რა წერია ევროპის ადვოკატთა და სამართლის საზოგადოებების საბჭოს წერილში, რომელიც „ქრონიკა+“-ს ექსკლუზიურად მიაწოდეს?

icii6

 

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილმა „ქრონიკა+“-ს ექსკლუზიურად გადმოსცა წერილის ასლი, რომელიც ევროპის ადვოკატთა ასოციაციამ და სამართლის საბჭომ გაუგზავნა ევროპის ცნობილ საერთაშორისო ორგანიზაციებს და საქართველოს ადვოკატებთან მიმართებით დახმარება სთხოვა. წერილში საუბარია ქართველ ადვოკატებზე განხორციელებული ძალადობის ფაქტებზე. ევროპის ადვოკატთა ასოციაცია მათ მიმართავს, რომ გააფრთხილონ საქართველოს მთავრობა, თავის ქვეყანაში მსგავსი ქმედებები არ დაუშვას.

ზაზა ხატიაშვილი:

_ როცა საქართველოში ხელისუფლება შეიცვალა, მეგონა, ადვოკატთა კორპუსთან მიმართებით ძალადობა დასრულდებოდა. მაშინ მთავარი პროკურორი არჩილ კბილაშვილი იყო, რომელთანაც ურთიერთობა მქონდა და როცა პროკურატურაში ადვოკატებს უკანონოდ იძახებდნენ, კბილაშვილი პრობლემას უმტკივნეულოდ აგვარებდა: გააფრთხილებდა ყველა პროკურორს, რომ არ შეიძლებოდა დაეკითხათ ადვოკატი იმ საქმეზე, რომელშიც მონაწილეობდა. მერე კბილაშვილი მოხსნეს და დაიწყო კიდევაც ადვოკატებთან მიმართებით უკანონო ქმედებები. 2014 წელს მივმართე ევროპის ადვოკატთა ასოციაციისა და სამართლის საბჭოს პრეზიდენტს, ალდო ბალგარელის და ვთხოვე, რომ ამ ფაქტებზე საქართველოს ხელისუფლებისთვის მიემართა. მათ წერილი მართლაც გაუგზავნეს საქართველოს პრეზიდენტსა და პარლამენტის თავმჯდომარეს, მაგრამ პასუხი ვერ მიიღეს. მერე კვლავ მივმართე ევროპის ადვოკატთა ასოციაციის პრეზიდენტს, ქალბატონ მარია სლაზაკს და ვთხოვე, რომ მიეღო ქმედითი ზომები, რათა საქართველოს ხელისუფლება ჩართულიყო დიალოგში სხვადასხვა სტრუქტურასთან, რომ ადვოკატებთან მიმართებით ასეთი რამ არ დაეშვა. მოთმინების ძაფი გაწყდა პროფესორისა და ადვოკატის, როინ მიგრიაულის მოწმის სახით გამოძახებით და დაკითხვით, რის შემდგომაც კვლავ დავურეკე ევროპის ადვოკატთა ხელმძღვანელობას და ვაცნობე, რაც ხდებოდა ადვოკატებთან მიმართებით საქართველოში. ცხადია, ეს პროცესები არ მიმდინარეობდა რიგითი პროკურორების დონეზე და ადვოკატების პროკურატურაში დაბარებები წარმოადგენდა მაღალი რანგის სახელმწიფო ჩონოვნიკების გადაწყვეტილებას, რადგან ერთი თვის განმავლობაში 5 ადვოკატი დაიბარეს დასაკითხად. სხვა გზა რომ არ დამიტოვეს, ევროპის ადვოკატთა ასოციაციას ვთხოვე, ჩართულიყო საქმეში და მიემართა იმ ორგანიზებისთვის, რომლებიც საქართველოს ხელისუფლებას გააფრთხილებდნენ, რომ ასეთი რამ არ შეიძლებოდა. ევროპის ადვოკატთა ასოციაციამ გაითვალისწინა ჩემი თხოვნა და უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღო _ 22 მაისს, ერთ დღეში, 9 წერილი გაუგზავნა მაღალ თანამდებობის პირებს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ადვოკატებზე ზეწოლისა და ძალადობის ფაქტების გამო. ამ წერილსა და 9 ორგანიზაციის სიას, ვისაც ეს წერილი გაეგზავნა, ექსკლუზიურად გაძლევთ. ევროპის ადვოკატთა ასოციაციამ დაინახა, რომ საქართველოში სახელისუფლებო დონეზე ირღვევა ადვოკატთა უფლებები და ამიტომ იმოქმედეს ასე. ამაზეც თუ არ ექნება რეაგირება ჩვენს ხელისუფლებას და იგივე გაგრძელდა, უკვე ევროპის პარლამენტში, საკომიტეტო მოსმენაზე მოვითხოვ ამ საკითხის განხილვას და რეზოლუციას. ეს იქნება ხელისუფლების სიკვდილი, ამიტომ სჯობია, დროულად მოეგოს გონს. წესით, ეს წერილებიც საკმარისი `ცივი შხაპი~ უნდა იყოს საქართველოს ხელისუფლების გამოსაფხიზლებლად და თუ რეაგირება არ ექნათ, მერე მე ვიცი, რაც უნდა გავაკეთო!

