რატომ მფარველობს ვიცე-პრემიერი კალაძე ოზურგეთის მერს?!

xse34rt

ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერს, ბეგლარ სიორიძეს, მალე სახალხო დამცველთან უჩივლებენ ქსენოფობიური განცხადებების გამო. თუმცა ამ ინტერვიუდან იმასაც შეიტყობთ, თუ რას ამბობენ ოზურგეთელები მერის შესაძლო კავშირებზე მის ძველ ბიზნესებთან და იმ ახლად აშენებულ ჩაის ფაბრიკასთან დაკავშირებით, რომელიც ცოტა ხნის წინათ პრემიერ-მინისტრმა პომპეზურად გახსნა.

ნათია შარაშენიძე, ოზურგეთის საკრებულოს წევრი „ლეიბორისტული პარტიიდან“:

_ საბედნიეროდ, თანამდებობის პირებს იმის საშუალება არ აქვთ, რომ კაბინეტებში ავტომატები ეჭიროთ, თორემ კანონი ამის უფლებას რომ აძლევდეთ, სიამოვნებით დაგვცხრილავდნენ იმ ადამიანებს, რომელთაც მათი საწინააღმდეგო აზრი გვაქვს, ქმედებებში არ ვეთანხმებით, ან ყურმოჭრილი მონებივით არ ვიქცევით. პირადად მე დარწმუნებული ვარ, რომ ოზურგეთის მერი, ბეგლარ სიორიძე, ავტომატს სიამოვნებით დამახლიდა.

_ ასე რატომ ფიქრობთ?

_ ყველაფერს დეტალურად მოგიყვებით: სიორიძე ოზურგეთში საკრებულოსა და ბიუროს ყველა სხდომას ესწრება. ხშირად ვხუმრობ ხოლმე, თბილისის მერს, დავით ნარმანიას, ლამის ეტლი გაუგზავნონ საკრებულოს სხდომაზე მოსაბრძანებლად, ბეგლარ სიორიძე კი სხდომებიდან არ გადის-მეთქი. თუმცა ის იქ მხოლოდ ერთი მიზეზით იმყოფება, დააშინოს საკრებულოს დეპუტატები და, საჭირო დროს, კონკრეტული გადაწყვეტილებებისთვის მიიღოს სასურველი ხმები. სხვას ვერაფერს დავარქმევ მის ინტენსიურ დასწრებას საკრებულოს სხდომებზე და კიდევ იმას, მუდმივად რომ ეჩხირება დეპუტატების ჯანსაღ კამათში. სხვათა შორის, ის რეპლიკებით ჯერ დისონანსის შემოტანას ცდილობს, მერე კი შეურაცხყოფაზე გადადის. 3 ივნისის საკრებულოს სხდომაზე ერთ-ერთ საკითხად გამოიტანეს მერიის თხოვნა, მხარი დაგვეჭირა იმ გადაწყვეტილებისთვის და ჩატარებული სამუშაოებისთვის, რომელიც მერიამ უკვე განახორციელა. საქმე ეხებოდა 36-ათასლარიან სამუშაოს, რომელიც მერიას საკრებულოს გვერდის ავლით უკვე განხორციელებული ჰქონდა, მაგრამ ახლა ითხოვდა მხარდაჭერას და 36 ათასი ლარის გადარიცხვას ერთ-ერთი აიპისთვის. ეს, რა თქმა უნდა, არ შეიძლება და მეც გავაპროტესტე. საკრებულოს თავმჯდომარე და ქალაქის მერი მიმტკიცებდნენ, რომ ამით არაფერი დაშავებულა, ეს კონკრეტული სამუშაო რატომ უნდა შეგვეთანხებინა საკრებულოსთვის, სარემონტო სამუშაოებზე ხომ თანხები გაწერილიაო? მე მათ ვეუბნებოდი, რომ თუ ეს არ იყო საჭირო, ახლა რატომ გვთხოვდნენ დასტურს, ან, საერთოდ, რატომ გამოიტანეს ეს საკითხი საკრებულოს სხდომაზე? აღნიშნული ფაქტი ჰგავდა იმ შემთხვევას, რომელიც თქვენს გაზეთში უკვე დაიბეჭდა _ ოზურგეთში ღონისძიება `ფინჯან ჩაიზე~ მიმდინარეობდა და, პარალელურად, საკრებულო მის ჩატარებას აძლევდა ხმას. როგორც ხედავთ, ეს უკვე არის ოზურგეთის საკრებულოს წეს-ჩვეულება და მუშაობის სტილი. მერია მუდმივად ახორციელებს საკრებულოს გვერდის ავლით სასურველ საქმიანობას, მერე კი მას საკრებულოში „აპრავებს“. ასეთ შემთხვევად ასევე უნდა აღვნიშნო საბილიარდო, რომელსაც მერია 50 ლარად აშენებს. მისი დაპროექტების სამუშაოებზე მერიამ ტენდერი ისე გამოაცხადა, ამის შესახებ ინფორმაცია საკრებულოსთვის არ უცნობებია. ასე იმიტომ იქცევა, რომ მან ზუსტად იცის, რაც არ უნდა შეიტანოს საკრებულოში, ყველა საკითხზე მხარდაჭერას მიიღებს. საკრებულო რომ იყოს კანონმორჩილი და სიორიძის უწყებამ იცოდეს, რომ შეიძლება საკრებულოსგან მხარდაჭერა არ ჰქონდეს, ასეთ რამეს ვერ გაბედავდა.

