გომარეთელები ეკონომიკის სამინისტროს უჩივიან!

gom

დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ გომარეთის მოსახლეობა ეკონომიკის სამინისტროს ბოდიშის მოხდას და იმ აუქციონის შედეგების გაუქმებას სთხოვს, რომლითაც მათ სოფელში 100 ჰა მიწა უცხოურ ფირმას იჯარით გადაეცა. გომარეთის მოსახლეობა ამ ყველაფრისთვის სამინისტროს 10 დღის ვადას აძლევს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მათი დავა სასამართლოში გაგრძელდება.

სოფლის მოსახლეობის აღშფოთება „ქრონიკა+“-ის მიერ მომზადებულ მასალაში ქონების მართვის სააგენტოს მხრიდან გაკეთებულმა კომენტარმა გამოიწვია. მასალის გამოქვეყნების შემდეგ, სოფელ გომარეთის მკვიდრი, გიორგი ხიზანაშვილი, გაზეთის რედაქციას კვლავ დაუკავშირდა და მთელი სოფლის მოსახლეობის მიერ მომზადებული წერილის შინაარსი გააცნო:

„1-ლ ივნისს მედიაკავშირ „ობიექტივის“ ეთერში, კერძოდ, „ქრონიკა+“-ის საათში, ჩვენი თანასოფლელის, გიორგი ხიზანაშვილის მონაწილეობით გაჟღერდა ინფორმაცია, ასევე გაზეთ „ქრონიკა+“-ში გამოქვეყნდა მისი ინტერვიუ, რომელიც ეხებოდა დმანისის მუნიციპალიტეტის მაღალმთიანი სოფლების _ გომარეთისა და სარკინეთის _ ადგილობრივი მოსახლეობის გვერდის ავლით, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების უცხო ქვეყნის წარმომადგენლებზე სარგებლობის უფლებით გადაცემას, რამაც სოფლის ადგილობრივი მოსახლეობა საარსებო წყაროს გარეშე დატოვა. საგაზეთო მასალაში ეკონომიკის სამინისტროს სსიპ ქონების მართვის სამმართველოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმა გააკეთა კომენტარი, სადაც ვკითხულობთ: „დმანისის მუნიციპალიტეტის გამგეობამ და სახელმწიფო რწმუნებულის _ გუბერნატორის ადმინისტრაციამ მიზანშეწონილად მიიჩნია დმანისის რაიონის სოფელ სარკინეთსა და გომარეთში მდებარე საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების სარგებლობის უფლებით გაცემა. მოქმედი კანონმდებლობის სრული დაცვით რეგიონის განვითარებასა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნის მიზნით, დაინტერესებული პირების წინადადებების განხილვის შემდგომ გამოცხადდა პირობებიანი ელექტრონული აუქციონი. სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ 2014 წელს დაიწყო პროექტი „სოფლიდან გაუსვლელად“, რომლის მიზანია მოსახლეობის ინფორმირება მათსავე რეგიონში გამოცხადებული აუქციონების შესახებ. აღნიშნულ შემთხვევაშიც მოსახლეობის ინფორმირების მიზნით დმანისის რაიონის სოფლებში _ სარკინეთსა და გომარეთში _ ასევე მათ მომიჯნავე სოფლებში აუქციონის დასრულებამდე ერთი თვით ადრე სააგენტომ დაარიგა საინფორმაციო ხასიათის ფლაერები.

თითქოსდა მოსახლეობა ინფორმირებული იყო აუქციონის ჩატარების შესახებ, სოფელში დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია. თავის მართლების მიზნით გაკეთებულმა სამინისტროს ცრუ კომენტარმა აღაშფოთა სოფლის მოსახლეობა, ამიტომ, სიცრუის გავრცელებისთვის ეკონომიკის სამინისტროაგან მოვითხოვთ საჯაროდ ბოდიშის მოხდას და მიღებული განკარგულების, აუქციონი N528 შედეგების გაუქმებას! წინააღმდეგ შემთხევვაში, სასამართლოში ვაპირებთ სარჩელის შეტანას და მოვითხოვთ, კომპენსაციის სახით, მიწის ღირებულების 101 498 ლარის გადახდას სოფლის განვითარების სასარგებლოდ. აღნიშნულ წერილზე სოფლის მოსახლეობის დიდმა ნაწილმა ხელი უკვე მოაწერა. ხელმოწერების შეგროვება გრძელდება.