ახლა კი იმ ორგანიზაციების სია, რომელთაც ევროპის ადვოკატთა ასოციაციამ ქართველი ადვოკატების ზეწოლის შესახებ აცნობა და საქართველოს ხელისუფლებასთან დიალოგის დაწყებისთვის დახმარება სთხოვა:

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო ურთიერთობათა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში _ ფრედერიკა მოგერინი;

ევროკავშირი-სომხეთის, ევროკავშირი-აზერბაიჯანისა და ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო თანამშრომლობის კომიტეტების  DSCAდელეგაციის თავმჯდომარე _ საჯად კარიმი, ევროპარლამენტი;

იუსტიციისა და მომხმარებლების გენერალური დირექტორატი, გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი _ პარასკევი მიშუ;

კომისარი ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში, ევროსაბჭო _ ბატონი ნილს მუიჟნიეკსი;

ლატვიის პრემიერ-მინისტრი _ ლაიმდოტა სტრაუიუმა;

მეზობლობისა და გაფართოების მოლაპარაკებების გენერალური დირექტორატი _ კრისტიან დანიელსონი;

ევროგაერთიანების დელეგაცია საქართველოში, დელეგაციის ელჩი იანოს ჰერმანი;

მეზობლობისა და გაფართოების მოლაპარაკებების გენერალური დირექტორატი _ დირექტორატი C-აღმოსავლეთის მეზობლობა, დირექტორი გერჰარდ შუმან-ჰიტზლერი;

ევროკავშირის საგანგებო წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში და საქართველოს კრიზის საკითხებში. ევროპის საგარეო მოქმედების სამსახური.EEAS -ის შენობა _ ჰერბერტ ზალბერი.

ამჯერად კი შემოგთავაზებთ წერილს, რომელიც ამ პირებს გადაეგზავნათ:

„მოგმართავთ ევროპის ადვოკატთა და სამართლის საზოგადოებების საბჭოს (CCBE) სახელით, რომელიც წარმოადგენს 32 წევრი ქვეყნისა და დამატებით 13 ასოცირებული და დამკვირვებელი ქვეყნის ადვოკატთა და იურიდიულ საზოგადოებებს. ის მოიცავს 1 მილიონზე მეტ ევროპელ ადვოკატს. 1960 წელს, მისი დაფუძნების დღიდან, CCBE მუდამ მოწინავე ორგანიზაციას წარმოადგენდა ევროპელი ადვოკატების მოსაზრებების წარმოჩენის თვალსაზრისით. ორგანიზაცია ხელს უწყობს მოქალაქეთა უფლებების იმ სამართლებრივი პრინციპების დაცვას, რომლებსაც ემყარება დემოკრატია და კანონის უზენაესობა. უკანასკნელი წლების განმავლობაში CCBE ახორციელებდა საქართველოში სამართლებრივი პროფესიის ზედმიწევნით დეტალურ მონიტორინგს, განსაკუთრებით, 2010 წლიდან მოყოლებული, მას შემდეგ, რაც საბჭომ შეიტყო დიდი რაოდენობით დაკავებული ადვოკატებისა და იმ დევნის შესახებ, რომელიც განხორციელთა ადვოკატთა წინააღმდეგ. CCBE განუწყვეტლივ შუამდგომლობდა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის მხარდასაჭერად, რომელიც წარმოადგენსCCBE -ს დამკვირვებელ წევრს და, აგრეთვე, უზრუნველყოფდა საკუთარი შეშფოთების შეტყობინებას საქართველოს სახელმწიფო ორგანოებისთვის. მიუხედავად იმისა, რომ უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში ადვოკატების მდგომარეობა გარკვეული თვალსაზრისით გაუმჯობესდა მაშინ, როდესაც ადვოკატების უმრავლესობა განთავისუფლდა პატიმრობიდან, CCBE კვლავ შეშფოთებულია არსებული მდგომარეობით.