ქალაქ ოზურგეთის ერთ-ერთ ქუჩაზე წლების განმავლობაში არის ტაქსების გაჩერება, რადგან იქვეა ბაზარი და ხალხს ტაქსით მომსახურება სჭირდება. ტაქსის მძღოლები ამით შოულობენ სარჩოს. ქალაქის მერმა კი გადაწყვიტა, რომ სწორედ იქ დააყენოს მანქანის დგომის ამკრძალავი ნიშანი. როგორც თავად აცხადებდა, მას აქვს 78 ადამიანის მოთხოვნა, რომელთაც არ უნდათ იმ ადგილზე ტაქსების გაჩერება და ამბობენ, რომ საკუთარ სახლებში მისვლაში ხელს უშლის. ტაქსებით საშინლად არის გადატვირთული ქალაქი, შეუძლებელია გავლა-გაჩერება და ეს გადაწყვეტილება ამ საკითხსაც  მოაწესრიგებსო. მე ვკითხე, ერთხელ მაინც თუ გასჩენია კითხვა, რატომ ტაქსაობდნენ საკუთარი მანქანებით ეს ადამიანები, როცა ბევრ მათგანს პროფესიაც აქვს და განათლებაც? ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ადამიანებს ჯერ დანაპირებები ვერ შეუსრულეთ და ახლა მათი დანახვაც აღარ გინდათ-მეთქი. საკრებულოსა და სიორიძეს ამკრძალავი ნიშნის დაყენების ალტერნატივა შევთავაზე _ მოსახლეობის ჭიშკრებთან შესასვლელი გზა ხაზებით გამოვყოთ და იქ მანქანას არავინ გააჩერებდა… მაგრამ სიორიძემ მიპასუხა, _ სულ არ მაინტერესებს, ეს ტაქსის მძღოლები სად წავლენო და საშინელი რეპლიკებიც მოაყოლა, რაზედაც შევეპასუხე, მაგრამ მისგან მივიღე გაუგონარი შეურაცხყოფა. მერმა შუბლისძარღვგაწყვეტილი, უწიგნური და მატყუარა მეძახა. რაც მთავარია და რამაც ყველაზე მეტად გადამრია, იყო ის, რომ ჩემს მეუღლესაც შეეხო, რომელიც საქართველოში არ გაზრდილა, მაგრამ ძალიან კარგად ფლობს ქართულ ენას. იგი არის თურქეთისა და საქართველოს მოქალაქე. სიორიძემ მითხრა, შენ ქართული კარგად არ გესმის, სამაგიეროდ თურქული გესმის და იმ ენაზე წაიკითხეო. ამის გაგრძელება კი იყო მისი კომენტარი „გურიის მოამბეში“, სადაც მან თქვა: ჩვენთვის ცნობილია, რომ ქალბატონი ნათიას მეუღლე არის ეროვნებით თურქი, არ არის ქართველი და ზუსტად ამიტომ ვუთხარი, თურქულად წაეკითხაო. ეს არის ქსენოფობია და ქალაქ ოზურგეთს მართავს მერი, რომელიც ქსენოფობიით არის დაავადებული. იგი ასეთ სიტყვებს პიროვნების დამამცირებლად ამბობს და, როგორც ჩანს, თავადაც იჯერებს, რომ მის მიერ ამოჩემებული ადამიანი მართლაც დაამცირა. ასეთ მერს რა უნდა მოსთხოვო? უახლოეს მომავალში უცილებლად მივმართავ სახალხო დამცველს მერის ქსენოფობიურ განცხადებებთან დაკავშირებით და რეაგირებას მოვთხოვ, რათა მსგავსი ფაქტი არ განმეორდეს.

