზადებლად:

_ არ გამოიყენოთ სასმელად წყალი ადუღების გარეშე, თუ მის უვნებლობაში არ ხართ დარწმუნებული. ანადუღარი წყალი ვარგისია 24 საათის განმავლობაში;

_ სასურველია წყლის გამწმენდი სხვადასხვა ტიპის საოჯახო ფილტრის გამოყენება;

_ შეგროვილი სასმელი წყალი შეინახეთ სუფთა, დახურულ რეზერვუარში და არ გამოიყენოთ წყლის შესანახი ჭურჭელი სხვა დანიშნულებით (რძის ან სხვა სითხის შესანახად);

_ გამოიყენეთ სუფთა სასმელი წყალი:

ხილისა და ბოსტნეულის გასარეცხად,

საკვების მოსამზადებლად, სასმელების დასამზადებლად, ყინულის მოსამზადებლად, ჭურჭლისა და სამზარეულოს სხვა ინვენტარის გასარეცხად, ხელების დასაბანად;

_ ღია წყალსატევში ბანაობისას ან თევზჭერისას არ ჩაყლაპოთ წყალი;

საკვებთან დაკავშირებული საფრთხეების შემცირების მიზნით:

_ მომზადებული კერძი სასურველია მიიღოთ ჯერ კიდევ ცხელი, ან მზა კერძი ჭამის წინ კარგად უნდა გაცხელდეს;

_ მომზადებული საკვების ხელახალი დაბინძურების თავიდან აცილების მიზნით, მზა კერძი მოათავსეთ მაცივარში;

_ მაცივარში ცალკე უნდა შეინახოთ უმი პროდუქტი და მზა კერძები. უმი პროდუქტი შეხვეული ან პოლიეთილენის პარკში შენახული, ხოლო მზა კერძები _ თავდახურულ ჭურჭელში.

გახსოვდეთ! მაცივარი არ არის საკვები პროდუქტების უსაფრთხოების გარანტი ელექტროენერგიის გათიშვის შემთხვევაში. თუ ელექტროენერგია ხანგრძლივად არ მოგეწოდებათ, შესაძლოა, თქვენი კერძების კეთილსაიმედობა საეჭვო გახდეს.

 

დაზარალების ეპიცენტრში ყოფნისას გაითვალისწინეთ:

_ არ გამოიყენოთ საკვებად წყალში ჩაძირული პროდუქტები.

_ თუ გაქვთ ჭა, მისი წყლის გამოყენება დასაშვებია მხოლოდ სრულად ამოტუმბვის და დეზინფექციის (ქლორი) შემდეგ;

_ სასმელად და ხილ-ბოსტნეულის გასარეცხად გამოიყენეთ გადადუღებული ან ბოთლში დაფასოებული წყალი;

_ გარეცხეთ (გამოხარშეთ) დაბინძურებული ჭურჭელი, ან გამოიყენეთ საპონშემცველი საშუალებები და ე. წ. მათეთრებელი.

„ქრონიკა+“ ასევე გთავაზობთ გარემოს დაცვის სამინისტროს განცხადებას:

მდინარე ვერის მარჯვენა ფერდობზე, სოფელ ახალდაბის მიმდებარე ტერიტორიასთან, წყნეთი-ბეთანიის საავტომობილო გზაზე, ადგილი ჰქონდა კლდეზვავური ტიპის მეწყრული პროცესების განვითარებას.

კერძოდ, მოწყდა დაახლოებით მილიონი კუბმეტრი მყარი მასა, რამაც განაპირობა ღვარცოფული ნაკადის წარმოქმნა, ნაკადმა დროებით ჩაკეტა მდინარე ვერის ხეობა.

ყოველივეს წინ უძღოდა უხვი ატმოსფერული ნალექების მოსვლა სეტყვისა და წვიმის სახით.

შექმნილი ხანმოკლე წყალშეგუბების გარღვევას მოჰყვა მდინარე ვერის ხეობაში წყლის დონის აწევა, ღვაროცოფული ნაკადის გავლა და ცალკეული ადგილების დატბორვა.

დღეის მდგომარეობით სტიქიური პროცესის არეალში მსგავსი მასშტაბის მოვლენა არ ივარაუდება, თუმცა ადგილი ექნება პროცესების არამასშტაბურ გააქტიურებას.

მობილიზებულია გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგებისა და ჰიდროლოგების ჯგუფები, რომლებიც იმყოფებიან სხვადასხვა სტიქიურ ადგილში და აწარმოებენ პროცესების დეტალურ შესწავლას და აქტიურად მონაწილეობენ სტიქიის შედეგების ლიკვიდიაციისა და პრევენციის პროცესებში.

 

                                                                                                           გელა მამულაშვილი