2014 წელსCCBE -მ ორი წერილი გაუგზავნა საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს. საბჭო გამოთქვამდა სერიოზულ შეშფოთებას იმ საქმეებზე, რომლებშიც ადგილი ჰქონდა ადვოკატებზე ძალადობას, მათ დაშინებას, პროფესიულ დაბრკოლებასა და დევნას, საქართველოს სახელმწიფო თანამდებობის პირების მიერ საკუთარი კლიენტებისათვის იურიდიული მომსახურებების გაწევის განმავლობაში.

 

(1)          2014 წლის 18 თებერვლით დათარიღებულ საკუთარ წერილში   CCBE შეშფოთებას გამოთქვამს შემდეგ საქმეებთან დაკავშირებით:

 

•             ადვოკატი რომეო საჯაია, რომლის წინააღმდეგაც პროკურორმა განახორციელა ვერბალური და ფიზიკური შეურაცხყოფა, საპროცესო მოქმედების განხორციელების მიზნით ადვოკატის პროკურატურაში გამოცხადებისას;

•             ადვოკატი ნონა კირთაძე, რომელსაც ვერბალური შეურაცხყოფა მიაყენა სასამართლოს შენობაში შემოსავლების სამსახურის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მაშინ, როდესაც აღნიშნული ადვოკატი გორის რაიონულ სასამართლოში გამოცხადდა საკუთარი კლიენტის ინტერესების დასაცავად. შემოსავლების სამსახურის ხსენებულმა ოფიციალურმა წარმომადგენელმა აგრეთვე სცადა ნონა კირთაძისათვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენება, თუმცა ის შეაჩერეს სხვა დამსწრეებმა და სასამართლოს დაცვის პირმა;

• ადვოკატი დიმიტრი გაბუნია, რომელსაც სახელმწიფო თანამდებობის პირი დაემუქრა. მან ანონიმურად ჩაიწერა ორივე მხარის ადვოკატთა შეხვედრა, რომელიც არსებული დავის გადაწყვეტის მიზნით მიმდინარეობდა და აღნიშნულის შემდგომ, ზემოთ ხსენებული ჩანაწერი გადასცა მესამე მხარეს (ერთ-ერთი ადვოკატი იყო დიმიტრი გაბუნია);

•             ადვოკატი გოგა ონიანი, რომელიც, საკუთარ ოჯახის წევრებთან ერთად, განიცდიდა ზეწოლას სახელმწიფო თანამდებობის პირების მხრიდან და რომელსაც პროკურორმა ხელი შეუშალა მისი კლიენტის საქმის წარმომადგენლობაში.

 

(2)          2014 წლის 3 ივნისით დათარიღებულ საკუთარ წერილში CCBE განსაკუთრებით უსვამდა ხაზს ქვემოთ მითითებულ საქმეებს:

 

•             ადვოკატი გიორგი ონიანი, რომელსაც გამომძიებლებმა არ მისცეს საშუალება, კონფიდენციალური საუბარი ჰქონოდა საკუთარ კლიენტთან;

•             ადვოკატი ირაკლი ზაქარეიშვილი, რომელსაც თავს დაესხა მოქალაქე, მიაყენა ვერბალური შეურაცხყოფა და სახეში რამდენჯერმე შეაფურთხა. მოქალაქემ განაცხადა, რომ ადვოკატი იმსახურებდა შეფურთხებას, ადვოკატს დაემუქრა მის წინააღმდეგ დაწყებული ქმედებების ბოლომდე მიყვანითა და ფიზიკური ანგარიშსწორებით იმ ფაქტის გამო, რომ ირაკლი ზაქარეიშვილი იცავდა ერთ კონკრეტულ პირს.

 

ზემოთ ხსენებულ წერილებში CCBE-მ საქართველოს სახელმწიფო ორგანოებს მოსთხოვა ყველა ზემოთ ჩამოთვლილი საქმის გამოძიება და ადვოკატთა წინააღმდეგ დევნასა და ძალადობაში დამნაშავეების დასჯა. ზემოაღნიშნულის დამატებით CCBE-მ საქართველოს სახელმწიფო ორგანოებს მიმართა თხოვნით, მიეღოთ ყველა აუცილებელი ზომა, რომ მომავალში თავიდან აეცილებინათ ყოველგვარი დევნა ადვოკატთა წინააღმდეგ და უზრუნველეყოთ ქართველი ადვოკატების შესაძლებლობა, თავისუფლად, ყოველგვარი დაშინების გარეშე, განეხორციელებინათ მათზე დაკისრებული თითოეული პროფესიული მოვალეობა, დაშინების, დაბრკოლების, დევნის, ან არასათანადო ჩარევის გარეშე, სახელმწიფოების ვალდებულებების შესაბამისად, რომელიც მოცემულია „ადვოკატთა როლის შესახებ“ გაერთიანებული ერების ძირითად პრინციპებში (1990) და 2000 წლის 25 ოქტომბრით დათარიღებული „ადვოკატის პროფესიის განხორციელების თავისუფლების შესახებ“ ევროსაბჭოს რეკომენდაციაში.