დამატებით გეტყვით, რომ დმანისის მუნიციპალიტეტის გამგეობამ ამ საკითხთან დაკავშირებით, ზემდგომ ორგანოებს, კერძოდ, ქვემო ქართლის გუბერნიას წერილი გაუგზავნა, სადაც აღნიშნულია, რომ არ მოხდა მოსახლეობის სურვილის გათვალისწინება, რათა აუქციონში მონაწილეობა მიეღო სოფლის ადგილობრივ მცხოვრებლებს. დმანისის გამგეობა გუბერნიას სთხოვს, რომ დაეხმარონ ამ პრობლემის მოგვარებაში. კიდევ ვიმეორებ: თქვენს გაზეთში გამოქვეყნებულმა ქონების მართვის სააგენტოს კომენტარმა სოფლის მოსახლეობაზე ძალიან ცუდად იმოქმედა და მთელი სოფელი აღშფოთებულია! ჩვენ ამ მიწებს არ დავთმობთ! შევხედავთ, როგორ განვითარდება მოვლენები და ჩვენც იმის მიხედვით ვიმოქმედებთ! 10 დღის ვადას ვაძლევთ, ეკონომიკის სამინისტრომ მოიხადოს ბოდიში და გააუქმოს აუქციონის შედეგები, წინააღმდეგ შემთხვევაში, 10 დღე ამოიწურება თუ არა, მივდივართ სასამართლოში!“

„ქრონიკა+“ კომენტარისთვის დაუკავშირდა სოფელ გომარეთის რწმუნებულს, ჯემალ ბერუაშვილს:

_ აუქციონი ჩატარდა ყოველგვარი კანონის დაცვის გარეშე. მე მქონდა სოფლის მოსახლეობის მიერ ოფიციალურად გამოცხადებული კატეგორიული უარი მიწის გაცემაზე. ეს ოქმი დევს გამგეობაში და როგორც ვიცი, გადაიგზავნა ქონების მართვის სააგენტოში. როდესაც უკრაინელებმა პირველად განაცხადეს სურვილი ამ მიწების შეძენაზე, 260 ჰა-ზე, კატეგორიული უარი ვუთხარით. შემდგომში სოფლის მოსახლეობამ თვითონ გააკეთა ნახაზები ამ ფართობებზე. წესით, მოსახლეობასთან შეთანხმებით უნდა ჩატარდეს სოფელში კრება და თვითონ სოფელმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება _ მიწა გაიცეს თუ არა იჯარით. სოფელმა გაითვალისწინა, რომ ეს მიწები უნდოდა ადგილობრივ მოსახლეობას და დაგვრთეს ნება, რათა იჯარით გაცემულიყო მხოლოდ და მხოლოდ სოფლის მოსახლეობაზე, რომელთაც უკვე ჰქონდათ ეს მიწები 15 წლის განმავლობაში იჯარით აღებული. დაუმთავრდათ საიჯარო ვადა, აქვთ გაკეთებული ნახაზები, შეტანილია ეკონომიკის სამინისტროში და იქიდან მოსულია პასუხი: დამატებით გაცნობებთ, თუ რამეს გადავწყვეტთო. რას ნიშნავს ეს? _ თუ აუქციონზე გავიდოდა, ვალდებულება ჰქონდათ, რომ უნდა შეეტყობინებინათ დაინტერესებული პირებისთვის აუქციონში მონაწილეობის მისაღებად. ამის მსგავსი არაფერი მომხდარა. რაც წერია თქვენს გაზეთში ქონების მართვის სააგენტოს კომენტარის სახით, ეს არის მტკნარი სიცრუე, აქ არავინ მოსულა! სრულიად შემთხვევით ჩვენმა ერთ-ერთმა მეგობარმა ნახა, რომ აუქციონზე იყო გატანილი ჩვენი სოფლის მიწები და იმან შეგვატყობინა. ასე რომ, ეს ყველაფერი ბლეფია, რასაც ეგენი აცხადებენ! გარდა ამისა, აუქციონზე გატანილია 100 ჰა-ზე მეტი მიწა ერთი ლოტით, მოსახლეობას ზოგს 5 ჰა უნდა, ზოგს 10, 20 თუ 30. როგორ უნდა მიიღოს მონაწილეობა?! ფაქტობრივად, ეს არის შეგნებულად უარის თქმა, ადამიანის უფლებების დარღვევა! ეს იმას ნიშნავს, რომ ადამიანს უკრძალავ აუქციონში მონაწილეობის მიღებას! პირდაპირ ვაცხადებ, ხმამაღლა: ეს გააკეთა ეკონომიკის სამინისტრომ! ეს არის ხალხის იგნორირება, ჯერ მარტო ის, რომ უარი თქვეს, სოფლის მოსახლეობის აზრს გადააბიჯეს და მერე ისე გააკეთეს, რომ სოფლის მოსახლეობას აუქციონში მონაწილეობა ვერ მიეღო! 5 და 10 ჰა რომ მინდა, როგორ მივიღო მონაწილეობა?! ასეთ რამეებს როგორ აკეთებენ, საინტერესოა?! ხალხი აღელვებული და გაოგნებულია! როგორ შეიძლება, ამ პერიოდში, ამ მთავრობის დროს ასეთი რამე მოხდეს?!

 

                                                                                                             თამარ ბატიაშვილი