გული მწყდება, რომ ასეთ ლამაზ ქალაქს და ასეთ ღირსეულ ხალხს ასეთი შეუფერებელი მერი ჰყავს. როცა მე, საკრებულოს წევრს, ასეთ შეურაცხყოფას მაყენებს და ცდილობს დამამციროს, ადვილად წარმოსადგენია, რიგით მოქალაქეებს როგორც მოექცევა. რამდენადაც ვიცი და მაქვს ინფორმაცია, სიორიძე ხშირად გამოირჩევა ქალების მიმართ აგრესიით და თხილზე მომუშავე ქალებს შეურაცხყოფასაც აყენებდა.

_ თხილის დამზადებაზე მომუშავე ქალებთან მას რა შეხება ჰქონდა?

_ სანამ სიორიძე მერი გახდებოდა, ის ბიზნესმენი იყო. ოზურგეთში ჰქონდა თხილის ბიზნესი, ამიტომაც აქამდე ვერაფრით გაერკვა თავისი თანამდებობის არსში. ეტყობა, კვლავ თხილის ბაღებში ჰგონია საკუთარი თავი. მას თხილის პლანტაციები და ჩამბარებელი პუნქტი ჰქონდა და თურმე იქ აყენებდა ქალებს შეურაცხყოფას. ინფორმაცია მომაწოდეს, რომ იგი ქალების მიმართ აგრესიით გამოირჩეოდა, რამდენჯერმე თანამშრომელ ქალს პანჩურიც ამოარტყა და აგინაო. მისი მოძალადეობა იქიდანაც ჩანს, რომ დაახლოებით ერთი თვის წინ ოზურგეთის კეთილმოწყობის სამი თანამშრომელი სცემა. სიორიძე ახლა ამტკიცებს, ასეთი რამ არ მომხდარაო, მაგრამ პირადად მოვისმინე აუდიოჩანაწერი, სადაც ამ ადამიანებიდან ერთ-ერთი ყვება, თუ რა და როგორ მოხდა. სიორიძე მათ სამუშაო ოთახში შესულა, ისინი კი ალკოჰოლურ სასმელს სვამდნენ და ამის გამო მათ შორის შელაპარაკება და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. ამბობდნენ, ბეგლარსაც სცემეს მთვრალებმაო. ეს სამივე თანამშრომელი ერთ დღეს გაათავისუფლეს სამსახურიდან. სოციალური ქსელით სიორიძის მიერ დაზიანებული თანამშრომლების ფოტოები გავრცელდა, თუმცა ერთ-ერთი მე ვნახე ქუჩაში და მნიშვნელოვანი დაზიანებები არ ეტყობოდა. ვინც ბეგლარ სიორიძეს იცნობს, ეჭვი არ შეეპარება, რომ ის არის ადამიანი, რომელიც გამოირჩევა დიდი აგრესიულობით და მისი მანერები და ქცევები ძალიან წააგავს ძველბიჭურ მანერებს _ მუდმივად იყურება მუშტზე და ცდილობს, ადამიანები დაამციროს. გვერდით თუ ჩაგიარა და შენზე გაბრაზებულია, კბილებში გამოსცრის: „შე უდღეურო“. ერთხელ როცა ასე მომექცა, მივუტრიალდი და ვკითხე, _ ვის ეუბნებით-მეთქი? და _ ჩემთვის ვთქვიო.

_ როგორ მოხვდა ბიზნესმენი სიორიძე მერის თანამდებობაზე?