CCBE-ს არავითარი პასუხი არ მიუღია გასულ წელს გაგზავნილ საკუთარ წერილებზე საქართველოს სახელმწიფო ორგანოებისგან. 2015 წლის იანვარს CCBE-მ ხელახლა გაუგზავნა ზემოხსენებული წერილები საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსს და მოითხოვა ინფორმაცია იმის თაობაზე, თუ რა მოქმედებები განხორციელდა აღნიშნული საკითხების გადაწყვეტის კუთხით. დღევანდელი მდგომარეობითCCBE -ს არც ზემოაღნიშნულ წერილზე მიუღია პასუხი.

შედარებით უახლოეს წარსულში კიდევ ერთი საქმე წარედგინა CCBE-ს. საქმე ეხება ადვოკატ ნუგზარ სამარჯიშვილს, რომელიც დააკავეს ქალაქ ახალციხეში 2014 წლის 2 აგვისტოს `სამართალდამცველისთვის წინააღმდეგობის გაწევის, მის წინააღმდეგ მუქარის, ან ძალადობის გამოყენების~ ბრალდებით. ადვოკატი იღებდა (საკუთარი მობილური ტელეფონით) პოლიციის ოფიცრების მოქალაქეზე თავდასხმის ფაქტს. ახალციხის პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ ადვოკატს ჩამოართვა მობილური ტელეფონი და მისი დაპატიმრების ბრძანება გასცა. საქმე გადაეცა სასამართლოს, რომელმაც ადვოკატი ნუგზარ სამარჯიშვილი უდანაშაულოდ ცნო გამომდინარე იქიდან, რომ არც ერთი წარმოდგენილი მტკიცებულებით არ დადასტურდა ადვოკატის მიერ ზემოთ მითითებული სამართალდარღვევის ჩადენა. საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილმა მიმართა საქართველოს მთავარ პროკურორს და მოითხოვა ადვოკატის, ნუგზარ სამარჯიშვილის უკანონო დაპატიმრების ფაქტის გამოძიება. ზემოაღნიშნულის მიუხედავად, დღევანდელი მდგომარეობით, ცხადია, რომ პროკურატურას არ დაუწყია გამოძიება ზემოთ ხსენებულ საქმესთან დაკავშირებით. ჩვენ აგრეთვე გვაცნობეს სხვა საქმის შესახებაც, რომელიც აღიძრა ადვოკატ მზია თომაშვილის წინააღმდეგ და რომელიც ცხადად წარმოაჩენს ადვოკატთა სუსტ, არამყარ პოზიციას მართლმსაჯულების სისტემის ფარგლებში.  CCBE ამჟამად იმყოფება ზემოთ ხსენებული უახლესი საქმეების დეტალების შესწავლის პროცესში.

ზემოთქმულის გათვალისწინებითა და უახლესი საქმის გათვალისწინებით, რომელიც ასახავს იმ საერთო კლიმატს, რომლის ფარგლებშიც ადვოკატები ახორციელებენ საკუთარ პროფესიას საქართველოში, CCBE კვლავ უკიდურესად შეშფოთებულია საქართველოში არსებული მდგომარეობით, იურიდიული პროფესიის კუთხით.

სწორედ ამ მიზეზით CCBE გთხოვთ, მიმართოთ საქართველოს სახელმწიფო ორგანოებსა და მოსთხოვოთ ინფორმაციის წარმოდგენა ზემოთ ხსენებულ საქმეებზე.  CCBE აგრეთვე გთხოვთ, მოუწოდოთ მათ, რათა გატარდეს ყველა აუცილებელი ზომა იმ მიზნით, რომ სამომავლოდ თავიდან ავიცილოთ ადვოკატთა წინააღმდეგ ძალადობა და უზრუნველყოფილი იქნას ქართველი ადვოკატების შესაძლებლობა, საკუთარი პროფესიული უფლება-მოვალეობები განახორციელონ ყოველგვარი დაშინების, ხელშეშლის, დევნის, ან არასათანადო ჩარევის გარეშე.

თუ რაიმე სახის მხარდაჭერა დაგჭირდებათ ჩემგან ზემოთ ხსენებული საკითხის გადასაჭრელად, გთხოვთ, დაუყოვნებლივ დამიკავშირდეთ.

მადლობას მოგახსენებთ ჩვენი შეშფოთების მხედველობაში მიღებისთვის.

 

პატივისცემით,

მარია სლაზაკი,

პრეზიდენტი“.

 

                                                                                                       ნელი ვარდიაშვილი