_ ქონება და ბიზნესი „ნაციონალების“ დროს შექმნა. ოზურგეთში ამბობენ, ბეგლარ სიორიძეს სააკაშვილის დროს სასათბურე პირობები ჰქონდა ბიზნესის განვითარებისთვის და `ოცნებასაც~ ასეთ პირობებში ჰყავსო. „ქართულ ოცნებაში“ ის არის კახი კალაძის ფრთის წარმომადგენელი და ვიცე-პრემიერია მისი პროტეჟე. როგორც ამბობენ, სიორიძის მძახალი, ილია კეჭაყმაძე, კახი კალაძის უახლოესი მეგობარი და ბიზნესპარტნიორია. საქართველოში ჩამოსული `კანონიერი ქურდი~ რომ გააპარა კალაძემ, ეს საქმე სწორედ კეჭაყმაძეს დაავალა. ილია ამ ადამიანს თავისი მანქანით ემსახურებოდა და საბაჟომდე მიიყვანა. კახის მფარველობის ქვეშ მყოფ სიორიძეს ორმაგად აქვს ფრთები გაშლილი. დარწმუნებული ვარ, გულწრფელად ფიქრობს, რომ ოზურგეთი მისი საკუთრებაა. ამბობს: „მე ოზურგეთს ტაქსისტებს ვერ მივცემ“; „ოზურგეთი პედაგოგების საკუთრება არ არის!“ და ა. შ. მისი ლექსიკიდან საერთოდ არის ამოგდებული სიტყვები: ხალხი, საზოგადოება, მოქალაქე. „მე ასე ვფიქრობ!“ „ასე მინდა!“ _ მხოლოდ ამ ფრაზებს იყენებს. მოკლედ, არქიფო სეთურის ტიპია.

მთელმა ოზურგეთმა იცის, რომ სოფელ გურიანთაში ბეგლარ სიორიძეს ჰქონდა ბოსტნეულის სათბურები. კიტრი, პომიდორი მოჰყავდა და ჰყიდდა. ახლაც არის ეს სათბურები, მაგრამ, ალბათ, მასზე აღარ იქნება გაფორმებული, რადგან ჩინოვნიკს ბიზნესი კანონით აკრძალული აქვს. მაქვს ინფორმაცია, რომ ის ახლაც ხშირად სტუმრობს სათბურს და ყურადღებასაც აქცევს. გარდა ამისა, იქ მომუშავე ადამიანები ამჟამადაც სწორედ ბეგლარს მიიჩნევენ როგორც თავიანთ, ასევე სათბურების პატრონად. მათ რომ შეეკითხოთ, დაგიდასტურებენ, რომ ეს სწორედ სიორიძის სათბურებია. სათბურების ეზოში შესვლა შეუძლებელია, რადგან ტეროტორიას ჰყავს დაცვა. ის ჭიშკართან დგას და არავის უშვებს, თუ „ზემოდან“ არ მისცეს ნება. ეს „ზემოთ“ კი არის ბეგლარ სიორიძე, რადგან იქ დაქირავებული ადამიანები ამბობენ, რომ განმკარგავი სწორედ იგია. ამ სათბურების უკან, ანუ მის გაგრძელებაზე, ააშენეს ყველასათვის ცნობილი ჩაის გადამამუშავებელი ქარხანა, რომელიც პრემიერმა ღარიბაშვილმა გახსნა და განაცხადა, რომ ის უკვე მუშაობდა.

_ ეს ქარხანაც ბეგლარ სიორიძის არის?

_ ამ ქარხნის წინაც დგას დაცვა და იქაც, როგორც სათბურებში, არავის უშვებენ „ზემოდან“ ნებართვის გარეშე. თუმცა მუნიციპალიტეტში ამ ქარხანაზე იცინიან და ამბობენ, ღარიბაშვილმა კი გახსნა პომპეზურობით, მაგრამ რეალურად ის არ მუშაობს და არანაირ ნედლეულს არ აწარმოებსო. მომავალში რა იქნება, არავინ იცის. ამ დღეებში იქ მეც მივედი. მინდოდა მენახა, რა ხდებოდა შიგნით, მაგრამ იქ შეღწევა შეუძლებელი გახდა. დაცვის ორი თანამშრომელი მომვარდა და ნაბიჯი აღარ გადამადგმევინა.

ამ მუნიციპალიტეტში თუ სადმე ჩაის პლანტაცია იყო, ყველგან გადათხრილია და ქარხანაში საიდან მიაქვთ ჩაი და რას ამუშავებენ, ძალიან მაინტერესებს. თავის დროზე პლანტაციები ამოძირკვეს და თხილის ბაღები გააშენეს, თანაც ასეთი პლანტაციები რომ იყოს, აუცილებლად მეცოდინებოდა. ეს ქარხანა გახლავთ შეღავათიანი აგროკრედიტით აშენებული. როგორც ჩანს, ძალიან უნდოდათ ბატონი პრემიერისთვის ესიამოვნებინათ და ამიტომ, აუმუშავებელი ქარხანა გაახსნევინეს. ასე ხდებოდა მიშას დროსაც.

რაც შეეება ქარხნის მეპატრონეს, როგორც ამბობენ, ის არის თბილისელი ბერდია ელგუჯაური. პირადად არასდროს მინახავს, მაგრამ როგორც მითხრეს, იგი ამტკიცებს, რომ „ტელეკომპანია გურიის“ შექმნა-განვითარებაში დიდი წვლილი მიუძღვის. თუ ეს სიმართლეა, მაშინ ელგუჯაურისა და სიორიძის გზები იკვეთება. მთელმა მუნიციპალიტეტმა იცის, რომ „ტელეკომპანია გურია“ სწორედ სიორიძემ შექმნა, როცა ის ბიზნესმენი იყო და გარკვეული პერიოდი ამ ტელევიზიის დირექტორიც გახლდათ. აქედან გამომდინარე, შეიძლება ვიფიქროთ, რომ დღეს რადგან სიორიძე არის საჯარო მოხელე და არ შეუძლია ბიზნესი ჰქონდეს, ეს ადამიანი ჰყავს თავისი ქონების ფიქტიურ მფლობელად, ფაქტობრივი მესაკუთრე კი თავად არის. სხვანაირად გაუგებარია, რატომ მოისურვა თბილისელმა ელგუჯაურმა სიორიძის სათბურების მიმდებარე ტერიტორიის აღება და იქ ქარხნის აშენება, როცა უკეთესი ტერიტირიებიც არის? იმასაც ამბობენ, რომ ქარხნის ტერიტორია იყო სიორიძის და რაღა მაინცდამაინც იმ ელგუჯაურს მიჰყიდა, რომელსაც იმ ტელეკომპანიაში აქვს წილი, რომელიც სიორიძემ დააფუძნაო? მათ შორის რაღაც კავშირები რომ არის, ფაქტია. ამ ეჭვებს აძლიერებს ისიც, რომ სათბურებში კვლავ ხშირად ხედავს ხალხი ბეგლარ სიორიძეს, ასევე ხედავენ ჩაის ქარხანაშიც. სხვათა შორის, პრემიერს ჰკითხეს, ვისია ეს ქარხანაო და მან პასუხი არ გასცა. ოზურგეთში იმასაც ამბობენ, ბეგლარ სიორიძეს კვლავ აქვს თხილის პლანტაციები და გასულ წელს თხილის ფასს, როგორც მონოპოლისტი, ის ადგენდაო. ოზურგეთში თხილის იმპორტიორები ჩამოსულან, მაგრამ დიდი წინააღმდეგობები შეხვედრიათ. ისინი კილოგრამ თხილში 7 ლარს უხდიდნენ მოსახლეობას, მაგრამ სიორიძეს უთქვამს, მე 5 ლარად ჩავიბარებ და მერე თქვენ მოგყიდითო. ოზურგეთი მისთვის არის ბიზნესის ერთ-ერთი სასურველი წყარო. ამიტომაც არ აინტერესებს ქალაქის განვითარება, რაც ბილიარდის სახლის შექმნის მაგალითიდანაც ჩანს, რადგან მის ადგილზე მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლი იყო და გააუქმა.

_ თუ ოზურგეთული ბიზნესების კვალს  გავყვებით, შეიძლება, რომ იქ ვიცე-პრემიერ კალაძის როლიც გამოკვეთოს?

_ რადგან სიორიძეს ამ უკანონობებს არ უშლიან და ხელს აფარებენ, ჩნდება ეჭვი, რომ მის მფარველებს რაღაც ინტერესები აქვთ. ეს არ არის დიდი ქალაქი და ყველამ ერთმანეთის ყველაფერი იცის.

სიორიძისთვის ყველაფერი ფულით რომ იწყება და მთავრდება კიდევ ერთი საინტერესო ფაქტითა მტკიცდება: ამას წინათ, ჩემი უფლებამოსილების სრულფასოვნად განხორციელებისთვის მერიიდან დოკუმენტაცია გამოვითხოვე. შესყიდვების ერთ პირთან ხელშეკრულების ასლები მაინტერესებდა. მერიამ გამომიგზავნა პასუხი, სადაც მწერდნენ: იმისათვის რომ ხელშეკრულების ასლები მოგაწოდოთ, უნდა გადაიხადოთ მოსაკრებელი _ 19 ლარი და 90 თეთრიო. მათ მიმითითეს ანგარიშის ნომერი და ქვემოთ მიაწერეს, _ როცა ქვითარს წარმოადგენთ, მხოლოდ მაშინ გადმოგცემთ მოთხოვნილ საბუთებსო. რაც მე მოვითხოვე, არის საჯარო ინფორმაცია და მისი დაბლოკვის უფლება არავის აქვს. მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული რაოდენობის ასლის გაცემის შემთხვევაში საკრებულომ დაადგინა რაღაც თანხის გადახდა, ეს არ შეიძლება გავრცელდეს საკრებულოს წევრზე. მერია და საკრებულო არის ერთი ტანის ორი ნაწილი და თუ მე ამ ფულს გადავიხდი ჩემი საქმიანობის შესასრულებლად საკრებულოში, ის ვიღაცამ უნდა ამინაზღაუროს და ეს ვიღაც უნდა იყოს ბიუჯეტი. ყველანაირი ლოგიკიდან არის ამოვარდნილი ეს მოთხოვნა, მაგრამ ასეც რომ არ იყოს, ევროპული ქარტია ზუსტად განსაზღვრავს საკრებულოს წვერის უფლება-მოვალეობებს და საკრებულოს მიერ მიღებულ განკარგულებაზე მაღლა დგას. სიბეცე, არცოდნა და არაკომპეტენტურობაა, რომ ოზურგეთის მერიაში არ იციან საკრებულოს წევრის უფლება-მოვალებები და მას მოსაკრებელს სთხოვენ. ეს არის ქოცური ნოუ-ჰაუ.

„ქრონიკა+“ კომენტარისთვის დაუკავშირდა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერს, ბეგლარ სიორიძეს:

_ ნათია შარაშენიძის ნებისმიერი ბრალდება, რომელიც მას ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიისა და მერის მიმართ აქვს, ყოველთვის ცალსახად უსაფუძვლოა. არ მახსენდება საკრებულოზე გატანილი საკითხი, რომელთან დაკავშირებითაც ქალბატონ ნათიას არგუმენტირებული პრეტენზია ჰქონდეს. მისი პროტესტი ყოველთვის პოპულისტურია. უბრალოდ, ამ ქალბატონის მთავარი მიზანია ჩემთვის წინააღმდეგობის გაწევა, ხოლო რა სარგებელს მოუტანს კონკრეტული ინიციატივა ოზურგეთს, ამას მისთვის მნიშვნელობა არ აქვს. რაც შეეხება ჩემს ბიზნესსაქმიანობას, მერად არჩევის დღიდან ბიზნესთან დაკავშირებული ყოველგვარი პასუხისმგებლობა, რომელიც კანონით მეკრძალებოდა, მოვიხსენი. სოფელ გურიანთაში გახსნილ ჩაის ფაბრიკის მეპატრონესა და ჩემ შორის კავშირებზე საუბარი შარაშენიძის მორიგი აბსურდია. ქალბატონ ნათიას ვურჩევ, ყოველი პრეტენზიის წამოყენების დროს მტკიცებულებებით ისაუბროს და არა ცარიელი სიტყვებით. ცივილიზებული მეთოდი სწორედ არგუმენტებით ბრძოლაა და არა ჭორაობა. რაც შეეხება ბრალდებებს ქსენოფობიასთან დაკავშირებით, არსებობს ამის ამსახველი ვიდეომასალა, სადაც ნათლად ჩანს, რომ მე შარაშენიძის ოჯახი არ მიხსენებია და ტყუილად ცდილობს, ქსენოფობიაში ბრალი დამდოს.

                                                                                                   ნელი ვარდიაშვილი

nu1

nu2

nu3

nu4